|
ღარიბთა რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საგანგაშო დასკვნა დადო: საქართველოში წელს უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებაო. ასეც ხდება. ჩვენი ინფორმაციით, ახლახან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ამგვარი"წმენდა" ყველა საბიუჯეტო სისტემაში რამდენჯერმე მოხდა, არადა"ოცნება" წინათ ხალხს უმუშევრად დატოვებას კი არა, დასაქმებას ჰპირდებოდა.
თამარ იოვაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია"უმუშევართა კავშირი - დასაქმებისთვის" თავმჯდომარე:
- ნოემბერში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა, სადაც წერია, რომ 2014 წელს საქართველოში უმუშევრობა გაიზრდება. მათ ეს დასკვნა პირადად ჩატარებული ანალიზის შემდეგ დადეს. ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობა 15%-ს შეადგენდა, 2014 წელს კი, ამ დასკვნის საფუძველზე, 17 პროცენტი გახდება. უმუშევრობის ასეთი დიდი პროცენტი სააკაშვილის დროსაც არ გვქონია. თანაც შრომისუნარიანი ადამიანების მხოლოდ 32 პროცენტია დასაქმებული, დანარჩენები თვითდასაქმებულები არიან. თვითდასაქმებულებად ითვლებიან ისინი, ვინც ერთი საათით მაინც მუშაობს.
- ეს სტატუსი ქუჩაში მოვაჭრეებს ეხებათ?
- არა, ეს ეხებათ მათ, ვინც საკუთარ ბაღში თუნდაც თვეში ერთხელ ხეს უთოხნის, ქათამს უვლის და ა.შ. ეს არის ძალიან ცუდი განსაზღვრება, რომელიც ნაციონალების დროს შემოიტანეს, თუმცა ახალმა მთავრობამ ის ძირეული პოსტულატები, რაშიც ნაციონალებს არ ვეთანხმებოდით, არ შეცვალა. ამის გარეშე კი უმუშევრობა არ დაიკლებს, პირიქით, მოიმატებს. თვითდასაქმებულები უმუშევრებად არ ითვლებიან, არადა რეალურად ესენიც უმუშევრები არიან. არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნია, დასაქმებულად ჩაითვალოს. თუნდაც თვითდასაქმებულის სტატუსი რომ მიენიჭოს ადამიანს, მას სტაბილური, საარსებო მინიმუმის ოდენობის შემოსავალი მაინც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასე სპეციალურად იქცევიან. მათ თვითდასაქმებულის სტატუსი რომ მოუხსნან, მაშინ უმუშევართა რიცხვში უნდა შეიყვანონ და ციფრი ხომ უფრო გაიზრდება. სწორედ ეს არ უნდათ. ტაქსის მძღოლებიც თვითდასაქმებულებად ითვლებიან, მაგრამ, ჩემი აზრით, სანამ მათ ამ სტატუსს მიანიჭებენ, უნდა ჩატარდეს გარკვეული მონიტორინგი და გაირკვეს, აქვთ თუ არა მათ სტაბილური შემოსავალი?! შეიძლება ერთ თვეში მათ მანქანა გაუფუჭდეთ, არ ჰყავდეთ კლიენტი. უამრავი ცარიელი ტაქსი დადის და მძღოლები წაგებაზე იმიტომ მუშაობენ, სახლში ჯდომა რომ აღარ შეუძლიათ. ეს ხელისუფლებაც, წინამორბედივით, ტერმინების გამოყენებით"ამცირებს" უმუშევრობას.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ დასკვნას ხელისუფლება როგორ შეხვდა?
- როგორ და ერთი ამბავი ატეხეს. ნოდარ ხადური გამოვიდა და თქვა, არ ვიცით, რას ეყრდნობა ეს დასკვნაო. მერე გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახა საკანდელიძე და მანაც განაცხადა, რომ დასკვნა უსაფუძვლო იყო. ჩვენ რომ გადავხედეთ იმ რეალურ სიტუაციას, რაც ქვეყანაშია, მივხვდით, რომ ეს დასკვნა ზუსტად შეესაბამება სინამდვილეს. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ საქართველოში რომ ეკონომიკის ზრდა არ ხდება, ყველა ვგრძნობთ. ხალხს ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს. ბიუჯეტშიც გარღვევა მოხდა და თანხები აღარ არის, მასობრივად ყრიან სამსახურებიდან ადამიანებს და ეს ხდება პერმანენტულად. უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდში, პირველი ასეთი გახმაურებული გამოყრა"მე-9 არხიდან" მოხდა, როცა 630 ადამიანი დარჩა უმუშევარი. მათ ბოდიშიც არავინ მოუხადა და უთხრეს, პროფესიონალები არ იყავითო. ცნობილმა ჟურნალისტებმა მონახეს სამუშაო, მაგრამ იქ უამრავი სხვა ადამიანიც იყო დასაქმებული და მათ დღეს შანსიც არ აქვთ, სამუშაო იშოვონ. ასევე ყრიან საბიუჯეტო სამსახურებიდან თანამშრომლებს.
- ნაციონალები სამსახურებიდან თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით აგდებდნენ, ანუ ვინც ნაციონალი არ იყო, არ უნდა ემუშავა. აგრეთვე, ვინც აქციაზე დადიოდა, მისი ადგილი სახელმწიფო სამსახურში არ უნდა ყოფილიყო და ა.შ."მეოცნებე" ხელისუფლება რა ნიშნით ყრის სამსახურებიდან დასაქმებულებს?
- ახლა ისე ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან, მიზეზს არ ეუბნებიან. უბრალოდ, კონტრაქტს აღარ უგრძელებენ. მათი გაყრა იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტი დაიზოგოს და ამის ხარჯზე ხელმძღვანელებს მაღალი ხელფასები და პრემიები დაენიშნოთ. თანამშრომლების განთავისუფლების ხარჯზე მოემატა ყველა მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომელს ხელფასი. პრეზიდენტის ხელფასიც ასე გაიზარდა, არადა მანამდე ეს ხალხი სააკაშვილს უთვლიდა ხელფასსა და ხარჯებს. ხადური შეხვედრებზე იცით, რომელ არაყს მიირთმევს?!"ბელუგას", რომლის ნახევარლიტრიანი ბოთლიც 170 ლარი ღირს. ეს თანხები კი ბიუჯეტის ფულით იფარება. უშიშროების საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა ირინე იმერლიშვილმა მაშინვე იყიდა ახალი მანქანა,"ნავაროჩენი" ლეპტოპი, ახალი მობილური... მოკლედ, ათასებს ხარჯავენ ასეთ რამეებში ბიუჯეტიდან. ესეც გაყრილი თანამშრომლების ხელფასებისა და ხალხის გაჭირვების სანაცვლოდ ხდება. ახალმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად ისწავლა ციფრებით თამაში. არჩევნების შემდეგ გააკეთეს განცხადება, რომ სოციალურად დაუცველებს უმატებდნენ შემწეობას. ადრე მათი დახმარება 25-30 ლარი იყო, ახლა კი 60 ლარი გახდებაო, მაგრამ სანაცვლოდ, ამ პროგრამებში მონაწილე ხალხის რაოდენობა შეამცირეს. ამათ ჰგონიათ, ამას ვერავინ ხედავს. წინათ თუ 10 ადამიანს ეხმარებოდნენ და უხდიდნენ 30 ლარს, ახლა 4 ადამიანს უხდიან 60 ლარს და ამას ჰქვია დახმარების გაზრდა?! ეს არის თამაში, ხალხის მოტყუება და სხვა არაფერი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ"ქართული ოცნების" დაპირებები არ მუშაობს.
- კიდევ რომელი პროგრამაა ასე"ციფრებით თამაშზე" აწყობილი?! თანაც ძალიან მაინტერესებს, თქვენ რა იცით იმ 100 ქარხანაზე, რომელზეც"ოცნება" ამბობს, რომ მათი მოსვლის შემდეგ აშენდა? სოციალურ ქსელებში ძებნაც კი გამოცხადდა, მაგრამ მას ვერავინ მიაგნო. თქვენ ხომ არ იცით, რომელ ქარხნებზეა საუბარი?
- რომელი და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. მხოლოდ 4 ანალიზია უფასო, დანარჩენი ყველაფერი ფასიანია. გეგმური ოპერაციები არ ფინანსდება. რაც შეეხება 100 ქარხანას, მათ ესეც"ნაცმოძრაობისგან" გადაიღეს, რადგან სწორედ ისინი გაიძახოდნენ,"100 საავადმყოფო" ავაშენეთო და არაფერიც არ ჰქონდათ აშენებული. ერთი ქარხანაც კი არ ვიცი, სადმე რომ გაიხსნა, არადა ნამდვილად რომ გახსნილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა. მეტსაც გეტყვით,"ქართული ოცნების" დაპირებებში იყო დოკუმენტი:"დასაქმების სფეროში სახელმწიფოს სტრატეგია". ეს გახლდათ 2013-14 წლების სამოქმედო გეგმა. გასულ თებერვალს მოხდა ამ პროგრამის პრეზენტაცია, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარდა და მე იქ ვინ მიმიშვებდა?! ამ პროგრამის ელექტრონული ვერსია სრულად მოვიპოვე და წავიკითხე. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ამ სტრატეგიის არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა - არც საკანონმდებლო და არც სამოქმედო. როგორც სჩვევიათ, სოციალური სუფსიდიების სააგენტოში ვითომ დასაქმების პროგრამაზე დაიწყეს მუშაობა. ხელმძღვანელად დაინიშნა თეონა სტურუა, მაგრამ საიტზე ჯერ მხოლოდ ის დევს, რომ ის არის ხელმძღვანელი. არც ერთი სხვა ჩანაწერი არ გაუკეთებიათ. თუ მართლა დაიწყეს ქმედითი პროგრამა და მართლაც აპირებენ ადამიანების დახმარებას, რატომ არ არის სოციალური რეკლამები მედიაში?! ამის შესახებ საქართველოში არც ერთმა უმუშევარმა არაფერი არ იცის და ეს შეიძლება?! ისეა ეს ყველაფერი მიჩქმალულ-დამალული, რომ არ ვიცი, რისთვის კეთდება. ეტყობა, მალულად წერენ რაღაც თანხებს და ქმედებებიც ამიტომ არ ჩანს. სტრატეგიაში წერია ერთი უმთავრესი პუნქტი, რომ უნდა მოხდეს უმუშევრის ცნების განსაზღვრა და დაკანონება, მაგრამ ესეც არ არის გაკეთებული. რადგან ამას არ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ამ კუთხით სხვა რამეებსაც არ გააკეთებენ. უარესს გეტყვით, დღეის მდგომარეობით საქართველოში უმუშევარი თურმე არ არსებობს და არიან მხოლოდ სამსახურის მაძიებლები. ესეც განგებ ხდება, რადგან, როცა ეს ცნება განისაზღვრება, მერე იმდენი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას, რომ, როგორც ჩანს, ამის გაკეთება არ აწყობთ. ამიტომაც არაფრის შეცვლა არ უნდათ. ნაციონალებს აკრიტიკებდნენ, მაგრამ ესენიც ნაციონალურ პოლიტიკას აგრძელებენ.
- ჯანდაცვის სამინისტროში ხომ შეიქმნა შრომის დეპარტამენტი და აბა, ის რას აკეთებს? საქმე არ აქვს?!
- ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის, კახა საკანდელიძის ფრთისქვეშ შეიქმნა ეს დეპარტამენტი. სამინისტროს ჯანდაცვისა და შრომის სახელი ჰქვია. აქამდე ეს დეპარტამენტი გაუქმებული ჰქონდათ და სამინისტროს სტატუსში"შრომა" სულ ტყუილად ეწერა. ახლა კვლავ შექმნეს ეს სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც პაატა ჟორჟოლიანი, პარლამენტის დეპუტატის, გია ჟორჟოლიანის ძმა დაინიშნა. მათ დადეს სტრატეგიის კონცეფცია. გასაკეთებელი საქმე მართლაც კარგად არის ჩამოყალიბებული ამ სტრატეგიაში. 2013 წლის ივნისიდან უნდა დაწყებულიყო დასაქმების სამსახურის ფორმირება და შექმნა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. იქ ასევე ეწერა, რომ უნდა შექმნილიყო დასაქმების ცენტრები რაიონების მიხედვით, ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინათ, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არაფერს არ აკეთებენ.
- უცხოეთში უმუშევრებს ფინანსურად, ფულადი შემწეობებით ეხმარება სახელმწიფო და ამ სტრატეგიაში ესეც ჰქონდათ ჩადებული?
- იქ წერია, რომ დროთა განმავლობაში, როცა მოხდება უმუშევრების აღრიცხვა და რეალური ციფრები გახდება ცნობილი, ანუ მესამე ეტაპზე, საუბარი შემწეობაზეც იქნება. ეს სწორი მიდგომაა. აღრიცხვის გარეშე ძნელია იმის თქმა, რამდენი უმუშევარია რეალურად საქართველოში და შემწეობის დაწესებაც ამის გარეშე ვერ მოხდება, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ჯერ არც აღრიცხვას იწყებენ და არც არაფერს. პირველ ნაბიჯებსაც არ დგამენ და მეორეზე ან მესამეზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?!
საქართველოში ოფიციალური საარსებო მინიმუმი 150 ლარამდეა. მინიმალური ხელფასის ცნება საქართველოში არ არსებობს, თუმცა ზედაპირული გათვლებით, ეს არის 190-200 ლარი, ჯარიმების ციფრები კი კოლოსალური გვაქვს. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. თქვეს, თითქოს მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს ჯარიმები შეუმცირეს, მაგრამ რაც დატოვეს, ესეც დიდია. არ არის შესაბამისობაში იმ მდგომარეობასთან, იმ ხელფასებთან და საარსებო მინიმუმთან, რაც საქართველოშია. სასამართლო პატარა გადაცდომაზეც 400-500-ლარიან ჯარიმებს უწერს ხალხს და შეიძლება ითქვას, გროტესკული ქვეყანა გვაქვს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ბატონი გვპირდებოდა ოცნებების ასრულებას. ამბობდა, მაშინ წავალ პოლიტიკიდან, როცა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნებაო. წავიდა პოლიტიკიდან, დაგვიტოვა ახალბედა შემცვლელი და ეს ისე გააკეთა, არც ერთი დაპირება შესრულებული არ არის. თავად მილიარდერია, დახურა თავისი"მე-9 არხი", რადგან აღარ სჭირდებოდა, არც ერთი ქარხანა არ გახსნა, რეალურად არ მუშაობს არც ერთი მათი პროგრამა - არც ჯანდაცვის და არც კიდევ სოფლის მეურნეობის დარგში. თურმე უკვე კარგად ვართ და ყველაფერი რიგზეა.
- მერე"უმუშევართა კავშირი - დასაქმებისთვის" რას აკეთებს? რას აპირებთ, როცა ხელისუფლება ხალხისთვის მიცემულ დაპირებას არ ასრულებს?
- ძალიან ძნელია, ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ვინმეს დასაქმებაში დავეხმაროთ. როცა ვიგებთ ვაკანსიების შესახებ, აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციარებს ვუკავშირდებით და ვცდილობთ, პირადი კონტაქტებით დავეხმაროთ, რომ დასაქმდნენ. თუმცა ჩვენს მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვნად დასაქმების სწორი პოლიტიკისთვის ბრძოლას მივიჩნევთ. სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, უმუშევართა სტატუსი რომ განსაზღვრულიყო. მოვითხოვეთ კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, რადგან კონსტიტუციის 32-ე მუხლში წერია, რომ უმუშევართა სტატუსი და დახმარება უნდა იქნეს განსაზღვრული. ეს იყო პირველი სასარჩელო მოთხოვნა, მეორე მოთხოვნად კი დავაყენეთ დასაქმების სამსახურის შექმნა. ესეც კანონიერი მოთხოვნაა, რადგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 88-ე კონვენცია არის რატიციფირებული და ის კანონზე მაღლა დგას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რატიფიცირება მოახდინეს, მაგრამ ესეც არ კეთდება. სასამართლომ უარი ძალიან სასაცილო მიზეზით გვითხრა, თითქოს ჩვენ ახალი ხელისუფლებისთვის და მთავრობისთვის არ მიგვიმართავს და ჯერ მათ უნდა მიმართოთო. საახალწლო დღეები გადაივლის და მაშინვე მივმართავთ მთავრობას იგივე მოთხოვნებით. 10 დღეში პასუხი თუ არ მივიღეთ, კვლავ სასამართლოში მივალთ და ამ წერილს წინ დავუდებთ. მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. საქართველოში 2006 წლიდან ირღვევა კონსტიტუციური უფლება და კაციშვილი არ იღებს ხმას. უმუშევრობის კუთხით საქართველოში რაიმე რომ გამოსწორდეს, ათვლის წერტილი უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრა, დასაქმების სამსახურის შექნა, უმუშევართა აღრიცხვა უნდა გახდეს. მთელი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს. ხელი უნდა შეუწყონ მცირე ბიზნესს. ამაზე მხოლოდ წინასაარჩევნოდ საუბრობდნენ, რეალურად კი არაფერი კეთდება. ჩემმა ნაცნობებმა მაღაზიები,"ცეხები" დახურეს, რადგან კლიენტი არ ჰყავდათ. ეს მასიურად ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მედია ამ ამბებით არ ინტერესდება, რაშიც ასევე"მავანთა" ხელი ურევია. არ უნდათ, გახმაურდეს, სინამდვილეში რა ხდება დასაქმების მხრივ. თუმცა, თუ უმუშევრობის შემწეობა დაწესდება, მერე სახელმწიფოს ინტერესში შევა ამ ადამიანის დასაქმება, რადგან ტყუილად ფულის გადახდა მათთვის არ მოუნდება. ამაში ვხედავ გამოსავალს. არავის ჯიბეში მე არ ვიყურები, მაგრამ, როცა 10 პროცენტით გაიზარდა ღარიბთა რიცხვი, როცა სოციალურ სამსახურში 10 პროცენტით მეტმა შეიტანა განაცხადი, სოციალურად დაუცველები ვართო, უზნეობაა, ამათ საკუთარი ხელფასები რომ გაიზარდეს. პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილება წინამორბედზე ნაკლები აქვს, მასზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებს. ხადური აღარ კადრულობს იაფფასიან სასმელს და"ბელუგას" სვამს. ასეთი ხალხი დაგვიტოვა ბიძინამ და ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ, არ უნდა სცოდნოდა?! 2004 წლიდან სააკაშვილის მთავრობის ოპოზიციაში ვიყავით მთელი ოჯახი, მაგრამ მეშინია, ახლა ნაციონალები სანატრელი არ გაგვიხდნენ.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |