|
“ეკა ბესელიამ გვითხრა, კაზუსი მოგვივიდა, გამოგვეპარა და ვერ ჩავწერეთ, სამუდამო პატიმრებსაც შეხებოდათო”
ზურა ბრეგვაძეს სამუდამო პატიმრობა 19 წლის ასაკში მიუსაჯეს, ახლა ის უკვე 35 წლისაა. კარგა ხანია, საკუთარი საქმის გადახედვას მოითხოვს. ჩადენილ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ბრალი და სასჯელი განგებ აქვს დამძიმებული.
ეთერ ქველაძე, ზურაბ ბრეგვაძის დედა:
_ ზურა 1996 წლის 6 აგვისტოს დააკავეს. ვაკეში, ბარნოვის მე-4 ჩიხში მოკლეს გაეროს მისიის წარმომადგენელი მარია მაგდალინა ვევიორსკა. ის სადარბაზოში, კარის კუთხეში იპოვეს მკვდარი. ჩემი შვილი მის ბინაში გასაქურდად შევიდა და არა მოსაკლავად. როგორც ჩანს, ზურამ იცოდა, რომ ვევიორსკა სახლში ყოველთვის ღამე, 11 საათის მერე მიდიოდა, მაგრამ იმ ღამეს, რატომღაც ადრე დაბრუნდა. ზურა 10 წუთის შესული იყო ბინაში. როცა მას ვევიორსკა თავზე დაადგა. უთქვამს, არაფერი არ მიმაქვს, ნუ იხმაურებ, ჩემი გზით წავალო, მაგრამ ქალი არ უშვებდა, ყელშიც კი წაუჭირა და ახრჩობდა. ზურა ჩვენებაშიც ამბობდა, არ ვიცი, როგორ ამოვიღე იარაღი, როცა მგუდავდა და ხელი რომ გაეშვა ჩემთვის, პირველად ჰაერში გავისროლე. ხელი არ გამიშვა, უფრო მომიჭირა, მერე კონდახი ჩავარტყი თავში და მაინც არ მიშვებდა ხელს. მერე, რომ გავისროლე, ბარძაყში მოხვდა და ცალი ხელი გამიშვა. ვიფიქრე, მორჩა და გავიქცეოდი, მაგრამ რაღაც ილეთი გააკეთა და ისევ ჩამავლო ხელი. კიდევ გავისროლე, სად მოხვდა ტყვია, არ ვიცი და არც ის ვიცი, დაიღუპა თუ არაო.
_ ანუ თქვენმა შვილმა აღიარა დანაშაული?
_ ზურამ აღიარა, რომ სახლში მოსაპარად იყო შესული და არა მოსაკლავად. მხოლოდ რამდენიმე ნივთი ჰქონდა გადმოწყობილი, ეს იყო და ეს, წაღებით არაფერი წაუღია. მერე მიატოვა ყველაფერი და იქიდან გამოიქცა. ამბობს, რომ მარტო იყო შესული მოსაპარად. მერე ექსპერტმაც რომ ნახა, არც ერთი ტყვია დამიზნებით არ იყო ნასროლი. თუ ადამიანის მოკვლა გინდა და ის წინ გიდგას, პირველად კონდახს რატომ ჩაარტყამ, პირდაპირ ესვრი, ალბათ, გულში ან შუბლში. ვევიორსკა დაღუპული იყო სადარბაზოს ზღურბლზე და მას რაციაც კი ხელში ეკავა, თუმცა არავისთვის დახმარება არ უთხოვია. ის ზურას გამოეკიდა კიდეც სადარბაზომდე. ჩემი შვილი მაშინ 19 წლის, საშინლად გამხდარი, გულის მანკით დაავადებული იყო. ეს ქალი კი ნავარჯიშევი და მსხვილი. გამომძიებელმა მაჩვენა სურათი, სადაც ისეთი “მუსკულები” ჰქონდა, ჩემს შვილს წიწილასავით წააცლიდა კისერს. გამომძიებელმა მითხრა, თქვენ შვილს იარაღი რომ არ ჰქონოდა, ის იქნებოდა მკვდარიო, მაგრამ მერე, რაც შეეძლოთ, დაამძიმეს ჩემი შვილის ბრალი და მიუსაჯეს კიდეც სამუდამო პატიმრობა.
_ როგორ და ვინ დაამძიმა?!
_ წარმოშობით ჭიათურიდან ვართ, გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა რეზო ზარანდიამ საქმეში ჩაწერა: 6 წლის ასაკში ზურა ბრეგვაძემ ჭიათურის ბაზარში ორი კილო მჭადის ფქვილი მოიპარა და ბავშვობიდან ჰქონდა ქურდობისკენ მიდრეკილებაო. ეს იყო სიცრუე. რაკი გარდაცვლილი გაეროს მისიის წარმომადგენელი და უცხოელი იყო, ამიტომ გააკეთეს ასე. ვევიორსკას მაგივრად ქართველი რომ მომკვდარიყო, ჩემს შვილს ასეთ მძიმე სასჯელს არ გამოუტანდნენ. როცა ჩემს ერთადერთ შვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი თვის მერე ბიჭმა სანზონაში მოკლა დარაჯი, დაჩეხა, ჩაყარა ტომარაში და როცა ქსნის ქუჩაზე მიდიოდა ამ ტომრით, ხალხმა შეამჩნია სისხლის ნაკვალევი, დაურეკეს პოლიციას და მაშინ დაადგნენ თავზე, როცა კაცის დაჩეხილი გვამი მტკვარში უნდა გადაეყარა. ეს ხომ არის სადიზმი, მაგრამ მას 12 წელი მიუსაჯეს. ზურას საქმე ყაჩაღობის მუხლითაც კი ვერ დააკვალიფიცირეს, თუმცა ეს ძალიან უნდოდათ. მხოლოდ ჩაწერეს, რომ ეს იყო ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში ანგარების მოტივით. 1999 წლის 30 ივნისს შევიტანეთ საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში და ამოირიცხა საქმიდან მარია მაგდალინა ვევიორსკას ქურდობის ჩადენის გაადვილებისა და მისი ბოლომდე მიყვანის განზრახ მკვლელობის მუხლი, თუმცა საბოლოოდ მაინც იგივე განაჩენი დაუტოვა საკასაციო სასამართლომაც. პროკურორმა და მოსამართლემ სასამართლოზეც მითხრეს, ძალიან მეცოდებით, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, სხვანაირად ვერ დავსჯით, რადგან ეს შევარდნაძის მითითებააო.
სანამ ჩემს შვილს დაიჭერდნენ, მანამდე შევარდნაძე გამოვიდა გაეროს სხდომაზე და განაცხადა, ამისი გამკეთებელი სამუდამო პატიმრობით დაისჯებაო. გაეროს ტრიბუნიდან მისცა სამართალდამცავებს მითითება პრეზიდენტმა, ჩემი შვილი ასე რომ დაესაჯათ. ფაქტობრივად, სანამ დაიჭერდნენ და საქმეს გამოიძიებდნენ, სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯეს.
_ მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, უცხოელმა, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა, მთვრალ მდგომარეობაში ორი ახალგაზრდა ბიჭი რომ გაიტანა მანქანით ვერაზე. მერე ის თავად ხელისუფლებამ გააპარა საქართველოდან და დღემდე დაუსჯელია. გარდაცვლილთა პატრონები დიდხანს და ამაოდ ითხოვდნენ დამნაშავის დასჯას. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაზარალებულისა თუ დამნაშავის ამპლუაში მყოფი უცხოელი მოქალაქეები უპირატესობით სარგებლობენ. კანონზეც კი მაღლა დგანან, ასე გამოდის და რატომ უნდა იყოს ასე?
_ ჩემი შვილის ადვოკატი ჯერ ნანა ცხვარიაშვილი იყო, მერე ბატონი ოთარ გამყრელიძე. მოგეხსენებათ, ბატონი ოთარი პროფესორია და სულ იმას გვეუბნებოდა, ზურას საქმე პირველი კურსის სტუდენტს რომ ჩავაბარო და გადახედოს მის სასჯელს, ისიც კი იტყვის, რომ ეს არის არაკანონიერი და განზრახ დამძიმებულიო. არასამართლიანად მოექცნენ ჩემს შვილს. არ ვამბობ იმას, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის პასუხი არ უნდა მოეთხოვათ, მაგრამ საქმე რატომ დაუმძიმეს, ამას ვჩივი. არაკანონიერად გამოტანილი სასჯელიც ხომ დანაშაულია. რატომ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, გარდაცვლილი ქართველია თუ უცხოელი? გირგვლიანის მკვლელები გაათავისუფლეს და განა მათ ჩემს შვილზე ნაკლები დანაშაული ჩაიდინეს?! უარესი გააკეთეს, მაგრამ გამოუშვეს. აქ კი ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ამიტომ სასამართლო პროცესზე არც მოსამართლე ისმენდა არაფერს და არც მსაჯულები, აგდებული და ცინიკური სახე ჰქონდა ყველას. მოსამართლე ოთარ ბარათაშვილმა, რომელმაც ჩემს დედისერთა შვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ვერ ჩააბარა მოსამართლის გამოცდები. მარტში ასეთი განაჩენი გამოიტანა და მაისში გამოცდაზე ჩაიჭრა.
ჟურნალისტი ნინია ანდღულაძე რომ გარდაიცვალა, მეგობრებმა მისი დღიურები იპოვეს. ერთ-ერთ გვერდზე ის დედას ასეთ რამეს უწერს, ერთხელ სკოლიდან მარტო წამოვედი, რადგან გაკვეთილები გამიცდა. გზაში ჩემს მეზობელზე ვფიქრობდი. “პრაკოლას” ეძახიან მეტსახელად, ახლა ციხეშია, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. სამი სურვილის ასრულება რომ შემეძლოს, ერთი იქნებოდა ის, რომ თავისუფლებას ვაჩუქებდი ზურასო. ჩემი შვილი ცუდი რომ ყოფილიყო, ნინია ამას არ დაწერდა.
_ ახლა რას ამბობს ზურა, რატომ შევედი გასაქურდადო? ნანობს რაც გააკეთა?
_ რა თქმა უნდა, ძალიან ნანობს. შტერი ბავშვი ვიყავი, თან ფული მინდოდა, მოსკოვში ვაპირებდი წასვლას და ბიზნესის დაწყებას, ვიცოდი, რომ მას ფული ჰქონდაო. სამუდამო პატიმრობამისჯილები რომ შიმშილობდნენ ახლა, ამ ეტაპზე ვერ იშიმშილა, რადგან ნაღვლის ბუშტი აქვს ცუდ მდგომარეობაში. წინათ იშიმშილა და ძალიან ცუდად მყავდა. ითხოვდა საქმის გადახედვას და კანონიერ სასჯელს, რაც მეკუთვნის, ის მომისაჯონო. ახალმა ხელისუფლებამ ამნისტია რომ გამოსცა, ჩემი შვილის ყველა მუხლს შეეხო და ერთი მეოთხედი მოაკლდა, მაგრამ უზენაესის მოსამართლემ გვითხრა, ამნისტიაში რომ ეწეროს სამუდამო მისჯილებსაც ეხებათო, დარბაზიდან გაგიშვებდი, მაგრამ ეს არ წერია და რა ვქნაო. ეკა ბესელიამ გვითხრა, კაზუსი მოგვივიდა, გამოგვეპარა და ვერ ჩავწერეთ სამუდამოებსაც რომ შეხებოდათო. სხვა პატიმრები თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცუდ პირობებში იყვნენ, ჩემი შვილისნაირები უკეთესში როგორ იქნებოდნენ?! ამ წუთში ზურა მე-8 დაწესებულებაში ზის, 8 წელი კრიტში იჯდა და მერე გადაიყვანეს მე-6 საპყრობილეში, ზოგჯერ შსს-ს იზოლატორშიც ჰყავდათ. ახლა ზურა 35 წლის არის. 15 წელია ციხეში ზის და არც ის გაითვალისწინა არავინ, ეს მისთვის პირველი პატიმრობა რომ იყო.
_ როგორც ერთი შვილის დედამ, ვინმეს თუ მიმართეთ ზურას საქმის გადახედვის მოტივით?
_ 84 სამუდამო პატიმარია საქართველოში და ყველამ ერთად გავგზავნეთ მოთხოვნა სტრასბურგში და ჩვენი საქმეები უკვე მიიღეს წარმოებაში. სამუდამო პატიმრობამისჯილებმა ერთობლივი წერილიც გამომატანეს და თეა წულუკიანთან მინდოდა შეხვედრა. ორჯერ დავწერე განცხადება და არანაირი პასუხი მისგან არ მიმიღია. ახალი ხელისუფლების იმედი დღემდე მაქვს. წარმოიდგინეთ, ერთადერთი შვილი რომ გყავს და მასაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მასთან ერთად, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობა მეც მომისაჯეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი უცხოელი იყო. ქართველს რომ დამართნოდა ასე, მაქსიმუმი 15 წელს მიუსჯიდნენ, მეტს არა და ეს წლები მან ციხეში უკვე გაატარა. კანონმდებლობით, ნორმალური სასამართლო პროცესი რომ ჩატარებულიყო, 13 წელზე მეტი არ ეკუთვნოდა, მაგრამ სამუდამოდ გაგვწირეს. 7 ასეთი პატიმარია, რომლებმაც 15-წლიან ზღვარს გადააბიჯეს. შევარდნაძე რომ მოვიდა ხელისუფლებაში, 1997 წელს სიკვდილმისჯილებს სასჯელი შეუცვალათ და ოცი წელი მისცათ. როგორ, ახლა პრეზიდენტს არ შეუძლია, გასცეს ბრძანებულება და სამუდამოებს შეუცვალოს ეს სასჯელი?
_ და რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს, ან ბიძინა ივანიშვილს არ სთხოვეთ?
_ არ მივმართეთ, რადგან ბიჭებმა გვითხრეს, ეკა ბესელია და სოზარ სუბარი იყვნენ მოსული. შეგვპირდნენ, თქვენს საქმეებს გადავხედავთო, სახალხო დამცველიც შეჰპირდათ და მათაც ხმა იმიტომ აღარ ამოიღეს, ნაციონალების წისქვილზე წყლის დასხმა არ გამოგვივიდესო. არ გვინდა ნაციონალების სალაპარაკო გავხადოთ, _ ჩვენ არ ვუკეთებდით, მაგრამ თქვენც, აბა, რას უკეთებთო, თუმცა ჩვენი საშველი ჯერ კიდევ არ ჩანს.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |