![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ვის ატყუებენ ესენი?”
_ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გაისმა მოსაზრებები, რომ ეს არის წარსულის რიტორიკა, რომ ასეთი განცხადებები პროვოცირებს სეპარატიზმს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დაძაბულობას და არის თუ არა ის რეალური საფრთხის შემცველი?
_ მე ამის განსაკუთრებულ დრამატიზებას არ მოვახდენდი. რამდენიმეჯერ წავიკითხე დუმბაძის განცხადება. მართალია, მან ბევრი რამ ილაპარაკა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, არ გავართულო მდგომარეობა და ის ფრაზა გამოვყო, რომელიც მან ინგა გრიგოლიას ეთერში განაცხადა და რომელშიც ლოგიკა არის, _ ბიუჯეტის საკითხზე იყო ლაპარაკი და არა ცენტრალური ხელისუფლების ჩარევაზეო.
ბიუჯეტთან დაკავშირებით გასაგებია _ ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში, ერთი შეხედვით, არ უნდა ერეოდეს, თუ ეს არ ეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხს. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ერთგვარი თვალთმაქცობაა იმიტომ, რომ, პრინციპში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ღარიბაშვილის პირით იქნებოდა ეს ნათქვამი, თუ კალაძის პირით, განცხადება გააკეთა არა როგორც აჭარის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თაობაზე, არამედ, როგორც “ქართული ოცნების” ერთი-ერთი წარმომადგენლის თაობაზე. ეს აღინიშნა კიდეც. იქ არ ყოფილა ლაპარაკი, რომ ბერიძეს პასუხი მოეთხოვება, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, არამედ, მას მოეთხოვება პასუხი _ როგორც “ქართული ოცნების” წევრს. ასე რომ, სიტყვების თამაშთანაც გვქონდა საქმე.
მაგრამ ახლა მე სხვა რამეს მინდა შევეხო. ჩემთვის სასიხარულოა, თუ ხელისუფლება დაინტერესდება ზუსტად ამ თემით _ არასაჭირო ხარჯებით სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან. ეს იქნება ავტომობილების შეძენა, თუ სხვა სიკეთეების მოპოვება. დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც პრაქტიკულად ძალიან მწირი თანხები გამოიყოფა კულტურისთვის, სოციალური საკითხებისთვის და როცა ქვეყანას მართლა უჭირს რეალურად, და ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, ასეთი ტიპის ხარჯების გაწევა არ შეიძლება. მაგალითად, ერთ-ერთ სამინისტროში, არ მინდა დავასახელო, მინისტრის მოადგილემ გადაწყვიტა, ზუსტად იგივე გაეკეთებინა. გადარჩა იმიტომ, რომ, უბრალოდ, დროში ვერ მოასწრო. მისმა ამ ხარჯმა კინაღამ შეიწირა თანამშრომლების პრემიები.
_ შეგაწყვეტინებთ, კალაძემ მართლა თქვა, რომ საკითხს პოლიტსაბჭოზე გაიტანდნენ? მაგრამ, მოდით, ვიყოთ სამართლიანები, განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი ვნახეთ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მაგალითზე. მინისტრები და მათი მოადგილეები კაბინეტებში არ შევიდნენ, სანამ ინვენტარი არ გამოაცვლევინეს და რემონტები არ ჩაატარეს. თითქმის ყველა მინისტრმა გამოცვალა ყოფილი მინისტრის ნაქონი ავტომობილი. ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა რაიონებში. რა, ამას ვერ ხედავდა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა, თუ რაც დასაშვებია ერთისთვის, დაუშვებელია მეორისთვის?
_ ამას ვამბობ მეც. ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, მარტო ბერიძეს კი არა _ ყველას, დაწყებული გარდაბნის რაიონის გამგებლიდან, რომელმაც ასევე შეიძინა ჯიპი. გარდაბნის გამგებელმა ზაზა ონიანმა ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ჩვენ ეს შევისყიდეთ იმიტომ, რომ ძველი “ნივები” ჩავაბარეთო. ვის ატყუებენ ესენი? სხვა თუ არაფერი, გარდაბნის რაიონს ნამდვილად კარგად ვიცნობ. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ არავითარი “ნივების” ჩაბარებაზე იქ ლაპარაკი არ იყო. პირდაპირ შეიძინეს ეს მანქანა. მე არ ვიცი, სამწუხაროდ, ვისთვის შეიძინეს, მაგრამ თავისთვის ნამდვილად არ შეუძენიათ და სიმართლე თქვან, სჯობია. მაგრამ ეს პირველი მერცხალი იყო. როგორც კი არჩევნები დასრულდა, ძალიან მოკლე დრო გავიდა და უცებ გარდაბნის რაიონის ხელმძღვანელობამ ეს ჯიპი შეიძინა და ამას მოჰყვა შემდეგ სხვებიც. დღემდე ასე მიდის _ მანქანების გამოცვლა, უახლესი მანქანების შეძენა, ოფისების გარემონტება, ტექნიკის შეძენა და არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამას დამატებული ხელფასებისა და პრემიების საკითხი. ყველაფერი ეს არის საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. ამის კეთება არ შეიძლება. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ ბერიძის თემა არის განზოგადებული და არა კონკრეტული.
_ მოდით, ისევ დუმბაძის პერსონას დავუბრუნდეთ. მან გარკვეული უთანხმოების გამო თავის დროზე “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. რამდენად არის იმის საფრთხე, რომ ბერიძისთვის, რომელიც მურმან დუმბაძის კადრია, “ყურის აწევის” შემთხვევაში ის “ქართულ ოცნებას” განუდგეს?
_ მიმაჩნია, რომ ასეთი რამ არ მოხდება. დუმბაძე რესპუბლიკელებს როცა განუდგა, მაშინ გამოსავალი ჰქონდა. ახლა გამოსავალი ნამდვილად აღარ აქვს. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ის არ არის ისეთი ტიპის ადამიანი, რომ აქეთ-იქით ირბინოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ აჭარაში არის უამრავი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა “ქართული ოცნების” გამარჯვებაში. მათი უმრავლესობა დარჩა პროცესებსმიღმა. ამ ადამიანებს კრებაზე კი არა, შეკრებებზეც კი აღარ ეძახიან. ეს ადამიანები არიან განაწყენებულები და მათ შორის არის ბევრი, მართლაც, სანაქებო ადამიანი. ასე რომ, არ იქნება დუმბაძე _ იქნება სხვა.
_ ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც გარკვეული დაძაბულობა სახეზეა, რამდენად არის საფრთხე, აჭარაში არსებულმა ცალკეულმა დესტრუქციულმა ძალებმა, _ ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, _ სათავისოდ გამოიყენონ ეს ვითარება და აჭარაში სიტუაცია არიონ?
_ ერთი რამ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ. დუმბაძემ, რა თქმა უნდა, თავის წინასაარჩევნო პოზიციაში ცალკეული კორექტირებები შეიტანა, იგივე აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით, მაგრამ, ის არ არის ის კაცი, რომელიც შეიძლება საქართველოს მტრებს გვერდით დაუდგეს. ან თუნდაც საქართველოს შემვიწროებლებს.
დღეს აჭარაში არის სერიოზული ძალა, რომელსაც შეუძლია, ექსპანსიის ცალკეულ გამოვლინებებს, ასევე, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ნება უნდა იყოს ამისთვის.
_ იმ პერიოდში, როდესაც “ქართული ოცნება” იქმნებოდა, თქვენ სწორედ რომ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებს განაგებდით. დღევანდელი გადასახედიდან თუ შევაფასებთ მოვლენებს, საინტერესო რამ იკვეთება _ ადამიანებს აქვთ პრეტენზიები გამგებლებთან, იგივე ბერიძესთან. რა ხდება, ნუთუ ასე რთული იყო მოსახლეობისთვის მისაღები კადრების შერჩევა? როგორ ვერ მოიძებნა ერთ რაიონში თუ რეგიონში ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღები იქნებოდა და არა ძალადობრივად თავსმოხვეული?
_ აჭარის შემთხვევაში სწორედ რომ დუმბაძის პოზიცია იყო, რომ ბერიძე ყოფილიყო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
_ მაშინ დასტურდება ის მოარული ხმები, რომ აჭარას დუმბაძე განაგებს...
_ მთლად ასე არაა... არ განაგებს. იმიტომ რომ არსებობს არჩილ ხაბაძე, რომელიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და თქვენ იცით, რატომაც _ ის მისი კადრია. ახლა გეტყვით ერთ რამეს, რომელიც შეიძლება, სხვა ვითარებაში არც მეთქვა. როდესაც მე ვიყავი “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის უფროსი, პირველმა მე ვთხოვე, ჩვენთან მოსულიყო. მე უსუფაშვილთანაც ვიყავი, რომ დუმბაძესა და მას შორის ურთიერთობა დამელაგებინა. ეს არის 2012 წლის იანვარი ან თებერვალი. ეს ის დროა, როდესაც საჭირო და აუცილებელი იყო აჭარაში გუნდის შექმნა და ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაფერი სასწორზე იყო შემოდებული. დუმბაძე იყო ჩემთან მოსული. ის თამაზ დიასამიძემ მოიყვანა. ამის მერე მივედი უსუფაშვილთან და ვთხოვე, რომ ყოფილიყო შერიგება. მართალი გითხრა, შედეგს ვერ მივაღწიე ვერც ერთი მხრიდან. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, დუმბაძემ მოახერხა, როგორც ჩანს, სხვა “არხი გაეჭრა”. თებერვლის მერე მე უკვე აღარ ვიყავი პარტიაში იმავე პოზიციაზე. მოკლედ, დუმბაძემ დაამყარა კავშირები პარტიის ხელმძღვანელობასთან. ახლა რაც შეხება თავად იმ სიტუაციას, რომელიც იქ შეიქმნა. იქ უამრავია ისეთი ადამიანი,, რომელიც ნამდვილად ღირსი იყო, რომ აჭარა წარმოედგინა როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ადგილზე. მაგრამ “ქართულ ოცნებაში” შექმნილმა სიტუაციამ ეს მდგომარეობა არ განაპირობა. იმიტომ რომ ცენტრში, “ქართულ ოცნებაში” ბევრი ცდილობდა, თავისი კანდიდატურა გაექაჩა სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის აჭარაშიც. მათ ისე გააგიჟეს ივანიშვილი, რომ, ბოლოს და ბოლოს, აჭარლებზე გადაწყვიტა პირდაპირ დაყრდნობა. ასეთი იყო ხაბაძე და ასეთი იყო დუმბაძე. მოკლედ, აჭარული წარმომადგენლობის ნორმალური პორტრეტის შექმნას თვითონ “ქართული ოცნების” მესვეურებმა შეუშალეს ხელი თავიანთი აუწონელი აქტიურობით.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“, 18-24 დეკმებერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |