|
ვინ არის ჩაფიძის სახელობის კლინიკის მეპატრონე?
როცა სოციალური ქსელებით ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის გახსნის ფოტომასალა გავრცელდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოში თავხედობას საზღვარი აღარ აქვს, მით უფრო, ე.წ. მაღალ საზოგადოებაში. ერთ-ერთ კადრში შევარდნაძის პერიოდის ჯანდაცვის მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე, ფინანსთა ამჟამინდელ მინისტრს ხადურს გაშლილი ხელით ისე ეპატიჟება, გეგონებათ, იქაურობა პაპამისმა ანდერძით დაუტოვა და უმწიკვლო კრავივით სუფთაა მისი სულიცა და ხელებიც. თითქოს ეს ყველაფერი მას მაქინაციურად, მოტყუებითა და თანამდებობისა თუ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით არ მიუსაკუთრებია; თითქოს ხალხი ჩლუნგია და არავის არაფერი ახსოვს, ან არ იცის.
დავიწყებ იმით, რომ რატომღაც ყველას ჰგონია, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის მეპატრონე, ცნობილი კარდიოლოგი და შევარდნაძის პირადი ექიმი გულიკო ჩაფიძეა. ასეთებს იმედს გავუცრუებ და ვეტყვი, რომ ეს ასე არ არის. კლინიკა ხელში აქვს ჩაგდებული ავთანდილ ჯორბენაძის კლანს და გულიკო ჩაფიძე, ამ შემთხვევაში, კვალის დასაფარავი შირმაა, რაზედაც, ცხადია, დოკუმენტებიც ღაღადებს. საქმე ისაა, რომ ყველა დროის ჯანდაცვის მაღალჩინოსნები, საკუთარ მდგომარეობას პირადი სარგებლობის მიზნით იყენებდნენ და ეს სფეროც ამიტომ გახლავთ მიწაზე გართხმული და განადგურებული. ცხადია, ისინი ამისთვის მაქინაციურ სქემებსაც იყენებდნენ, შემდგომ ის რომ გაეკეთებინათ, რაც ახლა ხდება, ანუ ჯანდაცვის სფეროში არსებული დიდძალი ქონება პირად საკუთრებაში გადაექაჩათ და მედიცინა საკუთარ ფულის საჭრელ მანქანად ექციათ. ქართული ჯანდაცვა ახლა მხოლოდ ფულაობას რომ ემსახურება და არა ავადმყოფის განკურნება-გამოჯანმრთელებას, ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ, ვწერთ და ამიტომ აღარ შევჩერდები. ამჯერად, ახლახან გარემონტებულ და პომპეზურად გახსნილ ჩაფიძის კლინიკის მაქინაციურ ისტორიებს მოვყვები. რაკი სამართალდამცავებს ამ სფეროს დანაშაულები არ აინტერესებთ, იქნებ ხალხმა მაინც არ დაივიწყოს და ეს ადამიანები ისტორიას გმირებად ან აღმაშენებლებად კი არ შემოუნახოს, ის სახელი დაარქვას, რასაც რეალურად იმსახურებენ _ მაქინატორები, ქვეყნისა და ჯანდაცვის დამაქცევარნი და ა.შ.
მოკლედ, შპს “ივერმედი”, რომელიც ახლა სამედიცინო ბაზარზე ციბრუტივით ტრიალებს და სამედიცინო ობიექტების დიდ ნაწილს იგდებს ხელში, 1995 წელს დაფუძნდა, ანუ მაშინ, როცა ავთანდილ ჯორბენაძე ჯანდაცვის მინისტრი იყო. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ე.წ. რეფორმა პირველად “თავისუფალ” საქართველოში სწორედ ჯანდაცვიდან და ჯორბენაძის მინისტრობის ეპოქიდან დაიწყო, რაც სინამდვილეში ნგრევა უფრო აღმოჩნდა, ვიდრე კეთება. ამ სფეროს ექსპერტებიც ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის განადგურების დასაწყისი ბატონი ავთანდილის მინისტრობის პერიოდს ემთხვევა, თუმცა ჯორბენაძის მატერიალურ-კარიერული აღზევების მზარდ შკალასაც თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რეალურად რას აკეთებდა ამ სავარძელში ეს კაცი. მოვლენებს გავუსწრებ და აქვე ვიტყვი, რომ შემდგომ, როცა 80 მდიდარი ქართველის გვარ-სახელი და მათი ქონების ამსახველი ციფრები გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილთან და სხვა მილიონერებთან ერთად, სიაში ავთანდილ ჯორბენაძეც იყო. მის გვარს გვერდით 20 მილიონი ეწერა. საიდან?! როგორ?!
როგორ და აი, ასე: “ივერმედს”, ბოლო მონაცემებით, 5 პარტნიორი-მოწილე ჰყავს, საიდანაც ერთ-ერთი ავთანდილ ჯორბენაძის ვაჟიშვილია _ რეზო ჯორბენაძე, თუმცა სამედიცინო სფეროში გარკვეულმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ ამ ფირმის რეალური მფლობელი მხოლოდ ჯორბენაძეების ოჯახია. 2000 წელს კი “ივერმედმა” დააფუძნა შპს ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრი, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, თავად გულიკო ჩაფიძე, ამჟამად წილის ერთ პროცენტსაც არ ფლობს. ანუ ჩაფიძის კლინიკა “ივერმედის” შვილობილია, ორივე კი ჯორბენაძის ოჯახის “ჩაშკა-კლოჟკაა”, ეგ არის და ეგ. როგორი კონვეიერული წესითაც მუშაობს წლების განმავლობაში ეს პრესტიჟული საავადმყოფო, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ცხადია, ყველამ არ იცის, რომ ეს შემოსავალი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯორბენაძის ოჯახში მიდის და მან ეს მდგომარეობა მინისტრობის პერიოდში მოიწყო და ის ე.წ. რეფორმაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ჩაატარა, თორემ დღეს რომ ჯანდაცვას რეფორმირების არაფერი სცხია, ეს ხომ ფაქტია?!
ბოლო პერიოდშიც “ივერმედი”, ანუ ჯორბენაძეების კომპანია, სხვადასხვა სქემებით ზრდიდა საკუთარ კაპიტალს და მათ ამაში ხელს არც სააკაშვილის ხელისუფლება უშლიდა და როგორც ვხედავთ, არც ახლა ედავება ვინმე რამეს. 2011 წელს “ივერმედმა” დიღომში, ლუბლიანას #4-ში, თერაპიის ეროვნული ცენტრის შენობის 5 ათასი კვ.მ ფართობი იყიდა და ამ დაწესებულების კოლექტივი ქუჩაში, ღია ცისქვეშ დატოვა. თუმცა ინვესტორად მოვლენილმა ჯორბენაძის კომპანია “ივერმედმა” რა ვალდებულებაც აიღო, ის შესასყიდი თანხა ვერ გადაიხადა. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს გარიგება უნდა ჩაეშალა და ქონებაც უკან დაებრუნებინა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. მათ, ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, მაინც დაურეგისტრირდათ აღნიშნული კაპიტალი. როგორ?! ცხადია, ისევ ჯორბენაძეების სახელისუფლებო კავშირებითა და მაქინაციური გარიგებებით. შემდგომ კი, “ივერმედმა” ეს ფართი ჩაფიძის სასარგებლოდ დათმო და საერთო ფართი ჩაფიძის კლინიკას 13 ათასი კვ.მ გაუხდა, რომელიც გაარემონტეს და ახლა გახსნეს. ამ კომბინაციით ჯორბენაძეებმა ერთი ჯიბიდან ქონება მეორეში გადაიტანეს, რაც იმ ხალხის თვალის ასახვევად დასჭირდათ, ვინც არ იცის, რომ შპს “ივერმედი” და შპს ჩაფიძის კლინიკა ერთი და იგივე პატრონისაა _ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ამ სფეროს პირველი “რეფორმატორ-დეფორმატორი” ჯორბენაძისა. ამ ამბის გაცნობის შემდგომ, ალბათ, მკითხველისთვისაც გასაგები გახდება, როგორ მოხვდა ჩაფიძის კლინიკის გახსნის დროს კადრში შევარდნაძის პერიოდის მინისტრი ხადურთან ერთად.
ჩაფიძის კლინიკიდან უახლესი ამბავი კი ის არის, რომ იქ თვე-ნახევრის წინ სამსახურიდან 12 “ვეშაპი” ექიმი გაათავისუფლეს. ეს ის ხალხია, ვისზეც კარდიოლოგიური განყოფილება მანამდეც იდგა, სანამ მას ჩაფიძის სახელი ეწოდებოდა და დამოუკიდებელი კლინიკა გახდებოდა. ზოგ მათგანს მუშაობის 37 წლის სტაჟი აქვს, მაგრამ ჯორბენაძეების კომპანიამ მაინც უპრაგონოდ გამოყარა გარეთ. ერთ-ერთი მათგანი გულიკო ჩაფიძესთან შესულა და უთქვამს, 35 წელი მონებივით გემსახურეთ და რატომ არ დაგვიცავი ჯორბენაძეებისგანო?! ახლა მათ თურმე ადვოკატი ჰყავთ აყვანილი და სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ. “პრემიერმა” ისიც შეიტყო, რომ ეს კლინიკა, რომელიც საუკეთესო აპარატურით იყო აღჭურვილი, კაპიკებად გადაიყიდა. მართალია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯორბენაძეებს არაფერი დაუკარგავთ, მაგრამ ვითომ არც ბიუჯეტმა იზარალა რეალური თანხის დამალვით?! თუ ასეა, მაშინ ფოტოზე ხადური ფერადი ლენტების გაჭრას კი არ უნდა აღნიშნავდეს, იქ თავის დაქვემდებარებულ ფინანსურ პოლიციას უნდა გზავნიდეს, წესითა და რიგით, მაგრამ...
ახლა ცოტა რამ იმის შესახებ, ნიშნავს თუ არა საქართველოში მინისტრობა და მაღალ ეშელონებში “გაჩითვა” მილიონერობას და დიდი კაპიტალის ფლობას?! ავთანდილ ჯორბენაძემ, რომელიც 1951 წელს დაიბადა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. ოთხმოცდაათიან წლებამდე ის რიგით ექიმად მუშაობდა, მაგრამ მერე ერთბაშად “აქაჩა” კარიერაში, რაშიც მას, თქვენ წარმოიდგინეთ, კომპარტია და პირველი რესპუბლიკური საავადმყოფოს პარტიული ბიუროს მდივნობაც დაეხმარა. წლების განმავლობაში იყო ჯორბენაძე ჯანდაცვის მინისტრი, გიორგი არსენიშვილის შემდგომ კი მან სახელმწიფო მინისტრის სავარძელიც დაიკავა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მართალია, თანამდებობა აღარ ჰქონია, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნისას დაწყებული ბიზნესის აყვავებაში მისთვის ხელი არავის შეუშლია და მაქინაციური სქემებით ყიდვა-გაყიდვებსაც რატომღაც მშვენივრად პატიობდნენ.
აი, რას მოგვიყვა ამ დარგის ერთ-ერთი მცოდნე და საქმეში ჩახედული ადამიანი:
_ თერაპიის ინსტიტუტში იყო ინფარქტის განყოფილება, რომელიც წლების წინათ ამ ინსტიტუტს გამოეყო და ცალკე გავიდა. ეს განაყოფიც ორად გაიხლიჩა _ ერთს ჩაფიძის კლინიკის სახელი დაერქვა, მეორეს კი _ წითლანაძის, რომელიც საპატრიარქოს საავადმყოფოში, უზნაძის ქუჩაზე განთავსდა. ჩაფიძე დარჩა დიღომში და მას გამოეყო სამ სართულ-ნახევარი თერაპიის ინსტიტუტის შენობაში, კლინიკურ კორპუსში. თერაპიის ინსტიტუტს ჰქონდა ორი კორპუსი _ კლინიკური და ლაბორატორიული. ჩაფიძის კლინიკა წლების განმავლობაში ფლობდა ამ 8-სართულიან შენობაში სამ სართულ-ნახევარს, დანარჩენში კი კვლავ თერაპიის ინსტიტუტის სხვადასხვა განყოფილებები ფუნქციონირებდა. ჩაფიძის კლინიკისთვის ეს იყო ბიზნესი, მაგრამ ეს ფართი მაშინ ნაყიდი ჰქონდა თუ არა, ეს საკითხი დღემდე ბურუსით არის მოცული. წესითა და რიგით, მას შესყიდული თუ არ ჰქონდა, ქირა უნდა გადაეხადა თერაპიის ინსტიტუტისთვის, მაგრამ კოლექტივისთვის ცნობილი არც ქირის გადახდის ამბავი გამხდარა და არც ის, მათგან ეს ფართი იყიდა თუ არა, რაც ასე არ უნდა მომხდარიყო. თერაპიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახლდათ, ასევე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის მამა და როგორც ჩანს, სწორედ მან გახადა ეს ყველაფერი კოლექტივისთვის ბუნდოვანი. მათ შორის მოლაპარაკება რთული არ იქნებოდა და როგორც ჩანს, ჯანდაცვის ორი მტაცებელი მინისტრის ოჯახმაც კარგად გაუგო ერთმანეთს. ბოლოს მოხდა ის, რომ “ივერმედმა” შეისყიდა მთელი თერაპიის ინსტიტუტის კლინიკური კორპუსი. ანუ 8-სართულიანი შენობა მთლიანად ჯორბენაძეებმა ჩაიგდეს ხელში და მერე ჩაფიძის კლინიკას დაუთმეს.
აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე ედუარდის ნათლიაა, პატრიარქთან ერთად, და ცხადია, შევარდნაძესთან დაახლოებულმა ჯორბენაძეებმა ეს მდგომარეობა თავის სასიკეთოდ გამოიყენეს. მოგეხსენებათ, ჩაფიძე ედუარდის ექიმიც იყო და როგორც ამბობენ, ჯორბენაძისა და მის ახლო კონტაქტში ედუარდიც იყო ჩარეული. არც ის არის გამორიცხული, შევარდნაძესაც ჰქონდეს ამ კლინიკაში დაფარული წილი და ავადმყოფების გადახდილი თანხები “ედუარდ დამაქცევარის” ჯიბეში აქედანაც გადადიოდეს. ეს მაქინაციები კი თერაპიის ინსტიტუტის თანამშრომლების ზურგსუკან მოახდინეს, რასაც არა მხოლოდ თერაპიის ასწლოვანი სკოლის არსებობა შეეწირა, არამედ გამოცდილი სპეციალისტებიც და სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს რა, დანაშაული არ არის?! თერაპიის ინსტიტუტი ისე გაყიდეს, რომ ის იპოთეკით იყო დატვირთული, რაც, ასევე, არ შეიძლებოდა.
თერაპიის ინსტიტუტის თანამშრომლები ცდილობდნენ რეზო ჯორბენაძესთან შეხვედრას, ყველაფერს ავუხსნითო, მაგრამ ის მათ, ცხადია, არ შეხვდა. სხვათა შორის, თერაპიის ინსტიტუტს ალტერნატიული ფართი გამოეყო, მაგრამ ის, სანდრო კვიტაშვილის მამის მაქინაციით, მსგავსი დასახელების ახალმა შპს-მ ჩაიგდო ხელში. თუმცა, როგორც მერე გაირკვა, კვიტაშვილმა, გარკვეული პერიოდის შემდგომ, უარი თქვა საკუთარ წილზე და თამაშიდან გავიდა. რის ფასად გააკეთა ეს, ან რეალურად ახლა ვინ არის ამ ფართის მფლობელი, ესეც ბუნდოვანია. ჩაფიძის კლინიკის შირმად თუ ჯორბენაძეებმა ქალბატონი გულიკო გამოიყენეს, აქ შორენა მაჭავარიანი “გამოდგეს” წინ, რეალური მფლობელი კი არ ჩანს.
საინტერესო კიდევ იცით, რა არის? როცა ახალი კლინიკა, ჯანდაცვის ობიექტი იხსნება, რატომ მიდის იქ ხადური და სად არის ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო ამ დროს?! ჯანდაცვის ობიექტი თუ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს კუთვნილებაა, მაშინ რისთვისაა საჭირო სერგეენკოს სტრუქტურა?! მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სკამზე წამომჯდარმა ადამიანებმა იქიდან ძარცვა-გლეჯით კაპიტალი აგროვონ და მერე ხალხის ხარჯზე მილიონერებად იქცნენ?! ან ხადური რატომ დაინტერესდა ამ კლინიკით, ჯორბენაძეების “მარაქაში” მასაც ხომ არ ჩაადგმევინეს უკვე ფეხი?! ამ ფოტოთი ახალი ხელისუფლებაც ხომ არ ეუბნება ამ ადამიანებს, ჩვენ თქვენთან ვართ და ყველაფერი ძველებურად გააგრძელეთო?!
ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და თუ ასე იქნება ახლაც, გამოდის, საშველი არ ყოფილა და ეგ არის.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |