|
"ამ საქმეში ჩარეული იყო პროკურორის ნათესავი"
სამუდამო თავისუფლებააღკვეთილი, საქართველოს მოქალაქე საიათ ისმაილოვიც დიდი ხანია ასაჩივრებს მის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას. მისი ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის თქმით, ისიც უდანაშაულოა, თუმცა სააკაშვილ-ადეიშვილის პროკურატურამ, გარკვეული დაინტერესების გამო, ეს მძიმე ბრალდება მაინც შეუთითხნა.
ზურაბ როსტიაშვილი _ საიათ ისმაილოვის ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი:
_ სამუდამოპატიმრობამისჯილი საიათ ისმაილოვი 2007 წელს თბილისში დააკავეს. ეს სასტიკი განაჩენი კი, 2007 წლის 9 ნოემბერს გამოიტანა ზუგდიდის სასამართლომ. მოსამართლე, პროკურატურის მონა-მორჩილი და ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი, დავით კეკენაძე გახლდათ. აქვე ვიტყვი, რომ მაშინ ზუგდიდის პროკურორი როლანდ ახალაია იყო და იქ რაც ხდებოდა, ალბათ, წარმოგიდგენიათ. ვის დაჭერასაც ახალაია მოისურვებდა, იჭერდნენ, ვისზედაც რა სასჯელი უნდოდა, ის გამოჰქონდა სასამართლოს და სიტყვის შებრუნებას ვერავინ უბედავდა. მონა-მოსამართლე კეკენაძეს, ცხადია, ეს "პირობა" არ დაურღვევია.
საიათ ისმაილოვი საქართველოს მოქალაქეა, წარმოშობით ბოლნისიდან არის. მძღოლია, ავტობუსი ჰყავდა და ინდმეწარმეები, რომლებიც ბაქოდან ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ, თბილისიდან ბაქოში დაჰყავდა. მისი კლიენტები იყვნენ ზუგდიდელი ცოლ-ქმარი ვეფხია ბიგვავა და ლალი გვილავა. ისმაილოვს ბრალი სწორედ მათთვის ნარკოტიკის მიყიდვაში სრულიად ტყუილად დასდეს.
_ საქმის მასალების მიხედვით, რა გარემოებებში ჩაიდინა ეს დანაშაული ისმაილოვმა?
_ არ ჩაუდენია მას ასეთი რამ და ეს ფაქტებითაც მტკიცდება, თუმცა პროკურატურამ ასეთი საქმეების თითხვნის მეტი რა იცოდა?! დააბრალეს, თითქოს ნარკოტიკი მან თბილისში შეიძინა, ჯერ 10 გრამი, მერე 20 და ბოლოს 36 გრამი, რომელიც ვეფხია ბიგვავას მიჰყიდა. არ არის აღნიშნული, რა ვითარებაში შეიძინა თავად ისმაილოვმა ეს ნარკოტიკი, უბრალოდ, ჩაწერეს, რომ დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა და მერე მიჰყიდა ვეფხია ბიგვავასო. ისმაილოვს ამდენი ნარკოტიკი მართლაც რომ ჰქონოდა, ციდან ხომ ვერ ჩამოუფრინდებოდა, თუ ეს მართლა გაარკვიეს, იმას ვერ გაიგებდნენ?! საქმის მასალებიდან ჩანს და არავინ უარყოფს, რომ ლალი გვილავა ხშირად მგზავრობდა ისმაილოვის ავტობუსით და აქედან შედგა მათი ოჯახური ნაცნობობაც. ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ისმაილოვთან. ამიტომაც საქმეში ჩაწერეს, თითქოს მან ნარკოტიკი მისცა ჯერ ლალი გვილავას, მერე ცოლმა ქმარს გადასცა და ბიგვავამ გაასაღაო. ეს რაც მოგიყევით, ლალი გვილავამ, მასზე ზეწოლის მიუხედავად, არაფრით არ დაადასტურა.
ისმაილოვი ბაქოში, რეისში მიდიოდა, როცა დააკავეს. ზუგდიდიდან ამ რეისით მას ბაქოში უნდა წაეყვანა 4 პიროვნება, მათ შორის ლალი გვილავაც, მაგრამ სხვები ჩამოვიდნენ, ლალი კი _ არა. ისმაილოვმა ზუგდიდში გადაურეკა მას და მაშინ გაიგო, რა შეემთხვა ცოლ-ქმარს. დედამისმა უთხრა, რომ ლალი და მისი ქმარი დააპატიმრეს. ისმაილოვი ბაქოში როცა წავიდა, მისთვის უკვე ცნობილი იყო ბიგვავასა და გვილავას დაპატიმრების შესახებ და წარმოიდგინეთ, მას მართლაც რომ ჰქონოდა ხელი ასეთ საქმეში გარეული, ამჯერად რატომ გარისკავდა, იგივე გაეკეთებინა?! უკან დაბრუნებისას უპრობლემოდ გადმოლახა აზერბაიჯანის საზღვარი. მოგეხსენებათ, საზღვარზე ჰყავთ ნარკოტიკის სუნზე დაგეშილი, მაძებარი კოკესპანიელები. აზერბაიჯანის მხარეს ავტობუსი თავიდან ბოლომდე ყველა მეთოდით გაჩხრიკეს, მაგრამ იქ ნარკოტიკი არავის აღმოუჩენია. საქართველოს საზღვარზე, ძაღლის მეშვეობითაც ეძებეს და არც იქ აღმოჩენილა არანაირი ნარკოტიკი, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ მოვიდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები და უკვე მათ დაიწყეს ავტობუსის ქექვა. ერთ-ერთმა მათგანმა ისმაილოვს ფეხიც კი ჩაარტყა და უთხრა, უკან გადიო. ის უკან გაიყვანეს, ერთ-ერთი კი თითქოს საჭეს შლიდა და იქ ნახა 0,96 გრამი ნარკოტიკი. სინამდვილეში მათ ჩადეს ეს იქ და თავადვე ამოიღეს. დაკავების შემდგომ კი ისმაილოვს ერთ ეპიზოდში 10 გრამი ნარკოტიკის მიყიდვა დასდეს ბრალად, მეორე ეპიზოდში _ 20 გრამის, მესამეში კი 36 გრამის და ისე, რომ მტკიცებულებები არ ჰქონიათ, უმძიმესი ბრალდებით გაუშვეს ციხეში
_ კი მაგრამ, არ ეუბნებოდნენ, ეს ინფორმაციები საიდან მოვიტანეთო?
_ რის გამოც მოხდა ეს ყველაფერი, ბოლომდე ვერ გეტყვით, რადგან ეხება ერთ-ერთ ოჯახს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისმაილოვს ვერავინ ვერ "ჩაუშვებდა", რადგან სინამდვილეში, მას ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მას ამ რეისებით ისედაც კარგი შემოსავალი ჰქონდა და ასეთი ბინძური საქმის გაკეთება აღარ სჭირდებოდა. ერთ მეტად საინტერესო ფაქტს გეტყვით, საიათ ისმაილოვის დამჭერი ერთ-ერთი პოლიციელი, ამ ამბიდან ერთ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დააკავეს. ამ საქმეში კი ჩარეული იყვნენ კოხტა კოდუა და მისი მეგობრები.
_ ბიგვავასა და გვილავას რა ბედი ეწიათ, მათ რა განაჩენი გამოუტანეს?
_ გვილავა სასამართლოზეც აცხადებდა, რომ ისმაილოვს მისთვის არანაირი ნარკოტიკი არ მიუყიდია, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლე ნარკოტიკის მომხმარებელი მართლაც იყო. მას იცავდა პოლიციის მონა-მორჩილი ადვოკატი ხევსურიანი, რომელიც გვილავას მაგივრად პასუხობდა ბევრ კითხვას. ჩვენ დაკითხვის დროს მისი პასუხები მოვითხოვეთ და მან ისმაილოვთან ამ სახის ურთიერთობა კატეგორიულად უარყო. პროკურატურის ვერსიით, ბიგვავამ ნარკოტიკი თითქოს ვინმე ჯამბულ მანიაზე გაასაღა, მაგრამ მანაც უარყო ეს ამბავი. თქვა, ნარკოტიკი ერთად გაგვიკეთებია, მაგრამ ჩემთვის არ მოუყიდიაო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსამართლე დავით კეკენაძემ, სამუდამო პატიმრობის გარდა, 150 ათასი ლარიც დააკისრა ჯარიმის სახით საიათ ისმაილოვს, მაგრამ ეს განაჩენის გამოცხადების დროს არ თქვა. მხოლოდ მაშინ გავიგეთ ამის შესახებ, როცა განაჩენი ჩავიბარეთ. ადამიანს მისცეს მუდმივი პატიმრობა, არავინ უწყის ამის შემდეგ ოდესმე ციხიდან გამოვა თუ არა და თან 150 ათასი ლარის გადახდასაც აკისრებ სახელმწიფოს სასარგებლოდ. როგორი ტვინგაყინული და გულგაციებული უნდა იყო, ეს რომ გააკეთო, მაგრამ მონა მოსამართლეები ამაზე მეტსაც იღებდნენ საკუთარ თავზე, ოღონდ პროკურატურისთვის ესიამოვნებინათ.
_ ეს სასამართლოს ლაფსუსია?
_ უსინდისო ადამიანს შეუძლია მხოლოდ ამის გაკეთება. პროკურატურისგან მოსამართლე კეკენაძე, ეტყობა, ისე იყო დაშინებული, საკუთარ ჩრდილსაც კი უფრთხოდა. ეს ლაფსუსი კი არა, მონობუსია, რაც მონობაში მყოფ პატარა კაცს ნიშნავს.
_ რატომ იყო იდეფიქსი პროკურატურისთვის და პოლიციისთვის ისმაილოვის დაპატიმრება, სამუდამოდ ციხეში გამოკეტვა, თუ ის სრულიად უდანაშაულო იყო, მაინც ვერ გავიგე?!
_ ამ საქმეში ჩარეული იყო პროკურორის ნათესავი, ამიტომ ვინმესთვის ეს საქმე ბოლომდე უნდა დაებრალებინათ, ის რომ მშრალად გამოსულიყო. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამჯერად, ისმაილოვი მართლა უდანაშაულოა.
როცა ადამიანს აკავებენ, კანონით ვალდებულები არიან, აუხსნან, რისთვის ხდება მისი დაპატიმრება, მაგრამ ისმაილოვისთვის დაკავების ოქმი არ გადაუციათ. საბრალდებო დასკვნა არ მიუციათ, ნათარგმნი განაჩენი აზერბაიჯანულ ენაზე არ ჩაუბარებია. წესით, მათ, ასევე, უნდა ეთარგმნათ ეს ყველაფერი და ისე გადაეცათ, რადგან მან მხოლოდ აზერბაიჯანული ენა იცოდა, მაგრამ არც კანონი და არც ისმაილოვი არაფრად არ ჩააგდეს. მის თავს ყველაფერი კანონდარღვევით მოხდა და ახლაც ასე ზის ციხეში სამუდამოპატიმრობამისჯილი.
ამ საქმის გამომძიებელი გახლდათ ვინმე ლაზიშვილი. როცა საქმის მასალები მოვთხოვე, არ მომცა, მერე კი ჩემს წვალებაზეც გადავიდა, ნაწილი მომცა და მთლიან მასალებზე პირდაპირ განმიცხადა, არ გაძლევ და რაც გინდა ის ქენიო. ავდექი და ვიჩივლე. მაინც მივაღწიე და ყველა მასალა ჩავიგდე ხელში. ჰოდა, მეტად უცნაური რამ აღმოვაჩინე ამ მასალებში. ეს იყო საქმის გაყალბების თვალნათელი მაგალითი. მასალებში აღმოჩნდა ერთი და იგივე რიცხვით და საათით გატარებული ისმაილოვის დაკითხვის ორი ოქმი. ერთში ეწერა, რომ მან ნარკოტიკი მარტსა და აპრილში გაასაღა, მეორეში კი _ მაის-ივნისშიო. როგორც ჩანს, დაავიწყდათ, პირველ ყალბ ოქმში რა ჩაწერეს და მეორე ოქმში სულ სხვა რამ ამიტომაც წერია. ამაზე მეტად როგორ უნდა გაეყალბებინათ საქმე?! სასამართლო პროცესზეც ბევრი რამ არ დადგენილა, თუმცა მიუხედავად ამისა, დავით კეკელიძემ პროკურატურისა და პოლიციის დავალება ზედმიწევნით შეასრულა და უსინდისოდ, მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა ისმაილოვს. ლალი გვილავა და ისმაილოვი, ერთი პერიოდი ზუგდიდის ციხეში ისხდნენ და იქ მოუწიათ ერთმანეთთან შეხვედრაც. გვილავამ მას პირდაპირ უთხრა, მაიძულებენ, ხელი დაგადოო. მეუბნებიან, ციხეში დაგალპობთ, რასაც გეუბნებით, იმას თუ არ გააკეთებო.
_ ნაციონალური ხელისუფლება ასე ადვილად რატომ წირავდა ადამიანებს სამუდამოდ ციხეში გამოსაკეტად?! რატომ უთითხნიდნენ უდანაშაულო ადამიანებს მძიმე ბრალდებებს? მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი პატიმარი ჰყოლოდათ და საკუთარი ძლიერებით დამტკბარიყვნენ?
_ მათ უნდოდათ საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ძალიან მაგრები იყვნენ. ბევრი დანაშაულის გახსნაც პიარის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ეს ხალხზე მართლაც მოქმედებდა. იმ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან ადვოკატები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, ბატონო ზურა, თქვენი ქვეყანა აყვავებულა და სამუშაოდ მანდ გვინდა ჩამოსვლაო. ვუმტკიცებდი, რომ აყვავებული კი არა დაქცეული იყო, მაგრამ ზოგს თუ ვაჯერებდი, ზოგი მაინც ეჭვით ისმენდა ჩემს ნათქვამს. ისეთ რეკლამებს უკეთებდნენ ყველაფერს, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გეგონებოდათ. სინამდვილეში საქართველოში სამართალი კი არა, მიშას ბანდა ზეობდა და "გულაობდა".
_ ახლა ხომ შეიცვალა ხელისუფლება, არ ჩივის ისმაილოვი, თუ ის მართლა უდანაშაულოა, რომ მისი საქმის გადახედვაც მოხდეს? არ მოითხოვს, მის მიმართ სამართალი აღდგეს?
_ ბოლოს რომ ვნახე, მე-6 დაწესებულებაში ჰყავდათ. როგორ არ ჩივის, მეც ვჩივი, მაგრამ ამ ხელისუფლებამაც კარგად გაგვაცურა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ სამართალი იზეიმებდა. ამ უსინდისო ნაციონალებმა ზოგს ქონება წაართვეს, ზოგს _ ფული, ზოგს უდანაშაულოდ მიუსაჯეს მუდმივი პატიმრობა და ნელ-ნელა ხომ უნდა დაიწყოს ამ უკანონობის გამოსწორება? რეჟიმისგან დაზარალებულ ადამიანებს საკუთარი ქონება ხომ უნდა დაუბრუნონ?! ჩამოიყვანონ მიშა ამერიკიდან, სხვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეკრიბონ და აზღვევინონ ყველაფერი, ეს რთული რატომ არის ახალი ხელისუფლებისთვის, არ მესმის. ლაზიშვილისნაირმა გამყალბებელმა გამომძიებლებმა, კეკენაძისნაირმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა პასუხი უნდა აგონ იმის გამო, რაც მათ ხალხის წინაშე ნებით, შიშითა თუ ძალდატანებით ჩაიდინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გაყალბებული საქმეების შესწავლა ჯერ აზრადაც არავის მოსდის, ეს ხალხი კი ციხეში სულს ღაფავს. ასეთი გულგრილობა როგორ შეიძლება?! როცა ზუგდიდში მოწმეების დაკითხვას ვახდენდი, რამდენიმე ადვოკატმა ისიც კი მითხრა, როგორ ბედავ, როგორ არ გეშინია ახალაიასი, როლანდი აუცილებლად დაგიჭერს, გიჟი ხომ არ ხარო?! ადვოკატებიც კი შიშის ქვეშ იყვნენ და წარმოიდგინეთ, ადამიანის უფლება როგორ იყო ფეხქვეშ გათელილი. ამ საქმეების გადასახედად აუცილებლად უნდა შედგეს კომისია და მან შეისწავლოს ყველაფერი. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ის მითხარით, საიდან დაუბრუნდება ხალხს ხელისუფლებისადმი რწმენა და სამართლიანობის აღდგენის იმედი?! თუ ასე გაგრძელდება, ხალხი მართლაც თავად დაიწყებს ანგარიშსწორებას იმ ადამიანებთან, ვინც ამ დღეში ჩაყარათ. სიტუაცია უკონტროლო გახდება და ახალმა ხელისუფლებამ მერე ეს სხვას არ დააბრალოს.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |