|
“სამინისტროს ამგვარი “კომპეტენციის” მერე, მგონი, აზრი აღარ აქვს იმაზე მსჯელობას, არის თუ არა მათ “პრიორიტეტულ ჩამონათვალში” კულტურული მემკვიდრეობა”
“პრემიერს” ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ესაუბრა:
_ გაუგებრობამ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტთან დაკავშირებით შეიქმნა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ძალიან ზედაპირულად თუ ვიტყვით, აღმოჩნდა, რომ სამინისტრო არც კი იყო იმის საქმის კურსში, რის ინიცირებასაც აკეთებდა. დავიჯეროთ, რომ ეს მხოლოდ უყურადღებობის ბრალია, თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტული აღარ არის?
_ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ შესწორებას კანონში არ შეიძლებოდა გამოეწვია, ვინაიდან ის იმდენად უარყოფითია მემკვიდრეობის დაცვის საქმისთვის მთლიანად, რომ მისი შეფასება მხოლოდ ერთგვაროვნად შეიძლება _ კანონში ამგვარი მუხლის გაჩენა უკიდურესად დაასუსტებს ძეგლების დაცვის სისტემას სახელმწიფოში. მისი მიღების შემდეგ, მგონი, აღარცაა საჭირო კულტურის სამინისტროს საქმიანობაში “ძეგლთა დაცვის” მიმართულების არსებობა. სიმპტომატურია ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაიტანა ტექსტი მთავრობის სხდომაზე და ისე განიხილა კულტურის სამინისტროს თანდასწრებით, რომ ეს უკანასკნელი ვერც კი მიხვდა კანონპროექტის შინაარსს. მეტიც, მას წერილობით დადებითი დასკვნაც დაურთო და პარლამენტის განხილვებს მშვიდად ადევნებდა თვალს (უფრო სწორედ არ ადევნებდა!). რომ არა “შემთხვევით” გახმაურება ამ რედაქციისა და საზოგადოების მძაფრი რეაქცია _ კულტურის სამინისტრო ვერც მიხვდებოდა, რა ხდება. სამინისტროს ამგვარი “კომპეტენციის” მერე, მგონი, აზრი აღარ აქვს იმაზე მსჯელობას, არის თუ არა მათ “პრიორიტეტულ ჩამონათვალში” კულტურული მემკვიდრეობა.
_ ერთია ის, რას შემოგვთავაზებს ხელისუფლება კანონისა თუ სხვა ნორმატიული აქტის სახით, მეორეა, რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს. მაშინ როდესაც სფეროს განმკარგავ მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ არსებული ძეგლები ერთმანეთში ერევათ, რამდენად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი საიმედო ხელშია?
_ რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ძეგლების სახელების არევ-დარევა კიდევ შეიძლება გაიგოს კაცმა, მაგრამ ყველაფრის პიკი _ დღეისთვის მხოლოდ, მომავალში უარესიც შეიძლება მოხდეს _ ისაა, როცა მინისტრმა საყდრისის მთას “მოძრავი ძეგლის” სტატუსი მიანიჭა. მოძრავი ძეგლის სტატუსი, მოგეხსენებათ, ენიჭებათ რეალურად “მოძრავ”, სამუზეუმო ან საკოლექციო ნივთებს _ სამაჯურს, ბეჭედს, სარკეს, სასაფეთქლეს, ტილოს... როგორ წარმოუდგენიათ მინისტრსა და მის გუნდს “მოძრავი მთა”, ეს ჩემთვის გამოცანაა. ასეთ “პროფესიონალიზმს” “მრგვალი მაგიდის” მოწვევა ვერ შველის _ ესეც ძალიან სამწუხაროა.
_ გასულ წელს, ფაქტობრივად, შეჩერდა “ვარძიის პროექტი”. რა ვითარებაა ამ მხრივ ამჟამად და გვაქვს კი იმის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას ეს ძეგლი არ დაავიწყდება?
_ სტრატეგიისა და, ზოგადად, კითხვაზე პასუხის _ “რა გვინდა?” არარსებობა, მე ვფიქრობ, ძალიან თვალსაჩინოა. მაგალითად, უკვე ბევრჯერ ვახსენე და გავიმეორებ, თბილისის სანებართვო სისტემის გაუმჯობესება-განვითარების ნაცვლად, მისი 2003 წლის მდგომარეობაში მოყვანა, სააგენტოს ერთიანი რეგიონული ქსელის დაშლა, ასევე სხვა სიმპტომები, რომლებიც, ჩემდა სამწუხაროდ, კარგად ჩანს, მიდასტურებს, რომ საქმე გეგმაზომიერობის ნაცვლად “ხელის ცეცებით” კეთდება. ამ ხელის ცეცებას გადაჰყვა ვარძიის ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მთლიანად კლდის ძეგლების დიაგნოსტირებასა და გამაგრებას ეხება და რომელიც გვაძლევს შანსს, მსოფლიოს წამყვანმა ძალებმა იმუშაონ და გადაარჩინონ დაავადებული ვარძია, დაავადებული გარეჯი, კაბადოკიასთან, პეტრასთან და სხვა შედევრებთან ერთად. რახან ეს პროექტი სრულიად გაუგებრად და უპასუხისმგებლოდ გაჩერდა, ამ დიდი მონაპოვარის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში ვცდილობთ გააქტიურებას. იმედია, სააგენტოს სპეციალისტები, და ასეთები იქ არიან, მსგავსი პროექტების შინაარსს გაიგებენ და თავის გამოცდილებას უფრო მიზანდასახულად მოახმარენ დაკისრებულ საქმეს.
_ თქვენ, როგორც პროფესიონალი, ამჟამად განსაკუთრებულ პრობლემას რაში ხედავთ? რა მიმართულებას უნდა დაუთმოს ყურადღება ხელისუფლებამ?
_ ძალიან მინდა, სამინისტრომ და სააგენტომაც ყური დაუგდოს და ეცადოს, გაიგოს გამოცდილი ადამიანების მოსაზრებები. ამ სფეროში პოლიტიზება არ შეიძლება და ყველამ კარგად იცის, ჩემი ხელმძღვანელობის დროს გვერდიგვერდ მუშაობდნენ მთავრობისა და ოპოზიციის მხარდამჭერი ადამიანები, ისე, რომ საქმეს არაფერი აკლდებოდა და თავს ყველა კომფორტულად გრძნობდა. ამიტომაც პოლიტიკური მოსაზრებებით გაყოფა, ვის დავუგდო ყური და ვის _ არა, გააცალმხრივებს მიმართულებას. ასეთი ვითარების მიუხედავად, მე არ მბეზრდება, _ მით უფრო, კარგად იციან, მე პოლიტიკოსი არ ვარ, _ გამოვთქვა ჩემი მოსაზრება ძეგლთა დაცვის დღევანდელ და სამომავლო სტრატეგიაზე, ეგებ გამოადგეთ ეს გამოცდილება. მაგალითად, სამინისტროს ვურჩევდი, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონში ძეგლები უკვე საჭიროებს მეტ კატეგორიზაციას და დაკავდნენ ამით, რადგან დიფერენცირებული მიდგომა გააიოლებს მოვლის სტრატეგიას, მეტ მსურველს ლეგალურად ჩართავს გაჯანსაღების პროცესში, უფრო ადეკვატურს გახდის დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებს. ვურჩევდი იმასაც, რომ ახლა უკვე შემოსაღებია ძეგლზე მომუშავე ხელოსნების სერტიფიცირების სისტემა, რადგან ბაზარზე არჩევანი უკვე არსებობს და ამ სიმწრით ნასწავლ და გამოცდილ ხალხს მხარდაჭერა და დაფასება უნდა. სააგენტოს ვურჩევდი, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარების საქმეს, საერთაშორისო პროექტების ამოქმედებასა და ახალგაზრდების მათში მონაწილეობას. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლებად დავხარჯავდი იმ ძეგლებზე, რომლებსაც შესაძლებელია, კერძო ინვესტიციებმა მიხედოს, მაგალითად, საფორტიფიკაციო ნაგებობებს, რომლებზეც მომუშავეები კონკურენტულ გარემოში ვერ მოქმედებენ და სხვა.
_ გთხოვთ, დამისახელოთ კონკრეტულად რამდენიმე ძეგლი, რომელიც გადაუდებელ გადარჩენას საჭიროებს.
_ ასეთია, მაგალითად, წალენჯიხის ტაძარი, მისი არქიტექტურაც და ფრესკებიც, მაგრამ სწორი დიაგნოზისთვის, სურათის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საერთაშორისო პროექტის ამოქმედება. მძიმე მდგომარეობაშია აკურის ტყეში მდებარე ტაძარიც, რომლის ტენდერიც ჩავარდა და ისე დაზამთრდა, რესტავრატორებმა იქამდე ვერ მიაღწიეს. გადაუდებელი დახმარება სჭირდება თისელის, კვარშის, უკანგორის სიძველეებს, რომელთა პროექტებიც ჩვენ დავახვედრეთ სააგენტოს და იმედია, სამუშაოები მომავალ წელს მაინც არ დაყოვნდება.
_ არ შემიძლია, არ გკითხოთ ბაგრატის ტაძარზე. ადამიანების ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ბაგრატის სახურავის ფერი არ მოსწონდა და ლიფტი, დღეს გაჩუმებულია. რატომ?..
_ მრავალჯერ მითქვამს და გავიმეორებ _ ბაგრატის ტაძარი სანიმუშო პროექტია. მისით ყველა იამაყებს და გულის სიღრმეში ეს ყველამ იცის, როგორც კი გაივლის პოლიტიზების, ნიშნის მოგების, ცრუ ბრალდებებით ქულების დაწერის დრო. ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა ბაგრატი უკვე შეაფასეს და მოგეხსენებათ, ის დომუსის პრესტიჟული საერთაშორისო პრემიითაც დააჯილდოვეს.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“, 4-11 დეკემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |