|
10 წელი გავიდა “ვარდების რევოლუციიდან”. ბუნებრივია, რომ დღეს, როცა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი და მთავრობა ჰყავს, ამ იუბილეს არავინ აღნიშნავს. აღარც ახსოვს ვინმეს და საზოგადოებისთვის მის რაიმე აქტუალობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, თუ გახსოვთ, “ვარდების რევოლუციის” წლისთავებს მიშას ხელისუფლებაც აღარ აღნიშნავდა ბოლო წლებში. ხომ არ გეჩვენებათ უცნაურად?
2012 წლის შემდეგ მოსული ახალი ხელისუფლება, კი ბატონო, არ აღნიშნავდა, მაგრამ მიშას ხელისუფლებამ მაინც რატომ მიივიწყა 2009, 2010, 2011 წლებში?
კიდევ უარესი: ცოტა ადრეც შერბილდა პირველყოფილი ისტერია “ქვეყნის მხსნელი” რევოლუციის გამო: უკვე 2006, 2007 წლებში ცდილობდნენ (მაშინ ქალბატონი ბურჯანაძე ჯერ კიდევ რეჟიმის ერთ-ერთი ბურჯი იყო) მათ მიერ “გაბედნიერებული ხალხი” მეტისმეტად არ გაეღიზიანებინათ შეხსენებით, რაკი გრძნობდნენ, რომ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” თავდაპირველი PR-ის მიუხედავად, არავითარ სიმპათიას ის რევოლუცია არ იწვევდა არათუ მოსახლეობის უმრავლესობაში, რომელიც 2003 წლის 22 ნოემბერს სახლში დარჩა და ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის სპექტაკლში მონაწილეობა არ მიუღია, არამედ ყოფილ მხარდამჭერებშიც კი, ახლად შობილ ხბოსავით პირდაღებულები რომ დარბოდნენ რუსთაველზე ხუთჯვრიანი დროშებით.
ესოდენ უსწრაფესი “განხიბვლის” მიზეზი არ შეიძლება იყოს რაიმე სხვა, გარდა გამომჟღავნებული თვალთმაქცობისა! “ვარდების რევოლუციის” მთავარი შინაგანი თვისებაც სწორედ თვალთმაქცობა იყო. თვალთმაქცობა, სიფლიდე, ტყუილი მიზნებშიც, საშუალებებშიც და შედეგთა შეფასებაშიც!!!
მაგალითად, ავიღოთ ყველაზე მთავარი არგუმენტი, მიზეზთა მიზეზი, რომელსაც წლების განმავლობაში დაგვჩხაოდა “რევოლუციური სამეული” (განსაკუთრებული გაკაპასებით ქალბატონი ბურჯანაძე, რაკი სინამდვილეში 7-პროცენტიანი ბარიერი ძლივს გადალახა, თუმცა ტრიუმფის კომიკური მოლოდინი კი ჰქონდა, თურმე ჩუმ-ჩუმად უამრავი კონსპირაციული ბინის სტუმარ ჟვანიას პარტნიორს): “არჩევნები გაყალბდა”, “საშინელი გაყალბება მოხდა”, “ეს დიქტატურაა!” “ავტორიტარული რეჟიმი მყარდება!!” “ქართველ ხალხს არჩევანი წაართვეს!!!” “ეს პარლამენტი ქართველ ხალხს არ აურჩევია” და ა.შ და ა.შ.
თუმცა, ვიმსჯელოთ ფაქტებით და ჯიუტი ციფრებით: 2003 წლის 2 ნოემბრის “გაყალბებული”, “არადემოკრატიული”, “ავტორიტარული”, ანუ მთლიანობაში “საშინელი და კატასტროფულად არადემოკრატიული” არჩევნების შედეგად, რომელიც თურმე შევარდნაძის “საშინელი დიქტატურის” პირობებში ჩატარდა, 7-პროცენტიანი(!!!) საარჩევნო ბარიერი გადალახა ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა და ათეულობით პარტიამ, რომლებიც ამ სუბიექტებს შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ: შევარდნაძე _ ვაჟა ლორთქიფანიძის “მოქალაქეთა კავშირი”; ასლან აბაშიძის “აღორძინება”; მიშა სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტები” და დათო გამყრელიძის “ახლები”.
არც ერთ მათგანს მომავალ პარლამენტში არ ექნებოდა არათუ აბსოლუტური, არამედ შეფარდებითი უმრავლესობაც, ანუ ორი ფრაქციის შეთანხმებაც კი არ იქნებოდა საკმარისი, ვთქვათ, ორგანული კანონის მისაღებად: აუცილებელი იყო ფართო დისკუსია ყველა საპარლამენტო ძალის მონაწილეობით, კომპრომისების ძიება, აზრთა შეჯერება, დებატები, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც დემოკრატიის ანაბანა და ნამდვილი დემოკრატიაა!
როგორი პარლამენტი მივიღეთ რევოლუციისა და 2004 წლის მარტის “დემოკრატიული”, “არაგაყალბებული” საპარლამენტო არჩევნების შედეგად? ფაქტობრივად, ერთპარტიული, “ყვარყვარეს პარლამენტი”, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იოლად იღებდა ოპოზიციასთან და, საერთოდ, განსხვავებულ აზრთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. პირიქით, მათი დაცინვისა (“ყიყინი”) და აბუჩად აგდების პირობებში!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მანამდე იყო საპრეზიდენტო არჩევნები, 96-პროცენტიანი(!) მაჩვენებლით, რასაც ჯიშით “პროსტიტუტკა” დასავლეთმა ტაში დაუკრა და “დემოკრატიის ტრიუმფად” გამოაცხადა.
მთელი ამ წლების განმავლობაში ვითომ საიდუმლოდ რჩებოდა, როგორ მიიღო სააკაშვილმა ეს 96 პროცენტი, თუკი 2 ნოემბრის არჩევნებზე მაქსიმუმ (ესეც მაქსიმუმ, როგორც არ უნდა გაეწელათ და რაც არ უნდა დაეწერათ) მას მხოლოდ 22-23-მა პროცენტმა მისცა ხმა?
96% მიიღო იმიტომ და იმით, რომ ამომრჩეველთა ის უმრავლესობა, რომელიც ე.წ. “ვარდების რევოლუციას” არ დაეთანხმა, რაკი თავიდანვე მიხვდა მის თვალთმაქცურ ბუნებას, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა! ხოლო სააკაშვილის 96 პროცენტი იყო იმ ხალხის 96 პროცენტი, ვინც არჩევნებზე მივიდა.
როგორ უნდა ეეშმაკა და ეგაიძვერა თვალთმაქცთა სამეულს ისე, რომ არჩევნებზე მაღალი გამოცხადება დაფიქსირებულიყო? ზურაბ ჟვანიამ იპოვა გამოსავალი: პირველ რიგში, თავხედურად აღადგინეს ე.წ. “ამომრჩეველთა დამატებითი სიები”. “ძირითადი სიები” კი ჯერ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” კომპიუტერულ ცენტრს შეადგენინეს, ხოლო შემდეგ წინასწარგანზრახული შეცდომები ისტერიკისთვის გამოიყენეს იმავე არხზე.
მანამდე, ესე იგი 2 ნოემბრის არჩევნებამდე, დამატებითი სიები სპეციალურად გააუქმეს, რაკი იცოდნენ, რომ შეუძლებელია, რამდენიმემილიონიან სიაში ათასობით შეცდომა არ იყოს. მით უმეტეს, როცა ამ სიებს “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” ადგენს. ხოლო როცა უკვე თვითონ სჭირდებოდათ, “დამატებითი სიები” იოლად აღადგინეს. რაც მთავარია, ამომრჩევლები აღრიცხეს ახლებური წესით: ვინც მივიდოდა (თვითონ!) და დარეგისტრირდებოდა, მხოლოდ ის შეჰყავდათ სიაში.
ანუ, მაგალითად, თუ 1000 ამომრჩევლიდან 100 მივიდა, წინასწარ დარეგისტრირდა და ამ ასიდან მერე 97 მოვიდა არჩევნებზე, აქტიურობაც 97% ყოფილა!
ვინ მოიგონა ყველა ეს ვირეშმაკობა? სააკაშვილი ამდენს ვერ მოტვინავდა. მოიფიქრა იმან, ვინც ორივეზე ჭკვიანი იყო: მიშაზეც და ნინოზეც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამის შემდეგ მთავარი პრობლემის გადაწყვეტა დაიწყეს: ელექტროენერგიით მოსახლეობის მომარაგების. მაგრამ როგორ გადაწყვიტეს? გაიხსენეთ, რა ღირდა 1 კილოვატი ელექტროენერგია შევარდნაძის დროს? _ 6-7 თეთრი. ამიტომაც არ იყო შუქი.
შევარდნაძეს უამრავი ინვესტორი ჰყავდა, რომლებიც ეხვეწებოდნენ: გაგვაზრდევინე ფასი და მთელი ქვეყნის გამრიცხველიანებას იოლად შევძლებთ, ამ პრობლემას ერთ-ორ წელიწადში გადაგიწყვეტთო. მაგრამ ვერ ბედავდა და ეს ლაყე გაუბედაობა ძალიან ძვირად დაუჯდა თვითონაც და ქვეყანასაც.
რევოლუციონერებმა კი, ბრბოს აღტკინების ტალღაზე, ელექტროენერგია 18 თეთრამდე(!) გააძვირეს, საპროტესტო მიტინგების მონაწილენი ციხეებში ჩაყარეს (ეს მოგონილი არ გეგონოთ, ფაქტია) და 24-საათიანი ელექტრომომარაგებაც მივიღეთ.
ბიუჯეტის ათჯერ გაზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟვანიას ინიციატივით(!), დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, ქვეყანაში აღარ შემოდიოდა კონტრაბანდა, თუმცა, სამაგიეროდ, ზუსტად იმავე დღეს, ქვეყანა დაიძრა 2008 წლის კატასტროფისკენ, რაც ინიციატორმა ძალიან კარგად იცოდა (საკმარისად ჭკვიანი იყო), მაგრამ თვით მას უღირდა ამ ფასად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დაიწყო ტერორი საცოდავი წვრილი მეწარმეების მიმართ, ლუკმაპურს რომ შოულობდნენ ქუჩის ვაჭრობით. შევარდნაძე მათ უბატონოდ ხმის გაცემას როგორ გაუბედავდა, თუმცა მაინც სძულდათ და ეზიზღებოდათ.
დაუვიწყარია, ერთი გორელი მოვაჭრე რომ გოდებდა ტელევიზიით: “წალენჯიხიდან წამოსულ მიშას ავტობუსს გორში შევუერთდი და ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა მივიღე: “ინჟინერი კაცი შევარდნაძემ ქუჩაში დამაყენა მანქანის ნაწილებით მოვაჭრედო”. ბოდიში, ბატონო ედუარდ, ბოდიში, მაპატიეთ მე იდიოტს, რადგან იმას მაინც როგორ ვიფიქრებდი, რომ ეს ნაძირალები ამ ლუკმასაც წაართმევდნენ ჩემს შვილებს?!
მერედა რისთვის? ის მილიარდობით დოლარი, რომელიც ამ გზით “რევოლუციონერებმა” ამოიღეს, იარაღის ყიდვაზე დაიხარჯა. ეს იარაღი კი, 2008 წელს ოსებმა, აფხაზებმა და რუსებმა წაიღეს ხითხითით. ამის გამო დაიხოცა და შიმშილით მოკვდა ათიათასობით მოხუცი _ ლუკმაპურს რომ შოულობდა ქუჩის ვაჭრობით?!
სამაგიეროდ ბიუჯეტი გაიზარდა და თვითონაც გვარიანად “იგულავეს”: ძღომამდე ჟიმეს სოფიკოები. მაგრამ, აბა, ერთი იმ პენსიონერს ვკითხოთ, რა ერჩივნა _ პენსიის გაზრდა თუ ის, რომ მის შვილს სამუშაო ჰქონოდა, თუნდაც წვრილი ვაჭრობის სახით?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
“ვარდების რევოლუციის” მთავარი თვალთმაქცობა განზრახვის მიჩქმალვა და გაყალბებაა: ეს არ იყო დემოკრატიული რევოლუცია, ვინაიდან არავითარი შევარდნაძის დიქტატურა ქვეყანაში არ არსებობდა.
ფენომენალური თვალსაზრისით, სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის მიერ მოწყობილი გადატრიალება იყო ზუსტად იმის ანალოგი, რაც გერმანიასა და იტალიაში მოხდა გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, როდესაც აქტიური, პასიონარული, ცინიკური და თავხედურად ყველაფერზე წამსვლელი ძალები დაუპირისპირდნენ სუსტ, დავრდომილ, კორუმპირებულ, მაგრამ არასისხლისმსმელ და არა კაციჭამია მშვიდობიან რეჟიმებს: სწორედ ასე მოაწყო გარეწარმა მუსოლინიმ “მაშხალებით სვლა” რომისკენ. ისიც მრავალი კილომეტრიდან ჩანდა. თანაც ზუსტად ანალოგიური ლოზუნგებით “კორუმპირებული რეჟიმის” წინააღმდეგ.
საბედნიეროდ, “კარგადაც დაამთავრა”, საკუთარ კახპა კლარა პეტაჩისთან ერთად.
ზუსტად ასევე ებრძოდა ადოლფ ჰიტლერი ვაიმარის “ძირგამომპალ”, “კორუმპირებულ რესპუბლიკას”, რომლის “დანაშაული” სინამდვილეში ის იყო, რომ თავის საბრალო ხალხს პირველი მსოფლიო ომი აკმარა და ახალი უბედურება არ სურდა.
სამივე შემთხვევაში, ეს იყო მოძრაობა მოდერნიზაციისთვის _ აუცილებელი ფასისა და მსხვერპლის იგნორირებით! ხალხისთვის გარდაუვალი მსხვერპლის დამალვით. თორემ, აბა, 2008 წლის საშინელება რომ წინასწარ სცოდნოდათ, კლინიკური იდიოტების გარდა, ვინღა მივიდოდა 2003 წლის 22 ნოემბრის მიტინგზე თბილისის საკრებულოსთან?
ასევე, მიშას “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან შემდეგ მიტმასნილი ჟვანია-ბურჯანაძის “რევოლუცია” იყო არა დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ამბოხი სწრაფი მოდერნიზაციისთვის _ იმ მსხვერპლისა და ფასის მიუხედავად, რაც ჩვენი ქვეყნის საბრალო ხალხს უნდა გადაეხადა.
მათ შორის 2008 წელსაც, რაკი ამ მენტალობისა და უშველებელი ამბიციის ფენომენი (მით უმეტეს, ამერიკის ვითომ გულწრფელი, სინამდვილეში კი, როგორც სულ მალე დადასტურდა, ცინიკური მხარდაჭერით გაბრუებული) რუსეთთან ომშიც აუცილებლად ჩაითრევდა ქვეყანას.
ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ “ვარდების რევოლუცია”, პირველ რიგში სწორედ ზემოაღწერილი თვალთმაქცობისა და ცინიზმის გამო, არავის სიმპათიას აღარ იწვევს და მასზე კრინტის დაძვრას მისი ავტორებიც კი ვეღარ ბედავენ, როგორც ვხედავთ და გვესმის.
მიხეილ ჯიბლაძე, გაზეთი "პრემიერი", 27 ნოემბერი - 3 დეკემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |