|
“ახალი წლისთვის წარვუდგენთ პრეზიდენტს პირველ სიას, თუმცა ძველი დებულების საფუძველზე”
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი დანიშნა. თითქმის მთლიანად შეიცვალა კომისიის შემადგენლობაც, რომელიც ასე გამოიყურება: ალეკო ელისაშვილი, ლია მუხაშავრია, თამარ ხიდაშელი, ეკა გიგაური, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად ქორიძე, თეა გოგოტიშვილი, კოტე ჯანდიერი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, გივი შაჰნაზარი. კომისიაში ძველი შემადგენლობიდან დარჩნენ მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი და მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე. რა პრიორიტეტები ექნება კომისიის ახალ შემადგენლობას, როდის მოხდება პატიმრების მორიგი შეწყალება და რა ფორმით განხორციელდება კომისიის მუშაობა გამჭვირვალედ? “პრემიერს” შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ესაუბრა.
_ ალეკო, პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ახალ თავმჯდომარედ დაგასახელათ. მარტივად დასთანხმდით ამ შემოთავაზებას?
_ აღნიშნულ შემოთავაზებას დავთანხმდი იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა საჯარო სამსახური არ არის და პარალელურად შემეძლება გავაგრძელო ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ _ ჟურნალისტობა და “თბილისის ჰამქარის” საქმიანობა. მოგეხსენებათ, კომისია ძირითადად პოლიტიკური ნიშნით იყო დაკომპლექტებული, რის გამოც მის საქმიანობას ბევრი გაურკვევლობა ახლდა. ამიტომ ჩემი და შეწყალების კომისიის წევრების გამოწვევაა, კომისიის საქმიანობა გასაგები და გამჭვირვალე გავხადოთ. ამისთვის აუცილებელია, გაიმართოს და დაიხვეწოს კომისიის დებულება, რადგან ყველაფერი გაცილებით მარტივად იყოს.
_ როდის მოხდება, სავარაუდოდ, კომისიის ახალი შემადგენლობით პატიმრების შეწყალება?
_ სავარაუდოდ, ახალი წლისთვის წარვუდგენთ პრეზიდენტს პირველ სიას, თუმცა ძველი დებულების საფუძველზე.
_ ფაქტობრივად, კომისიის შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა, როგორ ფიქრობთ, ეს არის ის გუნდი, რომელთან ერთადაც დასახული მიზნების განხორციელებას შეძლებთ?
_ ნამდვილად, ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც შევძლებ დასახული მიზნების განხორციელებას. ეს არის კვალიფიციური, საზოგადოებისთვის ცნობილი, პატივსაცემი, სანდო და საიმედო ხალხი, რომლებიც მომართული არიან, რომ შეწყალების პროცესი ჯანსაღი იყო. ამიტომ მე ამ ხალხის იმედი მაქვს, რადგან კომისია პოლიტიკური ნიშნით არ არის დაკომპლექტებული.
_ ძველი კომისიიდან ახალ შემადგენლობაში მხოლოდ სამი ადამიანი მოხვდა. რა ნიშნით შეირჩნენ ისინი?
_ კომისიაში ძველი შემადგენლობიდან რჩებიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ავტომატურად ეკუთვნის კომისიის წევრობა, ყველასთვის პატივსაცემი მწერალი გივი შაჰნაზარი და საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე. ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ არიან შერჩეული.
_ კომისიის ახალ დებულებაზე მუშაობა კონკრეტულად როდის დაიწყება?
_ მუშაობა უკვე მიმდინარებს, პრეზიდენტს წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს. თუმცა პირველი რიგის ამოცანაა, რომ სასწრაფოდ მოვახდინოთ ახალი სიების შედგენა.
_ როგორ ფიქრობთ, ძველი კომისიის მუშაობაში რა იყო მთავარი ხარვეზი, რომელსაც კომისიის ახალი შემადგენლობა გამოასწორებს?
_ მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გაუგებრობის მექანიზმი კომისიის დებულებაში იდო, კიდევ ის, რომ შეწყალების კომისია დაკომპლექტებული იყო პოლიტიკური ნიშნით და განსაკუთრებით გვახსოვს, რა მოხდა ბოლო შეწყალების დროს. ამიტომ ასეთი რამ უნდა გამოირიცხოს და პოლიტიკური გემოვნებისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით პატიმრების შეწყალება არ უნდა მოხდეს. ასევე, უნდა გამოირიცხოს ისეთი გაუგებრობები, რაც ადრე ხდებოდა, როცა კომისიაში განსახილველად ერთი სია იგზავნებოდა, თუმცა მეორეს იხილავდნენ და მესამეს ამტკიცებდნენ.
_ შეწყალების კომისიის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს თუ ჰქონდა შეთავაზება, დარჩენილიყო თუნდაც კომისიის წევრად?
_ მე კომისიის შემადგენლობას არ ვამტკიცებ, ეს საკითხი მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა. მე შემომთავაზეს კომისიის თავმჯდომარეობა, ეს იყო და ეს. დანარჩენში არ ჩავრეულვარ, შესაბამისად, არ ვიცი, შესთავაზეს თუ არა ელენე თევდორაძეს კომისიის წევრობა. ყოველ შემთხვევაში ვაპირებ, მას დავურეკო.
_ ელენე თევდორაძესთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ჩვენს არც ერთ შეკითხვას არ უპასუხებს.
_ მე დავურეკავ და ვთხოვ შეხვედრას... დაველაპარაკებოდი, გამარკვიოს, როგორ და რანაირად.
_ რეკომენდაციას მიიღებ?
_ კი. ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, რომ კომისიის თავმჯდომარე ვყოფილიყავი.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი „პრემიერი“, 27 ნოემბერი - 3 დეკმებერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |