

|
ნარკომანის დღიური (ნაწილი I)
“...წინასწარ გაფრთხილებ, ვერაფერს გეტყვი სენსაციურს, არც სასწაულმოქმედი, ორ-სამკვირიანი მეთოდები ვიცი. დანებების მოკლევადიანი რეცეპტები ჩვეულებრივი სატყუარაა, მირაჟი. რეალურად ეს ხანგრძლივი პროცესია, გაუთავებელი ბრძოლა, მრავალი დაცემით, კვლავ წამოდგომით, დიდი ტკივილით...” _ ასე დაიწყო თხრობა განვლილ გზაზე ყოფილმა თბილისელმა “მკეთებელმა”, გიორგიმ (გიომ). არადა, რა უნდა ყოფილიყო მასზე სენსაციური?! არც მე და, ვფიქრობ, დედამიწის ზურგზე, არც არავის სხვას, ჯერ არ უნახავს 30 წლის სტაჟის ნარკომანის სრული განკურნება! საყოველთაოდ ცნობილი წესია _ ყოფილი მორფინისტი არ არსებობს, საუბარი შეიძლება მხოლოდ ნარკომანიის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ რემისიაზე. და აი, ჩემს წინაშე დგას “გამონაკლისი, რომელიც მხოლოდ ამტკიცებს წესს” _ სრულიად გამოსწორებული მორფინისტი!
ჟურნალ “ტაბულაში” (#30-32) გამოქვეყნდა ინტერვიუ გიორგისთან, რომელმაც ათზე მეტი წლის წინათ წამალს თავი დაანება, ამჯერად სამუდამოდ. პუბლიკაციის ფორმატი არ იძლეოდა საშუალებას, მთლიანად გადმომეცა ჩვენი საუბარი. ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს ორ ნაწილს: I. Short stories _ საგზური ჯოჯოხეთში _ მის მიერ ჩაწერილი შემზარავი ამბები; II. როგორ “გადავაგდოთ წამალი” _ გზა ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ.
ნაწილი I. Short stories _ საგზური ჯოჯოხეთში
იმედია, ეს მოკლე ისტორიები _ “მორფინისტული საშიშარები მძიმეების გარეშე” _ ვინმეს მაინც ჩააფიქრებს, სანამ ხელში შპრიცს აიღებს.
ცხოვრების წესი _ ნარკომანია
ნარკომანია პროფესიული ექსტრიმია. ანემიური ყოფის სისხლით ავსება. სევდიანი ერთფეროვნებისგან გაქცევა. მიზიდულობის კანონის სიმსუბუქით უარყოფა. კაშკაშა წვა და დაფერფვლა. ცხოვრება სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე. თავისუფლებასა და ციხეს შორის. ნამუსისა და უსინდისობის შერწყმით. მუდმივი რისკი და გაგიჟების პირას მისვლა. თავგადასავლის ძიება. ჩვეულებრივი მშვიდი ცხოვრება _ ბოსელში გასასუქებლად შემწყვდეული საქონლის არსებობაა. საკლავი პირუტყვის ყასბის დანის მოსაწყენი მოლოდინი. უწამლობის ჟამს ალკოჰოლიც მიდის. დასალევი ნარკოტიკს ანაცვლებს. უსიამოვნო და მაინც თრობის მომგვრელი. თავისუფალი და შფოთიანი ცხოვრების წყარო. ოღონდ არა სიმშვიდეს! ბრძოლა საბჭოეთის დაგუბებულ ჭაობში ჩაფვლას! სიკვდილი სჯობს უღიმღამო გდებას! არის ამაში რაღაც რომანტიკული და ინფანტილურიც.
საავადმყოფო
1. რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-12 სართული. გარედან ობობასავით დავცოცავდი. მედდებს ფანჯრის რაფებზე გადასვლით მორფს ვპარავდი. ზურგში საბურთალოს ცივი ქარი. თეთრი ხალათის ამაყად აფრიალებული აფრა. მაგრად მეშინოდა. რას არ გაგაკეთებინებს წამალი. ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი: ობობებიც აბლაბუდის საქსოვ წებოვან სეკრეტს შიშისგან გამოყოფენ. გადმოვარდნას უფრთხიან.
2. შუა ოპერაციისას მუცლის აორტა გასკდა. მანამდე ტუალეტში შევირბინე. გავიჩხირე. ხუთი ამპულა რას გეყოფა? დიდი შიში ვჭამე. მთელი საოპერაციო ალისფერი სისხლით გაიჟღინთა. გულის ყოველი შეკუმშვისას სისხლი შადრევანივით ასხამდა. ფშშუუ! ფშშუუ! მე და ქირურგები სააღდგომო კვერცხებივით შევიღებეთ. საოპერაციო ლამპა სისხლით დაიფარა. განათება აღარ გვქონდა. წნევა ნულამდე დავარდა. პულსი თითქმის არ ისინჯებოდა. კათეტერით მეორე ვენა ავიღე. სწრაფი გადასხმები ნაკადით. პრედნიზოლონი. მუცელში ქირურგების ბრმად ხელების ფათური. გადავრჩით. გული გაეშვა. წნევა 80-ზე დასტაბილდა. ყველანი ოფლში გავიწურეთ. შემამცივნა. მთელი წამალი ოფლმა გამოიტანა. მხოლოდ ჩემი ალისფრად შეღებილი ხალათიღა იყო კაიფში. იწვა თავისთვის საოპერაციო ტაშტში და ყვინთაობდა. ბევრი ნარკოტიკი მიაქვს ავადმყოფზე ნერვიულობას.
3. ხაშურის მოწყენილი საავადმყოფო. დიდი გამოქვაბული. თხუნელების საძვრომები. ქირურგიული განყოფილება. დაჭრილი მშვიდად კვნესის. სიკვდილს შერიგებულია. მუცელი ამოტრიალებულია. კატლეტის აზელილი ფარში. სისხლი და დენთის მური. შავი ნასაფანტევი იარები ფუყფუყებს. მიბჯენითაა ნასროლი. ორივეს წამალი გვჭირდება. ფენტანილი მოგვიტანეს. სინამდვილეში დროპერიდოლის კუკლები ყოფილა. დროპერიდოლი 15-ჯერ ძლიერია ამინაზინზე. იწვევს ადამიანის გაქვავებას. მთელ ოპერაციაზე ორი კუბი კეთდება. ვერ მივხვდი. მეჩქარებოდა. ოცი კუბი გავიკეთე. ნეტავი სულ არ დავბადებულიყავი! მაგის დედაც! ბევრი მომივიდა. ას გიჟს გააქვავებდა ადგილზე. ჩაფიქრებული ქვის ლოდი. უსასრულოდ გრძელი გვირაბი. სიჩუმე. შიში. თავი ხუთას კილოგრამს იწონის. დიდი ყურები. გაპარსული დრუნჩი. ბაზრის დახლზე ღორის შეტრუსული თავი. ლეჟანკა შემოიტანეს. ლოდი დაჭრილი ავადმყოფის პარალელურად წამოაწვინეს. ის ბნელი გვირაბიდან ნარკოზის წარმართვას შეუდგა. ლოდი უსაშველოდ გადიდდა. უკიდეგანო გვირაბი გაიწელა. ოპერაცია ბედნიერად დასრულდა. ბიჭი გადარჩა. დაჭრამდე ნათესავებს 15 წლის ცოლისდასთან შეუსწრიათ. მუცელში თოფი ჩაუცლიათ. ოპერაციის შემდეგ ხელი ოდნავ დაუჩირქდა. ანთება ძვალზე გავრცელდა. ოცამდე ოპერაცია გადაიტანა. ძვლის ფხეკით. საშინელი ტკივილებით. ანაერობული ინფექციით დალია სული. ყველასგან მიტოვებულმა. არ არსებობს ღმერთი? აბა, იმას ჩემი გადამკიდე ცოცხალს ჯერ რა გადაარჩენდა და მერე ვინ მოკლავდა?
4. ხაშურში ვართ. მე და კოკა. ძმაკაცია. ძროხას ვეძახდით. ოპერაცია დამთავრდა. ყველანი გავიდნენ. ფენტანილს საოპერაციო ბლოკშივე ვიკეთებთ. ლომკაში ვერ ვინძრევი. ბაიანზე კოკა გავუშვი. მაინცდამაინც სტერილური ზეწარი ასწია. საოპერაციო ინსტრუმენტებში ხელის ფათურს შეუდგა. ასეთი რეგვენი არაფერი მინახავს. ეგ სტერილურია! მანდ ჭუჭყიანი ხელის შეყოფა როგორ შეიძლება?! უპასუხოდ არ დამტოვა. შე ჩემაო. საჭმელი ვჭამე და შემდეგ დავიბანეო. ბოზის შვილი ვიყოვო. არ გჯერავსო? რა გინდა დებილს უთხრა? გვიანღაა. ძროხას მუდმივად შორისის ფხანით დაკავებული ხელის მიკრობები საოპერაციო ინსტრუმენტზე გადაბარგდნენ. მე ყოველივე გამოვასწორე. მივვარდი. საკაიფო 20-იანი შპრიცი თავის ნემსითურთ ორი თითით ამოვასრიალე. ზეწარი ისევ გადავაფარე. საოპერაციოს მედდას აღარაფერი ვუთხარი. რა მეთქვა? თქვენს გასტერილებულ ინსტრუმენტებში ძროხამ ყვერებიანი ხელი აფათურა-მეთქი? ისე დარჩა. რას ნიშნავს ექიმის ხელი!
5. ოპერაცია დამთავრდა. ავადმყოფი რეანიმაციაში მიმყავს. გადავაწვინე. გავსინჯე. კარგადაა. ექიმს გადავაბარე. გავედი ტუალეტში. გავიჩხირე. სიგარეტს მოვუკიდე. არხეინად მოვსეირნობ. რეანიმაციის კარებთან ვეწევი. მოდის ექთანი მაკო. გუშინ ვიჟიმავეთ. გატეხა. რეანიმაციაში შევიმალე. მორიგე ექიმი არაა. ნაოპერაციევი გაშავებულა. პულსი არ ისინჯება. სადაცაა წავა. პირი-პირში სუნთქვა. გულის მასაჟი. ადრენალინი. პრედნიზოლონი. გავარდისფრდა. თვალები გააღო. ბარო, ექიმოო! გადავრჩით. ზოგი ჭირი მარგებელიაო. მაკო მყავს მხედველობაში.
6. ახალბედა ექიმი ვარ. პირველი დამოუკიდებელი ნარკოზია. ვღელავ. არ ვიმჩნევ. ანესთეტიკები შევიყვანე. დავაძინე. ხელოვნურ ვენტილაციაზე გადამყავს. სუნთქვა უნდა გაითიშოს. რელაქსანტი შედის. ვაკეთებ ინტუბაციას. მილი ტრაქეაში შემყავს. შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატს შევუერთებ. დავაინტუბირე. ყველაფერი კარგადაა. ფონენდოსკოპით ვამოწმებ. სუნთქვა არ ისმის! ამოვაგდე მილი. თავიდან ვაინტუბირებ. ისევ არ ისმის! ისევ იგივე. ხუთჯერ გავიმეორე. სუნთქვა კვლავ გაჩერებულია. ვცახცახებ. ოფლად ვიღვრები. შემოვიდა თეა. მომეტმასნა. ეჩქარება. სამორიგეოდ ვრჩებით. ჩამჩურჩულა. ფონენდოსკოპის მოსასმენს ხუფი მოხსენიო. წავაძვრე. დავაინტუბირე. სუნთქვა კარგია! ოპერაცია დაიწყო. ორი ადამიანი გადარჩა. მე _ დაჭერას. ავადმყოფი _ სიკვდილს. ამდენი შეძლო წამიერმა ვნებამ. სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს.
ქუჩა
1. შემეშალა. წამლის მაგიერ ისევ დროპერიდოლი შემომაპარეს. საშინელი წამალია. 15-ჯერ ძლიერია ამინაზინზე. იწვევს ადამიანის გაქვავებას. ხმარობენ გიჟების დასაშოშმინებლად. ერთი კვირა თავში ლოდები დაგორავდა. ბარნოვის ხიდზე ვიდექი და ვფიქრობდი. ახლავე გადავხტე და დავეხეთქო კეკელიძის ქუჩას თუ მეზარება? ჰა?
2. მე და ერთი წამალმა აგვაგდო. ყაყაჩოს რასტვარიტელის მაგიერ სკიპიდარი დავასხით. მაღალი სიცხე გვქონდა საშინელი გულისრევით. ორი დღე-ღამე გვერდი-გვერდ ვიწექით. ერთმანეთს ვარწყევდით. აღსასრულზე ვფიქრობდით. ღიირს კი ასე ცხოვრება? ვიყავით ასე. გადავრჩით. დილით შემონახული კოკნარი ჩავხარშეთ. გავიკეთეთ. მაინც მაგარია წამალი!
3. მეჩნიკოვზე ნარკოლოგიურში ვზივარ. დავთვერი. რა ვაკეთო? მოდი მოვტყდები. შიდა კიბიდან სხვენზე. იქიდან სახურავზე. ზაფხულია. ოფლი მდის. ორსართულიანი შენობიდან გადმოვეშვი. გათვლებში შეცდომა მომსვლია! დამატებითი ერთი სართული _ სახურავია. ნარკოლოგიურის ეზოდან ერთი სართულით ქვემოთ სანაპიროა. იქ უნდა დავეშვა. მოვფრინავ მეოთხე სართულიდან. ამჯერად გათვლები ზუსტია. გზად შემხვდა ხე. როკს გამოვედე. შარვალი ბარძაყიანად გამეხა. ხელიც მოვიტეხე. არა და ვიცოდი _ შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.
4. დამიჭირეს. ნარკოტიკი ჩამიდეს. დაკითხვაზე მტკივნეულად მცემენ. შენია წამალიო. სახეში ზონარი მწარედ მხვდება. თავზე ცელოფნის პარკი ჩამომაცვეს. კისერში ჯინსოვკის საყელოთი მიჭერენ. ჰიპოქსია. გონებას ვკარგავ. ტვინში რაღაც მომეშალა. გაღვიძებისას მთელი გულით ვხარხარებ. აღუწერელ ეიფორიაში ვარ. რატომ ვიცინი ასე გულიანად, არ ვიცი. რატომ მირტყამენ, არც ის ვიცი. ბიჭები კი უცებ გაერკვნენ. სიაფანდობს ეს გოთვერანიო. ძაღლებმა დანამდვილებით იციან, ვისი გახდება წამალი. მაგარი პროფესიაა! თითქმის ყველაფერი იცი.
5. ახალგაზრდული თამაშები ნარკოტიკებთან რით მთავრდება? გადახედე პრეისკურანტს. ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცევა. სჯობს, თავი დაიბრიდო. შეიძლება გაგიმართლოს. ღმერთი წაგიყვანს. სიყვარულით დაგეხმარება. დროზე მოგკლავს. ან გაპარვით. ან ტრაგიკულად. თუ მაგრად არ გაგიმართლა _ ალკაშური გაფარჩაკებით.
6. დათომ თავი მოიკლა თოფით. ლულები პირში ჩაიდო. გახევამდე ღია პირი. დამსკდარი ტუჩები ლულებზე. ფეხის ცერი ჩახმახზე. დაძაბული სახე. გამოჰკრა. მუხის კუბოში საზეიმოდ გაწოლილი დათო. ცუდი ბიჭია დათო. არ დაუტოვა საზოგადოებას შანსი. ვერ დატკბნენ დათოს გაყვითლებული ცხვირისა და ერთმანეთის ცქერით. დახუჭულ თვალებში ჩახედვა? გაკიცხვა? ჭირისუფალთ ადამიანურად არ ეტირათ? თავგანწირვით მიცვალებულის ლოყები არ ელოშნათ? მის ცოლზე არ ეჭორავათ? არამზადამ ხალხი მშრალზე დატოვა! თავის ქალა ჰქონდა ახდილი. ნახევარი ყბაც ცხვირთან ერთად მომძვრალი. ამდენი კითხვა კი დატოვა!
7. საბურთალოელმა ბარნაბამ დიდი ფული იშოვა და სახლში წამლით ჩაიკეტა. გარეთ არეულობაა. ბიჭმა ძლივს ცხოვრება ააწყო. ცოლი მოიყვანა. რემონტს მორჩა. მე-8 სართულზე სასტუმრო ოთახში საცურაო აუზსაც ამთავრებდა. ფულის კურსზე თვალის დევნება კი მიავიწყდა. გაუფასურების ამბავი გვიან შეიტყო. ერთი ჩემოდანი ნაყაჩაღარი ფული ქაღალდად ექცა. სასტიკად გაუტყდა. გააძრო იარაღი. თავში იგლიჯა. ბაახ! მაგარი ბრაზიანი ვინმე იყო. ახლად შეღებილი კედელიც სისხლნარევი ტვინის შხეფით გასვარა. ღიირს ამის შემდეგ რემონტზე ამდენი ნერვების შლა?
8. მეგობარი მყავდა ლევანა. უშნოდ გაიპარა. წამალზე დილაადრიან მოტყდა. გვიან ღამით მანქანით ჭიშკარს მოადგა. ნაზრანიდან ჩამოეთრა. დაღლილი იყო. გაწვალდა. ფარეხის თავზე გაშენებული ტალავერი. გამოვარდნილი დედა და და. გახარებული დედა დანოქსირონებულ შვილს შვებით მიეგება. დამაც ფარეხის კარები სიხარულით გაუღო. ლევანამ მანქანა შეაყენა. ძრავი არ ჩაუქრია. დაწყნარებული ოჯახის წევრები სახლში შევიდნენ. მშვიდად დაიძინეს. დილით გაღვიძებულებს ლევანი საწოლში არ დახვდათ. გათიშული პირზე ქაფით ლოგინში უნდა გდებულიყო. დაძებნეს. მიაგნეს. ქაფი კი ჰქონდა. ფარეხში გაპარულა. იქვე ჩაუყვინთია. მანქანის გამონაბოლქვ მხუთავ აირს დაუხრჩვია. ყველა ვერ იკლავს თავს. ამ დროს განგება გეხმარება. ცოტას თუ უმართლებს ასე.
9. რიჟა კირავაბადში წამალზე დააწვა. მალხაზასთან ერთად. გზაში ძაღლები დაედევნენ. დაეთესა. ასოცით ხეს შეასკდა. მალხაზა გადარჩა. ახლახან ციროზით მოკვდა. თემურას გროზნო ევასებოდა. იქიდან მოდიოდა. გზად მოეფსა. გააჩერებინა. შარვლის შეხსნას შეუდგა. ჩაეყვინთა ბიჭს. წაბარბაცდა და ხრამში გადაიჩეხა. ორივე შემთხვევა ჰგავს _ გამართლებაა. ღმერთის ხელი ურევია უეჭველი.
10. მე არ გამიმართლა. სმისგან გაფარჩაკებულების სიაში ჩავეწერე. სხვა გზაც არ მქონდა. გარშემო ყველა ჯიგრულად მოკვდა. მე კი გადავრჩი. თითქოს ყველა ღონე ვიხმარე. ბევრი ვიკეთე. მანქანითაც ვიქროლე. დიდი რისკებიც გავწიე. შენც არ მომიკვდე! არ ვევასები ღმერთს! ვაჟკაცური სიკვდილი არ მაღირსა. ჯერ იწვალეო. მუხლებზე იხოხეო და ისე დაიბრიდეო. სხვაგვარად ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სა-სუ-ფე-ველ-სო. ბაზარი არ არისო. მორჩა ხვეწნა-მუდარაო. არა ხარ შენ სხვებივით კაცურად სიკვდილის ღირსიო. ბედი და დამსახურება უნდა ყველაფერს.
კოკაინი
1. ქალს აუცილებლად სჭირდება კაცი. კოკაინს _ მორფინი. ძლიერ უყვართ ერთმანეთი. განსაკუთრებით ქალს უჭირს მარტო დარჩენა. ასევეა კოკაინი უმორფინოდ. გაიყინები. სიცივე აგიტანს. ტვინიც ყინულად გექცევა. ფობიები იცის. დარჩები ნევროზიანი შინაბერა. კოკაინის კოკორმა სულ პატარა დოზით უნდა მიიღოს მამაკაცის ძალა. მორფინით დაიმტვეროს. კოკაინი იფურჩქნება. ახალი ძალით ყვავის. იწყებს ულამაზესი სურნელოვანი ნაყოფის გამოსხმას.
2. კოკაინიანი შტანგალასი. ბაიანებს ვავსებთ. ცოტა მორფი. ჩავუჯექით. კოლექტიურად ვიკეთებთ. სახეზე მკვდრებივით ცხვირსახოცწაფარებულები ნოხზე ვიშხლართებით. ყველა ხმამაღლა ერთმანეთს მიუთითებს. ჩუმად. სუუ... ჩუუ... ცხვირსახოცი ფობიებისგან დამცველის როლს ასრულებს. სინათლე სახიფათოა. პრიხოდში კაშკაშა სხივებმა არ უნდა გაგაღიზიანოს. სამუდამოდ გიჟი დარჩები. ფსიქიატრიული სეანსი ბევრჯერ მეორდება. ასე კოკაინის ხავერდოვანი ტალღა მოითხოვს. სულ 5 წუთს გრძელდება. ამიტომაა ხშირი გამეორებები აუცილებელი. უამრავი გაჩხერვისგან ვენები ტრავმირდება. ხმება. ყალიბდება შუშის ვენები. საცოდავი სისხლძარღვები შუშის სიმყიფეს იძენს. მოყვითალო-მომწვანო ლურჯი ზოლები დაუყვება ხელს. ოდნავი შეხებისგანაც შეიძლება დაიმსხვრეს. იდაყვში უბრალო მოხრაც კი დიდ სისხლჩაქცევას იწვევს. მოგეწონათ? დროზე გაიკეთეთ. მაგარია. კოკაინს არ სჭირდება ღმერთის დახმარება. დამოუკიდებელი ტიპია. სამ წელიწადში ასიანი მოგასვენებს. გაგყინავს. ლედნიკის სუსხიც აღარ შეგაწუხებს.
ალკოჰოლი
1. ალკოჰოლი გაგაველურებს. სხვა გზა არც გაქვს. უფულოდ. უწამლოდ. უშვილებოდ. უამხანაგებოდ. ყოველგვარ უ-უოთ. უნდა დალიო. რეალობას ვერსად გაექცევი. სად წახვალ? თავის მოკვლასაც იჩალიჩებ. როგორია უცხო გარემოში ცხოვრება? უწამლოდ თან! რატომღაც დღეში შვიდჯერ გიჭერენ. უპრიჩინოდ. იღლები. გაფარჩაკებისგან ძალა არ გყოფნის საქმე ბოლომდე მიიყვანო. ნახევრად სიაფანდზე იკლავ თავს. ვენებს იჭრი. რომ გადარჩე, ისე. ან სხვამ გიშველოს დროზე.
2. მდინარის პირას დავთვერი. ათკაციანი ჯგუფი ზის. მივედი. გავაბოლეთ. დავლიეთ. თბილისელებს დასცინიან. ყველაზე დიდი ამოვარჩიე. ცხვირში მუშტი ვგლიჯე. გავხტი. დანა გავაძრე. ვერ მეკარებიან. გარშემო დარბიან. დიდმა რაღაც აწია. ლიანდაგს ვხედავ. ჩემი თავის მიმართულებით მოძრაობს. მიახლოვდება. სამი თვე რეანიმაციაში ვიწექი. ყბა გამიტყდა. ყბაზე თაბაშირს ვერ დაადებ. კბილებს შორის მავთულები გამიყარეს. ზედა და ქვედა ყბა ერთმანეთს მიაბეს. სამი თვე უსიტყვოდ. ჩინელი სწავლული მანდარინივით დაფაზე ვწერდი იეროგლიფებს. დადებითი შედეგი მივიღე _ დავდინჯდი და დავბრძენდი.
ომი
1. ეს ომი რაღა იყო? მე კიდევ გაგიჟება მაკლდა?! დაარყებული ტვინი ისედაც ასტრალშია გასული. წამალი სწყურია. სულ გადავედი ჭკუიდან. ჯერ მაგრად არ ისროდნენ. აქა-იქ მხოლოდ. ისიც ღამით. გართობა? ცოტა გაკეთება. ბევრი პლანი არყით. ვარაზისხევით ტელევიზიის მიტიგზე. ან იშვიათად პარლამენტთან. ტელევიზიის მიტინგი სჯობდა.
2. დედა შევაგინე. სამტრედიელმა მხედრიონელებმა ფეხებით ამწიეს. ჩემს თავს ასფალტს ატბოინი მალატოკივით უბრახუნებენ. გონებას ვკარგავ. ლოგინზე ვიღვიძებ. ყველაფერი მტკივა. ნეკნები მაქვს გატეხილი. ძლივძლივობით ავდექი. სარკეში ჩავიხედე. ეეე?! სად წავიდა ცხვირი?! ვეძებ. კეფაზეაა! აირწინაღივით გალურჯებული გოფრირებული მილით სახეს უერთდება. აირწინაღი ძლიერ აფერხებს სუნთქვას.
3. ამჯერად ზვიადისტებმა ვითომ მაროდიორობაზე დამიჭირეს. მარმარილოს იატაკზე ვწევარ. ცხვირით უნივერმაღის მტვერს ვისუნთქავ. ლულა თავზეა მობჯენილი. სიკვდილი ახლოსაა. თვალები დავხუჭე. სიბნელეს სიმშვიდე მოაქვს. ამობრუნდი! გესვრი! შე ახვარო მხედრიონელო! ამოტრიალება არ შეიძლება. თვალებში ჩამხედავს. მერე ადვილად მომკლავს. ჩემი სხეულის კონტურების ნატურიდან ხატვას იწყებს მეგრელი ლეონარდო. გალეწილი მთვრალია. საკუთარ დახვრეტას პირველად ვესწრები. ჯერი ყურისძირში. ყურები დამიგუბდა. ისევ ჯერი. კარგი მსროლელია, ეტყობა. ახლოს აჯენს ტყვიებს თავთან. სახეში მესობა ატკეცილი მოზაიკის პაწაწინა ნაწილაკები. ქვესკნელში ვიყურები. ორი მჭიდი დამაცალა. ამოუშვა ბოღმის ორთქლი. გაუარა გაშმაგებამ. მეგრელიც ჭეშმარიტი ქართველია _ სეპარატიზმს ვერ დასწამებ. არ დამბრიდა. ჯიგარია. გა-დავ-რჩიი-ი-ი!
P.S.
მე: გიო, ერთი რამ მაინტერესებს... მაინც ეჭვი მეპარება, ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ, დღესაც არ გაქვს ცდუნება, ერთხელ მაინც გასინჯო წამალი? შენ ხომ ფლობ დანებებისა და გამარჯვების გამოცდილებას _ გაიკეთებ, იკაიფებ და შემდეგ დაანებებ?
გიო: ჰოო... რატომ არ ვიწყებ თავიდან? ამის ერთი შანსიც არ არსებობს! გამორიცხულია! ვეცდები, ავხსნა. ჯერ ალკოჰოლურ საფრთხეზე. ლუდის გემო და სურნელი მაგრად მიყვარს, მაგრამ ისე შემძულდა ოდნავ გაბრუებაც კი, რომ ამ სასმელსაც აღარ ვეკარები. მე ფხიზლად ცხოვრებაზე, მოქმედებაზე, ქალის სიყვარულზე დავკაიფდი, ასე მომწონს.
მთავარი მოტივაცია კი ასეთია. იცი, ისე შევედი, შევეჩვიე ამ ახალ სახეს, ამგვარი ცხოვრების წესს, რომ ის ჩემი გახდა. წარმოიდგინე, ყველასთვის _ გატანჯული დედებისთვის, მეუღლეებისთვის, დებისთვის, დამფრთხალი შვილებისთვის, მე ვარ პრაქტიკულად ერთადერთი იმედი, მაგალითი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ საკუთარ თავს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილი, ქმარი, ძმა და მამა გამოვა ნარკოტიკის ტყვეობიდან. გინდა სიამაყე უწოდე, გინდა სხვა რამ, მე ეს როლი მომწონს და ამდენ ადამიანს იმედს ვერ დავუკარგავ... მოკლედ, შანსი არაა, ერთიც კი, რომ წარმოსახვით მაინც ჩავიდინო ეს!
კიდევ დავამატებ. ნარკოტიკი და არაყი ადამიანს სჭირდება არასრულფასოვნების კომპლექსის დასაძლევად. მე, რამდენადაც ეს ჩემთვის შესაძლებელია, ვახერხებ, დავიკმაყოფილო “სურვილი, ვიყო მნიშვნელოვანი” და “სექსუალური ლტოლვა”. მეტ-ნაკლებად ორივე გამომივიდა. ასე რომ, არც მაქვს მიზეზი, მივიღო ნარკოტიკი. რატომ უნდა დავიწყო თავიდან და დავკარგო ის, რაც ასეთი შრომითა და ტანჯვით მოვიპოვე? 5-8 წელი რეანიმაციაში მოგზაურობა, ღვიძლი, სიცხეები, სუნთქვის უკმარისობა, საჭმელად ერთი მოხარშული კარტოფილი დღეში და წოლა, წოლა, სამი წელი! გაუნძრევლად! იცი, როდესაც ვკითხულობ ამ ჩანაწერებს, ან ვსაუბრობ წარსულზე, არც კი მჯერა, რომ ყოველივე გადამხდა _ მე. ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა გავუძელი და გადავიტანე ეს... არა, ის ვიღაც სხვა იყო, სხვა.
ზურაბ ოდილავაძე. 2010 წელი.
გაზეთი "პრემიერი", 18-24 დეკმებერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |