|
“ნიკა გვარამიასა და სხვათა” საქმეზე გამამართლებელი განაჩენი ხელისუფლების კიდევ ერთ სამარცხვინო წარუმატებლობად იქცა. ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ: “ხომ ხედავთ, დამოუკიდებელი სასამართლო შევქმენითო”, ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მომხდარს ასე არ აღიქვამს. მისი უბრალო, ანუ “ხალხური” გაგებით, პროკურატურამ და ხელისუფლებამ უბრალოდ “ჩაისვარა” და ვერ გამოაჩინა ძალა, რათა სასამართლო თავის ჭკუაზე ემართა, როგორც მიშა და მისი გუნდი მართავდნენ.
რასაკვირველია, “მიშას დროს” ვერაფერს მსგავსს სასამართლო ვერ გაბედავდა, მაგრამ ახალი მმართველებიც ტყუილად ნუ მოგვაჩვენებენ იმპოტენციას ღვთისნიერებად _ “არ კადრულობენ” კი არა, უმთავრესად “არ შეუძლიათ”.
გამართლებით და შიშის ტვირთის მოხსნით აღელვებულმა ნიკა გვარამიამ აღიარა კიდეც იქვე, სასამართლოს ფოიეში ჩაწერილი ინტერვიუსას: “მე რომ პროკურორი ვიყავი, პროკურატურა საზიზღრად იქცეოდა, მაგრამ მაშინ სასამართლო ამდენს როგორ გაბედავდაო”, - ფაქტობრივად, ეს თქვა.
რამდენიც არ უნდა ეცადოს ახლა ხელისუფლება (ვიმეორებ) იმპოტენციის ღვთისმოსაობად გასაღებას, მან უბრალოდ “ვერ მოახერხა!” პირველ რიგში, ვერ მოახერხა პროკურატურამ, ხოლო პოლიტიკური რენომეს თვალსაზრისით, ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის, გვარამია და ძმანი მისნი საერთოდ რომ არ დაეჭირათ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
“საქმე თითიდან გამოწოვილი იყოო”. ცხადია, ის ერთი მილიონი დოლარი, რაც თელასს “კონსულტაციებისთვის” გამოართვეს, არც გვარამიას და არც დამენიას ჯიბეში არ ჩაუდიათ. ეს საარჩევნო ფული იყო და პარტიულ ყულაბაში წავიდა. მაგრამ პროკურატურამ ისიც კი ვერ მოახერხა, საქმე რაღაცნაირად “შეეკერა”, რათა თავლაფი არ დასხმოდა.
როგორ ახერხებდნენ საქმეების უზადოდ “შეკერვას” სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი და იგივე ექსპროკურორი გვარამია? რასაკვირველია, პირველ რიგში იმით და იმიტომ, რომ ქვეყანაში მაშინ სხვა ატმოსფერო სუფევდა, რაც ე.წ. “ვარდების რევოლუციისა” და ბრბოს აღტკინების შედეგად დამკვიდრდა. ეს ატმოსფერო მოსამართლეებზეც მოქმედებდა. მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი რევოლუციონერთა კრეატურა და მათი კადრი იყო.
ახალი ხელისუფლების უბედურება (მართლა უბედურება) კი ისაა, რომ მან, ერთი მხრივ, ლიბერალური სისტემა დაამკვიდრა, სასამართლოს ძველი წნეხი მოუხსნა, სივრცე გახსნა, “გადაწყვეტილების მიმღებნი” შიშისგან და ზეწოლისგან გაათავისუფლა (აბა, დღეს ვინ გაბედავს უბატონოდ გასცეს ხმა მოსამართლეს _ მაშინვე გამოვარდება გრიგოლიას გადაცემაში!), მაგრამ, მეორე მხრივ, მოინდომა, სააკაშვილ-ოქრუაშვილის მეთოდებით, ესე იგი “სახალხო დაჭერებით” მოეპოვებინა ავტორიტეტი და აღესრულებინა ბრიყვული წინასაარჩევნო დაპირება ე.წ. “სამართლიანობის აღდგენის” შესახებ. ანუ, ისევე ეცადა “საქმეების შეკერვა”, როგორც წინა ხელისუფლება “კერავდა”, ისევე “გამოეწოვა თითიდან” ბრალდებები, როგორც წინა ხელისუფლების ბონზები ახერხებდნენ და შედეგიც შესაბამისი მიიღო.
ეს იყო ახალი ხელისუფლების კატასტროფული შეცდომა: ან საერთოდ არ უნდა აეღოთ ვალდებულება “ყველას დაჭერის” შესახებ, ან, წინა ხელისუფლების რევოლუციური გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა ეცადათ ისეთივე რეჟიმის დამყარება (პირველ ეტაპზე მაინც) და გაეკონტროლებინათ სივრცე, როგორც ამას 2004 წელს სააკაშვილ-ოქრუაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძე ახერხებდნენ. მათ შორის სატელევიზიო მედია (ეყიდა, ბოლოს და ბოლოს, ერთ მილიარდად!), სასამართლო და ა.შ და ა.შ.
მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ განსხვავებით 2003 წლისგან, 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა არა რევოლუციით, არამედ არჩევნებით. მიშამ კი, როცა ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარა, ძალიან ეშმაკურად გათვალა მთავარი შედეგი: ერთი მხრივ, ამით დასავლეთის მხარდაჭერას მიიღებდა (დავაკვირდეთ იქაურ რეაქციებს “დაჭერებზე”), მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას არ მისცემდა საშუალებას, მის მიერ დაკომპლექტებული სისტემები, მათ შორის სასამართლო, ხსენებული დაპირების შესასრულებლად გამოეყენებინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი (“რას იტყვის დასავლეთი”), თუმცა საკმაოდ ჭკვიანური და მიზანშეწონილი იყო კობა დავითაშვილის წინადადება: “არჩევნებით კი მოვედით, მაგრამ სასამართლოში რევოლუცია მოვაწყოთ, როგორც მიშამ გააკეთა: ყველა მოსამართლე გავყაროთ და სააკაშვილის მიერ გაყრილები დავაბრუნოთო”.
ასე რომ მოქცეულიყვნენ, არც ერთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ დადგებოდა, ვინაიდან სამართალწარმოებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამართლის რეალურ განწყობას. ისევე, როგორც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. მოსამართლეც ადამიანია და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ყოველთვის მოქმედებს საერთო ტრენდისა და დომინანტების შესაბამისად.
ანუ, ხელისუფლებამ, რომელიც იმდენად დოყლაპია აღმოჩნდა, რომ ძალაუფლების ბერკეტები სისტემის კარდინალური შეცვლისთვის ვერ გამოიყენა (ესე იგი დავითაშვილის წინადადება არ მიიღო რაღაც ბრიყვული არგუმენტებით “დასავლეთის რეაქციის” შესახებ), ხოლო მეორე მხრივ, საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებათა ტყვეობაში იმყოფებოდა “ყველას დაჭერის შესახებ”, საბოლოოდ ვერც პირველი მოახერხა და ვერც მეორე, ანუ მის მიერვე შექმნილი დილემიდან გამოსავალი ვერ იპოვა.
ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, რატომ გადადგა მთავარი პროკურორი კბილაშვილი: ის გამოცდილი ადვოკატია და გრძნობდა, რა შედეგი დადგებოდა საბოლოოდ “ყველას დაჭერის” პროცესში, ანუ ვერავისაც ვერ დაიჭერდა და ყველა საქმე სამარცხვინოდ ჩაეფუშებოდა. პასუხისმგებლობა კი მხოლოდ მას დაეკისრებოდა.
არ არის გამორიცხული, ანალოგიური შედეგი დადგეს ყველა სხვა გახმაურებულ საქმეზე, ანუ ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შემთხვევაშიც. თუ სასამართლომ “თითიდან გამოწოვილად” მიიჩნია ბრალდებები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, როდესაც საქმეში 1 მილიონი დოლარის ქეში(!) ფიგურირებდა, მაშინ ძნელი წარმოსადგენია, მან დამნაშავედ ცნოს ვანო მერაბიშვილი, მაგალითად, 26 მაისის ეპიზოდში, როდესაც ხელისუფლებას შსს-ს არც ერთი სხვა ყოფილი ჩინოსნისა და არც ერთი რიგითი პოლიციელის (ვინც უშუალოდ მხეცობდა იმ ღამეს) პასუხისგებაში მიცემა არ აწყობს.
ანუ, ივანიშვილის გუნდი აქაც იმავე მახეში გაება: ერთი მხრივ, პოლიციელთა დასჯა არ აწყობთ, რაკი ის პოლიციელები და მათი ძალის გამოყენება შეიძლება თვითონაც დასჭირდეთ (თუ სხვებს სამაგალითოდ დასჯიან, ასეთ ბრძანებას, “რამე რომ იყოს”, მომავალში ვინღა შეასრულებს?), ხოლო მეორე მხრივ, ვანო მერაბიშვილის “გარეთ დატოვება” ან განთავისუფლებაც საშინელ პოლიტიკურ მარცხად იქნება აღქმული.
ასეთ ვითარებაში განა გასაკვირია, რომ ან პირველი ინსტანციის, ან სააპელაციო თუ უმაღლესმა სასამართლომ მერაბიშვილი ყველა ბრალდებაში გაამართლოს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვათა შორის, “მეოცნებეები”, ბრიყვული სიხარულით რომ წკმუტუნებენ: “სააკაშვილი მიდის და ამათ ვეღარავინ შეიწყალებსო”, რატომღაც ავიწყდებათ მთავარი: კოტე კუბლაშვილი არსადაც არ მიდის! ის რჩება უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც, ყველა გახმაურებულ საქმეზე, სწორედ ის მიიღებს, როდესაც მსჯავრდადებულთა და მათ ადვოკატთა აპელაცია უმაღლეს ინსტანციამდე მივა. სწორედ კოტე კუბლაშვილი გადაწყვეტს საბოლოოდ, დარჩეს თუ არა ციხეში (რომც მიუსაჯონ) ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი თუ “ნაციონალთა” სხვა სახეები.
თუ “მილიონი დოლარის” საქმეზე ბრალდებულები გამართლდნენ, კიდევ უფრო ნაკლებია შანსი, ვანო მერაბიშვილი ციხეში იმის გამო წავიდეს, რომ დასაქმების პროგრამით დაქირავებული ადამიანები პარტიული პროპაგანდისთვის გამოიყენა. გიგი უგულავას წინააღმდეგ ჯოზეფ ქეის ბრალდებები ხომ საერთოდ კომიკურად გამოიყურება.
და ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როდესაც პროკურატურამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოახერხა (გამორიცხული იყო ამის მოხერხება) ირაკლი ოქრუაშვილისა და მერაბ ადეიშვილის მიერ ექსპროპრირებული ქონების დაბრუნება ბიზნესმენებისთვის! ერთი პრეცედენტიც კი ვერ შექმნა, გარდა მილიარდერ ივანიშვილის კუთვნილ ბანკ “ქართუს” ეპიზოდისა, რითაც კიდევ უარეს და უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავიც და დაპირების მთავარი ავტორიც.
ან კი როგორ გინდოდა, მაგალითად, “დაგებრუნებინა” საავიაციო ქარხანა, რომელიც უკვე თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ერთ-ერთი მარგალიტია? ვინ გიჟი მოაწერს ხელს ვინმესთვის მის “დაბრუნებას?!”
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სასამართლოებში მიმდინარე პროცესები ახალი ხელისუფლების, მათ შორის მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დასუსტებას იწვევს. ჯერ ძალაუფლება ხეირიანად არც მოუპოვებიათ და უკვე სუსტდებიან, რაც უახლოეს მუნიციპალურ არჩევნებზე ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეთ.
პოლიტიკა სასტიკია და ბრიყვულ შეცდომებს, რეალობის გაუთვალისწინებლობას არავის არასდროს პატიობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მარგველაშვილი და ღარიბაშვილი ამ შეცდომის ავტორები თავად არ არიან.
მალხაზ ლებანიძე, გაზეთი „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |