

|
ბავშვთა სტაციონარებში საწოლების დეფიციტია
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვთა სტაციონარებში საწოლების დეფიციტია. მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რა დაავადების გამო გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან საშიშროებას არ ელის. "15-17 დღის განმავლობაში მართლაც შეინიშნება საწოლების დეფიციტი ბავშვთა სტაციონარებში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ვართ ამაში, შესწავლილი გვაქვს სავარაუდო მიზეზები, რას შეიძლება ეს გამოეწვია _ ავადობის პიკი მოდის ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე. ლაბორატორიული ანალიზით არც ერთხელ არ დადასტურდა A ჯგუფის ვირუსი, ასევე ანალიზი ჩავატარეთ იმ მიმართულებით, ხომ არ იყო ეს დაკავშირებული ბაღის ასაკის ბავშვებთან, აღმოჩნდა, რომ ავადობა ამ მხრივაც დაბალია", - განაცხადა დავით სერგეენკომ. კონკრეტულად რის გამო იმატა ბავშვთა სტაციონარებში პაციენტების მიმართვიანობამ, არსებობს თუ არა ეპიდემიის საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს ავადმყოფობის შემთხვევაში პაციენტი? "პრემიერს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ესაუბრა:
_ ბატონო პაატა, კონკრეტულად რა ხდება სტაციონარებში, რა ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე?
_ სტაციონარებთან გვაქვს კავშირი და ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გააქტიურებულა. თუმცა, გრიპის გარდა, ამ პერიოდში 200-მდე სხვადასხვა ვირუსი აქტიურდება.
_ თუ მიმდინარეობს მუშაობა იმ ვირუსის დასადგენად, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვთა სტაციონარებში საწოლების დეფიციტი შეიქმნა?
_ მიმდინარეობს მუშაობა ვირუსის დასადგენად. ალბათ, ის უფრო რესპირატორული ვირუსი უნდა იყოს, იგივე პარაგრიპის ვირუსი, რომელიც გრიპის ვირუსები არ არის. ჩვენ ზედამხედველობას ვახდენთ გრიპის ვირუსზე, რომელიც ჯერ არ დატრიალებულა. ასე ვთქვათ, ჯერ ლაბორატორიას არ დაუჭერია.
_ კონკრეტულად როდის გვეცოდინება, რა ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე?
_ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პერიოდში 200-მდე სხვადასხვა ვირუსი აქტიურდება და ეს გაცილებით მომატებულია.
_ ვირუსულმა ინფექციებმა ბავშვებში რატომ იმატა?
_ ნახეთ, რა ამინდია. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მატულობს რესპირაციული ინფექციები. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ყველგან ასეა, ბავშვებში რესპირაციული ინფექციები განსაკუთრებით მატულობს. შესაბამისად, სტაციონარებშიც იმატა ბავშვთა მიმართვიანობამ.
_ რა რეკომენდაციას მისცემთ მოსახლეობას?
_ პირველი და ძირითადი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი ბავშვი საბავშვო ბაღში, ან სკოლაში არ გაუშვან. ამგვარი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს სახლში, რადგან ვირუსი სხვასაც არ გადასდოს. ამავე დროს აუცილებელია, პაციენტი დროულად მიიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი "პრემიერი", 4-10 დეკემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |