|
ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო? McDonalds-ი დაგვიბრუნებს აფხაზეთს! რუსული დროშა კახეთის თავზე; “იმედის” იმედი; “უსაფრთხოების საბჭო” VS “უშიშროების საბჭო”; “პირველი არხის” პირველი ამბოხი; “კეზერას” უკანასკნელი ლოცვა.
ფრანგი დიპლომატები, ზოგადად, ცნობილნი არიან, როგორც პირშიმთქმელები. ეს სულაც არ აკნინებს დიდი ტალეირანის სკოლის ღირსებებს. ფრანგული დიპლომატიური სკოლა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში, ალბათ, რიშელიეს ეპოქიდან მოყოლებული, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, საფრანგეთი კონტინენტის ეჭვმიუტანელ ლიდერად ვერ იქცეოდა და ანგლოსაქსურ დიპლომატიასაც ვერ გაუწევდა ღირსეულ წინააღმდეგობას.
ამიტომ ის, რაც ფილიპ ლეფორმა ცხინვალში თქვა, საეჭვოა, წამოცდენა იყოს. ლეფორი გამოცდილი დიპლომატია და ძალიან კარგად იცის, რას რა მოჰყვება. მას სწორედ ასეთი რეაქცია სჭირდებოდა, როცა ამბობდა: “სამხრეთ ოსეთის ხალხმა დიდი ხნის წინათ განსაზღვრა სამხრეთ ოსეთის სტატუსი (იგულისხმება რეფერენდუმით. - ზ.ღ.), ეს არის რეალობა და ამ რეალობის აღიარებით უნდა ვიმუშაოთო”.
დავაკვირდეთ, დიპლომატიურად ეშმაკური ფორმულირებაა: ერთი მხრივ, ეს ფრაზა “სამხრეთ ოსეთის” იურიდიულ აღიარებას ვითომ არ ნიშნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარა სიგნალია როგორც ცხინვალისთვის, ასევე მოსკოვისთვის.
ხოლო თბილისისთვის ეს სერიოზული დიპლომატიური ინციდენტი იმის დადასტურებად უნდა იქცეს, რომ დრო ნამდვილად არ მუშაობს საქართველოს სასარგებლოდ და კოსოვოს კაზუსიც (ანუ იმავე დასავლეთის მიერ შექმნილი პრეცედენტი) მძიმე ტვირთად, უფრო ზუსტად, დამოკლეს მახვილად გვკიდია თავზე:
ლეფორის განცხადება ადასტურებს: ევროპისთვის უკვე დისკომფორტულია “სტატუს კვოს” შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, არ ძალუძს რუსეთის დასჯა, ანუ რეალობის მის საწინააღმდეგოდ შეცვლა, ხოლო, მეორე მხრივ, იძულებულია, მონაწილეობა მიიღოს სრულიად აბსურდულ პროცესში, როდესაც “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის წარმომადგენლები ლეგიტიმურად მონაწილეობენ საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ჟენევის პროცესის მონაწილეებს “ექსპერტები” ეწოდებათ თუ თავიანთი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. თუკი “მარიონეტები” და “ოკუპირებული ტერიტორიები” არიან, მაშინ ევროკავშირის ლეგიტიმური წარმომადგენელი რატომ ხვდება “სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს”?
განა აბსურდი არ არის? დიახ, ევროპული თვალთახედვით აბსურდია და ევროპა ამგვარ აბსურდში ყოფნას (კიდევ ვიმეორებ: მით უმეტეს, კოსოვოს პრეცედენტის გათვალისწინებით!) დიდხანს არ შეურიგდება. ამიტომ, რაკი სტატუს კვოს შეცვლა არ ძალუძს რუსეთთან დაპირისპირებით, მას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეცვლის უმწეო საქართველოს საწინააღმდეგოდ!
გამამართლებელი არგუმენტიც ექნება: ჩვენ ხომ, ერთი მხრივ, რუსეთს “ოკუპანტად” ვაცხადებთ, ხოლო, მეორე მხრივ, კრემლში კონცერტებს ვმართავთ და გააფთრებით ვიბრძვით “ოკუპანტ ქვეყანასთან” უვიზო რეჟიმის დასამყარებლად, რათა თავად კომფორტულად ვიცხოვროთ და ევროპამ აიტკივოს ჩვენს ნაცვლად აუტკივარი თავი, რუსეთთან ჩვენი ოკუპაციის გამო დაპირისპირებით.
აქედან გამომდინარე, ფილიპ ლეფორის განცხადება მხოლოდ “პირველი ზარია” და, რაც ყველაზე საშინელია, ეს პროცესი, როგორც ჩანს, ისტორიულად შეუქცევად ხასიათს იძენს!
“ევროპა მაგათ არასდროს აღიარებსო”. ასე თუ გაგრძელდა, აუცილებლად აღიარებს, ადრე თუ გვიან, რაკი იმავე რიშელიედან დაწყებული, ტალეირანის ეპოქით გაგრძელებული, დიპლომატიის “ოქროს კანონია”: თუ რეალობის შეცვლა არ ძალგიძს, ის აუცილებლად უნდა აღიარო. თან საკუთარი ღირებულებების განხორციელებად აქციო. მაგალითად, “ერთა თვითგამორკვევის” პრინციპის ზეიმად. მით უმეტეს, როცა “მასპინძელს უხარია” და კრემლში ცეკვავს “ოკუპანტ სახელმწიფოსთან” უვიზო რეჟიმის მოსაპოვებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ქართული დიპლომატიის ღირსებებზე საუბარი საერთოდ ოქსიუმორონია, ანუ აბსურდულ ცნებათა შეთავსების მცდელობა. რაც მთავარია, ის ზოგადად, ქართული ელიტის, ასე ვთქვათ, “გულუბრყვილობით” საზრდოობს, რისი ბრწყინვალე ნიმუშიც გახდა “კოკა-კოლას” პრეზიდენტ თემურ ჭყონიას ინიციატივა აფხაზეთში MცDონალდს-ის შესვლის შესახებ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს იდეა მას აფხაზმა მეგობრებმა ჩააწვეთეს. თუ პირდაპირ არა, ვინმეს მეშვეობით მაინც.
სეპარატისტებისთვის ზოგადად დამახასიათებელი ეშმაკობით, უკვე მრავალი ათწლეულია ისინი შესანიშნავად იყენებენ ქართულ გულუბრყვილობას, რათა რაიმე სარგებელი ნახონ. ამ შემთხვევაშიც, თემურ ჭყონიას, ისევ და ისევ გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ აფხაზეთში ჩოცა ცოლა-სა და McDonalds-ის ქართული ფილიალები შევლენ. სინამდვილეში, როგორც კი სოხუმში ეს მსოფლიო ბრენდი გაჩნდება, სეპარატისტები ამას თავიანთი დამოუკიდებლობის გლობალური ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებენ და უკვე აღარავის ეტყვიან, რომ ორივე მათგანი ერთი ქართველი ბიზნესმენის “კეთილი ნებით” მოხვდა აფხაზეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში, კახეთის სოფელ ვაჩნაძიანში, ამ სოფლის მკვიდრმა, არჩილ ნაპირელმა საკუთარ სახლზე რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართა. ამ ფაქტს ქართული ეროვნული მოძრაობის პატრიარქი, ირაკლი წერეთელი გამოეხმაურა წყევლა-კრულვითა და ლანძღვა-გინებით აღსავსე სტატუსით: “ნაძირალა”, “გარეწარი” და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ამ თემაზე კარგად “მიაწვება” ხელისუფლებას, “მეოცნებეთა” კონტროლირებადი პოლიცია იმ დროშას ჩამოახსნევინებს ნაპირელს, მაგრამ აქ ნიშანდობლივი და საყურადღებო თვით სოფლის რეაქციაა: არავითარი აღშფოთება! პირიქით: თანასოფლელები ამ ფაქტში მიუღებელს ვერაფერს ხედავენ და მხარსაც უჭერენ. ასე რომ არ იყოს, ეს ნაპირელი რუსული დროშის აღმართვას ვერ გაბედავდა. მთავარი პრობლემა კი მისთვის სწორედ საზოგადოების აღშფოთება იქნებოდა და არა პოლიციის რეპრესიები.
ისე, ამ კითხვებს დროული პასუხი სჭირდება: რუსული დროშის აღმართვა იგივეა, რაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დაღმართვა? და ფაქტია: არავითარი განსაკუთრებული აღშფოთება საზოგადოებაში ამას არ მოჰყოლია
რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ სახელმწიფომ (ანუ დამოუკიდებლობამ) უბრალო ადამიანებს ბევრი ვერაფერი მისცა და ანახა 25 წლის განმავლობაში ნგრევის, უბედურების, სისხლისღვრის, ომის, სამარცხვინო დამარცხებების, გაღატაკების, უმუშევრობისა და სრული უიმედობის გარდა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ის უბრალო ხალხი იმასაც ხედავს, რომ მისი ელიტა თამაშობს, ანუ ვიწრო წრეში აგვარებს საკუთარ პრობლემებს. ეს პროცესი სცილდება ხელისუფლება-ოპოზიციის, ანუ პოლიტელიტის შიგნით მიმდინარე ურთიერთდაჭმა-ვაჭრობის დისკურსს. საქმე ბევრად უარესადაა, რისი გამოხატულებაც გახდა გასულ კვირას გამოქვეყნებული შეთანხმება პატარკაციშვილების ოჯახსა და ნაციონალთა ხელისუფლებას შორის.
დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებს, ტელეკომპანია “იმედის” სანაცვლოდ გადასცა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
2007 წლიდან, თბილისში ხშირად იმართებოდა მიტინგები მიშასა და მისი გუნდის “მაროდიორობის”, მიცვალებულის ძარცვისა და ნეკროფილიის საწინააღმდეგოდ. რეალურად კი, მიშასა და ნაციონალთა დანაშაული, მათი რეჟიმის არსის გამომხატველი ქმედება სწორედ ისაა, რომ კომერციულად და ბიზნესთვალსაზრისით სრულიად ფუჭი ქონება გაცვალეს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს და, რაც მთავარია, ჩვენი რეგიონისთვის უნიკალურ საწარმოში!
ტელევიზია საქართველოში შეუძლებელია, მომგებიანი ბიზნესი იყოს. ყველა მათგანი დოტაციურია, ანუ არავითარი “ქონება” ეს არ არის! “იმედის” მნიშვნელობა პოლიტიკურ პროცესებზე მისი ზეგავლენის ხარისხით გამოიხატებოდა და არა იმით, რომ რაიმე მოგება შეეძლო მოეტანა კომერციული თუ ბიზნესთვალსაზრისით.
ამიტომ, თუ წმინდად კომერციული მხრიდან მივუდგებით, “იმედის” სანაცვლოდ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გადაცემა ბიზნესის კი არა, სახელმწიფოს, ანუ სახალხო ქონების ძარცვაა!!! იმ ქარხნის მარტო ტერიტორია და ჯართი ღირს “ტელეიმედზე” მეტი! მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი პოლიტიკური მოტივი იყო, ამიტომაც წავიდა ამოდენა ზარალზე.
ჩვენც ნუ დავემსგავსებით ახალშობილ ბოჩოლებს, რომლებიც ნამდვილად ვერ გაარჩევენ ერთმანეთისგან “ბიზნესის ძარცვასა” და უპრეცედენტოდ სარფიან გარიგებას, როდესაც არაფრის მომტანი და კომერციულად წამგებიანი, დოტაციური საწარმოს ნაცვლად რეალურად მასზე ასჯერ უფრო ძვირადღირებულ აქტივს იღებენ.
მერე რომ მოატყუეს და “გადააგდეს” - არაფერს ცვლის: ამ შემთხვევაში ხომ მხარეთა კონკრეტულ მოტივაციაზე ვსაუბრობთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრთან არსებული ე.წ. “უსაფრთხოების საბჭოს” სხდომა.
ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ისმოდა კითხვა: როგორ აპირებდა სრულქმნილი ძალაუფლების მქონე პრემიერი იმ უხერხულობის (ქართული მენტალობისთვის ეს უდავოდ უხერხულობაა) გადალახვას, როდესაც თვეში ერთხელ მაინც მოუწევდა პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართული “უშიშროების საბჭოს” სხდომაზე დასწრება, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური წარუძღვებოდა, მთავრობის მეთაური კი მისგან ხელმარჯვნივ ან ხელმარცხნივ უნდა დამჯდარიყო მაგიდასთან.
არადა, ეს მოდელი სრულიად აუცილებელი პირობაა იმ კონსტიტუციური მექანიზმის ნორმალური მოქმედებისთვის, როდესაც პრეზიდენტი (მით უმეტეს, საყოველთაო კენჭისყრით არჩეული), რჩება სახელმწიფოს მეთაურად, უმაღლეს მთავარსარდლად, ქვეყნის მთავარ წარმომადგენლად საერთაშორისო ასპარეზზე და საჭიროების შემთხვევაში არბიტრის როლსაც ასრულებს.
დღევანდელმა მთავრობამ და მმართველმა კოალიციამ, ამ “კონფუზის” გადასალახად შექმნეს ე.წ. “უსაფრთხოების საბჭო”. რაც, სტილისტურად ძალიან ჰგავს აბსურდულ წინადადებას რუსთაველზე მდებარე მიწის ნაკვეთის, “პარლამენტის შენობიანად”, ქალაქ ქუთაისისთვის გადაცემის შესახებ.
“უსაფრთხოების საბჭოს” შექმნით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ისევე არ აპირებს რაიმე ჰკითხოს პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც იუსტიციის მინისტრ წულუკიანს არ ეთათბირებოდა გენერალური პროკურორის შერჩევისას. აბა, სხვა რა საკითხები უნდა განიხილოს პრეზიდენტთან არსებულმა “უშიშროების საბჭომ” გარდა იმისა, რაც “უსაფრთხოების საბჭოზე” განიხილებოდა?
განსაკუთრებით კომიკურია პარლამენტის თავმჯდომარის დასწრება “უსაფრთხოების საბჭოს” სხდომაზე. ნუთუ, დავით უსუფაშვილი თავად ვერ ხვდება, რა აბსურდულ მდგომარეობაში იგდებს თავს? კონსტიტუციით ხომ პარლამენტია ქვეყნის გამგებელი და არა მთავრობა. ერთია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება “უშიშროების საბჭოს” სხდომებს საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტის, მაშასადამე, სახელმწიფოს მეთაურის თავმჯდომარეობით და სრულიად სხვაა, როდესაც ის მიდის პარლამენტის მიერვე დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ უსაფრთხოების საბჭოზე დასასწრებად.
ისე, რომ არა ჩვენი დედა ენის სიმდიდრე, რა ეშველებოდათ ამ ჩვენს საბრალო პოლიტიკოსებს და რას დაარქმევდნენ ახალ, ალტერნატიულ საბჭოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული მენტალობის პროდუქტია, ისევე, როგორც თვით ქართული ენა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველ კოალიციაში რღვევის პროცესები ვითარდება, რაც ჯერჯერობით თითქოს მეორეხარისხოვან საკითხებში მჟღავნდება. მაგალითად, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დამტკიცება.
NGO-ებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ “ოცნებამ” მათ კანდიდატებს უარი იმ მიზეზით უთხრა, რათა მორჩილი სამეთვალყურეო საბჭო დააკომპლექტოს. სინამდვილეში, საქმე ბევრად რთულად და ბევრად უარესადაა: ამ მინიკრიზისმა დაადასტურა, რომ უმრავლესობა შედგება აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებების მქონე ძალებისგან.
კანდიდატები ვერ დაამტკიცეს იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს უდგებოდნენ საკუთარი მსოფლმხედველობრივი პოზიციებიდან გამომდინარე და ის, რაც (ვინც) მისაღები იყო “ოცნების” ლიბერალური ფრთისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა კონსერვატორებისა და ნაციონალისტებისთვის. საქმე ეს არის, თორემ ტელევიზიაზე ნაციონალთა გავლენის შენარჩუნების შიში ნაკლებად აღელვებდათ.
ეს “ღირებულებითი რღვევა” უკვე ფაქტია და რაც მთავარია, აბსოლუტურად შეუძლებელია ამ გარემოებამ, ბოლოს და ბოლოს, თავი არ იჩინოს პარლამენტში საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კარდინალურ საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის დროსაც. იმ საკითხებისა, რომელთან შედარებითაც “საზმაუს” ბორდის თემა მართლა წვრილმანია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უახლოეს დღეებში, საფრანგეთის სასამართლო გადაწყვეტს თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს. ამ რთული და საინტერესო ისტორიის ახლა გარჩევას აზრი არ აქვს. ბევრად სახალისო იყო ოკეანის გაღმა გადაბარგებული მიშას კომენტარი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციით გაიმეორეს ნაციონალებმა: “ნორმალურია, როდესაც ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბიზნესში მიდის და იქ წარმატებული ხდება, მთავარია, მინისტრობის დროსაც არ ჰქონდეს ბიზნესიო”.
წარმოიდგინეთ ერთი წუთით: 2003 წელია. მიშა იწყებს უკანასკნელ და გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს მომავლისთვის. ამ დროს, შევარდნაძის გამათხოვრებული და გასაცოდავებული მთავრობის რომელიმე ყოფილი წევრი ბობოლა ბიზნესმენია და მისი ბრუნვა საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედს (“კეზერას” შემთხვევაში მილიარდ-ნახევარს) აღწევს. როგორ გგონიათ, მიშა მაშინაც იტყოდა, “ეს ნორმალურიაო”, თუ ქვეყანას დააქცევდა და ატეხდა გნიასს, რომ “სინამდვილეში ის ბიზნესი მაშინაც მისი იყო, როცა თანამდებობა ეკავაო”?
ისე, როგორი სულელური შეცდომებიც არ უნდა დაუშვას “ოცნებამ” და რაოდენ სწრაფადაც არ უნდა მცირდებოდეს მისი რეიტინგი შეუსრულებელი დაპირებებისა თუ არაფრისმაქნისობის გამო, ისტორიული თვალსაზრისით მაინც ერთობ საჩოთირო საქციელია, რომ მიშა ამერიკაში გაემგზავრა და საქართველოში აღარ ჩანს მაშინ, როდესაც მისი უერთგულესი თანამებრძოლები ან ციხეში სხედან, ან სულ მალე დაიჭერენ.
ეს თუ გაქცევა და მეგობრების გასაჭირში მიტოვება არ არის, მაშინ გაქცევა რაღას ჰქვია?
რა, ისინი დროულად ვერ გაიქცეოდნენ ვერსად, ვინც დაიჭირეს?
ახლა ხდება ნათელი, რატომ არ უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვას: “ადეიშვილის საქციელი გაქცევა და ღალატი ხომ არ იყოო”. არ უპასუხა, რაკი არ მიაჩნია არც გაქცევად და არც ღალატად.
არადა, მის დაპატიმრებას მაინც ვერავინ გაბედავდა. უბრალოდ, Tafts -ში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ბევრად მეტად კომფორტულად, ვიდრე დათა და ვანო - მატროსოვის ციხეში.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |