|
“პრემიერი” ესაუბრა მომღერალ თამთა ასათიანს.
_ მოგესალმებით და გმადლობთ ინტერვიუსთვის. ძალიან პატარა იყავით, როცა მუსიკალური კარიერა დაიწყეთ...
_ მოგესალმებით, პირიქით, თქვენ მადლობა... დიახ, სიმღერა მართლაც პატარა ასაკში დავიწყე, როგორც მეუბნებიან, 3 წლიდან ჩემთვის რაღაცებს ვმღეროდი, 5 წლის ასაკში კი ოჯახის წევრებმა უკვე რობერტ ბარძიმაშვილის ვოკალურ სტუდიაში მიმიყვანეს, სადაც ულამაზესი პერიოდი გავატარე, ვისწავლე ყველაფერი _ არამარტო სიმღერა, ადამიანებთან ურთიერთობაც, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანთან მქონდა შეხება, ბატონი რობერტი ცდილობდა, თითოეული ბავშვისთვის შეეყვარებინა მუსიკა და მიხარია, რომ უმეტესობამ ეს გზა აირჩია, გაჰყვა სიმღერას და ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა.
_ ვინ იყო თქვენთან ერთად რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლში?
_ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომლებთანაც ბავშვობა და ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, მათი უმეტესობა საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებითა თუ ვიდეორგოლებით გაიცნო. ჩვენს სტუდიაში მღეროდნენ ბექა გელენავა, რომელსაც მიხარია, რომ დღეს ძალიან წარმატებული ჯგუფი ჰყავს თბილისში, ასევე გიორგი დათიაშვილი, “ჯეოსტარის” გამორჩეული მონაწილე ზურა მოსიავა, იგივე მაჩვი, ვაჟა მანია და ასე შემდეგ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს...
_ შემდეგ იყო ცნობილი კლიპი, გიგა კვენეტაძესთან ერთად, რომელმაც საკმაოდ ცნობადი სახე გაგხადათ. ვის გაუჩნდა იდეა, რომ ერთობლივი დუეტი ჩაგეწერათ?
_ სხვათა შორის, ერთი პერიოდი გიგაც მღეროდა ბატონ რობერტთან. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, გიგას ხმის ჩამწერი სტუდია ჰქონდა, სადაც სულ სხვა საქმეზე მივედი, შემთხვევით მოისმინა ჩემი სიმღერა და მაშინვე შემომთავაზა, სიმღერას დაგიწერ და შენს პოპულარიზაციაზე ვიზრუნებო. დავთანხმდი და ასე შედგა ჩვენი ტანდემი. პირველმა სიმღერამ გაამართლა, გიგას იდეა იყო, ჩაგვეწერა დუეტიც, კლიპი ლევან ტორონჯაძემ გადაგვიღო... ჩემდა გასაკვირად, სიმღერა ყველგან ჟღერდა _ მუსიკალურ არხებზე, რადიოებში, საზოგადოებამ დიდი სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ, ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება
_ ამის შემდეგ მუსიკალური კარიერა, ასე ვთქვათ, გვერდზე გადადეთ. რამ განაპირობა თქვენი “მუსიკალური სიჩუმე”?
_ ესეც მოულოდნელად მოხდა. აბიტურიენტი ვიყავი, ჩავაბარე. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ გიგამ მოსკოვიდან შემოთავაზება მიიღო, კარიერა იქ უნდა გაეგრძელებინა. მართლაც, წავიდა და მიხარია, რომ იქ ძალიან წარმატებულია... მე კი რატომღაც ცოტა მოვდუნდი. ალბათ, მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც იმ მომენტში ახალი სიმღერების ჩაწერას დამაძალებდა. ამას დაემატა სწავლა, დროც ნაკლები მქონდა და... მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. დღესდღეობით, სიმართლე გითხრათ, ვნანობ, რომ არ ვიაქტიურე. უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. სიმღერა არის ის, რაც არასდროს მომბეზრდება და, ალბათ, ასე მარტივად არ უნდა მეთქვა უარი ამ ყველაფერზე.
_ ჯერ კიდევ არ გქონდათ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დამთავრებული, როცა რადიო “საქართველოს ხმის” მუსიკალური წამყვანი იყავით, როგორ გაიხსენებთ ამ დროს?
_ ეს ჩემი პირველი ნაბიჯები იყო რადიოში და რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსენდება. იქ ჩემი მეგობარი ირაკლი ყურაშვილი მუშაობდა, რომელსაც საავტორო გადაცემა მიჰყავდა და სტუმრად, როგორც მომღერალი მივედი. რადიოში მუშაობა მაშინ ვერც კი წარმომედგინა, ირაკლი ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ჩემში დაინახა პოტენციალი, რადიოწამყვანი გავმხდარიყავი. შემოთავაზება მივიღე, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიარე უდიდესი სკოლა, მივიღე დიდი გამოცდილება, რომელიც დღემდე მადგება.
_ შემდეგ იყო “სთარ ეფემი” და დღემდე არის რადიო “დარდიმანდი”. როგორც ვატყობ, რადიოსისტემა კარგად აღიქვით და აღგიქვათ თავადაც, რა ხიბლი აქვს რადიოში მუშაობას?
_ ვისაც რადიოში ცოტა ხანს მაინც უმუშავია, დამეთანხმება, რომ მას რაღაც გამორჩეული ხიბლი აქვს, რომელზეც უარს ვეღარ ამბობ, ეჩვევი და გიჩნდება მოთხოვნილება, შენი ხმა ყველას ესმოდეს. ამავდროულად პასუხისმგებლობასაც გრძნობ შენი მსმენელის წინაშე, ისინი ელოდებიან შენგან პოზიტივს, მხიარულებას და შენ მათი იმედი არ უნდა გაამტყუნო. ყოფილა შემთხვევა, როცა რთული პერიოდი მქონია ცხოვრებაში, ცუდ ხასიათზეც ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც კი საეთეროს კარი იღება, ყველაფერი უარყოფითი გარეთ უნდა დატოვო. შენი ეთერით, პირველ რიგში, თავად უნდა მიიღო სიამოვნება. მიხარია, რომ ჩემს მსმენელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რადიოს გარეშე თავი ვერც კი წარმომიდგენია.
_ პარალელურად ტელესივრცეში გადაინაცვლეთ და დღეს “პალიტრა ტივის” ეთერიდან გვიყვებით საინტერესო ისტორიებს. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, როგორი განცდა იყო, როცა პირველად ტელეგადაცემა წაიყვანეთ?
_ სრულიად მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება “პალიტრა ტვ”-დან, სადაც დილის ეთერი უნდა წამეყვანა, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, რომელსაც, საბედნიეროდ, თავი გავართვი. ღელვა, რა თქმა უნდა, იყო. პირველად აღმოვჩნდი პირდაპირ ეთერში და რომ არ მენერვიულა, ალბათ, გასაკვირიც იქნებოდა. “პალიტრაში” ძალიან სასიამოვნო გარემო დამხვდა, პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს, სტიმული მომცეს და ეს ყველაფერი დამეხმარა, ჩემი საქმისთვის კარგად გამერთვა თავი. ამჯერად მაყურებელს ყოველდღე საინტერესო სიახლეებს ვაცნობ.
_ დღეს საქართველოს ტელესივრცეში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ძირითადი აქცენტი კი მაინც პოლიტიკურ თოქშოუებზე კეთდება. ხომ არ აპირებთ, ახალი სეზონიდან პოლიტიკური გადაცემა წაიყვანოთ?
_ ჩვენს არხზე ახალი სეზონიდან ბევრი სიახლე იგეგმება, თუმცა პოლიტიკური თოქშოუს გაკეთებაზე, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი, რომელიც მსგავსი ფორმატის გადაცემას გააკეთებს, ძალიან გამოცდილი უნდა იყოს, ამ სფეროში გარკვეულწილად ნათქვამი უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელი. ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. მე კი ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკაში ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ, მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ.
_ ქართულ ჟურნალისტიკაზეც მინდა გკითხოთ. ხშირად ვხდებით “კრიტიკის” ობიექტი, ამ ბოლო დროს მოდურიც კი გახდა ჟურნალისტების კრიტიკა. თქვენი აზრით, რა აკლია ქართულ ტელესივრცეს?
_ კი, ჟურნალისტების კრიტიკა ყველგან მესმის, რაც ცუდი ტენდენციაა. ხშირად, როცა რაღაც ცუდი ხდება, ჯოხი ჟურნალისტებზე ტყდება და ყველაფერი მათ ჰბრალდებათ. ზოგადად, ჟურნალისტიკა ძალიან მძიმე და რთული პროფესიაა, მაგრამ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ია-ვარდით მოფენილი გზა არ გადაიშლება შენს წინაშე, ბევრი სირთულისა და ტკივილის ატანაც მოგიწევს, სანამ მიზანს მიაღწევ.
რა აკლია ქართულ ტელესივრცეს, რთული სათქმელია. ალბათ, მეტი ობიექტურობა... თუმცა მიხარია, რომ დღეს ძალიან ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი გამოჩნდა, ახალი თაობა, რომელიც თანდათან ძალიან ხმამაღლა იტყვის თავის სათქმელს.
_ რა არის ის, რასაც არასოდეს გააკეთებთ, როგორც ჟურნალისტი?
_ რთული კითხვაა, ალბათ, არასდროს ვიქნები მიკერძოებული, შეიძლება მქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს არ გამოვხატავ. ამას გარდა, ვერასდროს გავაშუქებ ისეთ ინფორმაციას, რაც ჩემს მეგობარს ან საყვარელ ადამიანებს ტკივილს მოუტანს. შეიძლება ეს არაპროფესიონალური განცხადებაა ჩემი მხრიდან, მაგრამ რა ვქნა, ადამიანობას ვერც ერთი პროფესიის გამო ვერ დავკარგავ.
_ ბოლოს, მინდა პირადზეც გკითხოთ. რა ეტაპზეა მომხიბლავი წამყვანის პირადი ცხოვრება?
_ პირადი ცხოვრება გაყინულია. შეყვარებული არ მყავს, სიმპათიები მოდის და მიდის, სერიოზული არაფერი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ სიყვარულსა და ყურადღებას გამოხატავენ და დიდი მადლობა მათ, მაგრამ, ალბათ, ჯერ არ გამოჩნდა ის, ვინც მეც შემიყვარდება, საერთოდ რთულად მიყვარდება, მაგრამ, თუ შემიყვარდა, ძალიან ერთგული და ყურადღებიანი ვარ.
_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
_ პირიქით, თქვენ მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |