

|
მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ვერსია ჯანსუღ კახიძის სიმღერებზე
ვისაც მაესტრო ჯანსუღ კახიძის სიმღერები ახსოვს, ალბათ, ძნელად წარმოიდგენს, რომ მათი თანამედროვე ქორეოგრაფიის ენაზე ამეტყველება შესაძლებელია. გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა და კერძოდ, დამდგმელმა ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ ეს იდეა კომპოზიტორისა და დირიჟორის, ვახტანგ კახიძის მიერ ადაპტირებული სიმღერებითა და კომპოზიციებით შეძლო.
სპექტაკლი სახელწოდებით “ჰარირა” რუსთაველის თეატრის დიდი სცენაზე ორჯერ წარმოადგინეს და მან მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია... და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ჯანსუღ კახიძის 20 სიმღერაა ჩატეული, რომელიც მაყურებელს ქართული სიმღერისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის ჯერ კიდევ მიუღწეველ, მაგრამ საამო რითმას აგრძნობინებს.
ექსპერიმენტებით შთაგონებულმა ახალგაზრდა ქორეოგრაფმა, მარიამ ალექსიძემ უკვე რამდენიმე თანამედროვე ბალეტი დადგა. მაგალითად, ზაფხულში, თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიურ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მისი “V & V” _ დაახლოებით 25-წუთიან ქორეო-კომპოზიცია გია ყანჩელისა და იანის ქსენაკისის მუსიკის თანხლებით. ბალეტის მოყვარულთ შესაძლოა, ასევე ახსოვდეთ მისი პროექტი სახელწოდებით “ალვა”, რომელიც 2012 წელს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქორეოგრაფიული მოვლენა გახდა.
ახალ სპექტაკლში “ჰარირა” ქორეოგრაფი ახალი იდეების განხორციელებას უფრო თამამი თეატრალური ხერხებით ცდილობს. მაგალითად, სიჩუმის, ფიზიკური მოქმედებისა და მუსიკის მოულოდნელი კონტრასტით; ზოგჯერ ასიმეტრიული და მაყურებლისთვის საამოდ დამაბნეველი ქორეო-ხაზებითა და მოქმედების მოულოდნელი გადაკვეთით კახიძის სიმღერების ტექსტებთან. მოკლედ, თანამედროვე ცეკვის უსაზღვრო შესაძლებლობანი მარიამ ალექსიძეს საკმაოდ ნატიფი ექსპერიმენტის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
“ჰარირას” დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფიის ავტორი, გოგი ალექსი-მესხიშვილი მინიმალური გამომსახველობითი საშუალებებით ქმნის და ავსებს სცენურ გარემოს _ ქმნის თანამედროვე მასალით დამზადებულ სიმბოლურ საფეხურებს თუ მსუბუქ სვეტებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ხმაურიან გორგოლაჭებად გარდაიქმნება.
სპექტაკლში გამოყენებულია, აგრეთვე, ციტატები ცნობილი შვედი მწერლის, პერ ლაგეკვისტის ესედან “განთავისუფლებული ადამიანი”, რომელსაც რუსთაველის თეატრის მსახიობები ცეკვისას ან მოკლე პაუზების დროს წარმოთქვამენ. სხვათა შორის, ცეკვის პარალელურად ტექსტის გამოყენება ევროპულ ქორეოგრაფიაში არახალია და ამ ხერხს მარიამ ალექსიძემ რეჟისორ დათა თავაძის რჩევითა და მისივე თანამონაწილეობით მიმართა: შედეგი ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა.
სპექტაკლში მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის მსახიობები: ნათია კვაშალი, თამთა ინაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ქეთევან ხიტირი, ლევან ხურცია. ასევე, მოწვეული მსახიობები _ ნათია ბუნტური და ნატო კახიძე. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსახიობების პარალელურად, მაყურებელი სცენაზე ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მოცეკვავეებს იხილავს: დავით ანანიაშვილს, თამთა ბახტაძეს, ეკატერინე ლომინაძეს, ლანა მღებრიშვილს, უილიამ პრატს, ეკატერინე სურმავას, სოფიო ფანცულიასა და შორენა ხაინდრავას.
“ჰარირა” სწორედ იმით გამოირჩევა საბალეტო ან თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმებისგან, რომ მასში რუსთაველის თეატრისა (და არამარტო ამ თეატრის) მსახიობები თითქოს როლებს უცვლიან პროფესიონალ მოცეკვავეებს. ეს გარკვეულ იუმორისტულ და ირონიულ ელფერს ანიჭებს წარმოდგენას. მსახიობთა აკვარელური, ფერადი სამოსი და ბალეტის მოცეკვავეთა ქათქათა სამოსი კი ხაზს უსვამს კონტრასტს და მათ ფიზიკურ შესაძლებლობას.
ჯანსუღ კახიძის სიმღერები სპექტაკლისგან დამოუკიდებლადაც საკმაოდ დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე. თუმცა სპექტაკლში ისეა გამოყენებული, რომ მათში მსახიობები და მოცეკვავეები საკუთარ გრძნობებსა და განცდებს “კითხულობენ”. სიმღერები საცეკვაო ნოველების ფორმით ერთიანდება და მათი წყობა, ერთიანი მუსიკალური და დრამატურგიული სტრუქტურა პოეტურ-ირონიულ განწყობას ქმნის.
პროექტი გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განახორციელა. ეს, ალბათ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ჩვენს ქორეოგრაფიულ თუ თეატრალურ ცხოვრებაში.
თავად მარიამ ალექსიძის შესახებ: 90-იანი წლების ბოლოს ციურიხის ოპერისა და ბალეტის მიწვევით იმავე თეატრის დასში ცნობილი ქორეოგრაფის, ჰაინც შპორელის ხელმძღვანელობით ცეკვავდა. შესრულებული აქვს სოლო და წამყვანი პარტიები, როგორც კლასიკურ დადგმებში, ასევე ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში. როგორც მოცეკვავე, მონაწილეობდა თანამედროვე ქორეოგრაფების _ ალექსეი რატმანსკის, ირჟი კილიანის, ფილიპ კოენის, ტრეი მაკენტაიერისა და გიორგი ალექსიძის დადგმებში. 2004-2009 წლებში თბილისის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობდა სპოლეტოსა და ედინბურგის ფესტივალებში. საბალეტო დასთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა იაპონიაში, ამერიკაში, ინგლისში, უკრაინაში...
უკვე რამდენიმე წელია, მარიამ ალექსიძე თანამედროვე ქორეოგრაფიის ურთულეს ლაბირინთებში არცთუ წარუმატებლად მიიკვლევს გზას. მისი ოპუსები: “დოვინ-დოვენ-დოვლი”, “აჭარპანი”, “ალვა”, “V&V” და “ჰარირა”, სწორედ ამის დასტურია.
დავით ბუხრიკიძე, გაზეთი „პრემიერი“, 27ნოემბერი - 4 დეკემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |