![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
ქართული პოეზია, ალბათ, დიდი რანგის პოეზიაა მსოფლიო ლიტერატურაში
“პრემიერს” ესაუბრა პოეტი გიორგი კეკელიძე
_ დღეს თანამედროვე მსოფლიო მწერლობაში, პოეზიასა და პროზაში, ტენდენციები შეიცვალა, გაჩნდა სხვა მიმართულებები. ლექსს, კლასიკური გაგებით, ისე აღარ წერენ, როგორც ადრე. როგორ ფიქრობთ, ქართული მწერლობა უწყობს ფეხს ამ ახალ ნაბიჯებს? და საერთოდ, უნდა აუწყოს კი?
_ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოეზიაზე, ვფიქრობ, რომ ფეხს უწყობს და თითქმის ყოველთვის უწყობდა, იმიტომ რომ ქართული პოეზია, ალბათ, დიდი რანგის პოეზიაა მსოფლიო ლიტერატურაში. რაც შეხება პროზას, მას, ბუნებრივია, ჰქონდა “ამოვარდნები”. იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არაფერი იწერებოდა და მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც პროზაც და პოეზიაც მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია მიმდინარე პროცესებისა. შესაბამისად, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სიახლეებისადმი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა მე მათ რიგში ნამდვილად ვერ ჩავდგები. პირიქით, მოხარული ვიქნები, რაც მეტად დავუახლოვდებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რადგან, სულ მცირე, ეს ჩვენი ვარჯიშისთვისაა უკეთესი. ვფიქრობ, იქ, სადაც ძალიან ძლიერები ვართ (ვგულისხმობ შოთა რუსთაველს, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძეს), მათი ეპიგონობა და გამეორება მთლად იდეალური საქმე არ არის და ვერც მოხერხდება.
_ პოეტი ლია სტურუა ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ პორნოგრაფია ლიტერატურა არ არის. როგორ გგონიათ, რატომ გახშირდა ეს თემა თანამედროვე მწერლობაში და მიგაჩნიათ თუ არა, რომ დასაშვებია მისი ასე აქტიურად გამოყენება?
_ იცით, რა არის? თუ ამაში იგულისხმება ის, რომ რომელიმე ნაწარმოებში არ იწერებოდეს სექსი... ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ლიტერატურა და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს მსოფლიო ლიტერატურაში _ დაწყებული მარკიზ დე სადიდან ან ბოკაჩოდან და გაგრძელებული მეოცე საუკუნის ნებისმიერი ავტორით. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ლიტერატურა ამ ყველაფერს იტანს. მთავარი განმსაზღვრელი იმისა, რა არის ლიტერატურა და რა _ არა, ცხადია, არის მისი სტილი, ხარისხი, მხატვრული დონე და არა ის, სექსი რამდენჯერ არის ნახსენები. თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ღია, მდარე ხასიათისა და პორნოგრაფიული ტიპის ტექსტები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ლიტერატურად, მით უფრო, რომ არ მგონია, ამ თვალსაზრისით დიდად მოწადინებული ერი ვიყოთ. ამ მიმართულებით მახსენდება მხოლოდ ეროტიკულ-პორნოგრაფიული გამოცემები, სადაც მცირე ნოველებს ბეჭდავდნენ 90-იანი წლების დასაწყისში. ვერ გეტყვით, რამდენად გრძელდება დღეს ეს ტენდენცია.
_ დღეს ლიტერატურის კრიტიკოსების ნაკლებობაა, ეს რამდენად აზარალებს თანამედროვე ქართულ მწერლობას?
_ ლიტერატურის კრიტიკოსების ნაკლებობა სრულიად გასაგები მიზეზების გამოა და ეს მიზეზები, პირველ ყოვლისა, არის სოციალური მიზეზები. ალბათ, ვერც თქვენ და ვერც მე ვერ გადავდგამდით ნაბიჯს, ყოველ შემთხვევაში ძნელად გადავდგამდით, თუ ეს ნაბიჯი შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში განაპირობებდა რაღაც 200-ლარიან ხელფასს და კატორღულ შრომას. ლიტერატურის კრიტიკა არ არის ზერელე სამუშაო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იცნობდე არა მხოლოდ კონკრეტულ მწერალს, არამედ იმ კონტექსტს, რომელშიც ეს მწერალია და შესაბამისად, ეს კონტექსტი მოიცავს სხვა უამრავ ავტორსაც, გარდა თვითონ ლიტერატურის კრიტიკოსისთვის საჭირო სხვადასხვა არსენალისა, ვგულისხმობ შესაბამის განათლებას ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ დღევანდელ ახალგაზრდებში ძალიან ცოტა ლიტერატურის კრიტიკოსი გვხვდება, თუმცა ამ ბოლო დროს ჩანს რაღაც პოლემიკები, მათ შორის ვებსივრცეშიც, რომელიც მხოლოდ კარგია, მაგრამ ვნახოთ. თუკი ამას სოციალურად დამაკმაყოფილებელი საფუძველი არ ექნა, ცხადია, ეს ამბავი ძნელად მოხერხდება.
_ თქვენი აზრით, სკოლებში დიდი რაოდენობით უნდა შეიტანონ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურა, რათა ამ ფორმით “აიძულონ” მოსწავლეები წიგნის კითხვა? ან შესაძლებელია, რომ ადამიანს წიგნის კითხვა აიძულო?
_ ცოტა ძნელია ხალხის იძულება. რიგ შემთხვევაში ეს შესაძლოა, ხელოვნურიც აღმოჩნდეს და უკუშედეგი მოგვცეს. თუმცა აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ძალიან კარგია ბევრი კლასგარეშე ლიტერატურის მიწოდება, ამან შეიძლება ვიღაცას დაფარული ლტოლვა გაუღვიძოს წიგნისა და ლიტერატურისადმი. ყოველთვის იარსებებენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს საქმე არ მოეწონებათ და ესეც ბუნებრივია.
_ რაიმე ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ ამჟამად?
_ ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით. ახლა გვინდა ბავშვებისთვის გავხსნათ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც პატარები და სასკოლო ასაკის ბავშვები ივლიან, ასევე გვინდა რამდენიმე მუზეუმის გახსნა: წიგნის მუზეუმის, საბჭოთა მეხსიერების, რეპრესირებული წიგნის მუზეუმის და სხვა. გვინდა, რომ ბიბლიოთეკა გახდეს ცოცხალი ადგილი, სადაც ადამიანი მხოლოდ წიგნის წასაკითხად არ მოვა.
_ თქვენს შემოქმედებაში რა ხდება? ახალ კრებულზე თუ მუშაობთ?
_ ახალი კრებული გამოვა ძალიან მალე, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში. კრებულში შედის 2008-2013 წლებში დაწერილი ლექსები, წინასიტყვაობის ავტორი იქნება ზურაბ კიკნაძე და ვფიქრობ, რომ რაღაც შეჯამების საშუალება მომეცა ამ თვალსაზრისით და ვნახოთ, შემდეგ როგორ გაგრძელდება. ეს იყო ის, რაც 2008-2013 წლებში დაგროვდა.
_ უფროსი თაობის პოეტებთან და მწერლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა და თუ იცით, როგორ აფასებენ თქვენსა და სხვა ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებას? “მამათა და შვილთა ბრძოლა” თანამედროვე ეპოქაშიც ხომ არ გრძელდება?
_ ვისაც შევხვედრივარ, ისინი აფასებენ კარგად, თუმცა შეიძლება ზოგი მათგანი ცუდად აფასებდეს, მაგრამ არ გეუბნებოდეს, ეს ქართული სენია. და ვერაფერს გააწყობ. რაც შეეხება უფროსი თაობის დამოკიდებულებას უმცროსი თაობისადმი, ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც თვალსაზრისით გვემტერებიან ჩვენ და ჩვენს შემდეგ თაობასაც. ეს უბრალო მიზეზითაა განპირობებული. დღეს არსებობს ინტერნეტი, რომელიც ყველას ხელშია და ეს იარაღი არის სრულიად დემოკრატიული და არ არის მთლად გამომცემლობებზე დამოკიდებული ადამიანის პოპულარობის ბედი. აქედან გამომდინარე, ცხადია, მათი მხრიდან დიდი წინააღმდეგობები არ შეინიშნება. არ მგონია, რომ ავტორებს შორის მამათა და შვილთა ბრძოლა ასე პირდაპირ მიმდინარეობდეს, მაგრამ, ზოგადად, ეს ბრძოლა ყოველთვის იარსებებს.
მაკა სვიმონიშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 27 ნოემბერი - 3 დეკმებერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |