|
ძალიან დიდი ხნის წინათ თბილისში გამოიცა საოცრად საინტერესო წიგნი: “ხუთასწლიანი ფარული ომი” _ ევროპის დაზვერვისა და სპეცსამსახურების ისტორიიდან. ის ძირითადად გვიან შუა საუკუნეების ევროპელ “ხანჯლისა და ლაბადის ოსტატებს ეხებოდა”, როგორც მაშინ უწოდებდნენ; ანუ დაწვრილებით აღწერდა ყველაზე საინტერესო ოპერაციას: იეზუიტურ მკვლელობებსა და შეთქმულებებს იმდროინდელი სპეცსამსახურების მონაწილეობით. საბჭოთა КГБ-სა და CIA-ს შესახებ, იმ კრებულში, რა თქმა უნდა, არაფერი იყო ნათქვამი.
მას შემდეგ თითქოს ბევრი რამ შეიცვალა, ტექნოლოგიებიც განვითარდა, თუმცა შინაარსობრივად ფარული ომი _ ომად დარჩა. ის გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფოები იარსებებენ. სპეციალური სამსახურების მოქმედება სახელმწიფოთა “ძირითადი ინსტინქტია”, რის გარეშეც მათ არსებობა და ცხოველმყოფელობა არ ძალუძთ. სპეცსამსახურებს კი ორი უმთავრესი თვისება აქვთ, სწორედ ხსენებული ინსტინქტიდან გამომდინარე. პირველ რიგში: “არსებობენ მეგობარი სახელმწიფოები, ანუ ქვეყნები, რომელთა სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები”.
გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახური ესწრაფვის, რაც შეიძლება დიდი გავლენა მოიპოვოს საკუთარ სახელმწიფოში, აავსოს თავისივე ისტებლიშმენტი მსტოვრებითა და გავლენის აგენტებით. თუმცა ძალზე იშვიათად მომხდარა, რომ სპეცსამსახური იქცეს სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტად. ერთადერთი გამონაკლისია ისტორიული რუსეთი. თანამედროვე რუსეთის ფედერაციას საბჭოთა იმპერიასთან (ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ცარისტულ რუსეთთან) სწორედ ეს თვისება აკავშირებს, რომლის თანახმადაც, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ 21-ე საუკუნის რუსეთს КГБ-ს ოფიცერი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ყველა მიმართულება სპეცსამსახურებს ჩააბარა და მათი ოპერაციები საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედადაც აქცია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ედვარდ სნოუდენის ისტორია. ეს 30 წლის ახალგაზრდა კაცი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (“ეუს”) ტექნიკური მუშაკი იყო. რას აკეთებდა სააგენტო? იმას, რასაც ნებისმიერი სპეცსამსახური მთელ მსოფლიოში: ცდილობდა, მოეპოვებინა ინფორმაცია, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონთა კომპლექსი (“პატრიოტული აქტის” სახით), რომლითაც გაფართოვდა მოსმენებისა და თვალთვალის შესაძლებლობები ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად.
კაცმა რომ თქვას, თუკი 2001 წლის შემდეგ ამერიკაში მასშტაბური ტერაქტი აღარ მომხდარა, ეს სწორედ “პატრიოტული აქტისა” და “ეუს”-ს დამსახურებაა. ისინი იმდენად მწვავედ აკრიტიკეს 9\11-ის გამო, რომ ახლა უკვე ყველაფერზე მიდიან, რათა რაიმე არ გამოეპაროთ. თუმცა სპეცსამსახურთა სპეციფიკიდან და თვისებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში დაკარგეს “მუხრუჭები”, სად უნდა გაჩერდნენ, ან სად გადის ზღვარი საკმარისობასა და აუცილებლობას შორის. ამიტომაც უსმენდნენ ყველასა და ყველაფერს. დაწყებული ამერიკისა თუ პაკისტანის უბრალო მოქალაქეებით, დამთავრებული გერმანიის კანცლერითა და რომის პაპით.
თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ერთდროულად რამდენიმე მილიარდი(!) სატელეფონო საუბარი ან მიმოწერა აკონტროლო, ხოლო საგანგებო პროგრამა მაშინვე “ამოაგდებს” ამ ოკეანიდან იმ სიტყვებსა თუ მიმართებებს, რომლებიც შეიძლება ავტორის ავ განზრახვაზე მეტყველებდეს.
ოღონდ, რაც უფრო შორს შეტოპავს სისტემა, მით უფრო უჩნდება ცდუნება, ისიც იცოდეს, “ყოველი შემთხვევისთვის”, რას ეუბნება ქმარს საღამოობით ანგელა მერკელი ან რაზე ჩურჩულებენ მომქანცველი მესის შემდეგ რომის პაპი და მისი კამერდინერი.
ყოველივე ამის შესახებ იცოდა ედვარდ სნოუდენმა. ის იმასაც აცნობიერებდა, რა “ატომურ ბომბს” ფლობდა ამ ინფორმაციის სახით. განა რა არის გასაკვირი იმაში, რომ ჰეროსტრატეს კომპლექსით აღმოჩნდა დაავადებული? ცეცხლს მისცე არტემიდეს ტაძარი ეფესში მხოლოდ იმისთვის, რომ მთელ საბერძნეთში გაითქვა სახელი... დღეს კი “პრიზი” ბევრად უფრო დიდია: გლობალური ცნობადობა, თანაც, ჰეროსტრატესგან განსხვავებით, არცთუ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი: ფორმალურად, სნოუდენმა დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველი _ პიროვნული თავისუფლება დაიცვა, რომლის განუყოფელი შემადგენელიც პირადი ცხოვრების (მიმოწერისა თუ სხვა სახის კომუნიკაციის) ხელშეუხებლობაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზოგს მიაჩნია, რომ სნოუდენი არა “სასარგებლო იდიოტი”, არამედ “შტატიანი აგენტია”. ასე რომ იყოს, საქმე (დასავლური ცივილიზაციისთვის) უკეთ იქნებოდა. არადა, რეალურად, ბევრად უფრო უარესადაა: ედვარდ სნოუდენი არის ის “სისტემური გარღვევა”, რომელიც ამ ცივილიზაციის შინაგან სისუსტესა და სიმყიფეზე მეტყველებს. ეს ფენომენი იმ თვისების გამოვლინებაა, როდესაც ორგანიზმი თავად შობს მის მომაკვდინებელ ვირუსს, ამიტომ საწინააღმდეგოდაც ვეღარაფერს ახერხებს.
ბუნებრივია, პუტინის რუსეთი ამ შესაძლებლობას უმალვე ჩაეჭიდა. ჯერ განხორციელდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც სნოუდენი ჰონკონგიდან მოსკოვის აეროპორტში აღმოჩნდა. შემდეგ კი პუტინმა ირონიული ღიმილით განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს სნოუდენს თავშესაფარს, თუ ეს უკანასკნელი... “არ იმოქმედებს ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ”.
ამაზე მეტი დაცინვა და ცინიზმი წარმოუდგენელია! სინამდვილეში, სნოუდენის მიერ ამერიკიდან წამოღებული მილიონობით ფაილი უკვე რუსულ სპეცსამსახურთა, ესე იგი პუტინის განკარგულებაშია და მათ საჭიროებისამებრ იყენებენ კიდეც: საკმარისი იყო, არ მოსწონებოდათ ამერიკის თუ ევროპის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და პრესაში უმალ გამოჩნდა მორიგი მასალები გრიფით “სნოუდენი”, რომლითაც მტკიცდება, რომ ამერიკული სპეცსამსახურები უახლოეს მოკავშირეებსაც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. “შორეულებზე” ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
არადა, შეუძლებელია ორ ქვეყანას (მაგალითად, ბრაზილიასა და აშშ-ს) ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ იმ პირობებში, როდესაც ქვეყნდება მასალები, რომ ამერიკა ბრაზილიის პრეზიდენტს, ქალბატონ დილმა რუსეფს ლამის საწოლ ოთახშიც უთვალთვალებდა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. ისევე, როგორც G8-ისა და G20-ის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვითარება ერთგვარ კომიკურობასაც იძენს: სანამ ამერიკიდან გამოიქცეოდა, სნოუდენმა კიდევ რამდენიმე მილიონი ფაილი, ყველაზე სკანდალური ინფორმაციებით, საიდუმლო სერვერებზე განათავსა, საიდანაც ისინი უმალ მოიხსნება და მთელ მსოფლიოში ავტომატურად გავრცელდება, როგორც კი სნოუდენს რაიმე დაემართება და ყოველდღიურად არ შეიყვანს პაროლს. ამერიკელებს შეუძლიათ, იფიქრონ, რომ დღევანდელი სიტუაცია, როდესაც სნოუდენს პუტინი აკონტროლებს, მათთვის ნაკლები ბოროტებაა, რადგან პუტინს კიდევ შეიძლება ევაჭრონ და “ინტერნეტ-ქოფაკი” შეაკავებინონ რაიმეს დათმობის ფასად. მაგალითად, საქართველოს ან უკრაინის საკითხში. ეს ხომ ძალზე ბუნებრივია?
გამოდის, ედვარდ სნოუდენი და მისი სკანდალური არქივი პუტინმა ერთგვარ “დამოკლეს მახვილად” აქცია ამერიკის თავზე. თანაც, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი: ობამა თუ ვინმე სხვა. აშკარაა, რომ სნოუდენის არქივი წლების განმავლობაში დგებოდა და როგორც არ უნდა სცადოს თეთრი სახლის ამჟამინდელმა ბინადარმა, პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ყოველივე თავად დაიბრალოს, ნამდვილად არ გამოუვა, რაკი ყველას ესმის, რომ ბარაკ ობამა არ არის ამ სისტემის სულისჩამდგმელი. მისი ავტორი თვით ამერიკული სახელმწიფოა.
ასე აღმოჩნდა გლობალური ზესახელმწიფო მის მიერვე შობილი ტექნოლოგიებისა და დემოკრატიული თავისუფლებების მსხვერპლი. დღეს ის, ფაქტობრივად, დამოკიდებულია მასზე ტექნოლოგიურად და ყველა სხვა თვალსაზრისით ბევრად სუსტ ქვეყანაზე, რომელსაც (ამ ლოგიკით) “გაუმართლა”, რომ ისტორიულად გადამწყვეტ მომენტში ძლიერი სპეცსამსახურები და მათ მიერვე ხელისუფლების სათავეში მოყვანილი ლიდერი აღმოაჩნდა.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |