|
“ვანოს შოუში” მისული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იმდენად დაძაბული და ხშირ შემთხვევაში დაბნეულიც იყო, რომ ვერც მეგრულმა გამჭრიახობამ უშველა და ვერც გარდასულ დღეებში ექსპერტობის გამოცდილებამ. იუმორთან რომ “გავლით” იყო, ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუმცა თბილისელები კი ნამდვილად ჩააფიქრა _ რა უნდა ამ კაცს?
არავინ იცის, წერეთელმა რა დაუბარა რაჭველებს, მაგრამ ივანიშვილის დანაბარები სრულიად საქართველოსთვის ცხადზე უცხადესია, რომელთაგან ორი შესრულებულია _ მარგველაშვილი პრეზიდენტია, ღარიბაშვილი პრემიერი. მესამე კი, რაც სამოქალაქო სექტორში წასვლის წინ დაგვიბარა, _ ნარმანია ქალაქის მერად აირჩიეთო.
ნამდვილად სისულელეა იმაზე საუბარი, ზუგდიდელი კაცი რატომ უნდა იყოს დედაქალაქის მერი. თბილისი მთელი საქართველოსია და მისი თავკაცობის უფლებაც ფხიან, გამჭრიახ და პატრიოტ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ისე, ამ ქალაქის მართვის სადავეებთან წლების განმავლობაში იდგნენ სომხები და არცთუ ურიგოდ, რა ვქნათ ახლა ამოვშანთოთ ისტორიიდან ის ეპოქა, თუ ისინი “კარენოი” თბილისელები იყვნენ და ნარმანია “კარინოი” ზუგდიდელია და არ შეიძლება?
ისე, შეძლებით ყველაფერი შეიძლება, თუმცა რამდენად რელევანტურია ნარმანიას კანდიდატურა, ეს კი ნამდვილად საკითხავია.
უცნობია, ვის გონებაში გამოიძერწა ფრაზა _ მეურნე მერის შესახებ, თუმცა ამით რომ ახალ პრემიერს ნამდვილად შეუქმნა მავანმა დისკომფორტი, ცხადზე ცხადია.
“ქართული ოცნების” სტრატეგებსა და ტაქტიკოსებს შევახსენებ, რომ მხოლოდ საქართველოში ხდება თეატრიდან, ბანკიდან, ქუჩიდან, “კუხნიდან” პერსონების გაპოლიტიკოსება, თორემ იმ დემოკრატიულ სამყაროში, რომელიც “ჩვენი დემოკრატიით” უნდა გავაოცოთ (ვაოცებთ კიდეც), ადამიანები სწორედ თვითმმართველობებიდან იდგამენ ფეხს დიდ პოლიტიკაში. მინიმუმ, ის მაინც იციან, პრაქტიკულად საკრებულოს რა უფლებამოსილება აქვს და მერსა თუ გამგებლებს _ რა.
რას გვთავაზობს ახალი პრემიერი _ მერი და გამგებელი არ იყვნენ პოლიტიკოსები და შიხიაშვილმა და გაბუნიამ აკეთონ პოლიტიკური განცხადებები?
იმის შესახებ თუ არის ცნობილი ხელისუფლებისთვის, რომ ამჟამად ნიუ-იორკის მერს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას?
ისე, სულ ცოტა დისკომფორტის შემცველი უნდა იყოს, როდესაც კანდიდატი კვლავაც “ოცნების” ილუზორულ განცდებს გვპირდება სამომავლო საქმეებად და აცხადებს: “ჩემს სამინისტროს დედაქალაქში არც ერი პროექტი არ განუხორციელებია და არც რაიმეს ვაპირებთო”, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა ამირჩიოთო. როდემდე უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ დაპირებებითა და “ოცნებებით”? ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკაში რომ მოდის ადამიანი, რაღაც კაპიტალი ხომ უნდა ჰქონდეს დაგროვებული? კარგით, ბატონო, იყოს მეურნე, მაგრამ, სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების გარდა, თავადაც ხომ უნდა ჰქონდეს რამე გაკეთებული?
ისიც ცხადია, რომ ნარმანიას გიგი უგულავასთან მოუწევს დაპირისპირება. რაც არ უნდა პრაიმერისი ატაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, პარტიაში უგულავას მომგები, მერობის კანდიდატად, არავინაა.
რა თქმა უნდა, მას ბევრ რამეს გაახსენებენ _ ანუ ცუდს. თუნდაც “თაბუკაშვილის სახლს”, სანიაღვრე არხების გაუმართავ ფუნქციონირებას და ა.შ. მაგრამ როგორც კი “ქართული ოცნება”, მას შემდეგ, რაც უკვე განაცხადა, რომ მეურნე მერის არჩევას აპირებს, “საქმეში” პოლიტიკას შემოიყვანს და ბატონ უგულავას პოლიტიკური “ცოდვების” დათვლას დაუწყებს, არა მხოლოდ ნარმანიას, არამედ ამ დროისთვის დაღმასვლით მიმავალ “ოცნების” რეიტინგს დედა აღარ ეყოლება. მოკლედ, გაუგებარია, როგორ ახერხებენ “ოცნების” სტრატეგები საკუთარი გუნდისთვის მუდმივი პრობლემების შექმნას.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. თუ წინასაარჩევნოდ, თუნდაც ხვალ ან ზეგ ვინმე გადაწყვეტს, რომ ნებისმიერი ბრალდებით უგულავა ციხეში ჩასვას, ამით საბოლოოდ დაასამარებს არა მხოლოდ “ქართული ოცნების”, არამედ ქვეყნის მომავალსაც. არადა თბილისის ამომრჩევლის ფსიქოტიპი, რომ ასე ადვილად არ იგუებს “წერეთლის (ივანიშვილის) დანაბარებს” და უგულავას შანსები დღეის მდგომარეობით უფრო მაღალია, ესეც ცხადია. ერთადერთი გამოსავალი მის დასამარცხებლად სწორედ ციხეა და თუ ვინმეს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ნამდვილად პარანოიკია, ან საკმაოდ ჭკვიანი ქვეყნის დამაქცევარი.
მეეჭვება, ბატონი ღარიბაშვილი საკუთარ თავს იანუკოვიჩის პრიზმაში ხედავდეს. თუმცა უგულავას დაკავების გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, მერე რამდენიც გინდა, იმდენი იძახოს, _ მე კი არა, პროკურატურამ და სასამართლომ დააკავაო, _ მის პოლიტიკურ მომავალს კი არა, მთლიანად საქართველოს მომავალს დაესმება წერტილი. მავანი იტყვის, უგულავა და საქართველო საპირწონეები არ არიანო. შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არიან და უფრო მეტიც. უკრაინის საპირწონე გახდა ტიმოშენკო და რამდენიც არ უნდა ლანძღო ადამიანმა ევროკავშირი, მისთვის ღირებულებითი პრინციპები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც მთელი ქვეყნის ბედი.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას მომავალ სექტემბრამდე, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დრო დადგება, მერაბიშვილის ბედი აქვს გადასაწყვეტი, იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ უგულავას პრობლემა არ დაიმატოს. თან დააკვირდით, ხელისუფლების ოპონენტების ლოგიკა რა იქნება ამ შემთხვევაში _ საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი დააკავეს, ახლა კი მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას აკავებენო.
და კიდევ ერთი მომენტი, უგულავას წინააღმდეგ “ვაშლის თლისა თუ ფცქვნის” კი არა, “ვაშლის ჩეხვისა და ხრამუნის” უტყუარი მტკიცებულებებიც რომ დადოს პროკურატურამ, როდესაც ევროპის რეაქცია წინასწარ იცი, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნისთვის რჩება ადგილი _ “წავედით რუსეთში!”.
და მაინც, უგულავა თუ ნარმანია? შეცვლის “ოცნება” საკუთარ კანდიდატს? ან დაიჭერს უგულავას იმისთვის, რომ მინიმუმ სექტემბრის ბოლოს საქართველომ რუსეთის შემადგენლობაში გაიღვიძოს? დანიელი პრინცის არ იყოს, ამ ვითარებაში მერის არჩევნები ყოფნა-არყოფნის პარადიგმას უტოლდება.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“, 27 ნოემბერი - 3 დეკემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |