|
“საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა არასტაბილურობის განცდა გააჩინა”
საქართველოში ჩატარებულ რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, კოალიცია “ქართული ოცნების” საფრთხეზე, შეიძლება იქცეს თუ არა მონსტრ პოლიტიკურ ძალად, რა ტაქტიკით უნდა იმოქმედოს ახალმა პრემიერმა და რას ნიშნავს ამერიკული დელეგაციის სტუმრობა USAID ადმინისტრატორის, რაჯივ შაჰის ხელმძღვანელობის დონეზე? “პრემიერს” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
_ ბატონო რამაზ, ინაუგურაციის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი ძალაუფლება კოალიცია “ქართული ოცნების” ხელშია. ამ ფონზე არსებობს საფრთხე, რომ “ქართული ოცნება” იქცეს ისეთივე მონსტრ პოლიტიკურ ძალად როგორიც “ნაციონალური მოძრაობა” იყო?
_ კაცნი ვართ, პოლიტიკური პარტიები ადამიანებისგან შედგებიან და, ცხადია, ამგვარი საფრთხე ყოველთვის არსებობს. თუმცა ბევრი ფაქტი იძლევა შესაძლებლობას, რომ “ქართული ოცნება” ამ გზას არ დაადგება. ერთი მხრივ, ის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები, სწორედ ავტორიტარული რეჟიმისგან გამწარებული შემადგენლობაა, მეორე გარემოება არის ის, რომ ხელისუფლება საზოგადოების პოზიციასა და თვალსაზრისს იზიარებს, რაც პარტიას ავტორიტარიზმისგან იცავს, ხოლო მესამე გარემოება არის ის, რამაც ივანიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ პარტიას არ უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ქარიზმატული ლიდერი და ის უნდა იყოს თანაბარი პოზიციის მქონე ძალების ერთობა. აღნიშნული ფაქტორები გვაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე მეტი ნიშანია, რომ “ქართული ოცნება”, მონსტრად არ გადაიქცევა, ვიდრე მოხდება მისი მონსტრიზაცია.
_ პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოში” აქტიური გადაადგილებები მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, საჭიროა ამგვარი ცვლილებები?
_ პარტიაში ცვლილებების განხორციელება საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გადაადგილებას ითხოვს ნებისმიერ სტრუქტურაში. ივანიშვილის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს უფრო ნებიერი ცხოვრება ჰქონდათ, მთელი ტვირთი საზოგადოების დამოკიდებულებისა კოალიციის მიმართ ივანიშვილს საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული, ახლა ეს პასუხისმგებლობა პარტიებმა უნდა იტვირთონ. ამიტომ აუცილებელია, შეიცვალოს პარტიის ის კომპონენტი, სადაც საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღება.
_ პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც პარალელურად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეცაა წარდგენილი. როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილი ორივე პოსტზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ შეასრულებს?
_ პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარე ისედაც უნდა იყოს.
_ რატომ?
_ საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში, რომლისკენაც მივიწევთ, პარტიის თავმჯდომარე ავტომატურად პრემიერ-მინისტრი ხდება. დასავლეთის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ჩვენგან განსხვავებით, სამკითხაო არ არის. იქ ყველამ იცის, რომ პარტიის თავმჯდომარე მომავალი პრემიერ-მინისტრია.
_ მიხეილ სააკაშვილს ხშირად ვაკრიტიკებდით, რომ მას საკმაოდ ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტი ჰყავდა. ფაქტობრივად, ახლაც 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა მთავრობა. ხედავთ რისკ-ფაქტორებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში?
_ რისკი, რა თქმა უნდა, არის. თქვენი შენიშვნის არ იყოს, ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტის გამო სააკაშვილს, მართლაც, თითქმის ყველა ვსაყვედურობდით. ახალგაზრდული ასაკი რისკის შემცველია მხოლოდ მაშინ, თუ მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ ახალგაზრდებით დაკომპლექტდება, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა. თუ ღარიბაშვილი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ თავიდან აიცილებს იმ ანომალიებს, რომელიც გვახსოვს. სასურველია, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკა ბალანსისკენ წავა.
_ ხშირად გვსმენია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიცია დაიშლება. ფაქტობრივად, 24 ნოემბრის შემდეგ ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში აღარ იქნება. ვვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშლება?
_ უახლოეს პერიოდში კოალიციის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან კოალიციაში შემავალი პარტიების სურვილი, რომ უნდათ, ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელონ, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირზე არ გამოჩენილა. კოალიცია თუ ამ ეტაპზე დაიშლება, პროცესების მართვა პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან გართულდება და “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდება.
_ ქართული მხარე საუბრობს, რომ აშშ საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც განაცხადა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავება იქნება. ამ ფონზე რას მიანიშნებს, რომ ინაუგურაციას აშშ-ის მხრიდან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრო და ისიც USAID ადმინისტრატორ რაჯივ შაჰის ხელმძღვანელობით?
_ ეს თემა მსჯელობის საგანია. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა არასტაბილურობის განცდა გააჩინა. ამ ყველაფერს კვლევა სჭირდება, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.
_ არასტაბილურობის განცდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ განაპირობა?
_ შეიძლება ამანაც გააჩინა, გამორიცხული არ არის.
_ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნაკლებად წარმომადგენლობითი დელეგაციების ჩამოსვლა იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ პრემიერი ივანიშვილი უცხოურ ვიზიტებთან დაკავშირებით პასიურობას იჩენდა?
_ იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებას” კონტაქტების სიჭარბე არ ჰქონდა, შეიძლება ამის საპასუხო პასიურობა გამოიჩინეს სხვებმაც, გამორიცხული არ არის. ყოველთვის სასურველია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ისეთი იმიჯი, რომ ის იმოქმედებს ისე, რასაც კონსტიტუცია გვკარნახობს და არა შუა პერიოდში. დავუშვათ, იგივე არჩევნები. სხვა პრობლემას, რასაც შეიძლება გამოეწვია საქართველოსადმი გულგრილი დამოკიდებულება, ვერ ვხედავ. პირადად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საკმაოდ გასაგები მიზეზები აქვს და ის კეთილშობილურ ნაბიჯს დგამს პოლიტიკიდან წასვლით, მაგრამ გარეთ ეს პროცესი შეიძლება უჩვეულოდ აღიქმებოდეს და პარტნიორებს საქართველოს მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება გაუჩინოს.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |