|
“სირცხვილია, სახელისუფლებო პარტიას ჰყავდეს მერობის კანდიდატი, რომელიც ქვეყნის დანაწევრებას, დახლეჩას უჭერდა მხარს”
“ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის წევრი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია პოსტიდან გადააყენოს და თბილისის მერობის კანდიდატობიდანაც მოხსნას. საკითხის ირგვლივ “პრემიერი” ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.
_ ბატონო ლევან, რატომ ითხოვთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თანამდებობიდან განთავისუფლებას?
_ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით თავდაპირველად წარმოდგენილი იყო კონკრეტული კონცეფცია, რომელიც არაპროფესიულად იყო გაწერილი და არ ეტყობოდა, რომ მასზე ექსპერტებს ჰქონდათ ნამუშევარი. შესაბამისად, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა გამოთქვა შიში იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რასაც კანონპროექტის პირველი ვერსია ითვალისწინებდა. ახლა მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როცა თვითმმართველობის კოდექსის 80%, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, კოდექსი დაიჩეხა, შეიცვალა. ე.წ. რეგიონული გაერთიანებები აღარ იქმნება, აღარ იქმნება სოფლის დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობები. შესაბამისად, გამოდის, რომ თვითმმართველობის რეფორმა ჩავარდა. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა არასწორი იყო, რომელმაც თავად “ქართული ოცნების” წევრების აღშფოთებაც გამოიწვია, ამაზე ვინმემ პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს.
_ თუმცა საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი უკვე მიიღო.
_ სწორედ ამას ვამბობ, კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების შემდეგ იქ აღარ არის ის დეტალები, რა ფორმითაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტი თავდაპირველად პარლამენტში განსახილველად შევიდა. შესაბამისად, ვერ ვხვდები მომხდარის გამო დავით ნარმანია საკუთარ თავზე რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას. სირცხვილია, სახელისუფლებო პარტიას ჰყავდეს მერობის ისეთი კანდიდატი, რომელიც ქვეყნის დანაწევრებას, დახლეჩას უჭერდა მხარს.
_ ნარმანიას თანამდებობიდან განთავისუფლება რეალურად რას შეცვლის?
_ ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ რაღაც ვერ გამოდის, მაშინ პირველმა პირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არ ვამბობ, რომ ნარმანიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მან დაუშვა პოლიტიკური შეცდომები, რომელზეც პოზიციის დაფიქსირება მოუწია საზოგადოებას, საპატრიარქოს, პოლიტიკურ პარტიებს, ამიტომ აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა ნარმანიამ და წავიდეს. მაისში არჩევნები უნდა ჩავატაროთ და არ ვიცით, როგორ უნდა ჩატარდეს, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს, ამ შემთხვევაში კი ნარმანიამ. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა ევროსაბჭოს წინაშე, თუმცა იმ პროექტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან საერთო არაფერი აქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ ივანიშვილი ევროსაბჭოს წინაშე ტყუილად ალაპარაკეს.
_ ხელისუფლება თქვენს მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ რა შედეგს მივიღებთ?
_ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებს და ჰგონია, რომ მინისტრად დაიბადა და მინისტრად მოკვდება, ამ კატეგორიის მინისტრები სად და როგორ არიან, კარგად ვიცით. მინისტრად არავინ არ იბადება და კვდება. ამიტომ სკამებს ნუ ეჭიდებიან.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |