|
პოლიტიკას ხშირად ადარებენ ჭადრაკს. უამრავი პოლიტიკური სიტუაცია არსებობს, რომლებიც საჭადრაკო ტერმინოლოგიით აიხსნება: დებიუტი, ფიგურის შეწირვა, ენდშპილი, მატი, ცუგცვანგი და ასე შემდეგ. იმავდროულად, პოლიტიკური ტექნოლოგიის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელია მოწინააღმდეგისათვის იმთავითვე წამგებიანი თემების თავს მოხვევა. ესე იგი იმ თემებისა, რომელზე მსჯელობა და რომელთა გარჩევა შენთვის მომგებიანია, ხოლო მოწინააღმდეგისთვის – ა პრიორი წამგებიანი. ეს სიტუაცია ცუგცვანგს ჰგავს, როდესაც მოწინააღმდეგის ნებისმიერი სვლა მისი პოზიციის გაუარესებას იწვევს.
სხვაობა პოლიტიკასა და ჭადრაკს შორის ამ შემთხვევაში ისაა, რომ მოჭადრაკე უბრალოდ ნებდება, რადგან წინააღმდეგობის გაწევა უაზრობა ხდება. ამ დანებებით იგი საკუთარ კლასსაც ადასტურებს, რაკი ზუსტად თვლის მოწინააღმდეგის სვლებს და სწორად აფასებს შექმნილ მდგომარეობას.
პოლიტიკაში ასე ხშირ შემთხვევაში არ ხდება და ცუგცვანგში აღმოჩენილი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ძალა ამჯობინებს, იმთავითვე წამგებიანი სვლების კეთებას და უპერსპექტივო დისკუსიაში ჩართვას. მიზეზი გასაგებია: პოლიტიკური პროცესის შედეგი ყოველთვის ისეთი ცხადი არ არის, როგორც ჭადრაკში.
ზუსტად ეს წინააღმდეგობა წარმოჩინდა ბოლო სკანდალში ექს–შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა–არგაყვანის შესახებ ექს–პროკურორ ფარცხალაძესთან შესახვედრად. მმართველმა ძალამ (როგორც ჩანს დიდი განსჯისა და აწონ–დაწონვის შემდეგ) განაცხადა, რომ მერაბიშვილი არსადაც არ გაუყვანიათ, ხოლო ვიდეო–ფირები, რომლებზეც ეს პროცესი უნდა ასახულიყო, 24 საათის განმავლობაში იშლება, რაკი იმავე ფირზე სხვა იწერება.
ეს მტკიცება ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება და აშკარად იდიოტებზეა გათვლილი: რა აზრი აქვს ჩაწერას, თუკი 24 საათში იშლება? მაშინ იყოს მხოლოდ სათვალთვალო კამერები, მორჩა და მოსვენება!
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს, მაგრამ ეს იყო ძალზე ეშმაკური სვლა პირველ რიგში მისივე მხრიდან: მან მოახერხა «ჩაენამიოკებინა» ოთარ ფარცხალაძისთვის (სხვა საკითხია როგორ და რა ტექნოლოგიების გამოყენებით), რომ მხოლოდ პირადად მიაწოდებდა მთავარ პროკურორს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, თუ მიშა სააკაშვილის უცხოური ანგარიშების შესახებ.
ოღონდ იმ პირობით, თუ მისი შეხვედრა ფარცხალაძესთან არა უშუალოდ ციხეში, არამედ ციხის გარეთ შედგებოდა. თანაც ისე, რომ გაყვანის ფაქტი არ გახმაურებულიყო. ამ ბოლო ოფციის შესასრულებლად პროკურატურამ და ფარცხალაძემ იმაზე ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრეს, რომ პატიმარს თავზე პიჯაკი გადააფარეს, ხოლო ჩანაწერები (მისივე მოთხოვნის შესაბამისად) უმალვე წაშალეს.
გარდა ამისა, რას ნიშნავს მთავარ პროკურორთან «ციხის გარეთ შეხვედრა?» რესტორანში ხომ არ შეხვდებოდა? ან საკუთარ კაბინეტში უნდა მიეღო, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, – ციხის გარეთ. მაგრამ სადაც არ უნდა შეხვედროდა, მერაბიშვილისთვის ისევ და ისევ წაუგებელი თამაში იყო: თუ პროკურატურის შენობაში მოაყვანინებდა, მაშინ იმას იტყოდნენ, რასაც ამბობენ, ანუ ბერიას მეთოდებს გაიხსენებდნენ, რომელიც საკუთარ კაბინეტში პირადად აწამებდა პოლიტპატიმრებს, ხოლო თუ სადმე სხვაგან (ვიმეორებ: ნებისმიერ ადგილას ციხის გარეთ), მაშინ მორთავდნენ ყვირილს: «წარმოგიდგენიათ, მთავარმა პროკურორმა ციხიდან გააყვანინა და აქ და აქ (არა აქვს მნიშვნელობა სად) მიაყვანინა პირადი პატიმარიო.
ბუნებრივია, ფარცხალაძის კაბინეტში მიყვანილმა მერაბიშვილმა მას არც არაფერი უთხრა, რაკი მხოლოდ თვით შეხვედრის ფაქტი სჭირდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, სასამართლო პროცესზე ცნობილი «მამხილებელი განცხადება» გააკეთა, რამაც ხელისუფლება ცუგცვანგის მდგომარეოაბში ჩააგდო: ან უნდა ეღიარებინათ, რომ მერაბიშვილმა ხელისუფლება ელემენტარულად გააბრიყვა და მთელი ეს ისტორია თავიდან ბოლომდე მოეყოლათ, ან ყრუ უარყოფის პოზაში ჩამდგარიყვნენ.
როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი უფრო მომგებიანად ჩათვალეს. უფრო ზუსტად, პირველი ვარიანტი მიიჩნიეს მეტად წამგებიანად და სამარცხვინოდ. მაგრამ შედეგად, ხელისუფლება მაინც აღმოჩნდა სტრატეგიულად სრულიად წამგებიან ვითარებაში, როდესაც იძულებულია უარყოს ის, რაც აშკარაა, ხოლო ოპოზიციამ («ნაციონალურმა მოძრაობამ») მიიღო საშუალება, მუდმივად ისაუბროს იმ თემაზე, რაც მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია: თავგადაკლულ ანტიმიშისტებსაც კი (მაგალითად პეტრე მამრაძეს) ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მერაბიშვილი მართლა გაიყვანეს.
თვით ვანოსათვის ეს პირველი ამგვარი ეშმაკობა როდია: გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის ერთ–ერთი ვიზიტისას, მან წინასწარგანზრახულად მიაწოდა ქართველ მესაზღვრეს სხვა სახელზე და გვარზე გამოწერილი ოპერატიული პასპორტი. იმ გათვლით, რომ თუ დააპატიმრებდნენ, მაშინ მთელს მსოფლიოში გავრცელდებოდა ინფორმაცია «რაღაც სისულელის გამო ოპოზიციური პარტიის გენდმივნის დაკავების შესახებ». თანაც, რაკი თვით ეს ოპერატიული პასპორტი სრულიად კანონიერად იყო გაცემული, სულ ერთია, მალე გამოუშვებდნენ, ანუ ხელისუფლების იმიჯიც შეილახებოდა და მომავალი, გარდაუვალი ბრალდებებიც უკვე ეჭვს გამოიწვევდა. ხოლო თუ უბრალოდ შეაფერხებდნენ, ხმაური მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ატყდებოდა. ასეც მოხდა.
ორივე შემთხვევაში ხელისუფლება კონკრეტულ ჩინოსანთა არაპროფესიონალიზმმა ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში: პროფესიონალიზმი კი იმაში უნდა გამომჟღავნებულიყო, რომ უშუალოდ ადგილზე (ციხეში ან აეროპორტში) გადაწყვეტილების მიმღებს სწრაფად და ზუსტად შეეფასებინა ვითარება. ანუ, ვანოს მიერ დამარცხებული ქურდული სამყაროს ენაზე რომ ვთქვათ, «მოეწვა სიტუაცია».
რაც ვერ მოახერხეს და ახლა დაკარგულს – დანაკარგს მიუმატებენ მხოლოდ, რადგან ეს თემა, ოპოზიციური ძალისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია. აი მათ კი ნამდვილად ეყოფათ ჭკუა და პროფესიონალიზმი, იგი ბოლომდე გამოწურონ სასარგებლოდ.
გელა კალანდაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |