![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ახალმა ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რომ კანონის დარღვევის გარეშე ახდენს სამართლიანობის აღდგენას”
2013 წელიც დამთავრდა, ხალხს კი “სანახაობისა და პურის” გარდა, “მეოცნებე” ხელისუფლებისგან დიდი არაფერი მიუღია. “ოცნება” ხელისუფლებაშია, ყოფილი ხელისუფლება კი ერთადერთ ოპოზიციურ ძალად არის წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პოლიტიკურ დაფაზე ფიგურები ასე განალაგეს. დამნაშავეებს ეძებენ, თითქოს პოულობენ კიდეც, მაგრამ ზოგს ვერ იჭერენ და ზოგსაც ვერაფერს უმტკიცებენ, სამაგიეროდ “მთავარი ოპოზიცია” აჩენს ბრჭყალებს და ხელისუფლების ჩინოსნებზე სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. “პრემიერი” დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ ბაკქანალიაზე მესამე ძალის, “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი, ირაკლი ბათიაშვილი.
ირაკლი ბათიაშვილი:
_ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გაუთავებლად ჩანან ტელეეკრანებზე და ასეთი ფორმით, მუდმივად ტივტივებენ პოლიტიკური არენის ზედაპირზე. ჩვენი ხალხი, 9 წლის განმავლობაში, სწორედ ამ ოდიოზური რეჟიმის მიერ იტანჯებოდა. იმის ნაცვლად, რომ ერთხელ და სამუდამოდ აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე, მათგან გაუთავებლად ვისმენთ რეპლიკებსა და დებატებს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და მათ შორის. ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სერიოზულ გაღიზიანებას, სკეპტიციზმს იწვევს. ხალხს ასეთი სცენების გაუთავებელი ყურება ყელში ამოუვიდა. ასე რომ, ჯერჯერობით, ქვეყანაში სერიოზულ პროგრესს ვერ ვხედავ. ერთადერთი პროგრესი იყო ის, რომ სააკაშვილი წავიდა, მოგვშორდა და ამის გამო ივანიშვილის მადლობლები ვართ, მაგრამ არც ერთი სხვა მიმართულებით წინსვლა არ იგრძნობა, რასაც არ უნდა დიდი ექსპერტული ანალიზი. ყველა კარგად ხედავს, დღითი დღე როგორ მძიმდება ადამიანების ეკონომიკური და მატერიალური მდგომარეობა. უმძიმესი გაჭირვებაა ქვეყანაში. კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშიც არის ბიზნესი და ეკონომიკა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მათივე სტატისტიკის დეპარტამენტის ციფრები ამოვიღოთ, იქაც ვნახავთ, რა დონის ეკონომიკურ ვარდნასთან გვაქვს საქმე. საგარეო პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ის არის, რომ გამოიკვეთა ორიენტირი, უახლოეს პერიოდში ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობისა. სხვა მხრივ, ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტს ჩვენი სახელმწიფო. გრძელდება მცოცავი აგრესიის პოლიტიკა რუსეთისგან. არ ხდება არანაირი რეაგირება რუსეთის ასეთ ქმედებებზე, არ იდგმება ნაბიჯი, ეს პროცესი რომ შეჩერდეს, საქმე უკეთესობისკენ წავიდეს და ამას ჰქვია სწორედ სირაქლემას პოზიცია.
_ პუტინის ბოლო პერიოდის განცხადება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი მოიხსნება და რუსეთის მეთაურს თურმე საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ უკეთესი განწყობა აქვს, პროგრესი არ არის?
_ რუსეთი მავთულხლართების გადმოწევით, ერთი ხელით ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას, მეორე ხელით კი შიგადაშიგ დადებით მესიჯებს გვიგზავნის. ჩვენ ვართ დაზარალებულ მდგომარეობაში, ამიტომაც ყველა ასეთ მესიჯს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. უნდა გავაანალიზოთ, ხელი ჩავავლოთ და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები გადავდგათ. ამის ნაცვლად, ისეთი ჰარიჰარალო დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ამ ფაქტთან მიმართებაში, თითქოს ჩვენ გვქონდეს რუსეთის ტერიტორიები დაპყრობილი და არაფერი გვაღელვებს. არაფერს აკეთებენ მაშინ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს თუნდაც ამ პატარა, დადებითი მესიჯის მიმართ. ამ პოზიტიურ სიგნალს ეგრევე ხელი ჩაავლოს, სწორი გეგმა და სტრატეგია დასახოს და ისე იმოქმედოს. რაც პუტინმა თქვა, ამ გადაწყვეტილებამდე რომ მივიდეს რუსეთი, ორმხრივი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
_ სამართლებრივ საკითხებზე გადავალ და აღვნიშნავ, რომ დაპატიმრებულ შსს-ს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ბრალი 26 მაისის ამბებთან დაკავშირებითაც წაუყენეს. ამ მოვლენების დროს თქვენც დაზარალდით. ყვებოდით, რუსთაველის თეატრის სახურავზე ავედით, თავი რომ დაგვეღწია სპეცრაზმელებისთვის, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გვესროლესო. ეს ყველაფერი გამოძიებულია? ვინ გესროლათ გაირკვა?!
_ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავი ჩვენება გამოძიებას ნინო ბურჯანაძემ, ნონა გაფრინდაშვილმა, მე და პარტიიდან ბევრმა ადამიანმა მისცა. ჩვენებები საკმარისზე მეტი აქვთ. მას თან ერთვის უზარმაზარი ვიდეომასალა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. იქ დაფიქსირებულია, როგორი ველური სისასტიკით მოხდა მშვიდობიანად მდგომი 2000-მდე ადამიანის დარბევა. არც მაშხალა უსროლია ჩვენგან არავის და არც ბულდოზერი გამოგვიყენებია, როგორც ეს სხვაგან ხდება. დროშის ტარებზე რომ ლაპარაკობენ, ჯოხები ექნებოდა ხალხს, აბა, თავი არ უნდა დაეცვათ გავეშებულ-გამხეცებული სპეცრაზმელებისგან, რომლებიც დასახოცად მოდიოდნენ. კიევში ბულდოზერებით მიადგა ოპოზიცია შენობებს, მაშხალებს ესროდნენ, მათი დარბევა ისეთი სისასტიკით არ მომხდარა, როგორც აქ მოხდა, მაგრამ მაინც ატყდა ერთი ამბავი. უკრაინაში ოპოზიციას უკანდასახევი გზაც მისცეს, ჩვენთან კი გასასვლელებს უკეტავდნენ და უკან მისდევდნენ, სული რომ ამოეხადათ. აქ, წინასწარ განზრახვით, დაგეგმილად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომლის მინისტრიც ვანო მერაბიშვილი იყო, მოხდა დანაშაული. მერაბიშვილი არ მალავს და იმასაც კი აცხადებს, ვამაყობ ამით, კიდევ რომ მქონდეს საშუალება, იგივეს გავაკეთებდიო. რასთან გვაქვს საქმე, ამას ბევრი ფილოსოფია არ უნდა?! ვანოს ეს ნათქვამია სწორედ ყველაზე საგანგაშო და ჩვენმა საზოგადოებამაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. წარმოგიდგენიათ, “ნაცმოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება რომ გვქონდეს, იგივეს გავაკეთებდით _ სანაპიროზე ჩავცხრილავდით ხალხს, ცოცხებს გავუყრიდით, სისხლიან 7 ნოემბერს, 26 მაისს ჩავუტარებდით, ვაწამებდით, ჩამოვართმევდით ქონებასო. ესენი კვლავ დიდ გულზე არიან და სინანულის არაფერი ეტყობათ.
_ მათ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედიც აქვთ, ბატონო ირაკლი, და ამას არც მალავენ. სააკაშვილი ამერიკიდან გვითვლის, აქ დიდხანს არ ვაპირებ ყოფნასო და ეს ვისი ბრალიც არის, ცხადია, იცით!
_ დიახ, ასე გადიდგულებულები და გაყოყოჩებულები რომ არიან, იმედი რომ აქვთ ხელისუფლებაში მობრუნების და ამდენს რომ ლაყბობენ, ამაში დამსახურება აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ამათმა მანკიერმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ “ნაცმოძრაობამ” ხელახლა წამოყო თავი, იმის ნაცვლად, რომ სინანულის გრძნობა ჰქონდეთ და ამით არბილებდნენ ანტიპათიას, რომელიც ხალხის მხრიდან არის მათკენ მიმართული. როგორც იტყვიან, “გორლაზე” რომ არიან, ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია, რომელთაც არაფერი გააკეთეს სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და ასეთი გათავხედების საშუალება მისცეს მათ. ფაქტობრივად, დაუკანონეს მათ მთავარი ოპოზიციური ძალის როლი.
_ ნაციონალები, ბოლო პერიოდში, საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებენ ახალი მთავარი პროკურორის მისამართით. ჯერ იყო და მერაბიშვილი აყვირდა, ფარცხალაძე “მეკაჩავებოდა”, ითანამშრომლე ჩვენთანო, ახლა კი გიგი უგულავამ ფარცხალაძეს დოკუმენტი აუფრიალა, _ გერმანიაში ყაჩაღობა-ქურდობისთვის იყავი დაპატიმრებულიო და თქვენი აზრით, რა ხდება?
_ ნაციონალებისგან ტყუილები ნამდვილად არ გამიკვირდება, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ორივე ფაქტი შესასწავლი და გამოსაკვლევია. ობიექტურად უნდა მოხდეს ყველაფრის გამოძიება და მოკვლევა. მერაბიშვილის, ახალაიას, უგულავასა თუ სხვა ნაციონალების გასამართლება ისე უნდა მოხდეს, რომ კანონი არ დაირღვას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვეღირსოთ კანონის უზენაესობას. ახალმა ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რომ კანონის დარღვევის გარეშე ახდენს სამართლიანობის აღდგენას, თორემ მათაც თუ კანონის დარღვევით დაიწყეს ყველაფერი, იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, “ნაცმოძრაობის” მხრიდან იმდენი ურცხვი ტყუილი გვაქვს მოსმენილი, ეს ყველაფერი სიცრუე რომ იყოს, არ უნდა გაგვიკვირდეს.
_ 26 მაისის მოვლენებში ერთადერთი დამნაშავე მერაბიშვილი იყო, მხოლოდ ის რომ ისჯება?! არ ითხოვთ სხვების დასჯასაც?
_ არც ერთი სპეცრაზმელი ხელს არ გაანძრევდა, ზემდგომისგან მითითება რომ არ ჰქონოდა, იმ ზემდგომს უფრო ზემდგომისგან და საბოლოოდ, ვანო მერაბიშვილის ბრძანება რომ არ ჰქონოდათ, ეს არ მოხდებოდა. ასევე, ვანო ვერაფერს გააკეთებდა, რომ არ ჰქონოდა პირდაპირი მითითება მიხეილ სააკაშვილისგან 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის თაობაზე. მთავარი ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორს ის არის თავი და თავი ყველა სხვა მასშტაბური დანაშაულებრივი ქმედებებისა. თუმცა ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს. როცა ვესწრაფვით ევროპაში ინტეგრაციას, ევროპულ ფასეულობებთან გვინდა ზიარება, მათი გათავისება, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული სამყაროს მთავარი ფასეულობა, რომელზეც დასავლური დემოკრატია აშენდა, არის კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობა ძველი რომიდან მოდის. როცა დიდი ბერძენი მოაზროვნე სოკრატე ციხეში იჯდა და სიკვდილით დასჯა ჰქონდა გამოტანილი, მის მეგობრებს შეეძლოთ გაეთავისუფლებინათ. მათ შესთავაზეს კიდეც, გაგაქცევთ, გაგაპარებთ ციხიდან, გუშაგი მოვისყიდეთო, მაგრამ სოკრატემ თქვა, კანონი უნდა აღსრულდესო. თუ გვინდა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყანა გავხდეთ, კანონი უნდა გავხადოთ უზენაესი ერთხელ და სამუდამოდ. თუ ეს ახლაც არ მოხდა, ჩვენს ხალხს საბოლოოდ გაუცრუვდება ყველა იმედი. კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ მის წინაშე ყველა იყოს თანასწორი და აქედან გამომდინარეობს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაც.
_ ხელისუფლება პერიოდულად ახსენებს ხალხს, რომ სადაც არის, გაიხსნება ჟვანიას მკვლელობის საქმე; აფრასიძეების ამოწყვეტაში დიდი როლი გია ბარამიძეს მიუძღვის და ისიც დაისჯებაო. მოკლედ, იწყებენ საუბარს და ცოტა ხანში ავიწყდებათ, მერე ისევ იწყებენ და ივიწყებენ და ეს რა თამაშია ამ ორ ძალას შორის?!
_ დანაშაულების შეხსენება კი არა, გამოძიებაა საჭირო. ერთ წელზე მეტი გავიდა და ამ საქმეების გამოსაძიებლად ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო. საჩივარი შეტანილი აქვს აფრასიძეების ოჯახს და ფაქტიც სახეზეა, რომ სასაკლაო მოაწყო იქ ბარამიძემ. ბანდიტები და მაფიოზები ერთმანეთს რომ უწყობენ “ბართლომეს ღამეს”, სწორედ ეს გააკეთა სვანეთში ბარამიძემ. ოჯახს ვერტმფრენებიდან ყუმბარებს ესროდა და რა შუაში იყო ამ იარაღის გამოყენება დამნაშავეების აყვანასთან? დაჭერილი კაცი მერე რომ დახვრიტეს, ეს ხომ საშინელებაა? ფაქტი არის სახეზე, საჩივარი შეტანილია, მაგრამ არაფერი არ კეთდება იმიტომ, რომ გია ბარამიძე არის ვიცე-სპიკერი. უარესს გეტყვით, უამრავი საქმეა გაჩერებული და არ იძვრის. იცით, რატომ? როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება “ნაცმოძრაობასთან” ვალშია. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას საპრეზიდენტო არჩევნებზე, “ქართულ ოცნებასა” და ნაციონალებს შორის. შეთანხმებულად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ნინო ბურჯანაძე მეორე ტურში არავითარ შემთხვევაში არ გასულიყო. ერთმანეთთან სიამტკბილობაში იმუშავეს ამ არჩევნებზე და ახლა ვალში არიან ერთმანეთთან. ამიტომაც რეალურად არაფერი კეთდება და მხოლოდ ეძიძგილავებიან ერთმანეთს. ამიტომაც არ იდგმება ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის მხრივ, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, მეც კეთილგანწყობილი ვარ ახალი ხელისუფლების მიმართ და მინდა, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდეს.
_ თქვენ იყავით ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი მართლაც უსუსური ბრალდებით _ კვიციანს რატომ დაელაპარაკე ტელეფონითო. ამ საქმის გადახედვას თქვენ კი არ მოითხოვთ?
_ ჩემი დაპატიმრების მიზეზი იყო ის, რომ გამოვედი ტელევიზიით და გამოხატე წინააღმდეგობა, ხელისუფლებას კოდორის ხეობაში ჯარი რომ შეეყვანა. მერე სატელეფონო საუბრებიც ამას ეძღვნებოდა. ვამბობდი, რომ ეს დამთავრდებოდა ძალიან ცუდად და კიდევაც ნახეთ, წლების მერე როგორც დამთავრდა. გამოვედი წინააღმდეგ იმისა, რომ იქ ადგილობრივი ბატალიონი გაენეიტრალებინათ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყო. სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკოსებმა ამაზე ხმა არ აიმაღლეს და მარტო მე ვამბობდი, არ შეიძლება ამის გაკეთება, საბოლოოდ ცუდად შემოგვიბრუბდება-მეთქი. ამიტომაც ვიყავი ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი სააკაშვილის რეჟიმის. მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკის გამო დამიჭირეს. აქვე ვიტყვი, რომ ვითხოვდი კოდორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. მხოლოდ ამის გამო უნდოდათ 24 წლით ციხეში ამოველპე. ვიჯექი მე-7 საპყრობილეში, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ის შსს-ს შიგნით მდებარეობს. იმ წელიწად-ნახევრიდან, რაც ციხეში გავატარე, წელიწადი და ერთი თვე სამარტოო საკანში მამყოფეს, სადაც არც ტელევიზორი იყო და არც სხვა რამ. მერაბიშვილივით მეც რომ “ფეისბუკი” და ტელევიზორი მქონოდა იქ, მეგობრების სტუმრობის საშუალება მოეცათ, ასეთი გალაღებული რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ამათ კუბოში ჩამაწვინეს და ბოლომდე გამწირეს. ჩემი გამოყვანის შანსი არ იყო, პატრიარქს რომ არ ებრძოლა, მთელი ოპოზიცია, არასამთავრობოები და საერთაშორისო საზოგადოება გვერდით რომ არ დამდგომოდა. ამ საქმეზე დასკვნას ჯერ სტრასბურგიდან ველოდები და მერე შესაბამისად მოვიქცევი.
_ სააკაშვილის რეჟიმს გაქცეული ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, ზოგი გაამართლეს კიდეც, მაგრამ ემზარ კვიციანი არ ჩანს. რა ხდება მის თავს, ალბათ, გეცოდინებათ?!
_ ემზარ კვიციანი, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში. მას ბრალი აქვს წაყენებული. დარწმუნებული ვარ, ობიექტურად თუ წარიმართება გამოძიება, ის გამართლდება და ბრალდებაც შეუწყდება. ემზარის სურვილი ერთადერთი იყო _ კონფლიქტი აერიდებინა თავიდან და არ მომხდარიყო ის საშინელება, რაც მოხდა კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანით, რომელთაც საკუთარი ხალხი, რომელიც ხეობას იცავდა, განაიარაღეს. სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს იცავდა კვიციანი წლების განმავლობაში. მან საშინელი ტანჯვა-წამება გადაიტანა დევნილობის პერიოდში. საშინელ მდგომარეობაში იყო მატერიალურად და პოლიტიკურად, ყველაფერი წაართვეს და ცხადია, მისი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.
_ მან ამ თხოვნით თუ მიმართა ახალ ხელისუფლებას?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, მგონი, მიმართა და პასუხს ელოდება.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |