|
მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები და კულტურის სხვა მოღვაწეები გურამ ოდიშარიას წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ
საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრი განსაცდელშია. ყოველ შემთხვევაში, როგორც “პრემიერს” კულუარებში ეუბნებიან, გურამ (მირიანე) ოდიშარია მალე, შეიძლება, იმ მინისტრად იქცეს, ”რომელიც შორია”.
საერთოდ, კულტურის მოღვაწეთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ პატივცემული ოდიშარია კულტურისგან ყოველთვის შორს იყო. ამასთანავე, ღვაწლმოსილ მსახიობებს, მომღერლებსა თუ მწერლებს დღემდე ვერც ის აუხსნიათ, რა დამსახურებისთვის ჩააბარეს არცთუ ცნობილ მწერალს უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული უწყება (ცნობისთვის: კულტურის მინისტრის ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებს ასე ჰქვია _ “ზღვა, რომელიც შორია”).
არსებობს ვერსია, რომ კულტურის მინისტრად ოდიშარიას კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე თითქოს “რესპუბლიკელებმა” შესთავაზეს და შესაძლოა, მართლაც, ასე იყო, რადგან რამდენიმე წლის წინათ, მოძრაობაში _ “ბოდიში”, რომელიც 1992-93 წლების მოვლენების გამო, აფხაზებისთვის ქართველების მიერ ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა, ოდიშარიასთან ერთად, შერიგების სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, “რესპუბლიკელი” პაატა ზაქარეიშვილიც იყო ჩართული. “ზღვა, რომელიც შორია” ოდიშარიამ, როგორც ამბობენ, სწორედ მოძრაობა “ბოდიშის” ფარგლებში დაწერა.
სხვათა შორის, ამ ნაწარმოების მეტ-ნაკლებად პოპულარიზაციას ხელი იმან შეუწყო, რომ სოხუმის თეატრის სცენაზე დაიდგა.
გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრი რომ გახდა, თურმე თეატრის მსახიობები იმედოვნებდნენ, რომ მინისტრს შეხვდებოდნენ და თავიანთ პრობლემებზე დაელაპარაკებოდნენ, მაგრამ გამინისტრებულმა მწერალმა თურმე მათთან შეხვედრა არ ინება...
რადგან სიტყვა მინისტრთა შეხვედრაზე ჩამოვარდა, ქართველ მწერლებსაც ჰქონიათ იმედი, რომ ოდიშარია “მწერალთა კავშირს” წართმეულ სასახლეს დაუბრუნებდა. ამ კუთხით თითქოს გარკვეული ნაბიჯებიც გადადგმულა და დროც დასახელებულა _ წართმეულ სასახლეში მწერლები შარშან ამ დროს უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მას შემდეგ ათასმა წყალმა ჩაიარა.
“საქართველოს კულტურის მინისტრი არ ჰყავს და ჩვენს სფეროში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ნიკა რურუას მინისტრობის დროს იყო”, _ ამბობენ პირად საუბრებში კულტურის მოღვაწენი, რომლებიც დღე-დღეზე გურამ ოდიშარიას წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ, თუმცა მანამდე გამორიცხული არაა, რომ მომღერლების, მწერლებისა და მსახიობებისგან დაკომპლექტებული, ასე ვთქვათ, საინიციატივო ჯგუფი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ტეტ-ა-ტეტ, ჟურნალისტების გარეშე შეხვდეს და ქართული კულტურის გადარჩენის საკუთარი კონცეფცია გააცნოს.
კულტურის მოღვაწენი “პრემიერთან” პრივატული საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსში არ არის, რა ხდება ქართულ კულტურაში და მას შემდეგ, როცა ყველაფერს გაიგებს, მხოლოდ მინისტრს კი არა, კულტურის სამინისტროს მთელ “სტაფს” დაითხოვს.
კულუარებში მუსირებს აზრი, რომ გურამ ოდიშარიას თანამდებობიდან გაშვების საკითხი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს რამდენჯერმე დაისვა, თუმცა ივანიშვილთან მას, როგორც ხმა გამოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ უშუამდგომლა.
იმასაც ამბობენ, რომ კულტურის ხალხს ოდიშარიასთან გარკვეულ პრობლემებს სწორედ ფანჯიკიძე უგვარებდა, მაგრამ ბოლო დროს კულტურის მინისტრი კოლეგას თურმე აღარ უსმენს. ამასთან დაკავშირებით, კულტურის მოღვაწენი პირად საუბარში ასეთ ამბავს ყვებიან:
კულტურის სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში მყოფ თითქმის ყველა დაწესებულებას, მათ შორის, კონსერვატორიასა და ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს, 2014 წელს დაფინანსება შეუმცირა. ამ პრობლემის მოგვარება სეკვესტრში მოქცეული სახელოვნებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მაია ფანჯიკიძისთვის უთხოვიათ, მაგრამ “პროტექციონიზმის” ვეღარ გაუჭრია _ ოდიშარია ამ ადამიანებს არც კი შეხვედრია და მოადგილესთან გადაუმისამართებია. მოადგილეს კი მასხრად აუგდია, კულტურის სამინისტროს დედა აღარ ჰყავს და რა ბიუჯეტზე ლაპარაკობთო.
როგორც “პრემიერს” უთხრეს, სწორედ ამ ცინიკური შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს კულტურის მუშაკებმა საპროტესტო აქციების გამართვა.
“პრემიერის” შეკითხვაზე, სად გაიმართება მიტინგები, კულტურის მოღვაწენი პასუხობენ, რომ კულტურის სამინისტროსთან აქციას აზრი არ აქვს, რადგან, ჯერ ერთი, ოდიშარიამ ისედაც ყველაფერი იცის და, მეორეც, მომიტინგეებს არც შეხვდება. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტო “კარვების დაცემას” აზრი არ ექნება.
“ეს აქციები ოდიშარიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ იქნება. ამ აქციების მიზანი ქართული კულტურის გადარჩენაა. თუ კულტურის პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება, მაშინ ქართული კულტურა მოკვდება, რასაც არ დავუშვებთ”, _ ამბობენ “პრემიერთან” პრივატულ საუბარში კულტურის მოღვაწენი.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შემოქმედებითი ინტელიგენცია საუბრობს, ოდიშარიას მოადგილეების თემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო პერსონა თურმე მანანა ბერიკაშვილია. ამბობენ, რომ კულტურის მინისტრი სწორედ ქალბატონი მანანაა, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით იღებს.
ცალკე საუბრის თემაა ოდიშარიას კიდევ ერთი მოადგილე, ქალბატონი მარინა მიზანდარი, რომელმაც საზოგადოებას თავი უცნაური ჩაცმულობით დაამახსოვრა.
რა ელის გურამ ოდიშარიას? _ თუ კულუარებიდან გამოსულ ხმებს გავყვებით, ძალიან მალე საქართველოს კულტურის ახალი მინისტრი ეყოლება. საერთოდ, სამთავრობო ცვლილებებზე კარგა ხანია, საუბრობენ და ამბობენ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მალე მთელ მინისტრთა კაბინეტს შეცვლის.
ზოგიერთი საქმეში ჩახედული არც იმას გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტის შეცვლის საბაბი სწორედ კულტურის მინისტრის გარშემო შექმნილი ვითარება გახდეს.
“თუ შემოქმედებითმა ხალხმა ხმა ამოიღო, მისი გაჩუმება ძნელია. იმედი გვქონდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენს სფეროში რაღაც სიახლე იქნებოდა, მით უმეტეს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ წლების განმავლობაში, მსახიობი, მწერლები თუ მომღერლები შიმშილით დავიხოცებოდით, მაგრამ ოდიშარიამ უარესი დაგვმართა. კულტურის სამინისტრო კონსერვატორიას დაფინანსებას რომ შეუმცირებს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?” _ ამბობენ პირად საუბრებში კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |