![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
საზოგადოებას მოკლე ვადაში უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით
რატომ დასთანხმდა ვანო მერაბიშვილი სახაზინო ადვოკატის აყვანას?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც სასამართლო პროცესზე მერაბიშვილმა განმარტა, ფარცხალაძემ მას ჟვანიას საქმის გახსნაში დახმარება და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანგარიშის ნომრები სთხოვა. “პარასკევს, გვიან ღამით, ორის ნახევარზე ციხიდან გამომიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, თავზე გადამაცვეს ჩემივე მოსაცმელი. ჩემი ვარაუდით, წამიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი, მეორე ადამიანზე შემდეგ ვისაუბრებ, ხოლო მეორე ადამიანი მთავარი პროკურორი იყო. პროკურორმა წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ მე პროკურატურას არ დავეხმარები ჟვანიას საქმის გახსნაში, თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. პროკურორმა გაკვირვებულმა მითხრა, რომ, თუ ამას არ დავთანხმდები დამიხატა შემდეგი სურათი: ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება, რაზეც მე პირდაპირ მიუგე, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს-მეთქი. მან მკაფიოდ ამიწერა, როგორ ტირის დედაჩემი ყოველდღე, როგორ უჭირს ჩემს ოჯახს. პროკურორმა მითხრა, რომ სანამ ღარიბაშვილის მთავრობა ხელისუფლებაში იქნება და ღარიბაშვილი დიდხანს აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, მე ციხიდან ვერ გავალ”, _ განაცხადა მერაბიშვილმა ქუთაისში გამართულ სასამართლო პროცესზე. პროკურატურა კი მერაბიშვილის განცხადებას არარეალურსა და აბსურდულს უწოდებს, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. რეალურად რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ყოფილი პრემიერის განცხადება, როგორ უნდა იმოქმედოს არსებულ სიტუაციაში ხელისუფლებამ? “პრემიერს” იურისტი, “არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი” კახა კახიშვილი ესაუბრა.
_ ბატონო კახა, წინა ხელისუფლებას სწორედ მსგავსი ქმედების გამო ვაკრიტიკებდით, გამოდის, ღარიბაშვილის მთავრობაც იგივეს იმეორებს?
_ ჯერჯერობით, დადასტურებულად არ შემიძლია თქმა, რომ ამგვარი ფაქტი ნამდვილად მოხდა. თუმცა აუცილებელია სასჯელაღსრულების სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყოს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, ვანო მერაბიშვილის განცხადების ნამდვილობის, ან არარეალობის შესახებ. ბუნებრივია, თუ აღნიშნული ფაქტი სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში მოხდა, იმ უწყებაში, რომელიც აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, ჩაწერა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, მით უმეტეს, იმ პატიმრების, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი, მიმაჩნია, რომ სოზარ სუბარის უწყებას შეუძლია, მოიპოვოს ყველა ის მასალა, რომელიც დაამტკიცებს, ან უარყოფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს.
_ “ნაციონალური მოძრაობა” გამოძიების დასრულებამდე მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. ადეკვატურია მათი პოზიცია?
_ არ ვეთანხმები. ვფიქრობ, თუ მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, გამოძიებამ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, მაგრამ მხოლოდ ერთი, მშრალი განცხადების საფუძველზე მინისტრებსა და პროკურორებს უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ. შეიძლება ხვალ, ან ზეგ კიდევ გაკეთდეს მსგავსი ტიპის განცხადებები, მაშინ მთელი მთავრობა პარალიზებული გვეყოლება და ასე წინ ვერ წავალთ. თუმცა მიმაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მოკლე ვადაში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.
_ პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებას სრულ აბსურდს უწოდებს, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამასთანავე, პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებას ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების გააქტიურებასაც უკავშირებს. შესაძლოა, მერაბიშვილის გაკეთებული განცხადების მიზანი მართლაც ჩამოთვლილი ფაქტები იყოს?
_ არ გამოვრიცხავ ამ გარემოებასაც, რადგან “ნაცმოძრაობაში” სერიოზული პიარტექნოლოგები მუშაობენ, იციან, რა დროს რა განცხადება უნდა გააკეთონ. ამიტომ იმის გამო, რომ მერაბიშვილის განცხადებამ პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანოს წმინდა სამართლებრივი საკითხები, აუცილებელია, სასჯელაღსრულების სამინისტრომ აღნიშნული ფაქტი შეისწავლოს და საზოგადოებას უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს.
_ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმე პროკურატურას უნდა ჩამოერთვას და პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გადაეცეს შესასწავლად. სამართლიანია ბოკერიას მოთხოვნა?
_ ვფიქრობ, ეს ძალიან არასერიოზული მოთხოვნაა. თავად გიგა ბოკერიამაც კარგად იცის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ის ორგანო არ არის, რომელსაც ხელეწიფება საპროცესო გამოძიების ჩატარება და ადამიანებისთვის ბრალის განსაზღვრა, ან პასუხისგებაში მიცემა. აქედან გამომდინარე, პროკურატურა საქმის ძიებას ვერ შეწყვეტს და პარლამენტს ვერ გადასცემს. თუმცა შესაძლებელია, აღნიშნულ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაიწყოს საკითხების შესწავლა.
_ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის განცხადება ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად?
_ კარგად ვიცნობთ “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ “ნაცმოძრაობას” ამგვარი განცხადებით დასჭირდა დისკრედიტაცია პროკურატურის, ახალი ხელისუფლების სამართალდამცავი სისტემის, რადგან მოიპოვოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ვანო მერაბიშვილის პროცესთან დაკავშირებით. თუნდაც იგივე ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნას საფუძველშივე ჩაუყარონ უნდობლობა. გამაკვირვა ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებამ ადვოკატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შესაძლებელია ამ გადაწყვეტილებით ჩაფიქრებულია, რომ მერაბიშვილი დასთანხმდეს სახაზინო წესით ადვოკატის აყვანას და საბოლოო განაჩენი დაჰბრალდეს იმას, რომ პროკურატურა და სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რის გამოც, მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ანუ ადვოკატმა მას შეგნებულად დააკლო არგუმენტები, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი „პრემიერი“, 18-24 დეკემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |