![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ეს იყო მითითება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ პრეზიდენტის ოჯახურ მდგომარეობას ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება არ უნდა დათმობოდა”
“პრემიერს” PR საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი გივი ხაჭაპურიძე ესაუბრა
_ რამდენად ეფექტური იყო PR-ის ჭრილში პრეზიდენტის ინაუგურაცია?
_ ინაუგურაცია, როგორც ამბობდნენ, “ნაკლებად პომპეზური” იქნებოდა და ასეც იყო, თუმცა PR-ის თვალსაზრისით ეს ინაუგურაცია გათვლილი იყო საზოგადოების ფართო მასებზე, იმის დასადასტურებლად, რომ პრეზიდენტი ქამრების შემოჭერით იწყებს მოღვაწეობას. მას სხვა მინიშნებაც ჰქონდა, ახალი პრეზიდენტი შემცირებული უფლებებით, ვიწრო წრეში და სივრცეში. ეფექტურობა მას ნამდვილად აკლდა. ეს არ იყო სახალხო ზეიმი, მიუხედავად პრეზიდენტის მაღალი ლეგიტიმურობისა.
საზოგადოებას საკმაოდ დიდი პომპეზურობით ჩატარებული ინაუგურაციები ახსოვს, თუმცა ისევე, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო კამპანია, და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება PR-თან, ეს ღონისძიებაც განსხვავებული იყო. ივანიშვილი ცდილობს, ყველგან გამოავლინოს განსხვავებულობა წინამორბედებისგან.
დავაკვირდეთ თავად ცერემონიის მიმდინარეობას _ არჩეული პრეზიდენტი მიემართება ტრიბუნისკენ, ჩერდება პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან და აგვიანდება ტრიბუნასთან მისვლა. წინა პრეზიდენტს ნელა სიარულს სთხოვდნენ, ახალი კი იგვიანებს. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია, როცა საკუთარი გამოსვლა დაასრულა და ისევ პრემიერთან მივიდა.
თავად პრეზიდენტის სიტყვაში განსაკუთრებით მენიშნა თავიდანვე აქცენტი აფხაზებსა და ოსებზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტებს, რაც განსაკუთრებული გზავნილია, როგორც აფხაზებისა და ოსებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, რუსეთისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ინაუგურაციის შემდეგ დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა. ეს კიდევ ერთი მესიჯი იყო, რომ მისი პრეზიდენტობა დაეთმობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. თუმცა, პრეზიდენტის სიტყვა არ იყო დატვირთული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ვადების მითითებით, რუსეთის მიმართ აგრესიული მესიჯებით, ნატოს მიმართ ფანატიკური სწრაფვით და ა.შ. პრეზიდენტი მიანიშნებდა, რომ ის იქნება მომრიგებელი და ურთიერთობების დათბობაზე ორიენტირებული.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კარგად იყო მომზადებული გამოსვლისთვის, მაინც ჰქონდა რამდენიმე ჩავარდნა სიტყვის წარმოთქმის დროს. რა თქმა უნდა, ეს ნერვიულობის ნიადაგზე მოხდა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არ იყო აქტიური პოლიტიკოსი, არ იყო პარტიული და მას არ გამოუცდია ის რეპრესიები, რაც სხვა ლიდერებმა გამოსცადეს და აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში, რა განცდა და ემოცია ჰქონდა მას ამ დროს.
_ კარგით, ჩავთვალოთ, რომ ინაუგურაციის ჩატარება ე.წ. “მოფარებულში” და ხალხის გარეშე თავად ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მოკრძალებულობის ბრალია, მაგრამ ინაუგურაციაზე დასაპატიჟებელთა სიაში “გამორჩათ” ადამიანები, რომლებიც კოალიციის შექმნის სათავეებთან იდგნენ. ესეც ნორმალური პროცესია?
_ ვერ ვიტყვით, რომ გამორჩათ. ვიწრო წრეში და პატარა სივრცეში ჩატარებული ინაუგურაცია ყველას ვერ დაიტევდა. ამიტომაც ვერ ვიხილეთ საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი.
დაანონსებული მოკრძალებული ინაუგურაცია გათვლილი იყო იმ აუდიტორიაზე, ვისთანაც პრეზიდენტს მჭიდრო თანამშრომლობა ექნება. ის არის ქვეყნის მთავარსარდალი და შესაბამისად, მან ჩაიბარა სამხედრო ძალები. ის არის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის მნიშვნელოვანი მონაწილე და შესაბამისად, ამ მიმართულებით იყო აქცენტი გაკეთებული და წარმოდგენილი იყო უცხო ქვეყნების დელეგაციები. ასევე, პრეზიდენტი წარმოადგენს ბალანსის შემნარჩუნებელს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რომელიც ასევე ვიხილეთ ინაუგურაციაზე.
უცხო ქვეყნის დელეგაციები სასურველი იქნებოდა, უფრო მაღალი რანგის პერსონებით ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ჩაიარა საპრეზიდენტო კამპანიამ და არჩევნებმა. ამ მიმართულებით მეტი ყურადღება მართებდა საორგანიზაციო ჯგუფს.
მნიშვნელოვანია ლიტვის პრეზიდენტის ჩამოსვლა, მით უფრო ვიზიტი ვილნიუსის სამიტის წინ. პრეზიდენტის სიტყვაშიც მეტი აქცენტი ევროპაზე გაკეთდა, ვიდრე აშშ-ზე. ესეც ერთ-ერთი გზავნილია ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების გზაზე. ეს გზავნილი რუსეთისკენაც იყო მიმართული. მოგეხსენებათ, რაც ემართებათ მათ ნატოს ხსენებაზე. ამიტომაც იყო შეცვლილი რიტორიკით წარმოდგენილი ქვეყნის საგარეო კურსი.
_ თავად პრეზიდენტი? იყო თუ არა ის დამაჯერებელი? და ინაუგურაციის გაფორმებაზეც რას იტყვით?
_ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა ნამუშევარი საკუთარ თავზე, რომ ყოფილიყო დამაჯერებელი. მისი ნაბიჯები ტრიბუნისკენ აშკარად რიტმში უნდა ჩამჯდარიყო და ამას ცდილობდა კიდეც, თუმცა თავისუფალი სვლა შეიმჩნეოდა, რაც მის ხასიათზე მიუთითებს. სიმყარე აკლდა, რასაც დიდი ყურადღება ექცევა ასეთ დროს.
Pღ-ის თვალსაზრისით დამაჯერებელ და მწყობრ სვლას ინაუგურაციის მიმდინარეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის ქვეყნის მთავარსარდალია და მისი სტატუსი ამ დროს უფრო მეტად უნდა გამოვლინდეს.
გაფორმებაში დომინირებადი თეთრითა და ლურჯით მოხდა მითითება, რომ იწყება ახალი ეპოქა, რომელიც სიმშვიდით, ნეიტრალურობით, არააგრესიულობითა და თანმიმდევრულობით იქნება გამორჩეული. გავიხსენებ ივანიშვილის სიტყვებს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოცხადებისას, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: “შემდეგი წელიწადი იქნება დაწყნარების, დაბალანსების, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ხასიათს, დავალაგებთ ჩვენს ფსიქიკასა და ფსიქოლოგიას...” პრეზიდენტის ინაუგურაციის გაფორმებაც მიუთითებდა პრემიერის მაშინდელ განცხადებაზე.
_ რატომღაც გამოდის, რომ თქვენ ყველაფერი მოგეწონათ, მაგრამ იყო აშკარად თვალშისაცემი ლაფსუსები, პრეზიდენტს მინიმუმ პიჯაკის შეკვრა დაავიწყდა და ნორმალური ამინდის პირობებში პალტო საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვა მხრებზე. მესმის მისი ნერვიულობის ხარისხიც, ამ შემთხვევაში პროტოკოლის სამსახურზე ან თუნდაც ორგანიზატორებზე ვაკეთებ აქცენტს. ისე, ცისფერ ჰალსტუხსაც ჰქონდა რაიმე დატვირთვა?
_ რაიმე განსაკუთრებული ეტიკეტი ამ კუთხით არ არსებობს და მას ნაკლები ყურადღება ექცევა. ცისფერი და ზოგადად, ლურჯი ფერი დომინირებდა ინაუგურაციაზე, გარდა იმისა, რომ ეს “ქართული ოცნების” ფერია, მას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ლურჯი სიმშვიდის, სიწყნარის, შერიგების ნიშნად ითვლება. ამ ფერის არჩევა “ქართული ოცნების” მხრიდან თავიდანვე არ იყო შემთხვევითი. ლურჯ ფონზე გრავირებული ნაცრისფერი სახელმწიფო გერბი იყო მინიშნება არააგრესიულობისა და არისტოკრატულობისკენ. თეთრ და წითელ ფერს შეემატა ლურჯი, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ დასრულდა აგრესიული ქმედებების ეპოქა. ჰალსტუხიც, სავარაუდოდ, ამიტომ იყო შერჩეული, თუმცა სხვებს უფრო კორპორაციული ფერიდან გამომდინარე ეკეთათ და სავარაუდოდ, არა იმიტომ, რომ ინაუგურაციის ორგანიზატორებმა მიუთითეს.
_ “ქართული ოცნების” ფერი ახსენეთ და ისე, სახელმწიფო სიმბოლო _ გერბი რომ ლურჯად შეიღება, ესეც “დასამშვიდებლად” მოხდა? თან, რით ვერ უნდა მოვიშალოთ თუნდაც ქვეყნის პირველი პირის ინაუგურაციაზე საკუთარი პარტიული სიმბოლიკების დემონსტრირება და თუნდაც სხვა ფერების დაკნინება იმიტომ, რომ ის “სხვისია”. სად იყო წითელი ფერი?
_ გასაგები მიზეზების გამო, არ დომინირებდა წითელი. აქ “ნაციონალურ მოძრაობას” რომ თავი დავანებოთ, წითელი აგრესიულ და შევტევ ხასიათში ჯდება. ახალი ხელისუფლების პოლიტიკა კი აბსოლუტურად განსხვავებულია.
რაც შეეხება პიჯაკის არშეკვრას, ესეც თავისუფლების მიმანიშნებელია. თუ ეს მას ურჩიეს, ვფიქრობ, არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შეკრული პიჯაკი, მწყობრი და დინჯი სვლა, ეს ის კრიტერიუმებია, რაც პრეზიდენტის შინაგან სიმყარესა და პუნქტუალურობაზე მიუთითებს და ასე უნდა წარდგეს ის პირველად საზოგადოების წინაშე.
_ მეორე პლანზე, ანუ მეორე რიგში მჯდარი “მეგობარი ქალიც” ნორმალურად მოგეჩვენათ? თუ ეს ადამიანი პრეზიდენტისთვის “ოჯახია”, რატომ უნდა მჯდარიყო მეორე რიგში?
_ პრეზიდენტის ოჯახური მდგომარეობაც გახდა უხერხულობის შემქმნელი, რადგან პირველი პირის ოჯახური მდგომარეობა მნიშვნელოვნად აღიქმება საზოგადოებაში. თუმცა კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, ამ საკითხზე თავად ივანიშვილმა გაამახვილა ყურადღება, რომ მომავალ პირველ პირს, ირაკლი ღარიბაშვილს ღირსეული ოჯახი ჰყავს და ამაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. ეს იყო მითითება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ პრეზიდენტის ოჯახურ მდგომარეობას ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება არ უნდა დათმობოდა და ის, ვისაც ტოვებს ქვეყნის მმართველად, სწორედ რომ მეოჯახეა.
_ მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული პირები, პირიქით, ნებისმიერ ასეთ ლაფსუსზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს შეცდომები შემდგომისთვის იქნას გათვალისწინებული. მით უფრო, რომ მარგველაშვილს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. თუ ეს ფაქტორები არ იქნა გათვალისწინებული, ხომ შეიძლება საერთაშორისო ეტიკეტიც დაირღვეს არაერთხელ და ვიღაცამ დასავლეთში დაწეროს და თქვას, რომ საქართველოს “გოიმი” პრეზიდენტი ჰყავს?
_ რაც შეეხება საერთაშორისო ეტიკეტს, მისი დარღვევა არ ნიშნავს კანონის დარღვევას. რა თქმა უნდა, ეტიკეტის უარყოფა ან დარღვევა პრეზიდენტის რეპუტაციაზე აისახება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მნიშვნელოვანთან და სკანდალურთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ იყო გარკვეული გადაცდომები. მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ინაუგურაციაში იყო ქვეყნის დასავლური კურსის მყარად დაფიქსირება, აგრესიულ პოლიტიკაზე უარის თქმა, შერიგებაზე ორიენტირებულობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელოვნება და მართლმადიდებელი სარწმუნოების როლი.
ალექსი ნოძაძე, გაზეთი „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |