|
სამყაროს ამოუცნობმა გრძნობამ ბევრი მიჯნური შეიწირა. ზოგი მათგანი სიყვარულის სამსხვერპლოზე აღმოჩნდა, ზოგიერთის სიყვარულის ისტორია კი სწორედ მისი შეცნობის ერთ-ერთი მაგალითი ხდება ხოლმე. ფრანგი მოცეკვავე აისედორა დუნკანი და უკვე ცნობილი რუსი პოეტი სერგეი ესენინი ერთმანეთს 1921 წელს რუსეთში შეხვდნენ.
აისედორა დუნკანი 1878 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. აისედორამ თურმე ადრეულ ბავშვობაშივე გამოამჟღავნა ცეკვის უჩვეულო ტალანტი.
აისედორა აღიზარდა კლასიკური ბალეტის ტრადიციებზე, მაგრამ მალე მოსწყინდა “არაბუნებრივი, მტანჯველი” მოძრაობები. სულით შეამბოხე იყო, ზღვას მიაგავდა დაუმორჩილებლობითა და ზღუდე-ჩარჩოების უარყოფით, ამიტომაც დაუპირისპირდა ძველი საბალეტო სკოლის კანონებს. მისი სტილი იყო თავისუფალი კლასიკური ცეკვა. მუდმივად ეძიებდა და პოულობდა კიდეც ახალ ფორმებს. “მოძრაობის პოეზია”, როგორც ბალეტს უწოდებენ, აისედორას შინაგან სამყაროს არაჩვეულებრივი სისავსით გამოხატავდა. ყოველი მოძრაობა მისთვის სუნთქვასავით იყო. ბევრი სიახლე შემოიტანა მან იმ დროის ბალეტში. უყვარდა მოგზაურობა და ამიტომაც დიდხანს ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. ყველგან სიხარულითა და აღტაცებით ხვდებოდნენ. ისიც ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა და აარსებდა საბალეტო სკოლებს.
1921 წელს კი რუსეთსაც ეწვია. რუსეთში ვიზიტი აისედორასთვის საბედისწერო გამოდგა. მოსკოვში აისედორა თავის დიდსა და ტრაგიკულ სიყვარულს შეხვდა. დუნკანს 26 წლის პოეტი სერგეი ესენინი წარუდგინეს, რომელმაც, როგორც კი გაიგო, მის წინ ცნობილი მოცეკვავე იდგა, თაყვანისცემის ნიშნად მაშინვე მოცელილივით დაეცა მუხლებზე.
აისედორამ არაფერი იცოდა ესენინის გენიალურ პოეტურ ნიჭსა თუ მის სკანდალურ ცხოვრებაზე. ორმოცი წლის აისედორა, სიყვარულში უკვე საკმაოდ გამოცდიდი, მოწაფის დაუდევრობით მიეცა ახალ სიყვარულს.
ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ, როცა აისედორა გრძნობებში გარკვევას შეეცადა, უკვე გვიანი იყო _ მას თავდავიწყებით უყვარდა ცისფერთვალა პოეტი, რომლისადმი სიყვარულიც სავსე იყო ხალისითა და სიახლით. ყველაზე უცნაური კი ამ რომანში ის გახლდათ, რომ აისედორამ რუსულად ერთი სიტყვაც არ იცოდა, ესენინს კი უცხო ენების არაფერი გაეგებოდა. ისინი თვალებით უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს. მათ შორის გაჩენილი გრძნობა უსიტყვოდაც შესანიშნავად იზრდებოდა. დუნკანთან შეხვედრამდე ესენინმა ორჯერ სცადა ოჯახური ბედნიერების მოპოვება, მაგრამ არ გაუმართლა, ქორწინება ორივეჯერ ჩაეშალა. ამ დროს პოეტი საშინელ მარტოობას განიცდიდა, თუმცა მეგობრები გარს ეხვივნენ და დროს ბოჰემურად ატარებდა. დუნკანთან სიახლოვე ახალისებდა, ამ ქალის უზღვავი ენერგია და თავისუფლება ატყვევებდა. მისთვის აისედორა სასურველ ნავსაყუდელს მიემსგავსა, სადაც მშვიდად, მყუდროდ მოიშუშებდა დაჭრილ გულსა და დასნეულებულ სულს. დუნკანსა და ესენინს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა თავდაპირველად ვერაფერს აკლებდა მათ რომანს. აისედორამ ირწმუნა, რომ ორმოცი წლის შემდეგაც ისევე შეიძლებოდა განეცადა სიყვარულის ტრფობა, როგორც 18-19 წლის ასაკში. პოეტი ვეღარ ძლებდა დუნკანის გარეშე, ხშირად სტუმრობდა და მალე მასთან გადავიდა საცხოვრებლად. ესენინი სიყვარულში ყოველდღე მთელი არსებით ინთქმებოდა. ახლაც ასე დაემართა, მაგრამ მათ ურთიერთობას მალე შეეპარა პირველი ბზარები. გადაულახავ დაბრკოლებად აღიმართა მათ წინაშე ასაკობრივი სხვაობა, თუ ცხოვრებისეული საკითხები. ხანდახან ესენინი დიდხანს ქრებოდა. თვალცრემლიანი აისედორა მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა პოეტს დაბრუნებას. მერე ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა და შეყვარებულები ყოველგვარ უთანხმოებას ივიწყებდნენ, ღვინის ჭიქასთან ერთად.
დუნკანი არაერთხელ ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ესენინთან შეხვედრამდე ქორწინება გულშიც არ გაუვლია. ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა.
პოეტი და ბალერინა მალე დაქორწინდნენ. აისედორამ ახალგაზრდა მეუღლე ევროპასა და ამერიკაში გასტროლებზე წაიყვანა _ მას უნდოდა, პოეტი მალე მოეცილებინა იმ აუტანელი გარემოს, რომელშიც ესენინი ცხოვრობდა. ახლად დაქორწინებულებმა მოიარეს გერმანია, საფრანგეთი, იტალია,…ბოლოს ამერიკაში ჩავიდნენ. ესენინი მალე დადარდიანდა, მოიწყინა და კვლავ ღვინოს მიეძალა. ხანგამოშვებით ჰპირდებოდა და ეფიცებოდა აისედორას, რომ წვეთსაც აღარ დალევდა, მაგრამ პირობასა და ფიცს მალევე ივიწყებდა. აისედორას იმედები არ გამართლდა, მოგზაურობამ ესენინს დეპრესია ვერ გაუნელა. ის სულიერი მარტოობისგან იტანჯებოდა და საშინლად განიცდიდა, რომ საზღვარგარეთ ის მიიღეს, როგორც გენიალური დუნკანის ქმარი და არა როგორც გენიალური პოეტი.
აისედორასა და ესენინს თანდათან სულ უფრო უჭირდათ ერთად ყოფნა. და ერთმანეთის გაძლება. დუნკანი გრძნობდა, რომ ესენინის გულში მისდამი სიყვარული თანდათან იფერფლებოდა, ზარავდა იმის წარმოდგენა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. უნდოდა თუ არა, გაყრა გარდაუვალი იყო და ამ გადაწყვეტილების სიმძიმე მთლიანად ქალს უნდა აეღო თავის თავზე. მალე რუსეთში დაბრუნდნენ, მოსკოვის ვაგზალზე პოეტთან ხელჩაკიდებულმა აისედორამ ჩაილაპარაკა: “აი, ჩამოვიყვანე ეს ბავშვი თავის სამშობლოში, მე კი მასთან აღარაფერი მაქვს საერთო”.
ესენინის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავი აისედორამ პარიზში შეიტყო, საახალწლო სუფრასთან. შეყვარებულის თვითმკვლელობამ შეძრა ქალი.
აისედორას ჯერ კიდევ უყვარდა ესენინი და გადაწყვეტილი ჰქონდა, მასთან დაბრუნებულიყო, იქ, სადაც მისი გული დარჩა, თუმცა ამ სურვილს ასრულება აღარ ეწერა. აისედორას ბედიც ტრაგიკულად წარიმართა.
1927 წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ საღამოს, საფრანგეთში, აისედორა პატარა სპორტული მანქანით სასეირნოდ მიიწვიეს. მან მხრებზე თავისი განთქმული, განუყრელი წითელი შარფი მოისხა, რომლითაც ხშირად გამოდიოდა სცენაზე. ორჯერ შემოივლო კისერზე და ბოლოები ზურგზე გადაიფინა. ასე ჩაჯდა ავტომობილში და მეგობრებს ხუმრობით გადმოსძახა: “მშვიდობით, მეგობრებო, დიდებისკენ მივდივარ”. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. მანქანა დაძრა, შემთხვევით, შარფის ერთი ბოლო გაფრიალდა და ბორბალს ჩაეხვია. წითელი შარფი, რომელიც წლების განმავლობაში სიმბოლო იყო ბალერინას სტილისა, მისი ორიგინალობისა და თავისთავადობისა, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.
მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |