

|
სამოქალაქო საზოგადოების კონტურები
(წერილი მეხუთე)
არსებული ფონის გათვალისწინებით, დაისმის ლეგიტიმური კითხვა: როგორია ჩვენი მენტალური და კულტურული რეალობა?! _ ამაზე პასუხის გასაცემად მივმართოთ ერთ აშკარა მახასიათებელს _ მეტყველებას, ენის ფენომენს და დავაკვირდეთ, რა სურათის პირისპირ აღმოვჩნდებით. ენა ერის ფსიქოლოგიის, მისი სულიერი და ინტელექტუალური საწყისის, მისი მენტალობის გამომხატველია. ენა აძლევს პიროვნებას სტატუსს, განასხვავებს ამ სამყაროში ყველა სხვა არსებისგან. ენა ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, მარადიულობასთან წილნაყარს ხდის. ენის წიაღში დაცულია ღვთაებრივი ენერგია, რომელიც სხვადასხვა დროს ამოხეთქავს, როგორც განსაკუთრებული ფენომენი, პოეტურ სიტყვაში გამოვლენილი თუ მეცნიერულ აზრში გაცხადებული. ენა თავად ქმნის რეალობას და ამ სინამდვილის მოწმედ გხდის. ენის განცდა საკუთარი თავის შემეცნებას უკავშირდება, ამ გზით კი პირველხატს მივეახლებით. მეტყველება ესაა შინაგანის გამოვლენა გარეთ თავისი ავ-კარგით. ამიტომ ადამიანის საუბრის მანერა ხშირად წარმოაჩენს მის ფსიქო-ემოციურ სამყაროს, ხასიათს, ბუნებას, სულიერობას. სიტყვას აქვს დიდი ძალა, ის აღიქმება, როგორც სიმბოლო, როგორც ხატი. სიტყვა ქმედითი ფენომენია, საქმეს უდრის. ერთმა სიტყვამ შეიძლება გაცხონოს ან წარგწყმიდოს. ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა სიკვდილის ჟამს აღიარა ქრისტე და კაცთაგან პირველი შევიდა სასუფეველში. თავად მაცხოვარი ასე გვაფრთხილებს: “სიტყუათა შენთაგან განმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო”. ენა ღვთაებრივი საუნჯეა _ როგორც ბრძანა წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ) _ და მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს! ჩვენს რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე დროში ყოველგვარი სულიერი ფასეულობის დევალვაცია მოხდა, აღარაფერი შემოგვრჩა მშვენიერი და ამაღლებული, “ენაი შემკული და კურთხეული” ქუჩური, ჟარგონული გახდა. ყველგან დამახინჯებულ, შერყვნილ და წაბილწულ ქართულს ვისმენთ. ქვეყანაში ტოტალური უგულებელყოფითი დამოკიდებულებაა ენისადმი, სიტყვისადმი, აღარსად ისმის “საამური ქართული სიტყვა” (ილია). ქართული ენა, მთელი თავისი მშვენებითა და სიმდიდრით, ვერც თანამედროვე ქართულმა მწერლობამ და ვერც თეატრმა ფეხზე ვერ წამოაყენეს.
ერისა და პიროვნების კულტურა განიზომება მეტყველების კულტურის ხარისხითაც და, როცა ზეპირმეტყველების კულტურა დაეცემა, ეს აზროვნების დაბალი დონის მანიშნებელიცაა, რადგან აზროვნება და მეტყველება ერთმანეთისგან განუყოფელია. ვინ ვართ ჩვენ დღეს? _ საკუთარი დედის მაგინებელი, ბილწსიტყვაობის უმძიმეს ცოდვაში ჩარჩენილი ერი! მეტი სასჯელი და უბედურება რაღა უნდა იყოს! ამიტომ წერდა თავის დროზე სულით შეძრული პოეტი ანა კალანდაძე: “ბილწსიტყვაობას ქვეყნისთვის ნარკომანიაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია”. გახრწნა დიდი ხნის დაწყებულია. ზუსტად საუკუნის წინ შეშფოთებული გამოდიოდა სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძმობა: “ჩვენს ერში ძალიან არის გავრცელებული სალანძღავ-საგინებელ სიტყვათა ხმარება და საუბედურო კიდევ ის არის, რომ არ ერიდებიან არც ადგილს, არც დროს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ველურ ხალხზე უარესნი ვართ. თვითონ მშობლებიც ხშირად ასწავლიან ხოლმე პატარებს გინებას. პატარა შვილები ხშირად არ ჩამოუვარდებიან მშობლებს გინებაში. საზოგადოდ, საგინებელი სიტყვები, ნამეტნავად უბრალო ხალხს, მიაჩნია აუცილებლად საჭიროდ ყოველგვარს ლაპარაკის დროს, ხუმრობაშიც და დარბაისლურ საუბარშიც, მეგობრებშიც, სიმთვრალეშიც და სიფხიზლეშიც. რა არის ამისი მიზეზი? _ ამის მიზეზი არის უწმიდურობა გულისა; არა აქვს კაცს გული წმიდა, აყროლებული და დამპალია იგი ცოდვათაგან, სავსეა ყოველივე უწმიდური, არაწმიდა ზრახვით”. სიტყვისადმი ასეთი დამოკიდებულება ნორმად ექცა ქართველობას და ამას მოჰყვა ის, რომ მეოცე საუკუნის 70-იან წლების ბოლოს თბილისის სკოლებში უფროსკლასელ ბიჭებს შორის მამის გინება შემოვიდა მოდაში. ეს ე.წ. ლეგალური გინება იყო, ჩვეულებრივი მასალა სიტყვისა და არ უნდა გწყენოდა, თუ გეწყინებოდა, “სოფლელი” იქნებოდი. ასე გავსვეტდით ნელ-ნელა და მივადექით ხელშეუხებ სიწმინდეს _ დედას. არადა, დედის გინებისთვის ქართველს შეეძლო უახლოეს ადამიანზე აღემართა ხელი და საზოგადოება მაინცდამაინც დიდ დანაშაულად არ ჩაუთვლიდა, _ აბა, დედის შეგინებას როგორ აპატიებდაო. ნოდარ დუმბაძე თავის გახმაურებულ რომანში “ნუ გეშინია, დედა” უკრაინელ პეტრო შერბინას ათქმევინებს: “ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ... ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს _ მზე უყვარს… როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის”. ოდითგანვე ასეთი წმინდათაწმინდა იყო ქართველისთვის დედა, მისი სახელი, ღირსება და პატიოსნება. ახლა კი, სხვამ არ შემაგინოსო და მოსწრებაზე არიან, თავად იგინებიან საკუთარ დედას. საკუთარი დედის გინება იმის დასტურად, რომ აქაოდა წყალშეუვალ სიმართლეს ვამბობო, ზოგს კულტურათა დიალოგის შედეგი, ზოგს ადგილობრივი “ნოუ ჰაუ” ჰგონია. მთავარი ისაა, რომ საკუთარ დედას, ძირითადად, ახალგაზრდები იგინებიან. ფსიქოლოგიურად ეს არის არარეალიზებული ადამიანის ტიპი, რომელიც ასეთი ქცევითი აქტივობით ცდილობს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. ასეა თუ ისე, ამ ვერბალური ინცესტის გამო, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ.
ამას გარდა, ის ლექსიკური მარაგი, რომელიც შემოგვრჩა, პირდაპირი მანიშნებელია უწიგნურობისა. “ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას _ მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს”, _ ასე წერდა მიხეილ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1924 წელს. თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ და შეიცვალა რამე?! _ მხოლოდ ერთი, რუსული ენა ინგლისურმა ჩაანაცვლა! არა მგონია, მხოლოდ უცხო ენის მოძალება იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი. რასაკვირველია, ამდენი ნეოლოგიზმი სერიოზულ პრობლემას ქმნის, თუმცა არაქართული ინტონაციებით საუბარი, გადაპრანჭული და ბუნდოვანი სტილი ერთდროულად იმის მანიშნებელიცაა, რომ ფეხის ხმას აყოლილი და თანაც შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსის მსხვერპლნი ვართ.
უცნაურ დროში ვცხოვრობთ. პარადოქსია, რადგან, ერთი მხრივ, მშობლიურ ენას სკოლებში კარგი სახელმძღვანელოებით ასწავლიან, ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გრამატიკას, მართლწერის საკითხებს, მერე მისაღებ გამოცდებზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია ამ მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებშიც ისწავლება აკადემიური წერა თუ სტილისტიკა, მაგრამ საშველი მაინც არ დაგვადგა. რატომ? _ ვზრდით უწიგნურ თაობას, რომლის ცოდნა მხოლოდ ინფორმაციულია, შესაბამისად _ ზედაპირული, არც სიღრმე და არც ფიქრის ანარეკლი ჩანს. ახალგაზრდები თუ სწავლობენ, მხოლოდ გამოცდამდე მოაქვთ ცოდნა და ცხოვრებაში გამართული ქართულით საუბრის სურვილი არა აქვთ, ვერც უფროსი თაობისგან იღებენ პიროვნულ მაგალითს და ასე ჯადოსნურ წრეში ვტრიალებთ. წერა და აზროვნება ერთი მთლიანი პროცესია, ლოგიკა კი დიდი ხანია, აღარ გვაქვს არაფერში, ამის ნათელი მაგალითია “ანუს” ასე ხშირად და უკონტექსტოდ გამოყენება, ვითომ ლოგიკას მივყვებით, რაღაცას ვუხსნით ერთმანეთს და ვაზუსტებთ ჩვენს ნათქვამს. ერთი უცხოელი, რომელიც რვა თვე ცხოვრობდა თბილისში, მეკითხება: რას ნიშნავს სიტყვა “რა”? ქართველები რასაც ამბობთ, ბოლოში ამ “რას” უმატებთ: დავიღალე რა, ძაან მაგარი იყო რა...
აი, ასე “გავიბანძეთ” თავი და ასე გადავგვარდით, გავღატაკდით... კარგი მოქართულე დიდი იშვიათობა გახდა! ზინაიდა კვერენჩხილაძისა და გურამ საღარაძის მსგავსი ქართული ზეპირმეტყველება უკვე საოცნებო წარსულად გვექცა. შემაშფოთებელია ისიც, რომ უნივერსიტეტების სტუდენტთა უმრავლესობას არა აქვს საყვარელი ლექსი, უბრალოდ, სკოლაში სწავლის 12 წლის განმავლობაში ერთი ლექსიც კი არ/ვერ ისწავლა ზეპირად! აი, რა მოაქვს არასწორად წარმართულ სასწავლო პოლიტიკას. არ შეიძლება სკოლა აქცენტირებული და ორიენტირებული იყოს მისაღები გამოცდების პროგრამებზე, რადგანაც ეროვნულ გამოცდებს სხვა ფუნქცია და მიზანი აქვს. სირცხვილია, ბარათაშვილის, ვაჟას, გალაკტიონის... ერთი ლექსი მაინც არ იცოდეს ქართველმა! ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე საუბრობდნენ, წიგნიერების გარდა: “კარგად გავერთეთ, კარგი დრო ვატარეთ” _ მეტს ვერაფერს გაიგონებთ ეკრანიდან თუ რადიოდან. უფრო მეტიც, ერთხელ ექსპრეზიდენტს წამოსცდა ის, რაც მისი პიროვნების არსს შეადგენდა (მეტყველება ხომ მოსაუბრის ცნობიერისა და არაცნობიერის რეპრეზენტაციაა!), ბანაკში მყოფ ახალგაზრდობას მეტი კითხვის, ცოდნისა და განათლებისკენ კი არ მოუწოდა, არამედ ურჩია: აგერ ბუჩქებში გაერთეთო. გართობასა და დროსტარებას გადაყოლილი ერისგან უკეთეს შედეგებს ვერ მივიღებთ. რუსთაველის ქვეყანა წიგნიერების დონით მსოფლიოში ბოლოდან მეცხრე ადგილზეა. საბოლოოდ, ჩვენი სნობიზმის, პროვინციალიზმისა და ბევრი სხვა უბედურების სათავეც ხომ გაუნათლებლობაშია. ამიტომაც, გამოსავალი, უპირველესად, განათლების რეორგანიზაციაში უნდა ვეძებოთ და არა _ პატრიოტულ ბანაკებში! როცა საზოგადოებრივი მოთხოვნა იქნება მწვავე და შეუვალი, როცა მხოლოდ პატიოსანი, ერუდირებული და კომპეტენტური ადამიანების დრო დადგება, როცა დაფასდება ღირსება და სამართლიანობა, მაშინ, მხოლოდ მაშინ გვეშველება და აღარც პრიორიტეტები აგვერევა ერთმანეთში.
ხშირად იცვლება სიტყვის სტანდარტი, ჟურნალისტების ზეპირმეტყველება სწრაფი, აგრესიული და არაბუნებრივი, გაუმართავი და ღარიბია. რაც დრო გადის, ვშორდებით ბუნებრივ ქართულს, დარბაისლურ მეტყველებას. მასმედიაში გაქრა ჟანრები, ყველაფერს ერთნაირი ქართულით გვიყვებიან, ინფორმაციის ენა აღარაფრით განსხვავდება რეპორტაჟის ან მოწინავე სტატიის ენისგან. რადგან ასეთი გაუბრალოებული და ერთგვაროვანია ყველაფერი, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ენა, ზოგადად, ვეღარ ვითარდება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგაშოა! ყველაზე უარყოფითი გავლენა თაობაზე მაინც ტელევიზიამ მოახდინა, მან ინდივიდუალურობა წაართვა და დაუკარგა ჩვენს მომავალს. ხშირად მინატრია, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც არ არის ტელეისტერია და რადიოს უფრო მეტი მსმენელი ჰყავს. ჯერ ერთი, ამდენი გაყალბებული, არაფრისმთქმელი, უნიჭო და უკულტურო სახის ყურება; მათი ცხოვრების წესის გაპიარება და ვითომ კომპეტენტური (საექსპერტო) აზრების ფრქვევა უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, ამდენი გასართობი შოუპროგრამა და ტაკიმასხარა წამყვანები, რომლებსაც არც ესთეტიკა აქვთ და არც ეთიკა. მათი ვითომ “სვეტური” დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მხოლოდ პოპულარობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანების უსუსურ ბორგვას მაგონებს. გარდა ამისა, ტელესივრცე სავსეა სკანდალებზე აგებული გადაცემებით, სენსაციებზე, ერთობ პიკანტურსა და ინტიმურ თემებზე დასმული აქცენტებით (ჟურნალისტური პროვინციალიზმი), რომელი ერთი ჩამოვთვალო... თანაც როგორ ენაზე მოსაუბრე არხები: “ფანტასტიური; ვსვავ; ვდგავ; რამოდენიმე; ლირიული; ეროტიული; დინამიური; მე რას ვიძახი, რო; ძაან მაგარი; მადლობა მინდა მოგიხადოთ; ბევრი პრობლემები; ცნობადი სახეები; კითხვადი წიგნები; ყურებადი” გადაცემები... მისალმება ვერ ისწავლეს წამყვანებმა. გაიძახიან: დილა მშვიდობის, საღამო მშვიდობის. კონსტრუქციის ჩამკეტი ა ხმოვანი ჩაიყლაპა, მშვიდობის საღამო, მაგრამ (პრეპოზიციური, შებრუნებული წყობის დროს) საღამო მშვიდობისა, დილა მშვიდობისა _ ამის დამახსოვრებას მაინც რაღა უნდა, მაგრამ მასობრივი უცოდინრობაა ყველგან და ყველაფერში!!! სამწუხაროდ, ქალაქურობადაა მიჩნეული უცხო სიტყვების სპეციფიკური პრონონსით წარმოთქმა (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფ თანხმოვანი დიდი ხანია F-ით ჩავანაცვლეთ), წამღერებითი ინტონაციის მოძალება, არაბუნებრივი მახვილები. თბილისელობა სკაბრეზულობასაც კარგად ირგებს და მივიღეთ დღევანდელი მეტყველება _ უვიცობისა და უწიგნურობა-უკულტურობის გამომხატველი ვერბალური ნონსენსი!
მთელი სამყარო ენაში და ენით არსებობს! ერი უკვდავია მხოლოდ მაშინ, თუ ის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. ახლა ჩვენ თვალწინ ირღვევა ქართული ენის სტრუქტურა, სინტაქსი. “მტერობა ენის არს მტერობა ქვეყნის”, _ გვაფრთხილებდა ილია; “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”, _ გოდებდა გრიგოლ ორბელიანი. ჰოდა, ჩემი თუ არ გჯერათ, მათ მაინც დაუჯერეთ! ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ქართული ენა ქართველთა ერთობისა და ქართული სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია, ამიტომ მისი სიწმინდე ხელშეუხებელი უნდა იყოს ყველა ეტაპზე. მარტინ ჰაიდეგერმა ადამიანი ასე განსაზღვრა _ მე ვარ ის, რასაც ვლაპარაკობ! არ გაგვიკვირდეს, ზუსტად იმას ვიმსახურებთ, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვეპყრობით ჩვენი იდენტობის გარანტს _ ქართულ ენას!
საბა მეტრეველი, გაზეთი "პრემიერი", 11-17 დეკემბერი
გაგრძელება შემდეგ ნომერში
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |