|
ვნახეთ, როგორ გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ახლად გამომცხვარი პარლამენტარისა თუ ხელისუფლების სხვა წევრის ქონება, ეს არის სამარცხვინო”
“პრემიერი” ცოტნე გამსახურდიას ესაუბრა.
“კოლხური კოშკი”... დიახ, ამ კოშკში, აქ, ამ მიდამოში, ვისთვის მისაღები, ვისთვის მიუღებელი, მაგრამ ერთხმად ყველასგან აღიარებული დიდი ქართველების სული ტრიალებს. ცოტნე გამსახურდია ინტერვიუზე შემითანხმდა და სწორედ კოლხურ კოშკში მიმიწვია. მეშვიდე წელია, აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. “როდის დასრულდება?” _ ვეკითხები ცოტნეს. “თავად არ იციან და აბა, მე რა უნდა გითხრა”, _ მპასუხობს. რამდენიმე ფოტოს ვიღებ და მერე იქვე, ეზოში, ვიწყებთ საუბარს. როგორი წარმომედგინა? გოროზი, ცოტათი თავხედი, ზედმეტად თავდაჯერებული, გაბოროტებულიც კი. წარმოსახვაში დადებითი პასაჟებიც მქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, რომლის პრივილეგია გამსახურდიების შთამომავლობა კი არა _ ინტელექტი, განათლება და ქვეყნისადმი პატივისცემაა. შეიძლება დამეწერა პატრიოტიზმი ან სხვა რამ მომეფიქრებინა, მაგრამ პატივისცემა ვარჩიე. იმდენად მოკრძალებით საუბრობს საკუთარ ქვეყანაზე, სხვა ეპითეტის გამოყენება არასწორად მივიჩნიე. რატომღაც მე შენობით ვესაუბრები, ის კი თქვენობით, თუმცა ამის გამო მას დისკომფორტი ვერ შევამჩნიე. მასალას რომ ვშიფრავდი, მაშინ მივაქციე ამას ყურადღება.
მოკლედ, ცოტნე გამსახურდიასთან ვსაუბრობ დღევანდელობაზე და, უდიდესი ცდუნების მიუხედავად, არ ვუსვამ კითხვებს არც ბაბუის და არც მამის შესახებ. ეს მერე იყოს, სალაპარაკო ხომ ძალიან ბევრია.
_ ცოტნე, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, საქართველოში კარგი ცხოვრება დაიწყებოდა. შენ წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყავი და სწორედ ამიტომაცაა საინტერესო, როგორი იყო კონკრეტულად შენი მოლოდინები. მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია აიჭრა, შენ ჯერ კიდევ პატიმარი იყავი.
_ მე ველოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს კოშმარი დასრულდებოდა. ველოდი კი არა, ზუსტად ვიცოდი, რომ დამთავრდებოდა. ისიც არ არის საკამათო, რომ ბევრი რამ შეიცვალა და კოშმარი დამთავრდა. შორს ვარ იდეალიზმისგან და მით უმეტეს, იმის თქმისგან, რომ დღეს ყველაფერი კარგადაა და ევროპული დონის დემოკრატიაში ვცხოვრობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ უხეშად აღარ ირღვევა ადამიანის უფლებები, აღარ არის საყოველთაო თვალთვალი, კონტროლი. რაც შეხება ხელისუფლებასთან ჩემს დაპირისპირებას. მე ადრეც მითქვამს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირება ვიღაცისთვის ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა იყო, ვიღაცისთვის შემოსავლის წყარო, ვიღაცისთვის პიროვნული ამბიციების დაკმაყოფილების სურვილი. ჩემთვის ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ვიცოდი, რომ, თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩებოდა, სული ამომხდებოდა და ეს ასეც ხდებოდა. ვიღაც შეიძლება ამბობდეს, რომ შენ ფიზიკურად არ გცემდნენ, მაგრამ წარმოიდგინეთ ავადმყოფი ადამიანი, რომელიც მიტოვებული ჰყავთ ბედის ანაბარა. იმას ავადმყოფობა მოკლავს შენი ჩარევის გარეშე. წარმოიდგინე კიბოიან ადამიანს ტოვებ მკურნალობის გარეშე ციხეში. ამაზე საშინელი წამება რა უნდა იყოს? ფაქტობრივად, განწირული ვიყავი ნელი სიკვდილისთვის.
_ შენი ციხეში მოხვედრა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უნდა ყოფილიყო არაპოპულარული.
_ სააკაშვილი ჩემდამი სიძულვილს ვერ მოერია. მოკლედ გიპასუხებთ, როგორც ნიკო გომელაური ამბობდა _ თავის სიმცირეს ვერ მოერია.
_ ამის წინაპირობა რა იყო?
_ ის შეურიგებლობა, რაც იყო მის ხელისუფლების მიმართ ჩემი მხრიდან. შეიძლება მეც, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა, ბევრი რამ ძალიან მტკივნეულად შევაფასე და აღვიქვი. ამის საფუძველი იყო ის ავტორიტარული ტენდენციები, რომელიც სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე გამოამჟღავნა. შესაძლოა, ეს კონკრეტულ ისტორიულ ეტაპზე აუცილებელი იყო, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ დაწერთ, რასაც ახლა გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ საქართველოს ისტორიაში და ეს უდავოდ პროგრესი იყო და მას ძალიან დიდი შანსები ჰქონდა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე გაეყვანა... მაგრამ შემდგომ ის მოექცა ამ ხიბლში, უსაზღვრო ძალაუფლების ხიბლში, ნელ-ნელა დაიწყო ქანჩის გასაღების მოჭერა და როდესაც ამ ძალაუფლებამ საკმაოდ გახრწნა, მან ჩათვალა, რომ მისი ყველა კაპრიზისა და ხუშტურის ასრულება ქვეყნისთვის აუცილებელი იყო. შემდეგ ყველაფერი დაემსგავსა იმას, რასაც დაემსგავსა. ჩემთვის, ისევე როგორც სხვა ბევრი ადამიანისთვის, სწორედ ეს იყო მიუღებელი და ის უგულებელყოფა, ის ანგარიშგაუწევლობა, ის ავტორიტარიზმი, რაც ხალხთან კავშირის დაკარგვას გულისხმობს, პირველ რიგში, რაც მის პიროვნებასა და მის ხელისუფლებას ახასიათებდა. შეიძლება ახალგაზრდულად რადიკალური ვიყავი, მაგრამ, რაც სააკაშვილმა დევნის ობიექტად გამომაცხადა, ათასი საშინელება დამაბრალეს. საქართველოში რომ ჩამოვედი _ 2007 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ნოემბრამდე 7 მუხლით ვიყავი ბრალდებული. ასეთი პატივი ჩიკოტილოსაც კი არ რგებია. თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, რომ ლაფში ამოვესვარე და გავენადგურებინე. ფიზიკურად რომ გავენადგურებინე, ამას შეიძლება ვერ ახერხებდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ტაქტიკაც ჰქონდა არჩეული ჩემი ოჯახის წევრებთან _ სტალინური ტაქტიკა. ერთი მათგანი არის ჯოჯოხეთის მაშხალა, მაგრამ აგერ მეორე ჭეშმარიტების გზას ადგასო. ასე რომ, ფიზიკურად ვერ გამანადგურა და, ალბათ, არ იყო ამის აუცილებლობა. ადამიანის ნეიტრალიზაცია სხვანაირადაც შეიძლება და როგორც გითხარით, ნელ-ნელა მხდიდნენ სულს. ადრეც მითქვამს, რომ ჩვენი, უკანონო პატიმრობის, უპირატესობა მორალურ ხასიათს ატარებს და მორალური უპირატესობა და სიმართლე მოუგებს ამ ლაჩარ და უტიფარ პრეზიდენტს-მეთქი. ასეც მოხდა.
_ საკმაოდ მტკივნეულ თემას შეეხე და სტალინური ტაქტიკა ახსენე. მე კი უცებ გონებაში გალაკტიონმა გამიელვა. ლენინის ორდენი გალაკტიონს და ამ დროს მისი მეუღლე... ისე, ამ ტაქტიკას საბჭოთა ლიდერები ძალიან აქტიურად იყენებდნენ და ასეც შექმნეს წითელი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, წამომიდგენია მორალურად რაოდენ რთული იყო ეს ყველაფერი შენთვის და შენი ძმებისთვისაც.
_ მე არ ვიცი, მათთვის რა იყო რთული, მაგრამ რა ვქნა, როგორღაც გადავიტანე... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.
_ საკუთარ კრიტიკულობაზე გაამახვილე ყურადღება, იქნებ ზედმეტად კრიტიკულიც ვიყავი, ჩემი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარეო. დღეს რა ხდება, ამ მხრივ? ჩვენ, ქართველები, ხომ მაქსიმალისტები ვართ და გვინდა, რომ ყველაფერი უცებ მოესწროს... ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა. ხელისუფლებები კი ოთხი წლით ირჩევიან. ამ წელიწად-ნახევარს თუ გავაანალიზებთ, რამდენად დამაკმაყოფილებელია საქართველოს მთავრობის საქმიანობა? რაც ზემოთ უკვე ჩამოთვალე, ეს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ნორმა უნდა იყოს...
_ ვიტყოდი, რომ აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით გააქტიურება. ეს არის ინსტიტუციური ცვლილება სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება სამართლებრივი სისტემის შეცვლა თუ მეტი კონტროლის დაწესება მთავრობის საქმიანობაზე. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოდიოზური თუ დამნაშავე ფიგურები შეიცვალნენ, არ არის საკმარისი. იმიტომ რომ თავად სისტემა იყო დანაშაულებრივი. ხელისუფლების წამყვან პირებზე ჩამოკიდებული სტრუქტურები, კანონის არაცალსახა ინტერპრეტაციები... მახსოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთი ნორმა _ გამოძიება შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს. ამას იყენებდა სააკაშვილი. როდესაც საჭირო იყო მისი მტრების წინააღმდეგ მოქმედება, გამოძიება იყო ძალზე ოპერატიული, მაგრამ თუ არ იყო საქმის გამოძიების სურვილი, პროცესი შესაძლოა, დაუსრულებლად გაგრძელებულიყო. შერჩევითი კანონი ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ სისხლის სამართალში, კანონის ინტერპრეტაციის მინიმალური საშუალება უნდა იყოს. და სწორედ ამისთვისაა საჭირო ინსტიტუციური ცვლილებები. ასევე, აუცილებელია ხელისუფლების მეტი ანგარიშვალდებულება ადამიანთა მიმართ. მაგალითად, ვნახეთ, როგორ გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ახლად გამომცხვარი პარლამენტარისა თუ ხელისუფლების სხვა წევრის ქონება. ეს არის სამარცხვინო.
_ თითქოს ყველას დაავიწყდა, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ დღეს კოალიციის გულანთებული წევრების საკმაოდ დიდი ნაწილი ბატონმა ივანიშვილმა საჯაროდ, თითო მილიონ ლარად ჯერ კიდევ 2011-12 წლებში იყიდა.
_ ამაში მართალი ხართ, მაგრამ, ვისთვისაც არ ჩამოურიგებია, ისინიც რომ მილიონრები გახდნენ, ეს როგორ მოხდა? საჭიროა, მეტი ანგარიშვალდებულება, მთავრობის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობა. რა არის, იცით? ხელისუფლებაში ყოფნის რაობა უნდა შეიცვალოს და ხალხისადმი ბატონყმური დამოკიდებულებიდან უნდა გადაიქცეს ხალხის მსახურებად. ხელისუფლებაში რომ მიდის, იმ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სახარბიელო არ არის. რომ ის არის, უბრალოდ, ხალხის მსახური _ დაქირავებული. ერთგვარად, გალერაზე დაბმული მონა, რომელიც თავად ირჩევს ამ ხვედრს _ ხალხის მსახურებას, ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. არიან ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვთ. მე, მაგალითად, თავისუფალი ადამიანი ვარ და ახლა, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, რომ არავითარი სურვილი არ მაქვს სახელმწიფო სტრუქტურაში რაიმე თანამდებობაზე დანიშვნის. ამისთვის არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, უამრავი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი და მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პრობლემები მოვაგვარო სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პიროვნული თავისუფლება. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქითაა _ რაც უფრო მეტად გიჭირს, მით უფრო მეტად “ჩალიჩობ”, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, რათა გქონდეს გარკვეული ძალაუფლება ადამიანების ნაწილზე, მასაზე და ამ ძალაუფლებით მოიპოვო მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთეები.
_ შენთვის რა არის სამართლიანობის აღდგენა _ ადამიანების დაჭერა და მათი დასჯა ჩადენილი დანაშაულისთვის, თუ ისეთი ინსტიტუციური რეფორმები, რომლის შედეგადაც ვერავინ შეძლებს, შეარყიოს სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლები?
_ დღის წესრიგში სამართლიანობის დამკვიდრება უნდა იდგეს. მაგრამ დღევანდელი ფორმატით თუ გავაგრძელებთ _ არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ ფორმატს ვგულისხმობ _ ამ ქვეყანას არაფერი კარგი არ უწერია. ის ვერ გვიშველის, რომ ახლა ხელისუფლებაში, ბევრი თუ ცოტა, კარგი ადამიანია. მათ ადამიანურ თვისებებზე სახელმწიფო სისტემა არ უნდა იყოს დამოკიდებული. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი საჯილდაო ქვაა და ძალიან ბასრი დამოკლეს მახვილი მათ თავზე. ძალიან მალე გავა ეს დრო, დამერწმუნეთ, და ისინიც თავად დარწმუნდებიან ამაში. შესაძლოა, ეს დრო მათთვის ნელა მიდის, მაგრამ საკმაოდ სწრაფად გაივლის, და დღეს ვინც პირველად არ არის ხელისუფლებაში, ის ამას კარგად ხვდება კიდეც. ეს იქნება ძალიან მტკივნეული თემა მომავალი არჩევნებისთვის. დღეს მათ მეტი საშუალება აქვთ. დასავლეთთან ურთიერთობები, ასე თუ ისე, დალაგებულია _ გარკვეულია. დამერწმუნეთ, ვერც ერთი დასავლელი შეგნებული თუ შეუგნებელი დამცველი მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის _ რატომ ეს ცალკე და ვრცელი საუბრის თემაა, ანუ რატომ იცავენ ისინი მიხეილ სააკაშვილს და უფრო სწორად საკუთარ თავსა და ავტორიტეტს _ არავინ საქართველოსთან არ გაიფუჭებს ურთიერთობას ერთი მუჭა დამნაშავეების გამო. დასავლეთის პოლიტიკა საკმაოდ პრაგმატული და საკმაოდ რეალპოლიტიკურია, ამიტომაც არავინ დაიწყებს სადისტი ბაჩო ახალაიასა და გაღლეტილი ვანოს გამო დიპლომატიური ურთიერთობების საფრთხის ქვეშ დაყენებას.
_ არ შემიძლია, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე არ გკითხო. რა ხდება ამჟამად ციხეებში, მით უფრო იმ ფონზე, რომ რამდენიმე ხნის წინ ათასამდე ადამიანი შიმშილობდა?
_ ამჟამად არ მაქვს რეალური ინფორმაცია, რა ხდება და არ მინდა, არაობიექტური გამოვიდე, მაგრამ ფაქტი, რომ ათასი ადამიანი _ პატიმარი შიმშილობს, ცუდია. თუმცა იმასაც მოგახსენებთ, რომ რეჟიმი შემსუბუქდა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ციხეში ვითარება გამოსწორდა, ეს ცალსახაა. სამწუხაროდ, ბევრი ამას ბოროტად იყენებს. მაგალითად, მე მახსოვს პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა, ადმინისტრაციასთან თუ არ თანამშრომლობდა, კაციშვილი პროტესტს არ გამოხატავდა, რომც მოეკალი. ნებისმიერ უსამართლობაზე ხუჭავდნენ თვალს, საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ასე იქცეოდა პატიმრების დიდი უმრავლესობა და დღეს ნუ გამიხდებიან გმირები. აბა, ადრე დაეწყო ვინმეს შიმშილობა. ჯერ ერთი, სასჯელის ვადას გაუხანგრძლივებდნენ. ნებისმიერ დროს ნებისმიერი პატიმრისთვის შეეძლოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სასჯელი გაეზარდათ. ეს იცოდა ყველა პატიმარმა და ჩუმად იყო. თუ ესეც არ იკმარებდა, დაიწყებდნენ მათი ახლობლების დატერორებას გარეთ. ამიტომაც თითებზე ჩამოსათვლელი პატიმარი იღებდა ხმას. საკუთარ თავზე არ მინდა საუბარი, მაგრამ გაგახსენებთ, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი პატიმარი, ვინც პატიმრების წამებაზე დაიწყო საუბარი. ესენი დღეს გამიხდნენ გმირები? ნამუსიც კარგი საქონელია. თუმცა ძალიან ცუდია, როდესაც ათასამდე ადამიანი შიმშილობს და მათთან ვერ გამოინახა საერთო ენა. ეს არის სამინისტროს დიდი ნაკლი და რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს. ის, რომ დღეს აღარ არის სააკაშვილისდროინდელი პირობების ციხეში, მისასალმებელია, მაგრამ არა _ საკმარისი.
_ როგორ ფიქრობ, 2014 წელს რა საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს რუსეთიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
_ რუსეთმა, საკუთარი სულსწრაფობით, დაუფიქრებლობითა თუ პიროვნული ანტიპათიებით, საქართველოში აღარ დაიტოვა ზემოქმედების იმდენი ბერკეტი, რომ ე.წ. სოფტ პოწერ-ით (რბილი ძალა. _ ავტ.) რაღაც გადაწყვეტილება შეცვლამდე მიიყვანოს. არა მგონია, უახლოეს მომავალში სამხედრო ინტერვენცია განმეორდეს, მაგრამ სხვა ბერკეტების გამოყენებისთვის მათ აღარც ძალა აქვთ და აღარც სურვილი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა რაიმე განმსაზღვრელ ფაქტორს თამაშობდეს. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ონიშჩენკოს იმედად ვერ იქნება, რომელიც ერთ დღეს შეიძლება გამოვიდეს და აქოს შენი ღვინო, მეორე დღე კი ბაზარი დაკეტოს. ონიშჩენკო ხომ ბუტაფორიაა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ძალიან სულმდაბალ პოლიტიკურ თამაშს ეწევა. ქართული ბიზნესი საკმაოდ გამოცდილია ამ მიმართულებით და არა მგონია, ვინმემ საკმაოდ დიდი ინვესტიციები დააბანდოს რუსეთის ბაზრის ასათვისებლად. შესაბამისად, არც ის მგონია, რუსეთი რაიმე ზეწოლას მოახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ არ ჩავთვლით სამხედრო ინტერვენციას.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |