|
ჯვარი გწერიათ და, თუ ოდესმე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიურ, დედოფლისწყაროს რაიონის საავადმყოფოში თუნდაც აპენდიციტის შეტევით მოხვდით, ვერც “მამაო ჩვენოს” წაკითხვა გიშველით და ვერც _ ექიმების პროფესიონალიზმი, რადგან შენობა, რომელსაც ჯანდაცვის ობიექტი ჰქვია, სინამდვილეში ვირთხების თავშესაფარია! ეს შეიძლება, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ფაქტია: 21-ე საუკუნეში საოპერაციო ბლოკი “სალიარკის ფეჩით” თბება!
დედოფლისწყაროს საავადმყოფოში კოშმარები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. ინვესტორი “ადითი” გამოჩნდა. თავდაპირველად ყველაფერი თითქოს კარგად იყო _ მედპერსონალს ნორმალურ ხელფასსაც აძლევდნენ და შენობის გარემონტების იმედიც არსებობდა, მაგრამ, საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ, მაგალითად, ექთნებს ოპერაციაზე 20 თეთრს უწერდნენ. 2013 წლის დეკემბერში სახელფასო სიტუაცია, როგორც დედოფლისწყაროში ჩასულმა “პრემიერმა” გაარკვია, შედარებით გამოსწორდა და ექთნების ხელფასი 40 ლარამდე გაიზარდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის, პრაქტიკულად, პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროელია, ისტორიულ კამბეჩოვანის საავადმყოფოს ჭირ-ვარამით დავით სერგეენკო არ დაინტერესებულა _ 2013 წლის შემოდგომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და მორჩა. არადა, მედპერსონალს აინტერესებს, “ადითისდროინდელ” სახელფასო დავალიანებას რა ბედი ეწევა _ სახელმწიფო დაფარავს თუ რამდენიმე თვის გაყინული ჯამაგირი არასოდეს გალღვება?
სამართლიანობა იმის თქმასაც მოითხოვს, რომ დედოფლისწყაროელი მედპერსონალის პრობლემების მოგვარებით თავს არც “ნაციონალები” იკლავდნენ. მეტიც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დედოფლისწყაროს ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი და აწ უკვე ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი სტუმრებია. ერთ-ერთ ექთანს მინისტრისთვის უთქვამს, ბატონო ზურაბ, წამობრძანდით, უნდა გაჩვენოთ, ოპერაციებს რა პირობებში ვაკეთებთო. ჭიაბერაშვილს კი მიუხლია, რად მინდა საოპერაციოს ნახვა, სიტყვაზე გენდობი, რომ ცუდი პირობები გაქვთო.
დედოფლისწყაროს რაიონის საავადმყოფოს “ნოუ ჰაუ” კი სახლიდან მორიგეობაა, ანუ ექიმები და ექთნები, რომელთაც, განრიგის მიხედვით, მორიგეობა ეკუთვნით, დილიდან მეორე დილამდე საავადმყოფოში კი არა, საკუთარ სახლებში არიან. ჰოდა, თუ პაციენტი “შევიდა”, მიმღებიდან მორიგე ექიმ-ექთანს ურეკავენ, მოემზადეთ, ცოტა ხანში მანქანა მოგაკითხავთო.
ოპერაციისთვის არაერთი ადამიანია საჭირო _ ქირურგი, ექთანი, ანესთეზიოლოგი, ლაბორანტი... ყველა ეს ადამიანი, ცხადია, საავადმყოფოს მეზობლად არ ცხოვრობს. ჰოდა, მედპერსონალის შეგროვებას, მინიმუმ, ერთი საათი სჭირდება, ამას დაუმატეთ ოპერაციისთვის მოსამზადებელი პროცედურა, მაგალითად, შაქრის ანალიზი, საოპერაციოს “სალიარკის ფეჩით” გათბობასაც დრო უნდა. ჰოდა, ამასობაში, პაციენტმა შეიძლება, სულიც განუტევოს!
ისე, “პრემიერს” მედიცინის ერთმა მუშაკმა უთხრა, საოპერაციოში ისე ყინავს, თითებს ძლივს ვამოძრავებთო...
სხვათა შორის, საავადმყოფოს ავტომანქანა ჰყავს და ადრე, მედპერსონალის შესაგროვებლად საწვავის ხარჯებს დირექცია იღებდა, მაგრამ ახლა ეს წესი შეცვლილა _ საავადმყოფოს კუთვნილ მანქანაში საწვავი პაციენტის ოჯახმა უნდა ჩაასხას. ამასთანავე, თუ არ უნდა, რომ გაიყინოს, პალატის გასათბობად შეშა ავადმყოფმა თავად უნდა მიიტანოს.
ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიურ რაიონს პატარა არ ეთქმის _ მუნიციპალიტეტი ათზე მეტ სოფელს აერთიანებს. გასათვალისწინებელია, რომ დედოფლისწყარო უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. არის სოფლები, მაგალითად, საბათლო, ფიროსმანი, საიდანაც მუნიციპალიტეტის ცენტრამდე, მინიმუმ, 40 წუთის სავალი გზაა. პაციენტის სიცოცხლისთვის 40 კი არა, შეიძლება, 4 წუთსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომაც, დედოფლისწყაროში გამართული საავადმყოფოს ფუნქციონირება აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ევროპული “ემერჯენსი” დაბა წნორში მდებარეობს. სხვათა შორის, ადგილობრივები ამბობენ, რომ წნორის “ემერჯენსის” მფლობელი ახლახან გაკოტრებული სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიაა”, რომლის კონტრაქტორიც დედოფლისწყაროს საავადმყოფოც იყო. ხალხის ეჭვით, ადგილობრივი საავადმყოფო ვიღაცების ფინანსური გარიგებით გაპარტახდა. ამ ეჭვს არაგონივრული ნამდვილად არ ეთქმის, რადგან დედოფლისწყაროელთა უმეტესობა, უნდა თუ არა, სამკურნალოდ წნორში მიდის.
მართალია, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გინეკოლოგიური განყოფილება არსებობს, მაგრამ ჯერ ერთი, მხოლოდ ერთი გინეკოლოგია, მეორეც, ვთქვათ, მშობიარეს გადაუდებელი საკეისრო დასჭირდა, ან სისხლდენა დაეწყო, ამ ერთმა გინეკოლოგმა რა უნდა ქნას? ამიტომაც მშობიარეებს ურჩევიათ, წნორში იმშობიარონ...
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მედპერსონალმა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენჯერმე გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყო, მაგრამ ეს აქცია მედიით არ გაშუქებულა. მეტიც, რაიონის ხელმძღვანელობას მედპერსონალი დაუნამუსებია, შს მინისტრი ჩვენებურია და გაფიცვა სირცხვილია, ქვეყანა რას იტყვისო.
სხვათა შორის, კახეთის ახალი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც დედოფლისწყაროელია _ სანამ გუბერნატორი გახდებოდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. როგორც “პრემიერს” ადგილობრივებმა უთხრეს, შიოლაშვილი პრემიერის მეუღლის თანაკლასელია. ამასთანავე, შიოლაშვილის დედას თავის დროზე საავადმყოფოში უმუშავია, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთის გუბერნატორი დედოფლისწყაროს საავადმყოფოს კოშმარების შესახებ საქმის კურსშია.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს სხვა ამბებს, როგორც ადგილობრივებმა “პრემიერს” უთხრეს, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ _ შს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერი გახდა, რაიონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა, თუმცა ხალხს იმედი აქვს, რომ ღარიბაშვილი თავის რაიონს აუცილებლად მიხედავს.
სხვათა შორის, წელს, საახალწლოდ, დედოფლისწყარო საგანგებოდ მორთეს და, როგორც მოსახლეობა ამბობს, რაიონული ცენტრი ასეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა. საახალწლოდ დედოფლისწყაროს ცენტრში კონცერტიც გამართულა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ერთი სიტყვით, პრემიერის თანარაიონელებს გართობა არ აკლიათ.
როგორც მთელ საქართველოში, დედოფლისწყაროშიც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მართალია, ხალხი შიმშილით არ კვდება, რადგან მიწას ამუშავებს და სანოვაგე, ასე თუ ისე, აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ფული არ ტრიალებს. “პრემიერს” ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ უთხრა, “ნისიამ” 3 ათას ლარს გადააჭარბაო. ეს კი არადა, რამდენიმე წლის წინათ, ადგილობრივი საროსკიპოც, თურმე, “ნისიაზე” მუშაობდა, ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები კლიენტებს კარტოფილის, ხახვისა და სხვა პროდუქტის სანაცვლოდ ემსახურებოდნენ.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, დედოფლისწყაროში ნაგვის ურნები დადგეს _ ადრე ხალხი ნაგავს დასახლებული პუნქტიდან არცთუ დიდი მანძილით მოშორებულ მინდორზე ყრიდა, ახლა კი, როგორც ცივილიზაციას შეჰფერის, ყველა ორღობის დასაწყისში პლასტმასის მწვანე ურნა დგას.
ჩვენთვის რომ ვთქვათ, დემოკრატია, უფრო სწორად, სახელმწიფოებრივი აზროვნება სწორედ იმით იწყება, რომ ქუჩები ნარჩენებით არ გავავსოთ!
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |