![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალეკო ნინუას დაპატიმრება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მათ შორის, როგორც ჩანს, არც თვით ნინუასთვის, თუ მისი განცხადებებითა და წინასწარი PR-აქციებით ვიმსჯელებთ. არათუ მოულოდნელი, არამედ გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, პროკურატურას კითხვები არ გასჩენოდა იმ უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში ყიდულობდა იარაღს ქართული არმიისთვის.
თითქოს სულ სხვა საკითხია, რომ იმ იარაღის დიდი ნაწილი, რაც მოსახლეობისგან (მათ შორის საცოდავი "წვრილი მოვაჭრეებისგან") ბიუჯეტის სასარგებლოდ ახეული ფულით "ვიყიდეთ", 2008 წლის აგვისტოში რუსებმა და ოსებმა წაიღეს ხითხითით. ეს გარემოება ნაგულისხმევ კითხვებს მხოლოდ აძლიერებს და არსებითად ბევრს არაფერს ცვლის იურიდიული თვალსაზრისით, თუმცა პოლიტიკურად უამრავი რამ მართლაც გასარკვევია: რა იდიოტიზმი იყო ტანკებისა და სხვა შეტევითი იარაღის მთების შეძენა მაშინ, როდესაც რუსეთი ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის? ახლა გვიმტკიცებენ, რომ იცოდნენ: სწორედ რუსეთი ემზადებოდა. და თუ ასეა, მაშინ განა თავდაცვითი იარაღის შეძენა არ სჯობდა?
ნებისმიერ დამკვირვებელს (პროკურატურაში რომც არ იჯდეს) აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი: პოლიტიკური შეკვეთის გარდა, არსებობდა კიდევ კონკრეტულ ჩინოსანთა მსუყე ინტერესიც, ხოლო ლობირება ხდებოდა ზუსტად იმ მიმართულებით, სადაც მეტის შოვნა შეიძლება.
ოღონდ საკითხავია, რატომ მხოლოდ ნინუა და ვინ დაიჯერებს, რომ ნინუა ან მისი წინამორბედები იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სრულიად უსარგებლო სამხედრო ტექნიკის შესყიდვის თაობაზე. თანაც, ძირითადად პოსტსაბჭოურ ქვეყნებში!
იმ დროს (ესე იგი 2008 წლამდე) დასავლეთის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწესებული ემბარგო საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე, ანუ სავსებით შესაძლებელი იყო თანამედროვე, დასავლური წარმოების მობილური ტანკსაწინააღმდეგო თუ სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენა, ნაცვლად დანჯღრეული, მრავალგზის ჩამოწერილი და ასჯერ გადაღებილი უკრაინული ტანკებისა, რომლებიც პირველივე სწავლებაზე ფუჭდებოდნენ.
ექსპროკურორმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე, მისი წინამორბედის, გიორგი ბარამიძის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის დაპატიმრებაც მოითხოვა, რაზეც ბარამიძემ უპასუხა, რომ ახალ ტექნიკას (იგულისხმება ისევ და ისევ ტანკები) არავინ მოგვყიდდა, ნახმარს კი, რა თქმა უნდა, რემონტი რეგულარულად დასჭირდებოდა. ამ საქმეში მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩაერია, ხოლო პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს მცირე ხნით კიევში გადაფრენა მოუწია საქმის ჩასაფარცხად, თორემ უკრაინელები სამხედრო კონტაქტების გაუქმებითაც იმუქრებოდნენ, თუ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ შეწყდებოდა.
ამასობაში, მიშა ებრაული "მერკავას" ყიდვას გეგმავდა აღლუმებზე საჩვენებლად. სულ ორ ეგზემპლარზე იყო საუბარი, მაგრამ ჭკვიანმა ებრაელებმა დროულად თქვეს უარი. ახლა უკვე ძნელად დასადგენია, რატომ: ნუთუ იმიტომ, რომ ეს ტანკებიც როსტოვში არ აღმოჩენილიყო?
სამაგიეროდ, უკრაინული ტანკოდრომებიდან დანჯღრეული ტექნიკის შესყიდვა "ვახტური მეთოდებით" გრძელდებოდა, რაკი ასეთი იყო პოლიტიკური შეკვეთა. ვინ რამდენი "მოტეხა" და ვინ ვის ჩაუტანა წილი - გამოძიების გასარკვევია. ფაქტია, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის სხვაგვარად არ და ვერ ხდება: "ოტკატი" ამ ცივილიზაციის პაროლია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთ მხარეს რეგიონის ანტიკორუფციულ ლიდერად მოაქვს თავი. მოგაქვს და მოგქონდეს - მაშინ შენთან საქმეს უბრალოდ არ დაიჭერენ, რაკი საეჭვოდ მოეჩვენები.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რამდენი დაიხარჯა 2004 წლიდან 2008 წლამდე (სწორედ ამ პერიოდში) სამხედრო ჯართის შესყიდვაზე, რომლის უდიდესი ნაწილი კარალეთის ტყეებსა და ცხინვალის სანახებში დარჩა. ზოგიერთი ცნობით, 1,5 მილიარდი დოლარი ყოველწლიურად! ანუ, მთლიანობაში, 4-5 მილიარდი დოლარი მაინც. ზოგიერთები 6-7 მილიარდ დოლარსაც ასახელებენ. ეს ფული რომ ეკონომიკის განვითარებას, შიდა ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურას მოხმარებოდა, დღეს საქართველო საშუალო აღმოსავლეთ ევროპული დონის ქვეყანა იქნებოდა ყველა თვალსაზრისით.
ისიც არ არის შემთხვევითი, რომ უკლებლივ ყველა ჩინოსანი, ვისაც ამ ბნელ საქმესთან დაკავშირებით აპატიმრებდნენ და აპატიმრებენ, ღრმა პატივისცემას გამოხატავს მინისტრის (მინისტრების) მიმართ, მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და კეთილშობილი რაინდის როლში გვევლინება, რომელმაც ადამიანი ცრუდ არ დაასმინა. სინამდვილეში, ეს ძალიან ჭკვიანური ტაქტიკაა, რითაც საკითხის პოლიტიზება ხდება. ანუ, რაიმე კერძო დაინტერესება კი არ ყოფილა უკრაინული ჯართის შესყიდვისას, არამედ პოლიტიკური სტრატეგია იყო ასეთი.
ბოლო დროს, ირაკლი ალასანიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამიერიდან არმია უფრო თავდაცვითი შეიარაღებით აღიჭურვება, ხოლო თანამედროვე სისტემებს დასავლურ ქვეყნებში შეიძენენ იმ ფულით, რაც საბჭოური წარმოების ტანკების გაყიდვით ამოიგება. "გავყიდოთ აფრიკაში და ვიყიდოთ ბელგიაში" - როგორც ჩანს, ეს ხდება სახელმძღვანელო დევიზი.
თუ დავივიწყებთ, რომ ტრაიბალისტური ომების მონაწილე აფრიკელთა გარდა, ნახევარსაუკუნოვან უკრაინულ ტანკებს არავინ იყიდის, მაინც უნდა გვიხაროდეს, რაკი, ჯერ ერთი, ევროპაში სიტყვა "ოტკატის" მნიშვნელობა ბევრად ნაკლებმა ჩინოსანმა იცის (იქ ყველაფერი, რაც სამხედრო შესყიდვებს უკავშირდება, გამადიდებელი შუშის ქვეშაა) და, როგორც იქნა, გვეღირსა ხელისუფლება, რომელიც შედარებით ადეკვატურად აფასებს ქვეყნისა და მისი არმიის შესაძლებლობებს.
გელა კალანდაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |