

|
“აი, რა კომბინაციური სქემით ხდება კიდევ ერთი აფერა და როგორ გვატყუებენ კიდევ ერთხელ მედპერსონალს”
ახალი წლის დღეებში, გაკოტრებულად გამოცხადდა სადაზღვევო კომპანია “არქიმედე გლობალ ჯორჯია”, რომელზეც ახალ ხელისუფლებას წელიწადზე მეტია, მედია ტვინს უხვრეტს, _ ეს კომპანია სახელმწიფო პროგრამებს სასწრაფოდ ჩამოაცილე და თან შეისწავლე, სად მიჰქონდა ქვეყნისთვის წართმეული მილიონები, როცა ბენეფიციარებიცა და ექიმებიც მისი მომსახურებით უკმაყოფილონი იყვნენო. გაკოტრებულ “არქიმედეს”, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კომპანია “ადითის” ვალი ადევს კისერზე და მას კარგა ხანია, ვერ იხდის. თავად “ადითს”, როგორც ვიცით, უფრო ადრე ჩამოართვეს მის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო ობიექტები, თუმცა მისი ხელმძღვანელობა, ამ სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალს, რომელთანაც დღემდე 6-7 თვის სახელფასო დავალიანება აქვს, ახლაც “არქიმედესკენ” მიუთითებს და ეუბნება, ის არ მიხდიდა სახელმწიფო პროგრამებში იმ თანხებს, რომელსაც სახელმწიფო ურიცხავდა და თქვენ ხელფასის თანხას საიდან გაგისტუმრებთ? მომცეს სახელმწიფოსგან მიღებული ფული და მეც მაშინვე გადაგიხდითო. ორ კომპანიას შორის დაკარგულ სახელფასო დავალიანებებს დაზარალებული მედპერსონალი უკვე კარგა ხანია ამაოდ დასდევს. სამართალდამცავი სისტემა, რომელსაც, წესით, უნდა აინტერესებდეს, ამ კომპანიებიდან რომელია დამნაშავე, რომელი ატყუებს ექიმებს და რომელმა აივსო სახელმწიფო თანხით ჯიბე, ყურს დღემდე არ იბერტყავს და ხელს არ ატოკებს. არავინ კითხულობს, სად დაიკარგა სახელმწიფო თანხები, რომელიც “არქიმედესა” და “ადითის” გავლით, სახელმწიფოსგან დაზღვეული პაციენტების მომსახურებისთვის, მედიცინის მუშაკებს ხელფასად უნდა მიეღოთ. ახლა კი ორივე კომპანია გაქრა და გამოდის, რომ მედპერსონალმაც ხელი უნდა დაიბანოს ამ სახელფასო დავალიანებაზე, სახელმწიფოსგან მიღებული თანხები კი ყაჩაღებს დედის რძესავით შეერგოთ. ჯანდაცვის სამინისტროც რატომღაც მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რას გაუკეთებს პაციენტებს, რომლებიც ამ კომპანიებში ჰყავდა სახელმწიფოს დაზღვეული. ექიმების პრობლემებზე სიტყვას ისე არ ამბობს, თითქოს მას პაციენტების, ან პროგრამების სამინისტრო ერქვას და არა ჯანდაცვისა და მედპერსონალის ბედი არ ეხებოდეს. რადგან ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ცხადია, ესეც არ ხდება უმიზეზოდ და შემთხვევით. არსებული კანონის მიხედვით, ზოგჯერ მოვალე თავად მიმართავს სასამართლოს გაკოტრების თაობაზე, ანდაც რეაბილიტაციის თხოვნით. მერე იქმნება მეურვეთა საბჭო, ტარდება კრება, აღწერენ ყველაფერს და თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, გრაფიკში გაიწერება მოვალესთან ანგარიშსწორების ვალდებულება. მერე ამასაც სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტს, საბოლოოდ რა გზას უნდა დაადგნენ. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, “არქიმედე გლობალ ჯორჯიას” გაკოტრებულად გამოცხადება რატომ მოხდა ასე ცამოწმენდილზე, როცა ჯანდაცვის სამინისტრო მას დიდი ხანია, ხელს აფარებს და თავად “არქიმედეს” ხელმძღვანელობაც აცხადებდა, რომ არავისი ვალი არ ჰქონდათ, მოგებაზე მუშაობდნენ და მათკენ მიმართული ყველა საჩივარი ტყუილი იყო. თუ ასეა, მაშინ რა მიზეზით მოხდა მათი გაკოტრებულად გამოცხადება?! საინტერესოა ისიც, მან თავად მიმართა სასამართლოს ამ მოთხოვნით, თუ საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ?! ეს ყველაფერი ბურუსით არის მოცული და ჯერჯერობით არავინ არაფერს ლაპარაკობს. თუმცა დაზარალებული მედპერსონალი მიიჩნევს, რომ “არქიმედეს” ხელმძღვანელობამ ამ მოქმედებით სამართლებრივ სასჯელს აარიდა თავი და ქვემოდან, ტექნიკურად გამოძვრა.
“პრემიერი” ადრე “ადითის” დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმს ესაუბრა და მისგან შეიტყო, რომ “არქიმედეს” გაკოტრებულად გამოცხადება საეჭვოდ ემთხვევა დაზარალებული მედპერსონალის, “ადითის” წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას:
_ “როგორც მოგეხსენებათ, შპს “ადითს”, ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ მასზე დაქვემდებარებული საავადმყოფოები ჩამოართვა და ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული, შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი გვმართავს, რომლის ხელმძღვანელიც ნუგზარ ბოლქვაძეა. ამის მიზეზად დასახელდა კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც ისიც დაემატა, რომ “ადითმა” თურმე ყველა საავადმყოფო იპოთეკით დატვირთა. თავად კომპანია ოფშორშია დარეგისტრირებული და მისი ნამდვილი მფლობელის ვინაობა დღემდე უცნობია. აქამდე აქციებს ვაწყობდით და ისე მოვითხოვდით ჩვენი სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას, მაგრამ ჩვენს კუთვნილ თანხებს მაინც არავინ გვაძლევდა, ამიტომ ადვოკატი დავიქირავეთ და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ “ადითის” წინააღმდეგ. ეს იყო და “არქიმედეც” სასწრაფოდ გამოაცხადეს გაკოტრებულად.
_ რა შუაშია თქვენი სარჩელი “არქიმედეს” გაკოტრებულად გამოცხადებასთან, უფრო გარკვევით ამიხსენით?!
_ ის, რომ სამართლებრივი ბრძოლოთ, “ადითს” იძულებულს გავხდიდით, სიმართლე ბოლომდე ეთქვა. უკვე საჯაროდ, კანონისმიერად ეღიარებინა ის, რასაც ჩვენ გვეუბნებოდა, რომ “არქიმედე” ჩვენს კუთვნილ ფულს არ ურიცხავდა და ისიც ამიტომ არ გვაძლევდა ხელფასს. “ადითი” იძულებული გახდებოდა, “არქიმედესთვის” ეჩივლა და როგორც ჩანს, ეს არ უნდოდათ. დაასწრეს მოვლენებს, საქმის გამოძიებას და თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. არ უნდოდათ მათი მაქინაციების ქექვა მომხდარიყო, საიდანაც უთუოდ მყრალი სული ამოვიდოდა. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ “არქიმედეს” მოფიქრებული სქემით არ მომხდარა. ეს მან “ადითთან”, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად გადაწყვიტა, რადგან ამ კომპანიებში გარკვეული ინტერესები ამ უწყებებში მომუშავე ადამიანებსაც აქვთ. ეს არის ამ ყაჩაღი სადაზღვევო კომპანიების გადარჩენისთვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. ბუნებრივია, არ უნდათ, პასუხი აგონ იმ მძიმე დანაშაულებზე, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ უდიდესი სახელმწიფო თანხები აქვთ მაქინაციურად მითვისებული და გაფლანგული. წესით და კანონით, მათი მამამთავრები მძიმე სასჯელებით უნდა წავიდნენ ციხეში, მაგრამ კუდები ახალ ხელისუფლებაშიც კარგად აქვთ გადგმული და ისინიც არ სწირავენ, ხელს უწყობენ, რომ გადარჩნენ. გამოძიების ჩაჯდომას გადაარჩინეს ამ ნაბიჯით, მაგრამ არ მოვეშვებით არც “ადითს” და არც “არქიმედეს”, სანამ ჩვენს სახელფასო დავალიანებას არ დაგვიფარავენ. თითოეულ ექიმს ყველაზე მცირე 1500 ლარი მაინც აქვს ასაღები. 6-7 თვის ისედაც მწირი ხელფასი 8 სამედიცინო დაწესებულებაში აქვთ გადასახდელი, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, თუ “არქიმედე” იღებდა სახელმწიფოსგან თანხებს და “ადითს” არ უხდიდა, რატომ აკეთებდა ამას?! ვინც ყაჩაღობდა სახელმწიფოს ფულით, ის ადამიანი რატომ არ უნდა დაისაჯოს?! თუ რიგით მოქალაქეს ქათმის ქურდობისთვის ციხეში უშვებენ, სახელმწიფო ბიუჯეტის ქურდები დღემდე გარეთ რატომ უნდა დასეირნობდნენ? თუ დღესაც ქვეყანაში შერჩევითი სამართალია?! არავინ იმასაც არ ამბობს, “არქიმედეს” აშენებულ საავადმყოფოებს, მისი გაკოტრების შემთხვევაში რას უპირებენ. თუ არ გაირკვა სიმართლე და ოფიციალურად არ დადგინდა, რომ “ადითის” ვალი მართლაც აქვს “არქიმედეს”, გაკოტრებულად გამოცხადებულ კომპანიას, არსებული ქონებიდან ამ ვალსაც ვერ მოვთხოვთ. ამასობაში ის ამ საავადმყოფოებსაც “მიასუხარებს”, გადაყიდის, ანდაც სხვაზე გადააფორმებს და მერე რომც გაირკვეს სიმართლე, უკვე გვეტყვიან, ქონება აღარ აქვს და საიდან დაფარავს ვალსო?! აი, რა კომბინაციური სქემით ხდება კიდევ ერთი აფერა და როგორ გვატყუებენ კიდევ ერთხელ მედპერსონალს. ამაში კი, ცხადია, სახელმწიფოც უწყობთ ხელს, აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ? ეგენი გაკოტრებულად კი არ უნდა გამოეცხადებინათ, სამართალდამცავები უნდა ჩამჯდარიყვნენ, ყველაფერი ძირფესვიანად შეესწავლათ და ერთმანეთის მიყოლებით სასამართლოს სკამზე წამოესვათ, მაგრამ ასე არ მოხდა”.
სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც მხოლოდ სახელმწიფოსგან დაზღვეული ბენეფიციარების ინტერესების დაცვით, ფარულად შემოიფარგლა და მედპერსონალის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის თავი არ აუტკივებია _ თითქოს ჯანდაცვა და მედპერსონალი განყენებული ცნებები იყოს. ჯანდაცვის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, რუსუდან გოგოლაშვილმა კი განაცხადა, იმ ადამიანებს, რომლებიც “არქიმედეში” იყვნენ დაზღვეული, უკვე სახელმწიფო მიხედავსო (თითქოს აქამდე მათ თანხებს სახელმწიფო არ იხდიდა). “საქართველოს მთავრობის 165 დადგენილებით, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებს, სულ დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იყო დაზღვეული, აქედან 380 ათასი ადამიანი “არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში”. მისი გაკოტრების შემდეგ სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეები საყოველთაო ჯანდაცვის მართვაში ავტომატურად გადმოვიდნენ. ხოლო საქართველოს მთავრობის 218 დადგენილება, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევას 0-5 წლის ასაკის ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაზღვევას ითვალისწინებს, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში სულ, საქართველოს მასშტაბით 800 ათასი ადამიანია დაზღვეული. 2014 წლის ბოლომდე 165 და 218 დადგენილებით დაზღვეული ბენეფიციარები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადმოვლენო”.
ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური ქსელით, “არქიმედეს” ვალებიც შეახსენეს, მაგრამ მათგან ასეთი პასუხი მიიღეს: “სახელმწიფო არანაირად პასუხისმგებელი არ არის ამ ვალებზე. პასუხისმგებლები ძირითადად კლინიკები, მომწოდებლები, კერძო კომპანიები არიან. ორი კერძო სუბიექტის ურთიერთობაში სახელმწიფო, წესით, არ ერთვება. მათი ვალები ერთმანეთში გასარკვევია. რაც შეეხება კონტინგენტის მართვას, 380 000 ადამიანზე სახელმწიფო “არქიმედეს” თვეში, დაახლოებით, 5 200 000 ლარს უხდიდა. ახლა ამ თანხას სახელმწიფო კომპანიას აღარ გადაუხდის და კონტინგენტს თავად მართავს. ჩვენ უკვე გვაქვს სტატისტიკა და ზუსტად ვიცით, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება, რათა ეს კონტინგენტი იმართოს. “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ხელშეკრულება 8-9 კლინიკასთან ჰქონდა გაფორმებული და იმ მოსარგებლეებს, რომლებიც “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გაკოტრების შემდეგ, ავტომატურად სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადმოვიდნენ, თბილისში დაახლოებით 150 პოლიკლინიკაში შეეძლებათ ამბულატორიული, პოლიკლინიკური ნაწილის მომსახურების მიღება. საყოველთაო დაზღვევა მოსახლეობას უფრო მეტი თავისუფალი არჩევანის მიღების საშუალებას აძლევს. სადაზღვევო კომპანიებს ამბულატორიული, პოლიკლინიკური ნაწილის მისაღებად ხელშეკრულება რამდენიმე კლინიკასთან აქვთ გაფორმებული. სახელმწიფოს შემთხვევაში კი, მოსახლეობას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ნებისმიერ იმ პოლიკლინიკაში შეუძლიათ ამ მომსახურების მიღება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს. ჩვენ მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას, შესაბამისი განაცხადი შეავსონ და კონკრეტულ პოლიკლინიკაში ამბულატორიული სერვისის მიღებაზე თავისი სურვილი გამოხატონო”.
ჯანდაცვა!.. უკვე მაგრად გეშლება რაღაც-რაღაცები. რას ჰქვია, ეს ვალი ორ კომპანიას შორის არის გასარკვევი?! ხომ არ გავიწყდებათ, რომ ფული, რომელიც ამ კომპანიებს ახლაც დავალიანებაში აქვს, ქვეყნისა და ხალხის იყო. ის ბიუჯეტიდან უკვე არის გადარიცხული მათ ანგარიშებზე და თქვენ თუ ეს არ გადარდებთ, მაშინ გამოკვეთილად, ხმამაღლა აღიარეთ, რომ უფრო კარგად დავფიქრდეთ თქვენს როლზე ამ მაქინაციურ სქემაში. სხვანაირად, პირველ რიგში, თქვენ უნდა ყვიროდეთ, ჩვენი ექიმები რომ მოემსახურნენ პაციენტებს, თვეები უხელფასოდ, მშივრები დადიოდნენ სამსახურებში, ეს არავის არ უნდა შერჩესო?! რა ვიცი, მართალი კაცი ასე იტყოდა და მოიქცეოდა და თავადაც თუ რამეში მართლა გასვრილებად მიიჩნევთ თავს, თქვენც თუ გეშინიათ სიმართლის გარკვევის, მაშინ თქვენი ეს ნაბიჯიც უფრო გასაგები იქნება ჩვენთვის. სხვა მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო მედპერსონალისა და სახელმწიფოს კალათის ინტერესებს არ იცავდეს, ძნელი ასახსნელია.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |