|
2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ ბუშს ასეთი “უორდინგით” მიმართა უკრაინისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შესაძლო წევრობაზე დისკუსიისას: “ჯორჯ, შენ ხომ უნდა გესმოდეს, რომ უკრაინა საერთოდ არ არის სახელმწიფო? მისი ტერიტორიის ნახევარი ევროპაა, მეორე ნახევარი კი ჩვენ – რუსებმა ვაჩუქეთ”.
ნიშანდობლივია, რომ იმ შეხვედრისას პუტინს საქართველო საერთოდ არ უხსენებია, რაკი უკრაინის პრობლემასთან შედარებით ჩვენი ქვეყნის ბედი დიდად არ აღელვებდა. “08 08 08” გეგმა მაშინ უკვე დამტკიცებული ჰქონდა და ისიც იცოდა, რომ არავინ ჩვენ გამო რეალურად არ დაუპირისპირდებოდა.
რაც შეეხება უკრაინას: ის, რაც ამ დღეებში იქ ხდება, გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, მისაღებია ჩვენთვის თუ არა პუტინის ლოგიკა, ნამდვილად ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მართალი აღმოჩნდა და უკრაინა ნამდვილად არ არის სახელმწიფო ამ ცნების ევროპული გაგებით. ევროპული გაგება კი ერთმნიშვნელოვანია: თანამედროვე სახელმწიფო არის Nation, ესე იგი ერთიანი ღირებულებებით გაჯერებული მთლიანი და განუყოფელი საზოგადოება, რომელიც შეიძლება ბევრ რამეზე კამათობდეს: ერთსქესიანი ქორწინებებიდან – გადასახადების ოდენობამდე, მაგრამ კარდინალურ საკითხებზე ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებულია.
უკრაინის შემთხვევაში ასე არ არის: პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ უკრაინელთა უდიდეს უმრავლესობას ნამდვილად უნდა, იცხოვროს “ისე, როგორც პარიზში”, მაგრამ კატეგორიულად არ სურს ამისთვის რაიმე მსხვერპლი გაიღოს მიმდინარე ისტორიულ ეტაპზე. მაგალითად, სამუშაო დაკარგოს რუსეთის მხრიდან გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი ემბარგოს შედეგად, ან კომუნალურ მომსახურებაზე მეტი ფასი გადაიხადოს და ასე შემდეგ.
რეალურად, ევროპული არჩევანი თანამედროვე უკრაინელთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის – დასავლეთ უკრაინის რეგიონებში მცხოვრებთათვისაა თვისებრივი, თორემ უდიდესი უმრავლესობა საკუთარ ეთნიკურ იდენტობაშიც ვერ გარკვეულა ხეირიანად.
ამიტომ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. ასევე, ლოგიკურია, რომ ამ გადაწყვეტილებას კიევში დიდი დაპირისპირება მოჰყვა, რასაც უკრაინულმა სახელმწიფომ ვერაფერი უპასუხა სპეცრაზმის გამოყვანისა და უკვე მრავალკვირიანი მარაზმის გარდა, რომლის კადრებმა მსოფლიო ეკრანები მოიარა.
ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ნეტარებით უყურებენ ახლა ამ კადრებს კრემლში. რაც ამჟამად მაიდანზე ხდება, პუტინის მორიგი ტრიუმფია! რუსეთის პრეზიდენტს სინამდვილეში ის კი არ აღელვებდა, უკრაინა როგორმე “საბაჟო კავშირში” შეეთრია, არამედ ის, რომ უკრაინას ევროპასთან არ მოეწერა ხელი!
“ჩემთან ნუ შემოხვალთ, ოღონდ იქ არ შეხვიდეთ!” ასეთია პუტინის მაქსიმა. ხვალ შეიძლება სხვა მაქსიმით ჩანაცვლდეს, თუმცა დღეს ესაა მთავარი: არ მოხდეს ისე, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნები გადავიდნენ კოორდინატთა სხვა სისტემაში ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, მენტალური თვალსაზრისით, რაკი იმ სისტემაში, ადრე თუ გვიან, მაინც შეიძლება იქცნენ “ნაციად”, ხოლო მის გარეშე, მის გარეთ – ვერასდროს გახდებიან Nation.
დასავლელი ინვესტორები რომ ახლოსაც აღარ გაეკარებიან, ისედაც ღარიბ-ღატაკ, არაფრის მქონე და ვერაფრის მწარმოებელ ამ ვეებერთელა, ფაქტობრივად, მშიერ ქვეყანას – მარაზმატული “მაიდანის” მხოლოდ ერთი და არცთუ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ყველაფრის მიზეზად იანუკოვიჩის ანტიევროპელობისა და ფარული აგენტობის დასახელება კი ელემენტარული აბსურდია: თუ არ უნდოდა ევროკავშირთან ასოცირება, რატომ აიტკივებდა აუტკივარ თავს? განა არ იცოდა მაშინ, რომ უკრაინელთა უმრავლესობისთვის გაუჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ და რისთვის კარგავენ სამუშაოს?
იცოდა. მაგრამ აშკარად ეგონა, ევროპა უფრო მეტად დაუჭერდა მხარს. შექმნილი ვითარების ახსნისთვის აუცილებელია აზრობრივი გასაღები: ევროპა რომ უფრო აქტიურად და, დიახაც, უფრო აგრესიულად გამოხმაურებოდა მოსკოვის სრულიად აღვირახსნილ ქმედებებს, საზღვრის უკანონოდ ჩაკეტვას, ფაქტობრივად, ბლოკადასა და მუქარას, იანუკოვიჩი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა! მან მხოლოდ მას შემდეგ გადაიფიქრა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, როდესაც დარწმუნდა, რომ მარტო დარჩა მოსკოვის პირისპირ.
თუმცა, დაწყებულ პროცესებს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს: უკრაინა იხლიჩება ორ ნაწილად! როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აწი იანუკოვიჩმა, საზოგადოებაში არსებული ხლეჩა მხოლოდ გაძლიერდება, ხელისუფლების მორიგი ცვლა, რიგგარეშე არჩევნები და ახალი კოალიციები კი იმ ქვეყანაში მიმდინარე ქაოსს გააძლიერებს, რაც საბოლოოდ, ალბათ, უკრაინის ორ არათანაბარ ნაწილად გახლეჩით დასრულდება.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |