

|
(წერილი მეშვიდე)
აღვერიენით ერსა უცხოსა _ ეს სიტყვები არაბთა დაუძლეველი ბატონობისგან შეძრწუნებულ იოანე საბანისძეს ეკუთვნის და მე-8 საუკუნეში ითქვა. კონსტანტინე გამსახურდიამ სიკვდილის წინ მეფე გიორგის ასე ათქმევინა: “ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, ამიტომაც მშვენიერს “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს _ “ბერძნულს”, ხოლო საუკეთესო ცერცვსაც _ “ბერძნულს”. ალბათ, პატარა ერის კომპლექსია ასეთი გამუდმებული ლტოლვა და სწრაფვა უცხოურისკენ! მონობის უღელი ახალი აყრილი აქვს ჩვენს ქვეყანას (ისტორიისთვის 20 წელი არაფერია) და კრიზისული ეპოქის ქარ-ცეცხლში ვერ გაურკვევია ეროვნული თვითმყოფადობის საკითხი. არადა, არსებობის საზრისი საკუთარ ეთნო-კულტურულ თვითმყოფადობაშია. ტოტალური გლობალიზაციის პირობებში ეპოქალური მნიშვნელობის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური სახის შენარჩუნება, ეროვნული თვითმყოფადობა. მთლიანობაში კი დასაძლევია სულიერობისა და ჰუმანიზმის საყოველთაო კრიზისი, უკრიტიკო, შაბლონური, კოლექტიური აზროვნება თუ მონური მენტალობა.
ისტორიული ავბედობის გამო უამრავი ქართველი გარუსდა ჯერ მე-19 და შემდეგ მე-20 საუკუნეში. ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც ამ პროცესებმა გამოააშკარავა, იყო ქართული ანდაზის _ უნახავმა რა ნახა _ გამართლება, უცხოური კულტურის წამხედურობა, უცხო ენისა და ლიტერატურის ასიმილირებულ ლაქიებად გადაქცევა. ამის მიზეზი ძლიერი დამპყრობლის წინაშე ფარისევლობა, მონობა და მონური კეთილდღეობაა. “მიიხედ-მოიხედე, რა ხდება ირგვლივ ოთარ-ბეგ, _ ამბობს დედოფალი ზეინაბი ა. სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატში”, _ ყველგან მონობა, ტანჯვა, წამება, სიკვდილი, შური, მტრობა, ერთ თავისუფალ კაცს ვერსად ნახავ! მონობა, მონობა, მარტოოდენ მონობა, ვით შავ-ბნელი ღამე”. რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად ქართველები არა მხოლოდ რუსულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, არამედ რუსულ ენაზე ლოცულობდნენ. ეროვნული კატასტროფა დიდი ხნის დაწყებული იყო და მე-20 საუკუნის დასასრულიდან, როცა ნანატრი სახელმწიფოებრიობა გვეღირსა და თავისუფალი ქვეყანა(!) გავხდით, ვექტორები შეიცვალა. დაიწყო ევროპეიზაცია-ამერიკანიზაციის შეუქცევადი პროცესი _ ახალი კულტურული ექსპანსია. თანამედროვე ქართველს სხვა ხატი გაუჩნდა _ დასავლეთი: ოღონდ უცხოელივით გამოიყურებოდეს და აღიქმებოდეს, ოღონდ უცხოელივით მღეროდეს, ცეკვავდეს, სუნთქავდეს, ცხოვრობდეს და მანამ, სანამ თავისი ტალანტით დაუპყრია ევროპა თუ ამერიკა, დამამცირებელ სამუშაოსაც კი იტვირთავს უცხო ცის ქვეშ! დასავლეთის აბსოლუტურმა გაკერპებამ, ქართული მენტალობისთვის უცხო ყოველივე ევროპულისა და ამერიკულის თაყვანისცემამ საზოგადოება დააპირისპირა _ რუსეთუმე და ახალმოდის დასავლური ორიენტაციის ქართველები ვეღარ იყოფენ საქართველოს. მსგავსი ვითარებაა პოლიტიკურ სარბიელზეც: თითქოს ევროატლანტიკური ორიენტაცია მხოლოდ ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მის მარადიულ გუნდს ჰქონდა, ხელისუფლებას კი რუსეთისკენ მივყავართ (ქართული ბოდვის ფორმულა).
საკუთარი ქვეყნის გასაჭირისგან პირადი ინტერესებისთვის გაქცევა და უცხოეთში ვოიაჟი ძალიან გვიყვარს. ასევე, “ვაფანატებთ”: უცხოურ მანქანებს (კერპის რანგში), უცხოურ ენას, უცხოურ ფილმებს, უცხოურ ესტრადას, უცხოურ ცეკვებს, უცხოურ ინვესტიციებს (ნანატრსა და იშვიათს), უცხოურ ვალუტას!!! როცა საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, რუსულ სკოლაში შეგვყავდა შვილები, რადგან ეს წარმატებული ცხოვრების პერსპექტივა იყო. ახლა ოღონდ უცხოეთში გამიშვა სასწავლებლად, სამუშაოდ, მოსამსახურედ... და მერე თუნდაც თვალითაც არ მენახოს საქართველოს ედემი! ერთი რამ ბოლომდე მაინც გაურკვეველია, რომელი უკეთესია თანამედროვე ქართველისთვის: ამერიკანიზმი, როგორც სიცოცხლის კონცეპტუალური ორიენტაცია, თავისი უკიდეგანო დემოკრატიზმით, სექსის საჯაროობით თუ ევროპული მკაცრი და რაციონალური წესრიგი, კანონის უზენაესობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით?!
თანამედროვე საქართველოზე საუბარს რანაირად შეძლებ, “გრანტიყლაპია ენჯეოშნიკებზე” (როგორც ხალხში უწოდებენ), ანუ არასამთავრობო სექტორზე რომ არ თქვა ორიოდე სიტყვა: ზოგი მათ სოროსის მიერ დაფინანსებულებსა და, შესაბამისად, იეღოველებს, ანტიეროვნულ ძალებს ეძახის, ზოგიც _ საეჭვო უცხოური ორგანიზაციების ინტერესების გამტარებლებს, მავანი _ დემოკრატიული ფასეულობებისა და სიმართლის დაუფარავად თქმის ინსტანციად მიიჩნევს. მთავარი ისაა, რომ ისინი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელნი იყვნენ, უყვარდეთ თავიანთი სამშობლო, რადგან ქვეყნის მსახურება, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება მხოლოდ მარადიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი და არა პირადი გამორჩენისა და განდიდების ვნებით. ურიგო არ იქნება, თუ შეუმცდარისა და შეუვალის იმიჯს შეველევით და უფრო კონსტრუქციულები გავხდებით.
მე-20 საუკუნის ჯინსების თაობა 21-ეში კომპიუტერებისამ ჩაანაცვლა. პლანეტის მოსახლეობის თითქმის 20% გახდა სოციალურ ქსელზე დამოკიდებული. ბევრი ჩვენგანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე, რომელზეც დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. კომპიუტერით მიღებული ცოდნა ინფორმაციული ხასიათისაა და სიღრმეების წვდომისკენ არ არის ორიენტირებული. ის თვალს უფრო ახარებს, ვიდრე _ გონებას. ჩვენ უკიდურესობების ერი ვართ და ზომიერება გვაკლია ყველაფერში. თუ უფრო წინ არ გავიხედეთ და წიგნიერების კულტურა არ დავიბრუნეთ, შესაძლოა, საიტებში დაკარგული თაობა შეგვრჩეს ხელში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მედიკოსების განმარტებით, მასობრივი ფსიქოზი ფსიქიკური ეპიდემიაა, რომელსაც მიმბაძველობა და შთაგონებადობა უდევს საფუძვლად. ის მოიცავს ადამიანთა ჯგუფს (შედარებით მცირეს ან საკმაოდ დიდს). ფსიქოზისას ადამიანი კარგავს ნორმალური განსჯის უნარს და ერთი აზრი იპყრობს. ფსიქოზის უკიდურესი გამოვლენაა მასობრივი ისტერია. ფართოდ გავრცელდა მასობრივი ფსიქოზის ისეთი ფორმები, როგორებიცაა: კომპიუტერული თამაშების მანიაკური სიყვარული _ აზარტული თამაშებისადმი მანიაკური მიდრეკილების ერთ-ერთი ფორმა; ჩატომანია _ მისი საფუძველია ურთიერთობისა და თვითრეალიზაციის მასობრივად დაუკმაყოფილებელი გრძნობა; სოციალური ქსელები _ ურთიერთობის ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი ფორმა ყველა მეტ-ნაკლებად აქტიურ მომხმარებელს “ასაჩუქრებს” დროის ფუჭი კარგვით და ფსიქოლოგიური პრობლემებით, რომლებიც შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობის შერყევის მიზეზადაც იქცეს. უმუშევარიც და ჯაფისგან გაცრეცილი ქართველობაც ერთიანად გადაეშვა ვირტუალურ სამყაროში. სოციალურმა ქსელებმა (“ფეისბუქმა” და რაიონებში “ადნაკლასნიკებმაც”) წალეკა ქვეყანა. მივიღეთ აუხდენელ-განუხორციელებელ ოცნებათა ვირტუალური რეალობა _ მუდმივ ონლაინ ყოფნა. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს დალაიქება, დაკომენტება, დაშეარება, არც იმის დათაგვა, სად ვართ, ვისთან ერთად და რას ვაკეთებთ _ ყავა შაქრიანია თუ უშაქრო, კაფეში რაზე ვსაუბრობთ (ვისთან ერთად), წირვა-ლოცვაზეც რომ ვდგავართ და აღსარებასაც რომ ვაბარებთ, მერე რომ ვეზიარეთ... რა აღარ ხდება ფორუმებზე _ რა ცოდვა-მადლის განკითხვაა, სიყვარულის ახსნითა და უკიდურესი უწმაწური, დაუკმაყოფილებელი ხალხის განწირული ღაღადით პოლიტიკაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, მართლმადიდებლობაზე... აგრესიით, სიძულვილით აღსავსე პოსტები, კომენტარები, “ფეისების” განკითხვით დაწყებული, პოლიტიკოსებისა და ეკლესიის საჭეთმპყრობლის სიძულვილ-სიყვარულის გაუგონარი ექსპრესიით დამთავრებული. მოკლედ, მეორედ მოსვლა მართლა კარსაა მომდგარი!
ხშირად ჩვენს თანამედროვე ყოფას უწოდებენ “პროვინციალურს”, ოღონდ ეს ცნება ადამიანის შინაგანი სტატუსის გამომხატველია და არა _ გეოგრაფიულისა. სად დაიბადე და ვისი შვილი ხარ?! _ სწორედ ესაა დედაქალაქის სნობური კულტურისადმი მიკუთვნების მექანიზმი და მას ჭეშმარიტ ღირებულებასთან საერთო არაფერი აქვს. თუ დღევანდელი კაცობრიობის პროგრესად დემოკრატიული ღირებულებები და, მათ შორის, განსხვავებული აზრის პატივისცემაა აღიარებული, რანაირად შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკურ იდეოლოგიად ადამიანის დაბადების ადგილის თეორია იქცეს (თუმცა, სხვა საქართველო სად არის?!). გონების ატროფია შეიძლება ეწოდოს შეკითხვას: თბილისის მერი აქაური უნდა იყოს თუ, როგორც “სვეტი თბილისელები” იტყვიან, რაიონიდან “ჩამოთრეული”?! სნობიზმი და პროვინციალიზმი ვლინდება ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაში. “სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, _ ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს, თორემ ყველაზე დიდი ევროპელი ჩარგალში ცხოვრობდა და ლუკა რაზიკაშვილად იცნობდნენ” (ც. ბუკია). ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ, ისე, მაინც ცნობისთვის, მე-20 საუკუნეში “ჩამოთრეულები” იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია _ აბაშიდან, მიხეილ ჯავახიშვილი _ წერაქვიდან, ნიკო ლორთქიფანიძე _ ჩუნეშიდან, დავით კლდიაშვილი _ სიმონეთიდან, აკაკი შანიძე _ ნოღიდან, რევაზ ლაღიძე _ ბაღდათიდან, ბიძინა კვერნაძე _ სიღნაღიდან, ჯანსუღ კახიძე _ ობჩიდან, ეროსი მანჯგალაძე _ ღანირიდან, სერგო ზაქარიაძე _ ზესტაფონიდან, გალაკტიონი _ ჭყვიშიდან, გიორგი ლეონიძე _ პატარძეულიდან, ანა კალანდაძე _ ხიდისთავიდან... ამასთანავე: ედუარდ შევარდნაძე _ მამათიდან, ბიძინა ივანიშვილი _ ჭორვილიდან, ჩიორა თაქთაქიშვილი და ერეკლე (ეკო) დეისაძე _ სავარდო და სამაისო ქუთაისიდან, ივანე (ვანო) მერაბიშვილი _ უდედან (ადიგენი), დემეტრე (დუტა) სხირტლაძე _ თელავიდან... სამაგიეროდ, თბილისში დაფრთიანდნენ: მიხეილ (მიშა) სააკაშვილი, ნიკოლოზ (ნიკა) რურუა, აკაკი (აკო) მინაშვილი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი, გიორგი (გიგი) უგულავა, გიორგი (გოგა) ხაჩიძე, ზურაბ (ზურა) ჭიაბერაშვილი, გივი სიხარულიძე, გიგი თევზაძე, კოტე ყუბანეიშვილი, ზაზა ბურჭულაძე... საქართველო არა მხოლოდ კუთხეებადაა დაყოფილი, არამედ _ უბნებადაც. თბილისელობა ვერა-ვაკე-საბურთალოს საზღვრებში უფრო ჯდება. ნუ, ახლა, გლდანი, ვარკეთილი, სამგორი თუ სანზონა სოფელია, აბა, რაა!
როგორც ჩანს, ქალაქური თუ სოფლური სნობიზმ-პროვინციალიზმი ყურადღების დეფიციტმა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების არასწორი გზის ძიებამ გაამძაფრა. ჩვენ ირგვლივ მომრავლდნენ არარეალიზებული ადამიანის ტიპები (ამ ტოტალური უმუშევრობის ფონზე სხვას რას უნდა ველოდოთ), რომლებიც ხშირად არაადეკვატური ქცევითი აქტივობებით ცდილობენ “ელიტაში” თვითდამკვიდრებას, “ფეისებთან” დამეგობრებას. როგორც ზაზა შათირიშვილი ამბობს, ტფ/თბილისური კულტურა მთლიანად სანახაობრივ-კარნავალურია, “მონტაჟურია”, რომელშიც მთავარია არა ლიტერატურა, არამედ კინო და თეატრი ან, ზოგადად, სანახაობა (შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის უშურველი დახმარება, ძირითადად, სახელოვნებო წრეების და არა, ვთქვათ, მეცნიერების მიმართ სანახაობრივ-კარნავალური კულტურისკენ სწრაფვითაც იყო განპირობებული). იქნებ ესეცაა მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი ფორმაზე უფროა აქცენტირებული, ვიდრე _ შინაარსზე. ეს ძალიან კარგად ჩანდა სააკაშვილის რეჟიმის დროს: აქცენტირებული იყო ფასადები, ოღონდ კარგად შეფუთული ყოფილიყო, გარედან თვალის გასახარად, საამებლად და შიგნით რა ხებოდა ან როგორი ხარისხის ფასად შენდებოდა, ამას არავინ დაგიდევდათ. დღესაც, წვიმასა და ავდარში, ეროვნული შემართებით ამაყად, ტყლაშატყლუშით დავაბიჯებთ ნაციონალური ხელისუფლების მიერ დაგებულ ფილაქნებზე.
ჩვენი ვითომ დასავლურ-ევროცენტრისტული ორიენტაციაც ფასადურია და მას ევროპულ ღირებულებებთან საერთო ძალიან ცოტა აქვს. მინიმუმ უნდა გავექცეთ ეროვნული თვითგანდიდების ნაცად კონოტაციებს, პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ხალხის სახელით მანიპულირებას, წიგნის სიყვარული, წიგნთან ურთიერთობა და, ზოგადად, წიგნიერება უნდა დავიბრუნოთ. ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს (ფიქრში იბადება ჭეშმარიტება), ამ გზით მივალთ თითგანწმენდამდე. სამოქალაქო საზოგადოება რომ ჩამოყალიბდეს, მოქალაქის, მამულიშვილის შეგნებით უნდა მოვეკიდოთ საზოგადო საქმეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, ჩვენი საპატრონო და მისახედია. სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი პირდაპირი პასუხია იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით მონობაში. ამდენად, უპირველესად, მონური ფსიქოლოგია უნდა დავამარცხოთ, საკუთარ თავში აღვზარდოთ თავისუფლების სიყვარული, რომელიც გულისხმობს კანონის საყოველთაო პატივისცემას, წესრიგს, დროის ფასსა და შრომის კულტურას.
მიუხედავად ამ სირთულეებისა (ქაფისა და ჭუჭყისა), რომელთა განმაპირობებელი მრავალი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, ბედნიერი ვარ, რომ ცოტას, მაგრამ მაინც ვიცნობ თავისი საქმის მცოდნეს, კომპეტენტურს, სამშობლოს მოყვარულს, ნონკონფორმისტს, ერთგულს, ერის ბედზე ჩაფიქრებულ ქართველს, რიგითი ადამიანის ცხოვრების კულტურა რომ არ დაუკარგავს, ფულსა და თანამდებობაზე რომ არ გაუცვლია ღირსება, პატიოსნება... ასეთები რომ არა, აზრს დაკარგავდა ამ ქვეყანაში ცხოვრება.
დასასრულ, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჩვენი ერის წინაშე მდგომ პრობლემებზე, ყველაფერი აზრს კარგავს, თუ “ერთმანეთობის სიხარული” (რეზო ინანიშვილი), ერთმანეთის პატივისცემა, ნდობა და სიყვარული არ დავიბრუნეთ. ობოლი ერი ვართ (ო. ჭილაძე) და ასე დაუნდობლად არ უნდა ვძიძგნოთ ერთმანეთი. დღესაც არ კარგავს ძალასა და აქტუალობას ჩვენი დიდი წინაპრის ღაღადისი: “ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა” (ვაჟა-ფშაველა).
საბა მეტრეველი, გაზეთი „პერემიერი“
დასასრული
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |