![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“პრემიერს” ესაუბრა ტურისტული კომპანია “ჯეო თრეველის” დირექტორი ნინო ჭუმბურიძე:
_ რა მიმართულებებით მუშაობს “ჯეო თრეველი” და როგორ შეაფასებდით 2013 წლის ტურისტულ სეზონს?
_ “ჯეო თრეველი” მუშაობს როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე. მართალია, წელს იმატა ტურისტების რაოდენობამ, მაგრამ უმეტესწილად თვითონ ჩამოდიან, სასტუმროებს ჯავშნიან და სააგენტოებს არ მიმართავენ. შარშანდელი წელი უფრო კარგი იყო ჩვენი სააგენტოსთვის. ახლა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესია და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი ბევრად საინტერესო და მრავალრიცხოვანი იქნება ტურისტების მხრივ, ვიდრე წინა წლები. ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სასიამოვნოა, როცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აქვს ამოცანა, მიზანი, ამბიცია, რომ ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად აქციოს. დარწმუნებული ვარ, ყველა ტურისტული ბიზნესი ამას მხოლოდ მიესალმება და ყველანაირად გვერდში დაუდგება.
_ რომელ ბაზრებზე მუშაობს კომპანია და როგორია საქართველოსადმი მოთხოვნა?
_ კომპანია მუშაობს იტალიის ბაზარზე, ესპანეთისა და ყაზახეთის და აპირებს უზბეკეთის ბაზარზე გასვლას. ვცდილობთ და მაქსიმალურად ვესწრებით სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ტურისტულ გამოფენებს. გამოფენაზე წარმოდგენილია ის ტურისტული პროდუქცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ტუროპერატორები კი მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან აფორმებენ კონტრაქტებს. წლების განმავლობაში გაფორმებული ბევრი საინტერესო ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული მსოფლიოს წამყვან ტურისტულ კომპანიებთან, რაც შესაძლებელს ხდის, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები. საქართველოს ტურისტული პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოვიზიდოთ ტურისტები და დავასვენოთ როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის კურორტებზე.
_ ტურისტებს ძირითადად რა ტიპის პაკეტები აინტერესებთ?
_ ძირითადად აინტერესებთ კულტურული ტურები, სამთო-სათხილამურო და ღვინის ტურები. უფრო დიდი მოთხოვნაა კომბინირებულ ტურებზე საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი.
_ როგორია თქვენი დაკვირვება, საქართველოში ჩამოსული ტურისტები მხოლოდ ერთი ადგილის მონახულებით შემოიფარგლებიან, თუ მათი ინტერესის სფერო მთელი ქვეყნის მონახულებაა?
_ მხოლოდ ერთი ადგილის სანახავად ნაკლებად ჩამოდიან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ სვანეთში ჩამოვლენ, უფრო მეტად აინტერესებთ რამდენიმე კუთხის ნახვა. ძირითადად, ერთკვირიან ტურებს ირჩევენ.
_ როგორია თქვენი შეფასება, უცხოელი ტურისტი საშუალოდ რამდენს ხარჯავს დღეში და ამავდროულად, თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან შემოსული ტურისტები ითვლებიან ყველაზე მხარჯველ ტურისტებად.
_ საშუალოდ $30-40-ს, ყველაზე მხარჯველებად იაპონელები და რუსი ტურისტები ითვლებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ვიზიტორების 26% ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობს, ხოლო მოგზაურობისას 42% იყენებს ავტომობილს, 41% კი _ ავტობუსს. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ვიზიტორებს შორის თბილისია, მას ვიზიტორების 46% სტუმრობს, შემდეგ მოდის ბათუმი (42%) და ყაზბეგი (8%). ყველაზე პოპულარული განთავსების საშუალების ტიპი სასტუმროა, მასში ვიზიტორების 47% ჩერდება.
_ რაც შეეხება ტურისტულ პროდუქტებს, რა ტიპის პროდუქტებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი?
_ კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ტურებს: კულტურულ, პილიგრამულ, ღვინის და აგრეთვე, გამაჯანსაღებელ კურორტებზე დასვენებას. ყველაზე მოთხოვნადი, როგორც გითხარით, კომბინირებული ტურებია. საქართველოში უამრავი კურორტია, საიდანაც დღეისთვის რეალურად მხოლოდ 20% მუშაობს, რაც უნდა გაიზარდოს. მოთხოვნადია გამაჯანსაღებელი ტურიზმიც, რასაც ასევე ძალიან მცირე წილი უკავია. ეს კი განპირობებულია იმით, რომ თვითონ გამაჯანსაღებელი კურორტების ინფრასტრუქტურაა მცირე, ანუ ცოტაა. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მთავარია, ტურიზმი გახდეს ქვეყნისთვის რეალურად პრიორიტეტი. აჭარაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა _ საკრუიზო ტურიზმი.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“, 27 ნოემბერი - 3 დეკემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |