|
“ეს ვაჭრუკანები ისე გაქრებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და მათ არავინ გაიხსენებს”
“უკიდურესად პოპულისტ ხელისუფლებას არ ჰყოფნის კომპეტენცია, გაუმკლავდეს რთულ რეალობას”
“პრემიერი” კულტურის ექსმინისტრს ნიკა რურუას ესაუბრა:
- მოგესალმებით, ჩვენი საუბარი მეტ-ნაკლებად ბანალური კითხვით დავიწყოთ - როგორი იყო 2013 წელი და რა ძირითადი მოვლენებით დარჩება ის საქართველოს ისტორიაში?
- 2013 წელი საქართველოს ისტორიაში დარჩება წლად, რომელშიც, ფაქტობრივად, მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მმართველი ძალის მხრიდან ოპოზიციური ძალისადმი თავისუფალი არჩევნების საშუალებით.
- საპრეზიდენტო არჩევნების წინ მმართველი პარტია ცალკეულ წარუმატებლობებს კოაბიტაციას აბრალებდა. ანუ კოაბიტაციის რეჟიმი იყო ხელისშემშლელი სამართლიანობის აღდგენაში, ბიუჯეტის დეფიციტის წარმოქმნაში. რამდენად სწორია ეს შეფასებები თუნდაც დღევანდელი გადასახედიდან?
- კოაბიტაციას საკუთარ წარუმატებლობას აბრალებენ მხოლოდ უუნარო პოლიტიკოსები, ვისაც რეალურად საქმის კეთება არ შეუძლიათ და ხელისუფლებაში პოპულიზმით მოხვდნენ. ბიუჯეტის დეფიციტიც იგივე მიზეზით გაჩნდა - უუნარობითა და საქმის კეთების არცოდნით ახალი ხელისუფლების მხრიდან. ეს შეფასებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სასაცილოდ გამოიყურება.
- გოგი გვახარიას ბლოგს მოვიშველიებ შემდეგი კითხვისთვის - “წავიდა და დაგვიტოვა სოფელი”, მაგრამ კითხვა - რატომ მოვიდა? კვლავ აქტუალურია. მოდით, მეც ასე გკითხავთ, თქვენ როგორ ფიქრობთ - რატომ მოვიდა და რატომ წავიდა?
- ივანიშვილს გულისხმობს, უდავოდ. ის, ჩემი აზრით, პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების მოსაპოვებლად; მან ისინი მოიპოვა, და პოლიტიკიდან “წავიდა”. სულ ესაა.
- არ ვიცი, სამომავლოდ როგორ ჩამოგვაყალიბებს და გაგვზრდის სამოქალაქო სექტორში წასული ბატონი ივანიშვილი, მაგრამ ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ გაუთავებლად ვიმეორებთ, ჩვენ მაგრები და კარგები ვართო, ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში აღმოჩნდება, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ქართველი საზოგადოება არ არსებობს. რა ხდება, რა ავადობა გვჭირს ასეთი - 20 წელიც არ გვეყო იმის გასათავისებლად, რომ უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა და ადეკვატური რეაქციები?
- ჯერ ერთი, სამოქალაქო საზოგადოების გაჩენისთვის 20 წელი მოკლე დროა - სამოქალაქო საზოგადოებას ხომ განათლებული, შრომისუნარიანი თაობა აჩენს... ასეთი თაობა, მთლიან თაობას ვგულისხმობ, ჯერ არ მოსულა. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურად მიდის ჯერჯერობით.
- თქვენ სხვადასხვა დროს ცალკეული შენიშვნები გამოთქვით “ნაციონალური მოძრაობის” მართვის სტილთან დაკავშირებით. ახლა, ზოგადად, მინდა გკითხოთ, საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში არსებობდა ან არსებობს თუნდაც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობს მქონე ძალა, რომელიც დასავლური პარტიის კლასიკურ ფორმატში შეიძლება განვიხილოთ?
- კი, და ასეთი პარტია, მისი უამრავი მინუსის მიუხედავად, მაინც “ნაციონალური მოძრაობაა” ჯერჯერობით. სულ არ გამოვრიცხავ, რომ მალე ახალი დასავლური პარტია ან პარტიებიც გაჩნდნენ - ეს მოხდება მაშინვე, როცა ამის აუცილებლობა დადგება.
- პოლიტიკური ბიზნესი საქართველოს ბოლო 15 წლის სენად იქცა. ჩვენ უხვად გვყავს ჩარჩი პოლიტიკოსები, პოლიტბიზნესმენები და ა.შ. პრინციპში, ადამიანები პოლიტიკაში მოდიან იმისთვის, რომ იშოვონ ფული და მოიწყონ ცხოვრება. ხოლო ის, ვისაც დიდი ფული აქვს, პოლიტიკაში კიდევ უფრო დიდი ფულის საშოვნელად მოდის. მაგრამ სად არის სამშობლო, სახელმწიფო? თუ სამშობლო-სახელმწიფო მათთვის პირადი კეთილდღეობის მოსაწყობი ინსტრუმენტია?
- სამშობლო არის იქ, სადაც ყოველთვის იყო - პატრიოტებისა და კარგი მოქალაქეების გულებში. ეს ვაჭრუკანები, რომლებზეც თქვენ ბრძანებთ, ისე გაქრებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და მათ არავინ გაიხსენებს. ზოგადად, ეს პრობლემა, ყველა ახალგაზრდა დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია, სადაც არ არსებობს ეფექტური პოლიტიკური სისტემა და გონიერი ამომრჩეველი. ამ ერთკაციან პარტიებსაც ხომ ვიღაც აძლევს ხმას?! ასე რომ, ესეც დროებითია.
- კადრები წყვეტენ ყველაფერს!.. ეს ცნობილი ფრაზა კვლავაც აქტუალურია. აქტუალური იყო, შორს რომ არ წავიდეთ, ნაციონალების დროსაც - კლასიკად იქცა უკვე შიხიაშვილი და აქტუალურია დღესაც, “ხვედელიძე-ფარცხალაძის” მაგალითიც საკმარისია. საკადრო მიამიტობა სახელისუფლებო სენია თუ მწარე რეალობა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აირიდებს?
- ეს “სენი” განსაკუთრებით დღესაა სახეზე - უკიდურესად პოპულისტ ხელისუფლებას არ ჰყოფნის კომპეტენცია, გაუმკლავდეს რთულ რეალობას და ამიტომაც ცდილობს ის, გადაფაროს - საკუთარი წარუმატებლობა ე.წ. “სამართლიანობის აღდგენით”, დაპატიმრებებით, სასამართლოებით და “კუდიანებზე ნადირობით”, რაც მათ კიდევ უფრო მალე დაამარცხებს. ოღონდ ისინი ამას ვერ ხვდებიან, რადგანაც ძალაუფლების ხიბლი ბევრს უბინდავს გონებას.
- როგორც იტყვიან, გვერდიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. მართლა ძნელია, ხელისუფლებამ შიგნიდან დაინახოს “ჯიპები, ღიპები, ვიპები”?
- კი, ძნელია. ამ ხელისუფლებას ეს ძალზე ადრე დაემართა.
- როგორ ფიქრობთ და რა არის ის უმთავრესი საკითხი პოლიტიკურ, გნებავთ, სოციალურ ან თუნდაც თქვენთვის ძალიან ახლობელ - კულტურის სფეროში, რასაც ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს?
- ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ყურადღება, ვისურვებდი, რომ ორ დარგს დაუთმოს, რომელიც დღესდღეობით ყველაზე მიგდებულია - ესენია საწყისი, სასკოლო განათლების რეფორმა და საგარეო პოლიტიკა. ამ ორივე სტრატეგიულ დარგში დღეს კატასტროფული არაკომპეტენტურობა სუფევს.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |