|
ელენე თევდორაძეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობიდან წასვლა უჭირს. ის განცხადების დაწერას არ აპირებს, ამბობს, რომ თავს უფუნქციოდ იგრძნობს და მისთვის ეს ძნელი იქნება, ამიტომ სააკაშვილის სახელზე გადადგომის შესახებ განცხადებას ვერ დაწერს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პრეზიდენტი მას თანამდებობას შეუნარჩუნებს, თევდორაძე მზადაა, მუშაობა გააგრძელოს. მარგველაშვილს კი, ალბათ, ჯერ არც თევდორაძისთვის “სცხელა” და არც შეწყალების კომისიისთვის. სანამ თევდორაძისა და შეწყალების კომისიის ბედი გაირკვევა, პატიმრების შეწყალება, სავარაუდოდ, ახალ წლამდე აღარ მოხდება.
ელენე თევდორაძე შეწყალების კომისიაში უკვე 10 წელზე მეტია, მუშაობს. რვა წლის განმავლობაში კომისია საზოგადოებრივ საბჭოდ მიიჩნეოდა, რის გამოც არც ერთი წევრი ხელფასს არ იღებდა. მას შემდეგ, რაც თევდორაძე რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილეობიდან გამოუშვეს თუ წამოვიდა, მას მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, მინისტრის თანამდებობასთან გათანაბრებული ხელფასი დაუნიშნა და კაბინეტი მთავრობის კანცელარიაში დაუტოვა, სადაც ის მინისტრის მოადგილეობის დროს მუშაობდა.
ელენე თევდორაძე შეწყალების კომისიაში შევარდნაძის მმართველობის დროსაც იყო, მას ვარდების რევოლუციამაც კი ვერ შეუშალა ხელი, სააკაშვილის დროსაც განეგრძო საქმიანობა. ალბათ, იმიტომ, რომ ის რევოლუციონერი იყო... 72 წლის ელენე თევდორაძე პოლიტიკაში 1995 წელს გამოჩნდა. ის “მოქალაქეთა კავშირიდან” პარტიული სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაპირველად ციხეებში არსებული ვითარებით დაინტერესდა, რამდენიმე საპატიმრო ნახა და ნანახით შეძრწუნებული დარჩა. თავისი განცდების გადმოცემა მან პარლამენტის სხდომაზე სცადა, მიკროფონთან მივიდა და თავისი ქართულით განცხადების გაკეთება დაიწყო: “მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს”... დეპუტატებს ხომ მეტიც არ უნდოდათ და დიდი სიცილ-ხარხარი ატეხეს. ამან თევდორაძე გაამწარა და კიდევ ერთხელ მოითხოვა სიტყვა. მიკროფონი ჩაურთეს. “პატიმრებს საშინლად ხმარობენ, თქვენ კი იცინით!” _ ლამის ტირილით თქვა თევდორაძემ. დეპუტატები ისევ ახარხარდნენ და სანამ თევდორაძე მესამედაც მოითხოვდა სიტყვას, საქმეში სპიკერატი ჩაერია. მათ გაარკვიეს, რომ თევდორაძეს სიტყვა “ხმარების” ნაცვლად უნდოდა, სიტყვა “ეპყრობიან” ეთქვა.
მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნები წააგო, თევდორაძისგან ხშირად ისმის კრიტიკული განცხადებები მისი ყოფილი თანაგუნდელების მისამართითაც. ამ დღეებში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ მწვავე განცხადება, სააკაშვილის მისამართითაც გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტისგან დაიღალა, დაიღალა იმით, რომ 9 წელია, მას სიურპრიზებს უკეთებენ. მისი თქმით, ძველი ხელისუფლება კომისიის გვერდის ავლით იწყალებდა პატიმრებს ისე, რომ მან არაფერი იცოდა. ასევე, გავიგეთ რომ, პატიმართა შესაწყალებელ სიებს რაიონების გამგებლები და სხვადასხვა სამინისტროები ამზადებდნენ. კომისიის თავმჯდომარემ იმაზეც კი დაიწუწუნა, რომ მის მიერ მომზადებულ შესაწყალებელ პატიმართა სიები, სანამ სააკაშვილთან შევიდოდა, თურმე მთავარ პროკურატურაში იგზავნებოდა და იქ წყვეტდნენ, ვინ გამოეშვათ ციხიდან და ვინ დაეტოვებინათ პატიმრობაში. ელენე თევდორაძე მოსახლეობას თავს ყოველთვის ამახსოვრებდა. ბევრს, ალბათ, ახსოვს კოტე თევდორაძე, ელენე თევდორაძის ვაჟი, რომელიც წლების წინათ თბილისის მერიიდან სამსახურიდან გამოუშვეს. მეორე დღეს კოტე თევდორაძე დედაქალაქის მერიაში დედასთან ერთად გამოცხადდა. მაშინ ქალბატონი თევდორაძე საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კოტე თევდორაძე მერიაში ვეღარ, მაგრამ ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მაინც დასაქმდა.
გავა თუ არა დამსახურებულ 150-ლარიან პენსიაში ყოფილი პედაგოგი ელენე თევდორაძე, ეს უკვე ახალ პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუმცა ელენე თევდორაძე ის კატეგორიაა, ვინც 150 ლარს არ იღებს, ის ხომ, სხვა მისი კოლეგების მსგავსად, 540 ლარს მიიღებს, რომელიც ყოფილ დეპუტატებს კომპენსაციის სახით ერიცხებათ. თევდორაძემ მუშაობა კომუნისტურ ეპოქაში სხვადასხვა პარტიული თანამდებობებით დაიწყო და დღეს მას დემოკრატიულ სამყაროში უწევს მუშაობის დასრულება.
“პრემიერი” ელენე თევდორაძეს ესაუბრა:
_ ქალბატონო ელენე, მართალია თუ არა, რომ თანამდებობიდან მიდიხართ?
_ არა, არაფერი არ დამიწერია. რატომ უნდა დავწერო? მე შტატშიც არ ვყოფილვარ, ხელფასს ბრძანებულებით მარტო მე ვიღებდი, კომისიის სხვა წევრები, არავინ არაფერს იღებდა. რომ წავიდე, მერე უფუნქციოდ ვრჩები, რა გავაკეთო? თუ სურვილი ექნება ბატონ გიორგის, მე სიამოვნებით ვუხელმძღვანელებ კომისიას.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგობისთვის პატიმართა შეწყალება არ მოხდება. რა არის ამის მიზეზი?
_ კი, 23 ნოემბერს ვეღარ მოხერხდება, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს უნდა გაიმართოს და ძველი კომისია სხდომას ვეღარ გამართავს. ახალი პრეზიდენტი ახალ კომისიას ჩამოაყალიბებს. ალბათ, კომისიის წერთა უმრავლესობასაც შეცვლის.
შმაგი ხუზმიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |