“გაადვოკატებულმა ყოფილმა პროკურორებმა სახელმწიფოს გადამზადების თანხები უკან უნდა დაუბრუნონ”
ახალმა ხელისუფლებამ პროკურატურაში, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, როგორც იქნა, პირველი ნაბიჯები გადადგა და სააკაშვილის დამნაშავე პროკურორების გარკვეული ნაწილი სამსახურიდან გაუშვა. თუმცა ადვოკატი მარინე კორძაძე მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი. ის ითხოვს, ყოფილ პროკურორებს, პროკურატურაში სახელმწიფო ხარჯზე გავლილი გადამზადების სოლიდური თანხებიც უკან დააბრუნებინონ, რადგან ეს ფული არამიზნობრივად დაიხარჯაო.
მარინე კორძაძე, ადვოკატი:
_ პროკურატურა ამ კუთხითაც საჭიროებს რეფორმას, შემდგომში იგივე რომ არ განმეორდეს, რაც ახლა მოხდა. თითოეული პროკურორის გადამზადებისთვის სახელმწიფოს უდიდესი თანხები აქვს გადახდილი, მაგრამ ახლა ისინი იქ აღარ მუშაობენ და ეს თანხებიც წყალში გადაიყარა. ეს ფული ქვეყნის ბიუჯეტს დააკლდა, ისინი კი ამგვარად მიღებულ ცოდნას უკვე კერძო ბიზნესებში იყენებენ.
_ იქნებ უკეთ ამიხსნათ, რაზეა საუბარი?
_ როგორც იცით, პარლამენტი ყოველწლიურად ამტკიცებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ბიუჯეტს. ამ ბიუჯეტში, 2004 წლიდან, თანხები პროკურორების ტრენინგებისთვისაც იყო განსაზღვრული. წესით, ეს საჯარო ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. ეს უბრალო ტრენინგები არ გეგონოთ, ტარდებოდა საკმაოდ ძვირადღირებული გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლებები უცხოეთში მივლინებებითა და მთელი ამბებით. იმ პროკურორებზე, ვისაც ტრენინგები უნდა გაევლოთ, იწერებოდა მივლინებები და ისინიც მთელი კვირა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ისხდნენ ბიუჯეტის ფულით. სოლიდური თანხები იხარჯებოდა ამისთვის _ მილიონები. თითოეული პროკურორის გადამზადების ფული ქვეყნის ყულაბას, ხალხს დააკლდა და ჩემი აზრით, მათ ეს თანხები უკან უნდა დააბრუნონ, რადგან თავიანთი ცოდნა იმ საქმეს ვერ მოახმარეს, რომლისთვისაც გადამზადდნენ.
_ ყველა პროკურორი იყო ვალდებული, ტრენინგი გაევლო?
_ დიახ, ყველა. ქვეყანას…ჰყავდა 400-მდე პროკურორი და თითოეულ მათგანს არაერთხელ აქვს ასეთი გადამზადება გავლილი. 2008 წლის 31 ოქტომბერს მიღებული პროკურატურის შესახებ კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, პროკურატურის მუშაკმა 3 წელში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს, მთავარი პროკურორის წარდგინებით, იუსტიციის მინისტრი მხოლოდ 2013 წლის 30 მაისიდან განსაზღვრავს, მანამდე კი თავად წყვეტდნენ ყველაფერს. იგივე კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში. საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით, ასევე, საერთაშორისო პროგრამების გათვალისწინების შემთხვევაში, პროკურატურის მუშაკს შეუძლია, კვალიფიკაცია აიმაღლოს სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში. ანუ კანონიც, როგორც უნდოდათ, ისე მოირგეს. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები ხშირად შედიოდა. ყოველი ცვლილების დროს კი სახელმწიფო პროკურორებს ტრენინგს უტარებდა. მაგალითად, როცა ნაფიც მსაჯულთა თემამ წამოიწია, ითქვა, რომ აუცილებელი იყო პროკურორების გადამზადება და ეს გააკეთეს კიდეც, სახელმწიფო ხარჯზე გადაამზადეს ისინი. ბევრი მათგანი დღეს პროკურატურაში აღარ მუშაობს, გაათავისუფლეს, ან თავისი ნებით დატოვეს ეს სამსახური. ბიუჯეტის ხარჯზე გადამზადებული ყოფილი პროკურორები დღეს ადვოკატები არიან და კერძო საადვოკატო ბიზნესი აქვთ მოწყობილი. ამჯერად ისინი იმ ადამიანებს იცავენ, რომლებიც მათ სახელმწიფო ხარჯებით სწავლა-განათლების მიღებაში დაეხმარნენ და ისეთი ხელშეკრულებები არ დაადებინეს, სადაც რაიმე ვალდებულება ჩაიდებოდა. კადრების გადამზადება სხვა უწყებებშიც ხდება, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ეს სახელმწიფო უწყება ტრენინგში მონაწილე თანამშრომლებთან ხელშეკრულებებს დებს, სადაც წერია, რომ ამ წლიდან ამ წლამდე ამ პიროვნებამ აუცილებლად უნდა იმუშაოს თავდაცვის სისტემაში. ვინც ხელშეკრულებას დაარღვევს, თანხა უკან უნდა დააბრუნოს, მაგრამ რატომღაც პროკურორების შემთხვევაში ასე არ მომხდარა და ახლაც არ ხდება. ბიუჯეტის თანხებით გადამზადებული ადვოკატ-ექსპროკურორები იცავენ მერაბიშვილს, კეზერაშვილს, ახალაიას და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლოსა და გამოძიებაში. სწორად გამიგეთ, მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები პროკურატურაში უნდა დარჩენილიყვნენ და ისინი იქიდან არ უნდა გაეთავისუფლებინათ. საბიუჯეტო თანხები, მილიონობით ლარი რომ უშედეგოდ დაიხარჯა, თავად პროკურატურამ რომ სარგებელი ვერ ნახა, იმაზე ვსაუბრობ. უნდა მოიკვლიონ, კონკრეტულად რამდენი დაიხარჯა ამ პროკურორების გადამზადებაზე და რას აკეთებენ ისინი დღეს. ამის შემდეგ მათ ეს ფული უკან უნდა დააბრუნებინონ. ქვეყნის ბიუჯეტის ასე უყაირათოდ ხარჯვა აღარ უნდა დავუშვათ. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში, ასეთი გაადვოკატებული ყოფილი პროკურორი 50 მაინც არის და ყველა მათგანისგან სახელმწიფომ უკან უნდა დაიბრუნოს გადამზადების თანხები.
_ ადვოკატის უფლების მისაღებად, როგორც ვიცი, სპეციალური გამოცდის ჩაბარებაა საჭირო და მათ ეს რატომ არ დასჭირდათ?!
_ ადვოკატთა შესახებ კანონში წინათ ეწერა, რომ პროკურორებს არ ჰქონდათ უფლება, გამოცდის გარეშე გამხდარიყვნენ ადვოკატები. მერე პროკურორების გამოცდები დაწესდა და მათ ეს უფლება მისცეს. მიუხედავად ამისა, როცა რამდენიმე ყოფილმა პროკურორმა მიმართა ადვოკატთა ასოციაციას საადვოკატო მოწმობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა ამაზე უარით უპასუხათ. მერე გაასაჩივრეს და სასამართლომ მისცათ უფლება, პროკურატურის გამოცდაჩაბარებულები უგამოცდოდ გამხდარიყვნენ ადვოკატები. ასე აიღეს მათ საადვოკატო მოწმობები. ჯერჯერობით კანონი კიდევ არეგულირებს ამ ნორმას და, ალბათ, ესეც გადასახედი იქნება ადრე თუ გვიან. თუმცა ამჯერად უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ის, მათი კვალიფიკაციის ამაღლება იმ სტრუქტურას რომ არ გამოადგა, რომელმაც ბიუჯეტიდან ფული დახარჯა. ეს თანხები მიზნობრივად დახარჯული არ არის, არამიზნობრივად დახარჯული თანხები კი უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.
_ თქვენი მოთხოვნა უკეთ იქნებოდა გასაგები, ეს ადამიანები თავისი ნებით თუ დატოვებდნენ პროკურატურას. როგორც ვიცით, ბევრი მათგანი იქიდან ხელმძღვანელობამ გაუშვა. ამ შემთხვევაში მათი ბრალი ხომ არ არის, ტრენინგით მიღებული ცოდნა უწყებისთვის რომ ვერ გამოიყენეს?! თანაც როგორც გავარკვიე, ამ ტრენინგებში დახარჯული თანხის გარკვეული ნაწილი უცხოელ დონორებს ჰქონიათ გადახდილი. თურმე მათ ეუბნებოდნენ, უწყებას ვაძლიერებთ, წარმატებულს ვხდითო და ისინიც ეხმარებოდნენ ამაში.
_ დიახ, ეს ადამიანები ან თავისი ინიციატივით წავიდნენ სამსახურიდან, ანდაც ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. ხომ გითხარით, უნდა გაირკვეს ყველაფერი. თუ მათი საქმიანობა პროკურორისთვის კანონშეუსაბამო იყო და ამიტომ გაათავისუფლეს, მათ მიმართ სხვანაირი, თუნდაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ასეთ შემთხვევაში, მით უფრო უნდა მოსთხოვონ მათ ამ თანხის უკან დაბრუნება. თუ თავად წავიდა პროკურატურიდან ხომ, ასევე, უნდა დააბრუნონ ეს თანხა. რაც შეეხება უცხოელების მიერ ამ საქმეში ჩადებულ ფინანსებს. ასეც რომ ყოფილიყო, ჯერ ერთი, არც ეს ფული უნდა გაენიავებინათ უმიზნოდ და მეორე, გამოდის, ისინიც მოატყუეს. მათ ხომ სისტემის გაძლიერებაში ჩადეს ეს თანხა, მაგრამ ყოფილი პროკურორები როგორ გააძლიერებენ ამ სისტემას, როცა ისინი იქ აღარ მუშაობენ?!
მომავალში იგივე კიდევ რომ არ განმეორდეს, ამისთვის აქედანვე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. ამ ნორმებს პროკურატურის შესახებ კანონი და დებულება არეგულირებს. სწორედ იქ უნდა ჩაიდოს ასეთი შემთხვევებისთვის სახელშეკრულებო ვალდებულებები. სანამ სახელმწიფო პროკურატურის მუშაკის გადამზადებაზე ფულს დახარჯავს, მანამდე მას უნდა დაადებინოს ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული ის პირობები, რომელიც სახელმწიფოს აღარ აზარალებს. რაც შეეხება სასწავლო ცენტრს, მას სერიოზული რეფორმა სჭირდება. სხვა დარგის სპეციალისტების გადამზადება თუ სახელმწიფო თანხებით არ ხდება, პროკურორები გამონაკლისები რატომ უნდა იყვნენ?! გაადვოკატებული ექსპროკურორების უმეტესობას იმ გახმაურებულ საქმეებში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა გამოც ქვეყანაში გამოსვლები და ხალხის პროტესტი დაიწყო. მათზე უამრავი საჩივარია შეტანილი და რა გამოდის, მათ სახელმწიფოს ფულით სიამოვნებაც, ცოდნის ამაღლებაც უნდა შერჩეთ და ის ბრალდებებიც, რასაც მათ უყენებენ?! ამიტომაც ვაცხადებ, გამოიკვლიონ ყველა მათგანის საქმე და ის თანხებიც დააბრუნებინონ, რომელიც მათი ცოდნის ამაღლებაში ქვეყანამ უშედეგოდ დახარჯა.
...
“პრემიერმა” მოიძია რამდენიმე გაადვოკატებული ყოფილი პროკურორის ვინაობა და მათი ავტობიოგრაფიები, სადაც მათ მიერ ტრენინგების გავლაც არის მინიშნებული:
1. ქეთევან ჩომახაშვილმა მთავარ პროკურატურაში მოღვაწეობა 2005-7 წლებიდან დაიწყო. 2009-12 წლებში იყო მთავარ პროკურატურაში შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი. 2012-13 წლებში მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი. როგორც ცნობილია, ის გირგვლიანის საქმეზეც გამოდიოდა პროკურორად და სხვა გახმაურებულ საქმეებშიც აქვს წვლილი შეტანილი. ერთ-ერთი გახლავთ 36 წლის მწყემსის, ალექსანდრე ბახუტოვის საქმე, რომელიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლაშა ჩოფიკაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობისთვისაც ბახუტოვი გაასამართლეს, ცოცხალი იყო და მწყემსად, მთაში იყო წასული. ამის გარკვევის შემდეგ, წესით და რიგით, ბახუტოვის ნაცვლად ის გამომძიებლები და პროკურორები უნდა დაესაჯათ, რომლებმაც ეს ადამიანი ციხის კარამდე მიიყვანეს, მაგრამ დღემდე არავინ დასჯილა. ამ საქმეშიც მონაწილეობდა ყოფილი პროკურორი ქეთევან ჩომახაშვილი. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ მან იმის შემდეგაც მოითხოვა ბახუტოვის პატიმრობაში დატოვება, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დაზარალებული ცოცხალი იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინ მისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში, მოსამართლე ოშხარელმაც დააკმაყოფილა. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.
2013 წელს ჩომახაშვილმა იურიდიული საკონსულტაციო კომპანია Lჩჩ დააარსა. ის ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელ-პარტნიორია. მის ბიოგრაფიაში საერთაშორისო გამოცდილებასა და მიღებული ტრენინგების კურსს ცალკე თავი აქვს მიძღვნილი:
“საერთაშორისო გამოცდილება: 2010 წელი _ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა (მოკლევადიანი სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში); 2007 წელი _ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა (მოკლევადიანი სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში); 2009 წელი _ ელექტრონული საქმის წარმოება (მოკლევადიანი სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში); 2006 წელი _ სასამართლოში გამოსვლის უნარ-ჩვევები (მოკლევადიანი სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში); ტრენინგები: ადამიანის უფლებები _ ტრენერთა ტრენინგი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება _ ტრენერთა ტრენინგი; სასამართლო უნარ-ჩვევები _ ტრენერთა ტრენინგი; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო _ ტრენერთა ტრენინგი; დაკითხვებისა და გამოკითხვების წარმოება _ ტრენერთა ტრენინგი; საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი; თანამედროვე მენეჯმენტის ტექნიკა; პროექტების მენეჯმენტი; დროის მენეჯმენტი; კვლევის მეთოდები და მარკეტინგი.
2. ყოფილი პროკურორი ალექსანდრე მგელაძეც ამჟამად უკვე ადვოკატია. როგორც ირკვევა, მასზე უკვე არის პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი შესული. ეს ადამიანები მას პროკურორობის დროს საქმეების გაყალბებაში მონაწილეობის გამო უჩივიან. ერთ-ერთი გახლავთ კომპანია “სენტა პეტროლიუმის” მეპატრონის, იაკობიძის საქმე. მგელაძე მისი უკანონო ბრალის შეთითხვნასა და დაპატიმრებაში ფიგურირებდა. ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე, რომელსაც საჩივარი პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვს. ის აცხადებს, რომ მისი კომპანიის ხელში ჩაგდება დავით კეზერაშვილს უნდოდა და მგელაძეც ასე ამიტომ მექცეოდაო. პროკურორი მგელაძე ასევე ჩნდება ბიზნესმენის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფირანგოს” ხელმძღვანელის, გიორგი ჭონაშვილის საქმეშიც. ამ ადამიანმაც უკვე მიმართა წერილით პროკურატურას. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება კი ავტომატურად გულისხმობს არა მხოლოდ იმ პირთა სამართლებრივ დასჯას, ვინც უშუალოდ თუ ირიბად მონაწილეობდა “შარდენ ბარში” მომხდარ ინციდენტსა და ოქროყანაში, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში, არამედ ამ საქმის პროკურორთა დასჯასაც ითვალისწინებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ ალექსანდრე მგელაძეა.
P.S. ერთი შეხედვით სინდისჩამორეცხილი, გაადვოკატებული და ადამიანის უფლებადამცველებად ქცეული, საზოგადოებისგან ბრალწაყენებული, ყოფილი პროკურორების სიის გაგრძელებასა და მათი ბრალდებების ნუსხის ჩამოთვლას შემდგომ ნომრებშიც გავაგრძელებ. მეც ვეთანხმები აზრს, რომ სამართალი უნდა აღდგეს როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით და ვინც ვის რა წაართვა, უკან უნდა დაუბრუნოს.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 11-17 დეკემბერი