![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
არც ერთი მძლავრი ფინანსური ჯგუფი ივანიშვილთან გარიგებაზე არ მიდის
არავინ იცის, მონები უწოდა თუ არა საქართველოს ბიზნესელიტას სოფლის მეურნეობის მინისტრმა თუმცა სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ეს ასე იყო. "როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ვთხოვე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბიზნესმენები შეეკრიბა. მინდოდა, დავლაპარაკებოდით მათ იმის თაობაზე, როგორ უნდა განვითარებულიყო სოფლის მეურნეობა, რაში დავხმარებოდით. მან დამირეკა მე და მეუბნება: "შოკში ვარ, ესენი ბიზნესმენები კი არა, მონები არიანო". მავედრებელი თვალებით იყურებოდნენ, ელოდნენ, რომ ჩვენ რაღაცებს მოვთხოვდით", _ განაცხადა Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ივანიშვილს ქართულ ბიზნესზე მზე და მთვარე არასდროს ამოსდიოდა, თუმცა Forbes-ის ფურცლებზე გამოხატული მისი გულისწყრომა გასაგებია, რადგან, როგორც გაზეთ "პრემიერისთვის"გახდა ცნობილი, ივანიშვილი ყველა იმ აქტივს ყიდის, რომელიც რეალურად მისი იყო, თუმცა მის სახელზე არ ირიცხებოდა. ყიდის, მაგრამ არც ერთი მძლავრი ფინანსური ჯგუფი ივანიშვილთან გარიგებაზე არ მიდის. ივანიშვილის გადაწყვეტილებაში უცნაური ისაა, რომ იგი წარმოადგენს საქართველოში 6-მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი და მასშტაბური საინვესტიციო ფონდის ერთ–ერთ მთავარ დამფუძნებელსა და ინვესტორს.
მართალია, პრემიერ-მინისტრს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოში მას აქტივები არ აქვს და ეს მისი დეკლარაციითაც დასტურდება, მაგრამ ივანიშვილის სახელთან რომ საკმაოდ ბევრი კომპანია ასოცირდება, ეს ყველასთვის ნათელია. სხვა რომ არაფერი, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილს საქართველოში არა მხოლოდ "ბანკი ქართუ"ეკუთვნოდა, რომელსაც სასესხო განაკვეთებზე ყველაზე კაბალური პირობები აქვს, არამედ მასთან ასოცირდებოდნენ კომპანიები "ბურჯი", "ელიტა ბურჯი", "გლობალ კონსალტინგ გრუპი"და ა.შ. სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ხდებოდა იმ პერიოდში ივანიშვილის ერთი ჯიბიდან ამოღებული ფულის მეორე ჯიბეში გადატანა.
ეს კომპანიები ახორციელებდნენ ამომრჩევლებისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენის დარიგებას. სწორედ ამ კომპანიების იყო 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანა, რომელითაც ბატონი ივანიშვილი შეღავათიანად ემსახურებოდა საკუთარ "თანამებრძოლებს".
მართალია, 2012 წლის ემოციური ფონის გათვალისწინებით, შესაძლოა, ვინმე მაშინ გაბრაზდა კიდეც, იმის გამო, როგორ უბედავდა "ავადსახსენებელი"მოგელაძე, რომელიც "ქართული ოცნების"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "დააწინაურეს"კიდეც, ივანიშვილს ამდენს.
მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად ცნო.
კერძოდ, მონიტორინგის პროცესში მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ "ქართული ოცნების"პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, "ბურჯის", "ელიტა ბურჯის"და "გლობალ კონსალტინგ გრუპის"მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს.
იმ პერიოდისთვის საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით, მიაქციეთ ყურადღება _ "მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით"ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით.
ანუ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ივანიშვილი კანონსაწინააღმდეგოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის, იყენებდა საკუთარ კომპანიებს. თითქმის საჩუქრად უმონტაჟებდა მოსახლეობას სატელიტურ ანტენებს და "ქართული ოცნების"239 პოლიტიკურ მეოცნებესაც საკუთარი ავტომანქანებითვე ემსახურებოდა. თუმცა ემსახურებოდა არა უანგაროდ, არამედ ამაშიც იხდიდა ფულს, მაგრამ ბევრად ნაკლებს. ანუ ერთი ჯიბიდან იღებდა და მეორე ჯიბეში იდებდა. სამაგიეროდ ბატონი საგანელიძე, ბატონი ქუცნაშვილი, ქალბატონი კობახიძე და სხვა მრავალი მეოცნებე _ ზოგი ჯიპით და ზოგიც სედანით დასეირნობდა ამომრჩეველთან. ალბათ, სწორედ ამ დროიდან მოდის ახლა უკვე თანამდებობებზე აღზევებული მეოცნებეების სიყვარული ჯიპებისა და კომფორტისადმი. ვიღაც იტყვის, თუ კომპანია მისი იყო, უსასყიდლოდაც მისცემდა, ვისაც უნდოდაო. კი, მიცემა-ჩუქების შემთხვევებსაც არეგულირებს საგადასახადო კანონმდებლობა და ქირავნობის უფლებასაც.
"ბურჯის", "ელიტა ბურჯისა"თუ სხვა არაერთი კომპანიის სახით ივანიშვილს საქართველოში მართლაც სოლიდური აქტივები აქვს და სწორედ მის მოშორებას ცდილობს ის თავიდან. რატომ? თუ ივანიშვილმა ეს პრემიერის პოსტზე ყოფნისას არ გააკეთა, რატომ აკეთებს ახლა? აქ პასუხი მარტივია _ ივანიშვილი, რომლის პოლიტიკური ოცნების საქართველო ფეოდალური ნაციონალიზმის ხედვაზე გადის, მიხვდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში ამ კომპანიების ფლობა ფინანსურად წამგებიანია. რა, რა და ივანიშვილი ფულს ნამდვილად კარგად ითვლის და იდიოტია ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სჯერა ბიზნესმენის სიტყვების, რომ ის კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოგებაზე არ არის ორიენტირებული. ანუ ივანიშვილის განცხადებები, რომ მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს, ნიშნავდა, რომ მას საქართველოში არსებული ბიზნესიდან მოგება არ ჰქონდა. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ივანიშვილის ფულით ფინანსდებოდა, მასთან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ასრულებდნენ. ირიბად მის სახელთან დაკავშირებული, თორემ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის კომპანიები. ასე იყო არაერთი თეატრის, კულტურული დაწესებულების რესტავრაციისას თუ კულტურული ძეგლების აღდგენისას. მთელი რიგი საგანმანათლებლო დაწესებულებების სარემონტო სამუშაოებს, რომელზეც ივანიშვილის ფული იხარჯებოდა, სწორედ რომ ივანიშვილის კომპანიები აწარმოებდნენ.
კეთდებოდა საქმეც და ივანიშვილს გაღებული თანხიდან მხოლოდ გარკვეული ნაწილი ეკარგებოდა, დანარჩენი კი ისევ მის ჯიბეში ბრუნდებოდა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფინანსურ და ქონებრივ ნაწილში რომ სამართლიანობა მხოლოდ ივანიშვილისთვის აღდგა, ესეც ყველასთვის ნათელია. ის დაიღალა თავისი ფულის ხარჯვით და როცა გადაწყვიტა, ცალკეული მიმართულებებით საბიუჯეტო სახსრები გამოეყენებინა, სწორედ ამ ვითარებაში ქვეყანა ლამის ფინანსური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.
ივანიშვილის მიერ საკუთარი "ირიბი აქტივების"გაყიდვას აქვს პოლიტიკურ შემადგენელიც. ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ შეთხელდა "მეოცნებეთა"რიგები და მისთვის კარგადაა გასაგები _ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რომ ამოყირავდეს, პირველ რიგში მას მიადგებიან. ამიტომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკურ აპათიაში ჩავარდნილი ივანიშვილი საკუთარ აქტივებს იშორებს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჯერ არც ერთი მძლავრი ფინანსური ჯგუფი ივანიშვილთან გარიგებაზე არ მიდის.
როგორც "პრემიერს"ივანიშვილის გარემოცვის წევრმა განუცხადა, ახალი წლის დღეების შემდეგ ივანიშვილი "საქართველოს ბანკის"შეფთან _ ირაკლი გილაურთან გეგმავს შეხვედრას, რათა მის სახელთან ასოცირებული სამშენებლო პროფილის კომპანიები "მ2"-ს აყიდვინოს. ასევე, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული, რამდენიმე კომპანია "სამოქალაქო სექტორის პატრიარქმა""თი-ბი-სი ჯგუფს"შესთავაზოს. თუმცა, როგორც ამბობენ, მამუკა ხაზარაძე გარკვეული მიზეზებით "ვერ თუ არ"ხვდება ბატონ ივანიშვილს.
ივანიშვილი აქტივებს იშორებს. რატომ? ვერსიები შეიძლება მრავალი იყოს, ისევე როგორც მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წავლის შესახებ, თუმცა რეალური მიზეზი მხოლოდ მან იცის. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიჩნევს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია.
”ივანიშვილს საქართველოში ბიზნესის კეთების ინტერესი არ გააჩნია”
”ბიძინა ივანიშვილისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, საქართველოში იქნება იგი, თუ საფრანგეთში”
ლევან კალანდაძე: ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ არის ის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული საკუთარი აქტივების რეალიზაციას ახდენდეს. მან განაცხადა, რომ ერთი მხრივ მიდის აქტიური პოლიტიკიდან, არ აპირებს უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ჩაბმას და მეორე მხრივ, მას არ გააჩნია ინტერესი საქართველოში ბიზნესის კეთების. შესაბამისად, მისი ის აქტივები, რომლებიც საქართველოშია განლაგებული, გარდა საცხოვრებელი სახლებისა და მიწისა თბილისსა და სოფელ ჭორვილაში, მისთვის ამ თვალსაზრისით საინტერესო აღარ უნდა იყოს.
- თუ ივანიშვილი სიმბოლურად მხოლოდ საცხოვრებელ სახლებს იტიოვებს, რომელიც უხვად აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და აქ აქტივებს ყიდის, სად გააგრძელებს იგი ცხოვრებას?
- დიახ, ცალკე თემაა თუ სად გააგრძელებს ცხოვრებას ყოფილი პრემიერ მინისტრი – საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მაგალითად საფრანგეთში. თუმცა, იმ ტიპისა და ხასიათის საქმიანობისთვის, როგორსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს სამომავლოდ, პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, საქართველოში იქნება იგი, თუ საფრანგეთში. მან თანაბარი წარმატებით შეიძლება მართოს საკუთარი აქტივები, რომლებიც ძირითადად ევროპასა და აშშ–ში აქვს მას განთავსებული როგორც საქართველოდან, ასევე, საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების შემთხვევაშიც.
- მაგრამ მან პირობა დაგვიდო, რომ აგვღვზრდიდა ჭეშმარიტ საოქალაქო საზოგადოებად და ეს შორიდან უნდა გააკეთოს?
-არ მგონია, რომ სამოქალაქო აქტივობის მხრივაც შეეშალოს ხელი, ან რამით შეზღუდოს ყოფილი პრემიერ–მინისრტი იმ გარემოებამ, თუ სად იცხოვრებს მუდმივად.
-თუმცა მაინც ბუნდოვანია მისი გადაწყვეტილება, თქვენს ასე არ ფიქრობთ?
-დიახ, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია და გაკვეულ კითხვებს აჩენს. კერძოდ, ბატონმა ბიძინამ, და ეს ყველას გვახსოვს, განაცხადა, რომ არ აქვს საქართველოში ბიზნესის კეთების ინტერესი. ამავდროულად, იგი წარმოადგენს საქართველოში 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი და მასშტაბური საინვესტიციო ფონდის ერთ–ერთ მთავარ დამფუძნებელსა და ინვესტორს.
-ამ ფონდმა კი საკუთარი პროექტები საქართველოში უნდა განახორციელოს
-სწორედ მაგას ვამბობ, ამ ფონდის ინტერესების სფეროს კი, სწორედ საქართველოში სხვადასხვა მსხვილ ბიზნეს პროექტებში ინვესტიციების განხორციელება და მსხვილ პროექტებში თანამონაწილეობა წარმოადგენს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ბატონი ბიძინა ჯერ კიდევ ფლობს საქართველოში „ქართუ ბანკს“. როგორ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში ეს საკითხები, რომ ერთის მხრივ, ყოფილი პრემიერ–მინისტრი არ აპირებს საქართველოში ბიზნეს საქმიანობას და მეორეს მხრივ კი, ფლობს უმსხვილეს 6 მილიარდიან თანაინვესტირების ფონდს და ბანკს, ცოტა ძნელი ასახსნელია.
გეგა სილაგავა, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |