|
“მე თვითონ ვიქმნი კარგ გარემოს ყველგან”
“პრემიერს” ესაუბრა ჟურნალისტი, ტელეწამყვანი თორნიკე კვერენჩხილაძე:
_ მოგესალმებით და მადლობა ინტერვიუსთვის.
_ მადლობა თქვენ. შევეცდები, ყველა თქვენს კითხვას გავცე პასუხი.
_ ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, როგორი იყო თორნიკე კვერენჩხილაძის ბავშვობა?
_ ბავშვობა, ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დროა. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ის წლები მენატრება, რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი. არ მიყვარდა ფოტოების გადაღება და კარგად მახსოვს, მშობლებს დიდი წვალება დასჭირდათ, პირველი კლასისთვის საჭირო ფოტო რომ გადამეღო. ამიტომ პირველი კლასის ფოტოზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, მოღუშული ვარ, მიყვარდა ფეხბურთის თამაში. ზომიერად ცელქი ვიყავი... ისე, ჩემს ბავშვობას პურის რიგებიც ახსოვს. მეც 90-იანების შვილი ვარ, მაგრამ საერთო ჯამში სასიამოვნოდ მახსენდება ყველაფერი.
_ ალბათ, თქვენთვის სტუდენტობის პერიოდიც გამორჩეული იქნებოდა. როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე სწორედ თქვენი თანაკურსელია. რას იტყვით სტუდენტურ წლებზე?
_ სტუდენტობა ჩემთვის ახალი შესაძლებლობების ძიება იყო. ალბათ, უფრო სტუდენტობის დროს ჩამოვყალიბდი ისეთ ადამიანად, როგორიც ვარ. ჩემი პლუსებითა და მინუსებით. აქტიური სტუდენტი ვიყავი. მაშინ ვისწავლე ცუდისა და კარგის გარჩევა. ანუ ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ ვისწავლე. ვცდილობდი, უფრო მეტად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდი და ვცდილობდი, წიგნებში ამოკითხული რეალობისთვის შემედარებინა და რაღაც ჩემეული დასკვნები გამეკეთებინა. ერთი სიტყვით, დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა. სხვას ყველაფერს რომ ხაზი გადავუსვა, სტუდენტობა მარტო იმიტომ იყო საინტერესო ჩემთვის, რომ თეო ყურაშვილი გავიცანი. ყველაზე საინტერესო, ძალიან ლამაზი. და ისეთი თვალებით, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებდა. ალბათ, ხვდებით, ხომ ერთი დანახვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივმხდარიყავი, ვინ გახდებოდა ჩემი მეორე ნახევარი. გაცნობის პირველივე დღეს ვთხოვე ცოლობა. პასუხად ღიმილი მივიღე.
_ გყავთ შვილი ანასტასია კვერენჩხილაძე, როგორია მისი განცდები, როცა მამას ტელეეკრანზე ხედავს?
_ ანასტასია ყველაზე მოუსვენარი ვინმეა. ძალიან სასაცილოდ დახოხავს და ჯიუტად არ იწყებს სიარულს. სულ მოძრაობაშია. ხშირად ვხუმრობ, რომ ტელევიზორიდან მიცნობს ბავშვი-მეთქი. “ქრონიკის” ქუდი რომ დაიწყება, დახტის და ეკრანისკენ თითს იშვერს, “მა”, “მა”-ს ძახილით. ერთიანად მამას ჯერ არ მეძახის. პირველ ორ ასოს ამბობსJ
_ გადავინაცვლოთ პროფესიაზე, რა აკლია დღეს ქართულ ჟურნალისტიკას?
_ სხვათა შორის, ამ კითხვაზე ბევრჯერ მიფიქრია. ჩემი აზრით, ადამიანურობა აკლია. ადამიანური ისტორიები. პრობლემები. სამწუხაროდ, ამოსავალი დღეს ყველა სიუჟეტში პოლიტიკოსია. უბრალო ადამიანებს გაცილებით მეტი დრო უნდა დავუთმოთ. მახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, 27-ში, ერთ-ერთ დამკვირვებელს მშობიარობა დაეწყო. ბიჭი გაჩნდა. ვულოცავ დაგვიანებით. ჟურნალისტები მხოლოდ მწირი ინფორმაციით შემოვიფარგლეთ. მე სააგენტოს ტექსტი წავიკითხე ეთერში მშრალად. დარწმუნებული ვარ, დასავლურ მედიაში ამ თემას სიუჟეტს მიუძღვნიდნენ და ძალიან საინტერესოც გამოვიდოდა. არ მახსოვს ვინმეს მშობიარობა დაწყებოდა ადრე, რომელიმე არჩევნებზე. ყველანი ფოკუსირებულები ვართ იმაზე, იმ პოლიტიკოსმა რა ქნა, ამან რა უპასუხა...
_ პირველად იყო “აჭარის ტელევიზია”, საიდანაც, როგორც ჟურნალისტი, პირველად მიესალმეთ მაყურებელს, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
_ აუცილებლად უნდა გავიხსენო?.. ენა დამება, ძლივს მივესალმე მაყურებელს. ალბათ, რამდენმა დამცინა, სასაცილო ვიყავი... კადრები რომ ვნახე, ძალიან სხვანაირი ვარ და მართლა სასაცილო. იმ დღეს 4 თუ 5 გამოშვება წავიყვანე. საშინელება იყო, მაგრამ ყველა მამხნევებდა. ყურში რეჟისორი მამშვიდებდა. გულისცემა მახსოვს, რა დღეში მქონდა.
_ “ტვ 9”-ის ეპოქა. საინტერესოა, უკვე “დიდ ტელესივრცეში” როგორ მოხვდით, რა განცდები დაგეუფლათ და, ზოგადად, როგორ გაიხსენებდი “ტვ 9”-ს?
_ გარკვეული მიზეზების გამო, გადავწყვიტე, თბილისში მეცადა ბედი. მახსოვს, პირველად რომ დავჯექი ეთერში, მაინც ისე ვნერვიულობდი, როგორც პირველი ეთერის დროს. აჭარის ტელევიზიის მერე გადაწყობა გამიჭირდა. სულ სხვა სისტემა და მასშტაბები იყო. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ გამადიდებელი შუშით გვაკვირდებოდა ყველა, განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლება. ყველანაირად ხელს გვიშლიდნენ. ტექნიკას აზიანებდნენ. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო. მაგრამ “ტვ 9” ყველაზე დიდი სკოლა იყო ჩემთვის. რაც ვისწავლე, იქ ვისწავლე. “აჭარაზე” ადამიანების ცნობა ვისწავლე, “მეცხრეზე” _ ჟურნალისტიკა. ხუმრობით, რა თქმა უნდა. “მეცხრე” ჩემი მეორე სახლი გახდა. ძალიან ძლიერი გუნდი იყო შეკრებილი.
_ მინდა გკითხოთ, როგორც ყოფილ “ტვ 9”-ის ჟურნალისტს, თქვენი აზრით, სამართლიანად მოხდა “მეცხრე არხის” დახურვა?
_ მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ პრემიერსა და ზოგადად, პოლიტიკოსს ტელევიზია არ უნდა ჰქონდეს. ხშირად გვეკითხებიან “მეცხრეს” ყოფილ თანამშრომლებს, გამოყენებულად თვლით თუ არა თავსო. ჩვენ არავის გამოვუყენებივართ. ხელფასს ვიღებდით და იმ საქმეს ვაკეთებდით, რომელიც ძალიან გვიყვარდა. ისე, იცი, ბოლომდე არ მეგონა, რომ დაიხურებოდა. რამდენად სამართლიანი იყო, ვერ გეტყვი. მართლა არ ვიცი.
_ და ამჟამად არის ტელეკომპანია “იმედი”. როგორია ახალი სამუშაო გარემო “იმედში”?
_ ყველგან, სადაც კი მიმუშავია, ვცდილობდი, შემექმნა რაღაცნაირი მყუდრო გარემო. და გამომდიოდა კიდეც. ვინც მიცნობს, ალბათ, მიხვდება, რას ვგულისხმობ. ზოგადად, როგორი ხასიათითაც შეხვალ სამსახურში, ისეთივე ხასიათით დაგხვდება ყველა და ისეთივე გარემო გექნება. მე ყველაფერ ცუდს სამსახურის კართან ვტოვებ და დიდი ხალისითა და ენერგიით შევდივარ სამსახურში. მგონი, გაუჭირდებათ ჩემს კოლეგებს ისეთი დღის გახსენება, როცა მე მოწყენილი ან ცუდ ხასიათზე ვარ. ვცდილობ, სხვებსაც გადავდო ჩემი განწყობა. ერთი სიტყვით, მე თვითონ ვიქმნი კარგ გარემოს ყველგან.
_ რაიმე ახალი შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ “ტელეიმედში”, რაიმე პროექტს ხომ არ იხილავს მაყურებელი, რომელსაც თორნიკე კვერენჩხილაძე წაიყვანს?
_ არა, ახალი არაფერია. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. რადიო “იმედშიც” ვმუშაობ. ტელევიზიიდან ეგრევე რადიოში მივდივარ. პირველი ეთერი რვის ნახევარზე მაქვს. ჯერჯერობით “ქრონიკა” 11-ზე, 2-ზე და 5-ზე და “ქრონიკა” ნახევარ საათში ერთხელ, ღამის თორმეტის ნახევრამდე.
_ როცა საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ხდები, ხშირად ჭორებიც ვრცელდება, რა ჭორი გაგიგიათ საკუთარ თავზე?
_ ჩემზე ჯერჯერობით არანაირი ჭორი არ გამიგია, ან ჩემამდე არ მოსულა. შენ გაგიგია ჩემზე რამე ჭორი?
_ რთულია იყო პოპულარული ადამიანი? რა მოგიტანათ პოპულარობამ?
_ რა ვიცი, რთული უნდა იყოს:) მგონია, რომ არ ვარ მე ისეთი პოპულარული, რომ რამე დისკომფორტი შემიქმნას ამან ან მე ვერ ვგრძნობ. ისე ზოგჯერ კი ვამჩნევ, ქუჩაში რაღაცნაირად რომ მიყურებენ. დისკომფორტს მიქმნის-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. არც რაიმე განსაკუთრებული შეგრძნებაა. უბრალოდ, რაც ეკრანზე გამოვჩნდი, უფრო თავშეკავებული გავხდი. არც მანამდე ვყოფილვარ გიჟი, მაგრამ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. საინფორმაციოს წამყვანი ყველგან სანდო და საინტერესო უნდა იყოს. მაყურებელმა ქუჩაში, ან კლუბში ან ნებისმიერ სხვა ადგილას არ უნდა გნახოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მეორე დღეს ტელევიზორის ჩართვა აღარ მოუნდეს.
_ წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ინტერვიუსთვის.
_ მადლობა თქვენ. წარმატებებს ვუსურვებ “პრემიერს”.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |