|
“სამართლიანობის აღდგენა სწორედ ინსტიტუციონალური ცვლილებებით უნდა დაწყებულიყო და შემდეგ ამას მოჰყოლოდა საპროცესო ქმედებები და მოსახლეობისთვის ეს სათანადოდ ყოფილიყო განმარტებული”
“პრემიერს” ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა:
_ საქართველო ახალი პრეზიდენტისა და ახალი კონსტიტუციის პირობებში იწყებს ცხოვრებას. რა მოლოდინებია საზოგადოებაში?
- ახალ რეალობაში საზოგადოების მოლოდინებზე მეტ-ნაკლებად ზუსტ სურათს პროფესიულად ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები გვაჩვენებენ. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს საშუალება, დავაკვირდეთ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.
ჩემი აზრით, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც სამოქალაქო აქტივობითა და კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევა, არის მოლოდინები, რომ ახალი პრეზიდენტი მისი ბიოგრაფიიდან და მრწამსიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი დემოკრატია და ძალაუფლების რეალური დანაწილება. თუნდაც იმ პირობებში, რასაც ეს საკმაოდ წინააღმდეგობრივი კონსტიტუცია იძლევა. არ მოხდეს ხელისუფლების მონოპოლიზაცია, რის მომსწრენიც ბოლო 9 წელი ვიყავით. საზოგადოების ეს ნაწილი მოელის, რომ ქვეყანაში ნებისმიერი რეფორმა საზოგადოებასთან შეთანხმებითა და მისი ადეკვატური თანამონაწილეობით განხორციელდება და მთავრობაც და პარლამენტიც რეალურად ანგარიშვალდებულნი იქნებიან საზოგადოების წინაშე. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი დღეს აშკარა უმცირესობაშია, სამწუხაროდ. რაც შეეხება საზოგადოების პასიურ და ინდიფერენტულ ნაწილს, რომელიც უმრავლესობას შეადგენს, მათ, ვფიქრობ, ახალი კონსტიტუციის არც არსი იციან და არც მისი ნიუანსები აინტერესებთ. შესაძლოა, რაღაც ნაწილმა იცოდეს, რომ ახალ პრეზიდენტს კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მათი მოლოდინები არ უნდა იყოს დაკავშირებული პრეზიდენტთან. ახალ პირობებში საზოგადოების ამ ნაწილის ძირითადი მოლოდინები, ალბათ, იგივე იქნება, რაც ადრე _ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება. მარგველაშვილმაც პრეზიდენტის რანგში თავის საინაუგურაციო სიტყვაშიც და პირველ განცხადებებშიც აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა.
_ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო. რეალობაა, რომ ბატონი მარგველაშვილი ავანსად არჩეული პრეზიდენტია, ამომრჩეველმა მხარი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს დაუჭირა. ასეთ პირობებში, როდესაც, თუ საკუთარ თავთან მართლები ვიქნებით, მისი ლეგიტიმაცია დაბალია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მან რეალურად ამომრჩევლების მხოლოდ 29%-ის ხმა მიიღო, რამდენად არის შესაძლებელი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.?
_ თქვენ მიერ ჩამოთვლილი გარემოებების მიუხედავად, ფორმალურად და კონსტიტუციურად მარგველაშვილი სახალხოდ არჩეული პრეზიდენტია და ეს ფაქტორი სამომავლოდ მას მნიშვნელოვნად დაეხმარება მისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში. მესმის, რომ დღეს მარგველაშვილის პოლიტიკურ ავტონომიაზე საუბარი არარელევანტური იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რა როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა მის პოლიტიკურ არენაზე გამოყვანასა და გაპრეზიდენტებაში. თუმცა, რა პოლიტიკური კონიუნქტურა გვექნება მომავალ წლებში და როგორ მოიქცევა მარგველაშვილი, დღეს ამის პროგნოზირება რთულია. დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის მარგველაშვილს, როგორც მინიმუმ, სჭირდება მის ირგვლივ გავლენიანი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბება მათ შორის პარლამენტში, საზოგადოების ანგარიშგასაწევი ფენების მხარდაჭერა და ასევე, დასავლეთის წრეებში სიმპათიების მოპოვება. ეს კი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გამოავლენს მარგველაშვილი თავს პრეზიდენტის რანგში, რა იდეებითა და ინიციატივებით წარდგება, რამდენად აქტიური იქნება, რომ მის მიმართ ინტერესი გაჩნდეს.
_ ორი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი _ პრეზიდენტის სასახლე და ინაუგურაცია “ხალხის”, ამომრჩევლის გარეშე. რამდენად არის გამართლებული სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ასე _ ხალხთან, საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე უარი განაცხადონ ტრადიციულ სახელმწიფო დაწესებულებში საქმიანობაზე, და როგორ ფიქრობთ, რატომ მოახდინა “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი მხარდამჭერების, საზოგადოებისგან “მოფარებულში” ინაუგურაციის გამართვა?
_ ამ საკითხზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა და ინაუგურაციის არჩეულ სცენარსა და ავლაბრის რეზიდენციის გამოყენებაზე უარის თქმას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად ინაუგურაციის, როგორც თქვენ ბრძანეთ, “მოფარებულში” გამართვა, გამომდინარე იქიდან, რა დონის სახალხო მხარდაჭერით სარგებლობს ეს ხელისუფლება და როგორი მხარდაჭერა მიიღო თავად მარგველაშვილმა. რა ასეთი უსაშველოდ ძვირი დაუჯდებოდა ბიუჯეტს ხალხის დასწრება?! ბიუჯეტის სიმწირეზე წუწუნი და ამის მომიზეზება თავისთავად არ არის კარგი გზავნილი საზოგადოებისადმი, მით უმეტეს გაცემული დაპირებების ფონზე. ალბათ, “ქართულ ოცნებაში” ხალხისთვის იმის ჩვენება უნდოდათ, რომ ისინი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ზედმეტად პომპეზურ ღონისძიებებზე ფულს არ ხარჯავენ. შესაძლოა, იყო სხვა მოსაზრებებიც, რომელზეც მარჩიელობა არ მინდა. რაც შეეხება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის საკითხს, ვისურვებდი ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ფინანსური ანგარიში წარედგინა, სადაც დასაბუთებული იქნებოდა, რომ ამ რეზიდენციაში პრეზიდენტის ყოფნა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა, რა დაუჯდება ბიუჯეტს იქ სხვა დაწესებულების განთავსება და რამდენად მიზანშეწონილია ეს. საზოგადოებრივი განხილვა ნამდვილად არ აწყენდა საქმეს.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მარგველაშვილი ამკვიდრებს მმართველობისა და ქვეყნის ლიდერის ქცევის ახალ დემოკრატიულ სტილს, ფეხით დადის სამსახურში, ესკორტისა და ქუჩების გადაკეტვის გარეშე, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში უდავოდ გამოიწვევს დადებით ემოციებს. ეს არის ერთგვარი კონტრპიარიც სააკაშვილის მმართველობის სტილისადმი.
_ სააკაშვილიც გვახსოვს მეტროში. ასე რომ, მთავარია არა ის, როგორ იქცევა მარგველაშვილი დღეს, მთავარია, როგორ მოიქცევა ხვალ...
_ ვფიქრობ, მარგველაშვილსაც ახსოვს და იცის ეს ცუდი მაგალითი და წესით, არ უნდა გაიმეოროს, რათა საზოგადოებას სალაპარაკო და საქილიკო არ მისცეს. თუმცა იმის მოლოდინი, რომ მარგველაშვილი ყოველდღე ფეხით ივლის სამსახურში, ალბათ, არ უნდა გვქონდეს. მარგველაშვილმა იცის, რომ საზოგადოება მას ასეთ ამბებში ყოველთვის მაღალ მოთხოვნებს წაუყენებს პრეზიდენტობის პირველ პერიოდში მაინც და, ალბათ, გაითვალისწინებს ამას ხვალაც, ზეგაც და შემდგომშიც.
_ ჩვენ არაერთხელ გავხდით იმის მოწმენი, როგორ უგულებელყოფს ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს და იმისიც, რამდენად სუსტია ის თუნდაც სახელმწიფოებრივი პროპაგანდის აუცილებელი თემების პოპულარიზაციაში. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების ჯიბრით კეთდება, თუ არასაკმარისი პროფესიონალიზმის ბრალია?
_ ვერსად ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ახერხებს, ბოლომდე გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული აზრები აქვთ. ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი ხელისუფლება, წინანდელისგან განსხვავებით, გაცილებით მეტად უსმენს საზოგადოებას და უფრო მეტად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუნდაც იგივე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ხელისუფლებას რომ საინფორმაციო პოლიტიკა სრულყოფილი და გამართული არ აქვს, აქ გარკვეულ როლს თამაშობდა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის პოზიციაც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ზედმეტი საინფორმაციო-პროპაგანდისტული აქტიურობა და წინა ხელისუფლების მეთოდების დუბლირება საჭირო არ იყო. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირების საქმით დაკავებული ხალხის არასაკმარისი კომპეტენციაც არის მიზეზი. სხვა რით უნდა ავხსნათ თუნდაც ის, რომ ევროპას დღესაც არ ესმის ბოლომდე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენთან მომხდარი ბევრი მოვლენა.
_ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, საზოგადოებაში ღრმავდება პოლარიზაცია. ჩვენ ვერ ვსწავლობთ თანაცხოვრებას განსხვავებული აზრისა თუ პოზიციის ადამიანებთან? ემოციურ დონეზე მესმის თქვენ, მე შეიძლება ვიყოთ ნაწყენები, გაბრაზებულები, მაგრამ, როდესაც ცალკეული საკითხი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს ეხება, რამდენად სასარგებლოა ასეთი დაპირისპირება?
_ ვფიქრობ, სწორედ პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით გააკეთა მარგველაშვილმა განცხადება, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთის მიტევებას. ნებისმიერ ხელისუფლებას ესმის, რომ სახიფათო ზღვარს მიღწეული პოლარიზაცია საზოგადოებაში საფრთხის შემცველია სახელმწიფოსათვის და თავად ხელისუფლებისთვისაც. თუმცა მოდით, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრება, რის წინააღმდეგიც ჩვენს საზოგადოებაში არავინ არ არის, მარგინალების გარდა, და საზოგადოების სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები.
“ქართული ოცნება” ამ მხრივ რთულ მდგომარეობაშია და შეიძლება ითქვას, გრდემლსა და უროს შორისაა მოქცეული. ერთი მხრივ, საზოგადოების მზარდი და სავსებით ლეგიტიმური მოთხოვნა, დაისაჯონ წინა ხელისუფლების დამნაშავე ფუნქციონერები, და მეორე მხრივ, დასავლეთის წრეების ზეწოლა და მოწოდება, ახალმა ხელისუფლებამ ამისგან თავი შეიკავოს. დიახ, დიდი რისკის ქვეშ დავაყენებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას, თუ გაგრძელდება “ნაცმოძრაობის” მაღალჩინოსანთა დაპატიმრებები, თუნდაც რკინისებურად გამყარებული სამხილებით. ასეთია ის არცთუ სასიამოვნო მოცემულობა, რომელშიც აღმოვჩნდით. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს რისკი იმისა, რომ, თუ “ნაცმოძრაობის” წევრებზე ერთგვარი ინდულგენცია გაიცა, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება და უმართავი პროცესები დაიწყოს. ამ ტალღაზე კი ძალიან ადვილი იქნება ხალხის “წამოკიდება” რომელიმე ავანტიურისტი ლიდერის მიერ. დაპირისპირება, ჩემი აზრით, იმაზე უფრო მძაფრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და თუ დააკვირდებით, გარკვეული ჯგუფები მეთოდურად ცდილობენ მის კულტივირებას. სამწუხაროა, რომ სამართლებრივი ხარვეზების დამდგენი კომისიის ამუშავება აქამდე ვერ მოხერხდა. ეს გარკვეულწილად განმუხტავდა დაძაბულობას და პროცესებს მშვიდ, ცივილიზებულ კალაპოტში გადაიყვანდა. ვფიქრობ, მთავრობამ და პარლამენტმა, ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით, ხელახლა უნდა განიხილონ ამ საკითხზე უკვე მომზადებული კანონპროექტი და რაც შეიძლება, მალე მიიღონ.
_ გავაგრძელებ პოლარიზაციის თემას. გახსოვთ 2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” მთავარი სლოგანი _ “სამართლიანობის აღდგენა”. არა თუ ცალკეულმა პერსონებმა, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს გაიგო, როგორც ვენდეტა. არადა, პირადად ჩემთვის, სამართლიანობა იქნებოდა ისეთი ინსტიტუციონალური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფდა ჩემი და თანამოქალაქეების უფლებების გარანტირებულ დაცვას. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს, მით უფრო, რომ ვენდეტის მოთხოვნილება საზოგადოებაში ჯერაც მაღალია.
_ მგონი, საკითხის უტრირება იქნებოდა, ვენდეტასთან გავაიგივოთ უხეშად და ცინიკურად დარღვეული სამართლის აღდგენის ლეგიტიმური მოთხოვნა. გაცილებით უკეთესი წარმოდგენა მაქვს ჩვენს საზოგადოებაზე და არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნა ვენდეტაა. ის, ვისაც მსგავსი აზრები აწუხებს, ვფიქრობ, არ შეადგენენ უმრავლესობას. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სამართლიანობის აღდგენა სწორედ ინსტიტუციონალური ცვლილებებით უნდა დაწყებულიყო და შემდეგ ამას მოჰყოლოდა საპროცესო ქმედებები და მოსახლეობისთვის ეს სათანადოდ ყოფილიყო განმარტებული. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რა გამოიარა მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების დროს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, მყისიერად ეპასუხა საზოგადოების დაკვეთისთვის და სამართლიანობის აღდგენის სახელით ცნობილი პროცესი, ცოტა არ იყოს, მოუმზადებლად და ნაჩქარევად დაიწყო. ამან კი შექმნა ის ცნობილი სირთულეები როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე. ჩემი აზრით, დღეს ხელისუფლებამ ფუნდამენტურად უნდა გადახედოს ამ საკითხს, შეიმუშაოს ახალი სტრატეგია და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, გათვალოს ყველა რისკი, აამოქმედოს მათი დაძლევისა ან მინიმიზაციის ინსტრუმენტები და დაიწყოს ძალიან აქტიური დიალოგი საზოგადოებასთან _ განსაკუთრებით დაზარალებულებთან. რა თქმა უნდა, საჭიროა საერთაშორისო წრეების ინფორმირებაც და სწორად შერჩეულ სამიზნე ჯგუფებზე მიზნობრივი ზემოქმედება.
_ რამდენად გამართლებულია საზოგადოების განწყობა ხელისუფლების ცალკეული გადაცდომებისას, “ვაცადოთ”, “ისინი უარესები იყვნენ”. არის ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის სასარგებლო?
_ საზოგადოების უმრავლესობის სამოქალაქო კულტურა და ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია. გარდა ამისა, ნდობის კრედიტი ბიძინა ივანიშვილისადმი და მისი ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ მაღალია და შესაბამისად, მათ მხარდამჭერ საზოგადოებას არ სურს, არსებულ ხელისუფლებას ზედმეტი მომთხოვნელობითა და კრიტიკით დამატებითი პრობლემები შეუქმნას, რადგანაც ფიქრობს, რომ ეს “ნაციონალების” წისქვილზე დაასხამს წყალს. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ხელისუფლება საზოგადოების ჯანსაღი სამოქალაქო კონტროლის ქვეშ იგრძნობდა თავს.
_ რაში ხედავთ ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნისთვის და რა მიმართულებით უნდა იაქტიუროს საზოგადოებამ, რომ ხელისუფლება არ გადავიდეს ქვეყნის განვითარების უმთავრესი გზიდან _ ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და დემოკრატიული პროცესების გაღრმავება?
_ ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნებოდა მოსახლეობის იმედგაცრუება და ნიჰილიზმი და დასავლური ღირებულებების დევალვაცია, რის ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე ჩანს. ეს კი ნოყიერ ნიადაგს შეუქმნიდა მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმედი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის პროევროპულიდან პრორუსულისკენ შემობრუნების. თუ უახლოეს მომავალში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდა, ეს პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება და მშიერ, გაჭირვებულ მოსახლეობას დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრებით ვერ დააპურებ. საზოგადოებამ სწორედ იმ მიმართულებით უნდა იაქტიუროს, რომ მის მიერ არჩეული თუ დაქირავებული ხელისუფლება მუდმივი ანგარიშვალდებულების რეჟიმში ჰყავდეს.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |