|
“მე ვიცხოვრებდი თქვენთან ერთად პატარა ქალაქში, სადაც მუდმივი ბინდია და მუდმივი ზარები”, _ ეს იყო ოცნება, რომელსაც ახდენა არ ეწერა. თავისი ცხოვრების განმავლობაში მარინა ცვეტაევა 10-ჯერ კი არა, 100-ჯერ მაინც იყო შეყვარებული. უყვარდა ყვავილები, ცხოველები და საერთოდ, ყველაფერი: ძვირფასი ქვები და ლექსები. ყოველი ახლად გაჩენილი გრძნობა მისთვის ახალი სტიქია იყო. უკვე შეყვარებულს არ შეეძლო, ცდუნებისთვის გაეძლო. ცვეტაევას ეჩვენებოდა, რომ ნებისმიერი გრძნობა ყოველწამიერ დამტკიცება-დადასტურებასა და დაპირებას მოითხოვდა. თუმცა თავად ვერც დროსა და ვერც გულწრფელობის გამოცდას ვერ უძლებდა. ჩქარობდა და ამის გამო სიყვარულის ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა. მისთვის სიყვარული იყო სიკვდილისა და სიცოცხლის სინონიმი, სტიქია, რომლის წინაშეც ყველაფერი ქრებოდა.
ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ცვეტაევამ, მომავალი ინტიმური ცხოვრების შიშით, თავის მოკვლაც კი სცადა. ერთხელ, ხანგრძლივი ფიქრისა და მწარე ცრემლების შემდეგ, სადღაც რევოლვერი მოიპოვა და სარა ბერნარის წარმოდგენაზე წავიდა. პიესის კულმინაციის მომენტში რევოლვერი ამოიღო და უნდოდა, გულში დაეხალა. მაშინ იარაღმა უმტყუნა. თუმცა არსებობს ვერსია, რომ თავის მოკვლა ბოლო წუთს გადაიფიქრა.
ქმარი კი ისე აირჩია, როგორც, ჩვეულებრივ, ბედს ირჩევენ და უყოყმანოდ მას საკუთრების სიმბოლური ნიშანი დაადო. მათი ერთობლივი, ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელი ცხოვრების დასაწყისში სერგეი ეფრონი შეეცადა, წასულიყო, მაგრამ მარინამ არ გაუშვა. ქორწინება თავდაპირველად წარმატებული ჩანდა. ურთიერთგაგება, აღმავალი დიდება, მაგრამ მარინას ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებდა. გარშემომყოფნი მასში უპირველესად პოეტს ხედავდნენ და შემდეგ _ ქალს. საზოგადოების ასეთმა დამოკიდებულებამ მის სულიერ მდგომარეობაზე იმოქმედა და მთელი ცხოვრება თან სდევდა...
როცა ბორის პასტერნაკი მარინა ცვეტაევას შეხვდა, მათ ერთმანეთზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ. თუმცა ცვეტაევას სისუსტემ თავი აქაც იჩინა და გრძნობების მორევში გადაეშვა. სიყვარულის ასეთი გამოხატვა, ალბათ, მხოლოდ მარინა ცვეტაევას შეეძლო.
მარინა ცვეტაევასა და ბორის პასტერნაკის რომანი ათ წელს გრძელდებოდა. ეს იყო რომანი კოცნის გარეშე. ორი პოეტი მხოლოდ შეხვედრაზე ოცნებობდა. “მერე იქნება ჩვენი შეხვედრის გაზაფხული. მიყვარს იმიტომ, რომ ეს იქნება შეხვედრა ნაცნობ ძალასთან, იმასთან, რაც ყველაზე ახლობელია ჩემთვის და რასაც მხოლოდ მუსიკაში შევხვედრივარ, ცხოვრებაში კი არასოდეს”, _ წერდა პასტერნაკი. კოცნა და მოფერება ასობით წერილმა შეცვალა. კიდევ ერთი უკიდურესობა, რომელზეც მხოლოდ ცვეტაევა თუ წავიდოდა. წერილებამდე პოეტები მხოლოდ ზედაპირულად შეხვდნენ ერთმანეთს. ორივეს მოსმენილი ჰქონდა ერთმანეთის გამოსვლა, მაგრამ მაშინ უცხო ლექსებს მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ერთხელ ცვეტაევამ ბორის პასტერნაკი შინ მიიწვია, მაგრამ ბორისი არ მივიდა. “იმიტომ არ მოხვედით, რომ ცხოვრებაში ახალი არაფერი გინდათ”, _ ასე უპასუხა მარინამ პასტერნაკის უარს. მაგრამ როცა ცვეტაევა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, მას მაშინვე მიჰყვა პასტერნაკის წერილი, სადაც ბორისი სიყვარულს სთავაზობდა. ცვეტაევას პასუხი არ დაუყოვნებია. ასე დაიწყო ეს საოცარი მიწერ-მოწერა. ვერც ერთმა ვერ შეამჩნია, როგორ გაიტაცა სიტყვებით თამაშმა. ერთმანეთთან განშორება აძლიერებდა მონატრებას, საოცარი სულიერი სიახლოვე თანდათანობით სიყვარულში გადადიოდა. ორივე მხოლოდ შეხვედრაზე ოცნებობდა. პაემანი კი არაერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა. პასტერნაკს ხან ფინანსური მხარე არ აძლევდა ამის საშუალებას, ხან საბჭოთა ხელისუფლება, ხან კი ოჯახური პრობლემები.
რაც უფრო მეტად აღწევდა გრძნობა აპოგეას, ისინი ერთმანეთს მით უფრო აიდეალებდნენ. ყოველი წერილის შემდეგ ორივე საკუთარ ოჯახს შორდებოდა. მარინასთვის ძნელი და აუტანელი ხდებოდა ქმართან ურთიერთობა. ბორისი კი ცოლის მიმართ უფრო კატეგორიული და მკაცრი იყო. “ჩემი ცოლი ნერვიული და განებივრებული ადამიანია. ის ბოლო დროს უფრო ნაკლებად მომხიბვლელია. თუმცა მთლიანობაში მას კარგი ხასიათი აქვს”, _ წერდა ბორისი ცვეტაევას და იქვე უკვე მერამდენედ უხსნიდა სიყვარულს მარინას: “ახლა კი შენზე. უძლიერესი სიყვარული, რომელიც მე შემიძლია, მხოლოდ ნაწილია ჩემი გრძნობისა შენ მიმართ. მჯერა, რომ ჩემსავით არავინ არასოდეს შეგიყვარეს. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია ჩემი გრძნობის გამოხატვისა. საშინლად ჩემი ხარ, მაგრამ ჩემთვის არა ხარ შექმნილი _ აი, სახელი ჩემი გრძნობისა. მიყვარხარ და არ შემიძლია დიდხანს არ მიყვარდე. არ ვამბობ, რომ გკოცნი მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავად ჩამოვარდება, დაწვება ჩემი სურვილის გვერდით და იმის გამო, რომ არასოდეს მნახავ. გაღმერთებ”.
პასტერნაკი ვნებამ ისე შეიპყრო, რომ მარინასთან შესახვედრად საბჭოთა კავშირის დატოვებასაც კი აპირებდა. ერთი თვის შემდეგ მარინამ მიიღო ახალი წერილი: “არ გამანადგურო. მე მინდა შენთან ცხოვრება დიდხანს, დიდხანს ცხოვრება”. ცვეტაევა ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა ასეთი ცვლილებებისთვის. ერთია ვნებიანი წერილები, მეორე კი _ უცხო ადამიანთან ცხოვრება.
ორი პოეტის ეპისტოლარული ლტოლვა თანდათან ჩიხში ექცეოდა. მას მხოლოდ პირადი შეხვედრაღა თუ გადაარჩენდა, მაგრამ პაემნის ორივეს პანიკურად ეშინოდა. ამ შიშის რეალიზაცია ოჯახებში ყოველდღიურად გაჩენილი სკანდალები და კამათი იყო. ახლობლები ინტუიციით გრძნობდნენ პასტერნაკისა და ცვეტაევას გაუცხოებას, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმე იყო ბორისის ცოლისთვის. მან ქმარი დატოვა და 1926 წლის ზაფხულში შვილთან ერთად მოსკოვიდან წავიდა. პასტერნაკი ქალაქში მარტო დარჩა. სულიერი კრიზისი დაეუფლა. ცვეტაევას გულწრფელად სწერდა იმ ცდუნებებზე, რომლებიც ყოველდღიურად თან სდევდა. თუმცა მარტოობისას მეგობრისა და პარალელურად ცოლის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებდა. უყვარდა ცოლიც, რომლის შესახებ გულწრფელად აუწყა თავის სულიერ საყვარელს, მეორე მხრივ კი, მარინას მიმართ გრძნობა მისთვის შემოქმედებას უტოლდებოდა. ეს გრძნობა არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარებოდა. მას უყვარდა და სურდა ცვეტაევა ისე, როგორც არც ერთი ქალი მანამდე. პასტერნაკის წერილმა, რომელიც სავსე იყო გულწრფელი აღიარებებით, მარინა აღაშფოთა. ამის გამო პასტერნაკს წყევლა-კრულვით აღსავსე წერილი გაუგზავნა.
ამის შემდეგ მიმოწერა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდა. ორივე გრძნობდა, რომ მათ ბედმა ისეთი სიყვარული აჩუქა, რომელიც ზღაპარს ჰგავდა. ზღაპრული სიყვარულით შეპყრობილი პოეტები იმასაც გრძნობდნენ, რომ ამას, უპირველესად, თავად უშლიდნენ ხელს.
ბარათებით სიყვარული უკვე ხელოვნურს დაემსგავსა. კავშირი, რომელიც დამყარებული იყო სულიერ ნეტარებაზე, თანდათანობით იცრიცებოდა, კვდებოდა...
შეხვედრა, რომელიც 1926 წელს უნდა შემდგარიყო, მხოლოდ 1935 წელს შედგა. მაგრამ აღარც ცვეტაევასა და აღარც პასტერნაკს ეს უკვე აღარ სჭირდებოდათ. ისინი სვამდნენ ჩაის და მხოლოდ ლიტერატურასა და მუსიკაზეღა საუბრობდნენ. ეს კი მეორე უკიდურესობა იყო... ასე მოქცევა მხოლოდ ცვეტაევას თუ შეეძლო. მასში ხომ უამრავი ფარული ვნება იმალებოდა...
მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |