|
ქრისტეშობა - 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი
"პრემიერი" მღვდელს, ილია ჭიღლაძეს ესაუბრა:
-მოგესალმებით მამაო, ახალი სტილით 25 დეკემბერია ქრისტეშობა. ლამის მთელი მსოფლიო ამ უდიდეს დღესასწაულს სწორედ 25 დეკემბერს აღნიშნავს. 25 დეკემბერს ზეიმობენ შობას კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები. საქართველოს ეკლესიაც აღნიშნავდა ამ დღესასწაულს წლების განმავლობაში სწორედ 25 დეკემბერს. და მაინც, რატომ 7 იანვარი?
-მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელსა და ქრისტეშობის დიდ დღესასწაულს, ყველას გისურვებთ წარმატებას ყოველ კეთილ საქმეში, ღვთის ულევ წყალობას! უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს სივრცეში არის ორი კალენდარი (იულიუსისა, ანუ ძველი სტილისა და გრიგოლისა, ანუ ახალი სტილი, ასევე ახალი სტილის უკეთესი მოდიფიკაცია ცნობილი სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მოდიფიკაციით, რომელსაც იყენებს ეს 11 წმინდა, ავტოკეფალიური ეკლესია უძრავ დღესასწაულთა აღსანიშნავად). როდესაც ვსაუბრობთ, რომ შობის დღესასწაული აღინიშნება 25 დეკემბერს, უნდა გვახსოვდეს, რომ მოქმედი კალენდრის 7 იანვარი არის ძველი კალენდრის (იულიუსის) 25 დეკემბერი, ანუ არსებობს "ორი" 25 დეკემბერი. ეს კალენდარული განსხვავება დასავლეთ ევროპაში იწყება XVI საუკუნეში, ხოლო საქართველოში დაიწყო 1918 წელს, როდესაც საქართველოს საერო ხელისუფლებამ მოქმედი ძველი კალენდარი შეასწორა და შემოიღო გრიგოლის კალენდარი, მაშინ საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო ეს შესწორება, ის დარჩა ძველ კალენდარზე და მივიღეთ შედეგი, მანამდელი 25 დეკემბერი იქცა სამოქალაქო კალენდრის 7 იანვრად, ასე დაემართა ყველა უძრავ დღესასწაულს, კალენდრის რიცხვების 13 დღით გადატანის გამო. ეს კალენდარული რეფორმები იმხანად ყველა მართლმადიდებლურ სახელმწიფოში განხორციელდა. დადგა საკითხი -განახორციელებდა თუ არა იმავეს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიებიც. 1923-24 წლებში ეს რეფორმა (ახალი შესწორებული კალენდრის დანერგვა) განახორციელა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ, საბერძნეთის საარქიეპისკოპოსომ და მოსკოვის საპატრიარქომ. მათ მიბაძეს ასევე რიგმა სხვა ავტოკეფალიურმა ეკლესიებმაც. იმხანად, კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) და ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, საქართველოს ეკლესიამაც ორგზის სცადა ახალი კალენდრის შემოღება და კიდეც მოქმედებდა ახალი სტილის კალენდარი ჩვენს ეკლესიაში 1923-1925 და 1927-1928 წლებში, მაგრამ მოსახლეობის არაინფორმაციულობის გამო ეს საქმე ორჯერვე ჩაიშალა.
1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო განჩინება ახალი სტილის დროებით(!) შეჩერებისა და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნებისა: "ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რის მიზეზიცაა მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობა ამ საკითხში. მათის აზრით, ახალი კალენდრით დღესასწაულებისა და მარხვების შესრულება არის სარწმუნოების შელახვა. ასე მსჯელობენ არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც. ახალი კალენდრის შემოღება უაღრესად ძნელია იქ, სადაც საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს არ მიაჩნიათ დასვენების დღეებად. ამიტომ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა: 1928 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიაში დღესასწაულნი, უძრავნი და მოძრავნი სრულდებოდეს იულიუსის კალენდრით". საკათალიკოსო სინოდი მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ. იმავე მიზნით შეფერხდა კალენდრის შესწორება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში: 1923 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ წმ. ტიხონ აღმსარებლის (ბელავინი) ლოცვა-კურთხევით გადავიდა ახალ სტილზე, მაგრამ ამ მიზეზით წარმოშობილი შიდა უთანხმოების განსამუხტავად, 24 დღის შემდეგ პატრიარქმა ტიხონმა დროებით შეაჩერა კალენდრის რეფორმა.
-დღემდე არავის გაუუქმებია საქართველოს მეოთხე საეკლესიო კრების -1927 წლის 24 ივნისის განჩინება შობის დღის ახალი სტილით 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. რატომ გაურბის ეკლესია ამ საკითხის განხილვას?
-1928 წელს კალენდრის შესწორების საკითხი უვადოდ გადაიდო, 1930-იან წლებში ეკლესიის განადგურების პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, 1940 წლისთვის საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში მხოლოდ 15 ტაძარიღა რჩებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, სამღვდელოების რიცხვი, ასევე, კატასტროფულად მცირდებოდა დახვრეტების, რუსეთის შორეულ პროვინციებში გადასახლებისა და საკუთარი ნებით სამღვდელო ხარისხიდან განდგომების, ასევე ბუნებრივი სიკვდილიანობის ხარჯზე, ახალი თაობა აღარ მოდიოდა სამღვდელო დასში, ეკლესიის დევნის კულმინაცია იყო თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დახურვა 1940-1941 წლების მიჯნაზე და საქართველოს დედატაძრის, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დალუქვა 1941 წლის 13 ივლისს (სიმბოლურია, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, რომელიც არის სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაული) შეწერილი გადასახედების გადაუხდელობის გამო. 1940 წლის 19 მარტს პატრიარქმა კალისტრატემ საპროტესტო მიმართვა გაუგზავნა საქართველოს სსრ-ს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანს, კ. ჩარკვიანს, საიდანაც წარმოგიდგენთ ამონარიდს: "სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, აღგვილი პირისაგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი". ეს მოკლე მიმოხილვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარებისა იმისთვის წარმოვადგინეთ, რომ გავიაზროთ ნათლად: ეკლესიის ტოტალური ნგრევის პირობებში, კალენდრის ცვლილების საკითხის დასმა სრულიად წარმოუდგენელი იყო, ხოლო 1942-1943 წლებიდან, როდესაც ომის შედეგად კრიზისში შესულმა სტალინურმა რეჟიმმა დაიწყო ეკლესიისადმი მცირე შეღავათების მინიჭება პოლიტიკური მოსაზრებით და პარალელურად ეკლესიის "დაგეგმვის" პოლიტიკის განხორციელება, კალენდრის რეფორმის საკითხს საბოლოოდ დაესვა წერტილი. დღეს ზოგიერთნი ცდილობენ კალენდრის რეფორმირების საკითხი საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივად გაასაღონ, რაც უდიდესი მორალური დანაშაულია განსვენებული პატრიარქების წმ. ამბროსის, ქრისტეფორესა და კალისტრატეს და იმ პერიოდის ქართველი მღვდელმთავრების წინაშე, ამ ლოგიკით მათ ღვთისმოსაობას, მრწამსსა და ეკლესიურ მოღვაწეობას (და საერთოდ ადამიანურ პრინციპებს) დიდი შეურაცხყოფა ადგება. მავანთ უნდა ახსოვდეთ, რომ სარწმუნოებრივ საკითხში კონფორმიზმი მიუტევებელი დანაშაულია, ხოლო კალენდრის ცვლილების საკითხი ზოგადმართლმადიდებლური საკითხი იყო და ძირითადად, სწორედ საბჭოთა კავშირში ვერ განხორციელდა, სწორედ მთავრობის პოლიტიკის გამოისობით, განსხვავებით საზღვარგარეთული მართლმადიდებელი ეკლესიებისა, სადაც მხოლოდ იერუსალიმისა და სერბეთის საპატრიარქოები რჩებიან "ძველ სტილზე", ხოლო უკლებლივ ყველა სხვა, 11 ავტოკეფალიური ეკლესია, გადასულია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე (ე.წ. ახალი სტილი). საბჭოთა ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, "ახალი სტილის" დანერგვა მართლმადიდებელ ეკლესიაში 1940-იან წლებში და შემდგომ პერიოდში, ეს საკითხი უპრობლემოდ გადაწყდებოდა, რადგან ამ პერიოდიდან ეკლესია სრულიად დაქვემდებარებული აღმოჩნდა ხელისუფლებაზე. კალენდრის შესწორების მცდელობის ჩაშლა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში ორი ძირითადი მიზეზით უნდა აიხსნას: 1. კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბასილი III-ის სიტყვებით: "მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის". აქ იგულისხმება, პირველ რიგში, ახალი წლის დამთხვევის აცილება საშობაო მარხვაში, ორი კალენდრის ზედმეტობა, ძველი სტილის აშკარა ასტრონომიული ცდომილება, ხოლო თანახმად უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა: "საკავშირო მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ასეთი იყო: რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ეკლესიაში, მით უკეთესი"; 2. საბჭოთა ხელისუფლების მიზანდასახულობა კავშირში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია გაეუცხოებინა საზღვარგარეთის მართლმადიდებელ მოძმე ეკლესიებთან, რა პოლიტიკასაც ზოგადად ატარებდა საბჭოთა ხელისუფლება საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან მიმართებაში. ამდენად 1940-იან წლებში ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა და გადაიდო ხანგრძლივი ვადით მომავლის პერსპექტივაში. ხოლო დღევანდელ მდგომარეობაზე შეიძლება იგივე ითქვას, რაც ბრძანა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 1928 წელს: "რის მიზეზიცაა მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობა ამ საკითხში. მათი აზრით, ახალი კალენდრით დღესასწაულებისა და მარხვების შესრულება არის სარწმუნოების შელახვა, ასე მსჯელობენ არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც".
-რამდენად სასარგებლო იქნება თავად ეკლესიისთვის და, ზოგადად, ქრისტიანული რელიგიისთვის, თუ ქრისტიანობის ყველა მიმდევარი სწორედ ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავს ქრისტეშობას?
-საერთოდ, კალენდრის შესწორება პირველად რომის კათოლიკურმა ეკლესიამ განახორციელა პაპ გრიგოლ მეცამეტის მეთაურობით 1582 წელს, რადგანაც შობისა და აღდგომის დღესასწაულთა ასტრონომიული პარამეტრები, რომელიც დაადგინა და ჩამოაყალიბა წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეოთხე საუკუნეში და რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში მართლმადიდებლური ერთობიდან ჩამოცილებულმა რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც იმემკვიდრა, აღარ მოდიოდა შესაბამისობაში და ირღვეოდა. კერძოდ, თუ ნიკეის პირველი მსოფლიო, წმინდა, საეკლესიო კრების პერიოდისთვის დღეღამსწორობად ითვლებოდა იულიუსის კალენდრით 21 მარტი (ხოლო აღდგომა აითვლებოდა 21 მარტის შემდგომი სავსემთვარობის შემდგომ კვირა დღეს, იუდეველთა პასექის შემდგომ) და 25 დეკემბერი მზის მატების საწყისად მიიჩნეოდა (და ამიტომ დღესასწაულობდნენ შობას), მეთექვსმეტე საუკუნეში, ასტრონომიის და, ზოგადად, მეცნიერების შესამჩნევი განვითარების ხანაში, შენიშნეს, რომ გაზაფხულის დღეღამსწორობა იულიუსის კალენდრის 21 მარტთან შედარებით ათი დღით ადრე ხდებოდა, ხოლო დღის მატება -ამავე კალენდრის 25 დეკემბერზე ათი დღით ადრე, ამიტომ საეკლესიო კანონთა მიერ სადღესასწაულო დღეების პარამეტრთა ზუსტად დასაცავად, მათ შეასწორეს კალენდარი, და თვეთა რიცხვები და უძრავი დღესასწაულები ათი დღით გადაწიეს. ამასთანავე, შევნიშნავთ, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ უგულებელყო საეკლესიო ტრადიცია აღდგომის იუდეველთა პასექის შემდგომ დღესასწაულობისა, რაც კალენდრის რეფორმირების შემდგომ კვლავ რომ დაეცვათ, სასურველი იყო. მეოცე საუკუნის დასაწყისში სერბმა ასტრონომმა მილანკოვიჩმა პაპ გრიგოლის მიერ ჩატარებული კალენდრის რეფორმის უკეთესი ვარიანტი წარმოადგინა, რომლითაც, თუ იულიუსის კალენდარში ერთდღიანი ცდომილება გროვდება ყოველ 128 წელში ერთხელ, ხოლო გრიგოლის კალენდარში -ყოველ 3333 წლის განმავლობაში, მის მიერ გაუმჯობესებული კალენდრით, რომელიც მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტესმა ნაწილმა -40 000-ზე მეტი წლის განმავლობაში მოხდება 1-დღიანი ცდომილების დაგროვება. ძველ კალენდარზე რჩება ოთხი ავტოკეფალიური ეკლესია: იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის საპატრიარქოები, ასევე ათონის მთის მონასტრები. თუ ისინიც არ განახორციელებენ კალენდრის შესწორებას, 2100 წელს დადგებიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული პრობლემის წინაშე, კერძოდ ის იულიუსის კალენდრის მიხედვით იქნება ნაკიანი, ხოლო "სამოქალაქო" კალენდრით -არა. ამგვარად, კალენდრებს შორის განსხვავება გაიზრდება 1 დღით და გახდება 14 დღე. შესაბამისად, 2100 წლიდან ყველა ჩვენი დღესასწაული "გადაიწევს" 1 დღით წინ, ანუ ქრისტეშობის დღესასწაულს ვიზეიმებთ 8 იანვარს, ნათლისღებას -20 იანვარს ახალი სტილით და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი სათქმელს შევაჯამებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 1927 წლის 12 ოქტომბრის განჩინების სიტყვებით: "ჩვენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოვუწოდებთ ჩვენს სამწყსოთა და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისთვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადს ცამეტის დღით. ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის ბასილის სიტყვებს: "მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის, მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ". ვფიქრობთ, პასუხი ნათელია და გარკვეული.
-მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი"
რედაქციისგან: აღნიშნულ საკითხე დამატებითი ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ - http://www.orthodoxtheology.ge/eklesia-kalendari/
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |