|
“თუ პირველ კვარტალში ინვესტიციები არ გაიზარდა, ეროვნულ ბანკს ლარის დაცემის შენელება გაუჭირდება”
ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური თავს იმშვიდებს და ხალხსაც ამშვიდებს, რომ ლარს საფრთხე არ ემუქრება. რეალობა კი, აბსოლუტურად განსხვავებულია _ შეჩერებულ ინვესტიციებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის “მთავარი დელიკატესის” _ კარტოფილის ფასი “მიფრინავს”. საერთოდ, ხადურის კარიერაში კარტოფილი ერთობ აქტუალური საკვებია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ფრაზა _ “ჭამე, ნოდარი” უწინდებურად აქტუალურია... რა ხდება ქართულ ეკონომიკაში, რატომ უფასურდება ლარი და, საერთოდ, “ოცნების” ხელისუფლება ეკონომიკის აყვავებას არასწორი პოლიტიკით ხომ არ ცდილობს? _ ამ შეკითხვებით “პრემიერმა” თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ეკონომიკის ექსპერტ სოლომონ პავლიაშვილს მიმართა. მისი განმარტებით, ლარის კურსის “თამაშს” პროვოცირება ეროვნულმა ბანკმა გაუკეთა. მიუხედავად ამისა, პავლიაშვილი ეროვნული ბანკის პოლიტიკაში საბოტაჟის ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა ადასტურებს, რომ დოლარის ხელოვნურად შექმნილმა დეფიციტმა მოსახლეობა დააპანიკა.
_ ბატონო სოლომონ, დოლარის დეფიციტი ინვესტიციების შენელებითაც ხომ შეიძლება აიხსნას?
_ რა თქმა უნდა, არც უამისობაა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებული ქმედებებიც დაემატა.
_ ეროვნულმა ბანკმა ეს პოლიტიკა, თქვენი აზრით, რატომ გაატარა?
_ ალბათ, მარაგის გაზრდის მიზნით. მოგვიანებით, ეს დოლარები ბაზარზე გამოიტანა, მაგრამ ამას შედეგი აღარ მოჰყვა _ მოსახლეობამ, მოსალოდნელი დეფიციტის გამო, დოლარის მასობრივი ყიდვა დაიწყო, რითიც დოლარის დეფიციტი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. ყველაფერ ამას კი ლარის დევალვაცია მოჰყვა.
_ დევალვაცია ინფლაციის წინაპირობაა, არა?
_ კი, გრძელვადიან პერიოდში ასეა. ამას ქვეყანაში არსებული ინფლაციური მოლოდინიც ემატება, ანუ იმპორტიორი ფიქრობს, რაკი ლარის დევალვაციაა, საქონელი შესაძლოა, უფრო ძვირად გავყიდოო და შემოტანილ პროდუქციას წინასწარ აძვირებს.
ამას წინათ, ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 80 მლნ დოლარი გამოიტანა და შეეცადა, დოლარის დეფიციტი გადაეფარა, მაგრამ ამით პროცესები ვეღარ “დაიჭირა”. საერთოდ, ეროვნული ბანკის ნაბიჯები გაუგებარია. მაგალითად, 2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 700 მილიონი ლარის მოკლევადიანი რეფინანსირება მოახდინა, რაც კომერციულმა ბანკებმა შეიძლება, სპეკულაციური ვაჭრობისთვის გამოიყენონ. მოკლედ, მხოლოდ ეროვნული ბანკის იმედად ვეღარ ვიქნებით.
_ რატომ?
_ რატომ და, _ ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მექანიზმი ინვესტიციებია. თუკი პირველ კვარტალში ინვესტიციები არ გაიზარდა, ეროვნულ ბანკს ლარის დაცემის შენელება გაუჭირდება და იძულებული გახდება, რეზერვის დიდი ნაწილი დახარჯოს, რაც, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი იქნება.
_ ესე იგი, გამოუვალი მდგომარეობაა, ბატონო სოლომონ?
_ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ პირველ კვარტალში რაც შეიძლება, მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს.
_ ინვესტიციების გაზრდა ხელისუფლებას ხელეწიფება?
_ რა თქმა უნდა.
_ როგორ?
_ მაკროეკონომიკური გარემო უფრო უნდა გაჯანსაღდეს და რეგულაციებზეც უარი უნდა ვთქვათ, რადგან რეგულაციებმა ინვესტორები შეიძლება დააფრთხოს.
_ მაინც, რომელ რეგულაციებს გულისხმობთ?
_ მაგალითად, მორატორიუმი მიწაზე, რეგულაციები ფარმაციაში...
_ ერთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მეორე _ ფისკალური პოლიტიკა. სეკვესტრირებული ბიუჯეტის გამო, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს?
_ მართალია, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბიზნესმა ამოისუნთქა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და “რთველი 2013” ბრწყინვალედ ჩატარდა, სოფლის მეურნეობაში დაბალპროცენტიანი სესხები გაიცა, და საყოველთაო ჯანდაცვაც ამოქმედდა, მაგრამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ვერ შესრულდა. ზოგი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტისთვის 600-მილიონიანი დანაკლისი არაფერია, მაგრამ ამის თქმა უმეცრებაა და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, ისიც პრობლემაა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივთან ეფექტურ კოორდინაციას ვერ ახერხებს. დავუშვათ, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საბოტაჟს, მართლაც, აწყობდნენ, მაგრამ ეს გარკვეული მინისტრების სისუსტეზე მიანიშნებს...
რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის შეცვლას, საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვეა გასული, მთავრობის ეკონომიკური გუნდს ერთი კვარტალი მაინც უნდა ვაცადოთ და მის ავკარგიანობაზე კვარტალის შედეგებით ვიმსჯელოთ. საერთოდ, როცა ბიუჯეტსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან გავყოთ. მე თუ მკითხავთ, მინიმუმ, ხუთი სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, თუმცა ამ ეტაპზე მინისტრების გადაყენება-არგადაყენებაზე საუბრით ეკონომიკა, შეიძლება, უფრო დაზარალდეს...
_ ბატონო სოლომონ, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ხომ არაა და, შესაბამისად, ანტიკრიზისული მთავრობა ხომ არ უნდა შეიქმნას?
_ ორი თვეა, ღარიბაშვილი პრემიერია და ანტიკრიზისულ მთავრობაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?! ამასთანავე, დაგეგმილი ეკონომიკური პარამეტრების არშესრულება ეკონომიკური კრიზისი არაა, მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში _ უკრაინაში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ჩვენს მეზობელ სომხეთშიც ანალოგიური მდგომარეობაა, რასაც აზერბაიჯანზე ვერ ვიტყვით.
საერთოდ, მინისტრებს ვურჩევ, რომ პრემიერს კომფორტული გარემო შეუქნან _ ღარიბაშვილს ძალიან სწორი ეკონომიკური ხედვები აქვს.
_ მინისტრების მხრიდან პრემიერისთვის “კომფორტული გარემოს” შექმნაში რას გულისხმობთ?
_ რას და, _ პრემიერმა ოპერატიული და ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება. ზოგჯერ გადაწყვეტილება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სწორია, საზოგადოებისთვის მისაღები არაა ხოლმე. ასეთი გადაწყვეტილებების სწორი პიარი მინისტრებს ევალებათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა მინისტრმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ყველა დარტყმა პირადად მიიღოს. არ შეიძლება, ყველაფერზე პასუხისმგებელი პრემიერი იყოს. მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამან სხვა პრობლემები გადაფაროს... სხვათა შორის, ხელისუფლებას თავის თავზე არ აუღია, რომ, მაგალითად, ე.წ. იპოთეკარების თანხის კომპენსირებას მოახდენდა. ილუზიაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამ უზარმაზარ თანხას კომპენსაციის სახით გასცემს...
საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე ინფლაციაა. სხვათა შორის, ეს საფრთხე ერთხელ, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გადავლახეთ _ მაშინ 30-35%-იანი თვიური ინფლაცია გვქონდა. არც 1998 წლის 60-პროცენტიანი დევალვაცია უნდა დავივიწყოთ...
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა: მინისტრების მოადგილეები ისევ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს “ნაციონალებზე” გართულება მაქვს, ასე ნამდვილად არაა. ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ნების საკითხია... სხვათა შორის, ე.წ. ასაკობრივი დისკრიმინაცია ახალი ხელისუფლებისთვისაც პრობლემაა, ანუ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება _ სახელმწიფო მართვაში ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობენ. არადა, ქვეყანაში უამრავი პროფესიონალია და ეს ხალხი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. საქმე ისე ჯერ არ გვაქვს, რომ არჩევა დავიწყოთ, ვინ როდის მუშაობდა. ყველა პროფესიონალი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლებების წარმომადგენლებიც, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ...
_ ბატონო სოლომონ, როგორ ფიქრობთ, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას განმუხტავს?
_ თუ არ ვცდები, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური 2014 წლის პირველ კვარტალში შეიქმნება. კანონპროექტის განხილვაში მეც ვმონაწილეობდი... ერთია, სამსახურის შექმნა და მეორე _ თუ ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი და რამდენად არ მოექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ. ჩემი აზრით, ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი პოლიტიკური გუნდის წევრი არ უნდა იყოს...
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |