|
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ვერ გამოიჩინა სათანადო "ფხა", "ოცნების" მიერ დადებული პირობა ვერ შეასრულა და ჯანდაცვის ბიუჯეტს ჩაბღაუჭებული კერძო სადაზღვევო კომპანიები თავიდან ვერ მოიცილა. ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ძველ კადრებს შეელია ჩვენი მინისტრი და უკვე კოაბიტირებული, ნაცმგლებთან ერთად შეექცევა ნორჩ საბიუჯეტო "ბალახს". ეს სიტყვები ჰაერზე მოტანილი რომ არ არის, ამის დასამტკიცებლად "ფეისბუკზე", ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და სადაზღვევო კომპანიის თავკაცების გადაფსკვნილ-ჩახუჭუჭებული სარესტორნო ფოტოებიც კმარა, რომლის გაზეთში გამოფენასაც ისევ ჩვენ მოვერიდეთ. ვინც ამ ფოტოკალეიდოსკოპს გაეცნობა, ადვილად დარწმუნდება, რომ ეს ხალხი ერთმანეთის ტყავს არასდროს დახევს და ის მითი, რომ სადაზღვევო კომპანიებს მინისტრი კისერს ოდესმე მოუგრეხს, რეალობად ვერ იქცევა.
მოკლედ, ქართველი ხალხი, კარგა ხანია, საკუთარ თავზე ცდის კერძო სადაზღვევო კომპანიებზე გადაბარებული სამედიცინო დაზღვევის უნიათობას, რომელიც პაციენტებისთვის "მოგეცემა, მაგრამ არ მოგეცემაა", თავად სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებისთვის კი _ უძირო ფულის ორმოში აღმოჩენა. უამრავი ფაქტია იმისა, რომ პაციენტისთვის განკუთვნილ თანხებს მათ არ ახმარენ და ამ ფულით თავად სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჩამოკიდებულმა სერგეენკომ "საყოველთაო დაზღვევის" პაკეტებს კვლავაც რომ გადაალახვინოს ეტაპები, ამით ავადმყოფს ის დახმარება მაინც ვერ გაეწევა, რაც რეალურად სჭირდება, ანუ ავადმყოფების ბუმს საქართველოში ამ ჯანდაცვით ბოლო ვერ მოეღება და უფრო გაიფურჩქნება.
ეს რომ ნამდვილად ასეა და არ ვიტყუებით, ამაში ყველა დარწმუნდება, როცა რამდენიმე სადაზღვევო-საჯანდაცვო აფერის სქემას გავშიფრავთ.
ძალიან კარგად მახსოვს, რომ, მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პაკეტი შეიმუშავა, გაიძახოდნენ, ეს არის ის, რაც მწირი ბიუჯეტით შევძელით, შევეცდებით, პაკეტი გავაფართოოთ, თუმცა მოქალაქეს უკეთესი სერვისის მიღება თუ უნდა, შეუძლია კერძოდაც დაეზღვიოსო. ივნისში, საყოველთაო დაზღვევის პაკეტი გააფართოეს, მაგრამ ახლა მოქალაქეების გამორჩევა და განსხვავება დაიწყეს. როგორ?! ახლავე გეტყვით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პირველ ივლისამდე ვინც საყოველთაო დაზღვევის მონაწილე გახდა, თუ მან კერძო დაზღვევაც მოინდომა, ავტომატურად ამოვარდება საყოველთაო დაზღვევის სიიდან. თუმცა პირველი ივლისიდან ვინც გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე, მას შეუძლია ჰქონდეს კორპორაციული დაზღვევაც. ამას ორი სიტყვით, თუმცა საკმაოდ გაუგებრად ხსნიან _ ცვლილება პირველ ივლისს მოხდა და ასე ამიტომ არისო. ანუ ის ადამიანები, ვინც ადრე დაეზღვივნენ საყოველთაოთი, დაზარალებულები არიან, რადგან კერძოში დაზღვევის უფლება წართმეული აქვთ. ამ ჩახლართული ამოცანის ამოსახსნელად, მაინც საქმეში ჩახედულ ადამიანებს მივმართეთ, რომელთა გარკვეული ნაწილიც ასეთ განუკითხავ ცვლილებას პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევს და პრობლემას ასე ხსნის: საყოველთაო დაზღვევის პირველადი პაკეტი ძირითადად უმწეო მდგომარეობაში მყოფმა, ექიმსა და წამალს მოკლებულმა ადამიანებმა სასწრაფოდ აიღეს. თუ მათ დღეს სამსახური იშოვეს და მოუნდათ უკეთესი პაკეტი და სამედიცინო დახმარება, სახელმწიფო რატომღაც ამის უფლებას ართმევს და ისევ საწყალ ფენას აჭერს ფეხს, ანუ უკან აბრუნებს. 1-ლი ივლისის შემდგომ კი, უფრო მოძლიერებული სოციალური ფენის ადამიანები ეზღვევიან. ზოგი კერძო დაზღვევას აუქმებს და საყოველთაოში უნდა მონაწილეობა. ასეთებს სახელმწიფო აძლევს უფლებას, კერძოშიც იყვნენ და საყოველთაოშიც. ანუ მათ ფული აქვთ და სადაზღვევოებიც მომგებიან ლუკმას არ კარგავენ. თანაც არც ის აწყობთ, რომ ყველა საყოველთაო დაზღვევაში გადაბარგდეს. ასე ხომ მთელ ტვირთს სახელმწიფო აიკიდებს მხრებზე და სადაზღვევოების მოგებაც შემცირდება. ორივე დაზღვევით დაფინანსებული პაციენტი კი უფრო სრულყოფილ მომსახურებას მიიღებს და ა. შ. მოკლედ, ამ ნაბიჯს არაერთი ხვრელი აქვს. სამწუხაროა ისიც, რომ არ შეუძლიათ, რაიმე ისე გააკეთონ, რომ ვიღაც არ დაჩაგრონ და საზოგადოების გარკვეულ ფენებს შორის წყალგამყოფი არ გაავლონ. ეს სადაზღვევო ხლართები, ცხადია, პაციენტის სასიკეთოდ არ ხდება და სადაზღვევოების მოგებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ჯანდაცვის მამებიც მშვენივრად ურევენ "თათებსო".
საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარებს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფომ, სადაზღვევოს გავლით, წელიწადში 15 ათასი ლარი უნდა დაახარჯოს, მაგრამ ამდენს მართლა რომ ახარჯებდეს, ბევრი მოქალაქე გვეყოლებოდა ჯანმრთელი, ცოტა კი _ ავადმყოფი, თუმცა ახლა ეს თანაფარდობა შებრუნებულია. დავიწყოთ იქიდან, რომ საყოველთაოდ დაზღვეული პაციენტებისგან ექიმთან კონსულტაციაზე, გასინჯვაზე, წამალზე, ოპერაციებზე ისეთი რიგებია შექმნილი, ზოგჯერ ავადმყოფობა ვერ იცდის და პაციენტიც იძულებულია, თუ რამე გააჩნია, პირადად გადაიხადოს მკურნალობაში, ზოგჯერ კი მათ ნერვები ღალატობთ. ერთ-ერთი ექიმი კი ასეთ ამბავსაც მოყვა:
_ ერთხელ ჩემი პაციენტის ისტორია ვნახე და კინაღამ გავგიჟდი. მაშინვე მთავარ ექიმთან შევვარდი და ვუთხარი, რა გინდა, მე წავიდე ციხეში, თუ შენ გაგიშვა?! დიაგნოზი აგერ მაქვს, ამ დაავადებას რაც შველის, ის წამლები მე დავწერე და ასთმის წამლები რა უფლებით ჩაამატებინეთ-მეთქი. ავადმყოფს ასთმა არა აქვს და ეს წამალი როგორ დავალევინო, რაიმე რომ დაემართოს, რა ვთქვა-მეთქი?!
_ რატომ ან ვინ ჩაამატა ისტორიაში სხვა წამლები?
_ ცხადია, ეს მთავარი ექიმის დავალებით მოხდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამას ის აფთიაქები "ჩალიჩობენ", რომლებიც ან საავადმყოფოებშია გახსნილი და ანდაც სადაზღვევოები ათეთრებენ ასე ფულს. მოკლედ, აფთიაქი ან სადაზღვევო ავალებდა საავადმყოფოს, რომ ყველა ავადმყოფის ისტორიისთვის მიეწერათ გარკვეული წამლები, თუმცა პაციენტს ამ მედიკამენტებს რეალურად არ აძლევდნენ. ასეთი ფორმითაც ხდება ფულის "გატეხა", შემდეგ კი ეს "ბანდა" მას ერთმანეთში იყოფს. ამ ფორმით საკმაოდ დიდ ფულს აკეთებენ იმ სადაზღვევო ლიმიტიდან, რომელიც დაზღვეულებს აქვთ გამოყოფილი სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ ეს აფიორა გასკდა, ან ვინმემ იკითხა, ამ ავადმყოფს ხომ ასთმა არ ჰქონდა, ვთქვათ, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და ასთმის წამალი რატომ გამიუწერეთო? მერე ყველა ექიმს შეაწმენდს ხელს და მას დაუწყებენ თითის ქნევას. ამისთვის დასჯილი ექიმი ბევრი მინახავს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის დასჯილ თანამშრომელს თუ მანახვებთ, მადლობელი დაგრჩებით. ამით საავადმყოფოების მთავარი ექიმებიც კარგად ითბობენ ხელს, მაგრამ არც ისინი ისჯებიან. ამ სისტემის ყველაზე დაბალი ღობე ისევ ექიმია.
ახლა საავადმყოფოებისა და სადაზღვევოების შეხმატკბილების ამბავსაც გეტყვით. საავადმყოფოებს რომ არ ჰქონდეთ კავშირი სადაზღვევო კომპანიებთან და მათ საავადმყოფო პაციენტებით არ მოამარაგონ, გაკოტრება ემუქრებათ _ ხელფასს ვერ გასცემენ, საჭირო სამედიცინო ინვენტარს ვერ შეიძენენ. სადაზღვევოსაც ხომ, თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უდგას სული, ანუ საავადმყოფო ცდილობს, ბიუჯეტის თანხები მასთან სადაზღვევოს საშუალებით მოხვდეს. საავადმყოფოს სადაზღვევო რომ გაუნაწყენდეს, მისი საქმე წასულია, ამიტომ მთავარი ექიმები მათ შარლატანობაზე ან თვალს ხუჭავენ, ანდაც მათთან ერთად ერთვებიან ამ აფერულ სქემებში. სადაზღვევოს ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც ამოწმებენ საავადმყოფოების მუშაობას დაზღვევის კუთხით. პირადად კონტროლიორი იქ არაფერს წყვეტს, ის ამოიწერს ყველა მონაცემს და გარჩევა ხდება სადაზღვევოს ზედა ეშელონებში, ხელმძღვანელობასთან. ისინი ხშირად ფეხებს აფიჩინებენ და გაიძახიან, _ ამ წამალს არ ავანაზღაურებ, რატომ გამოუწერეთო?! იბრძვიან, რომ მეტი მოგება დაუტოვოთ თითოეულმა პაციენტმა. ვთქვათ, საავადმყოფოს ექიმმა პაციენტს 500 ლარის მედიკამენტები გამოუწერა, რადგან ჩათვალა, რომ ამდენი სჭირდება მას ჯანმრთელობის აღსადგენად. როცა სადაზღვევო აგენტი წაიღებს მონაცემებს, დაზღვევის მამები იქიდან ბევრ რამეს ამოყრიან და იტყვიან, ექიმმა გაბერაო. წამლების რაოდენობას დაიყვანენ 300-200 ლარამდე და მოგებას ასეც მიიღებენ. მართალია, პაციენტისგანაც ჯოხი ყოველთვის ექიმს ხვდება, მაგრამ ის ამ შემთხვევაში არაფერს წარმოადგენს. აბა, წარმოიდგინეთ, ავადმყოფს რა წამალიც სჭირდება, იმას თუ არ მისცემ, ის როგორ მორჩება?! სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს კავშირი იმიტომ კი არ აქვთ, რომ პაციენტი მოარჩინონ, არამედ პაციენტის ფულზე აქვთ ძირითადად დავა. ასეთი დანაშაულებრივი პრინციპით მუშაობს დღეს საყოველთაო დაზღვევაც და კერძოც, რადგან ეს სფერო ბიზნესს უპყრია ხელში და მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წამალზე ვისაუბრეთ, თორემ ასეთივე ვაჭრობა მიდის საწოლ დღეებზე, განყოფილებებზე, რაც სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს მოსაგვარებელია, მაგრამ არ აგვარებს. სერგეენკო, სერგეენკოს რომ გავიძახით, ვინმეს მის თვალების ფერზე კი არა აქვს გართულება, ხელს რომ არ ატოკებს და არაფერს აკეთებს, იმას ვჩივით. კიდევ იმას, რომ ამ მაქინატორებთან კოაბიტაცია ჯანდაცვას ბოლომდე დაღუპავს, მაგრამ მას ეს ვერ გაუგია.
კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით. პოლიკლინიკებსა თუ საავადმყოფოებში სადაზღვევოებიდან მიღებული აქვთ ბრძანება, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი, უნდა გამოუწერონ. ესეც ამ სადაზღვევო აფერის ერთ-ერთი მორიგი სქემაა. მიდგომა ასეთია, თუ ანთებაა, ამ წამლით ჩაცხრება, თუ არა და არაფერს დაუშავებსო, მაგრამ ეს ასე არ არის. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ანტიბიოტიკის ასე უპრაგონოდ მიღება არაფრით შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ორგანიზმი ეჩვევა ამ წამალს და იწყება ადიდამიკოზი, რომელიც არის სოკოსმიერი დაავადება. მას სწორედ ეს ანტიბიოტიკი აჩენს. ამ ხალხს სადაზღვევო თანხების ამ ფორმით მოხსნა უნდა და ავადმყოფს რა დაუზიანდება, ეს არ ანაღვლებს. წინათ ანტიბიოტიკი სხვაგვარად, ბუნებრივი კომპონენტებით მზადდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ქიმიურადაა შექმნილი და ის მოქმედებს ღვიძლზე, ელენთაზე, თირკმელზე, ტვინზე და აზიანებს მათ. ამიტომ რა გამოდის? ამ ხალხს, საკუთარ თავს ჯანდაცვის მამებს რომ ეძახიან, ავადმყოფის ჯანმრთელობა კი არა, ფული აინტერესებს, მხოლოდ ფული და სხვა არაფერი. აი, რატომ გვაქვს მათთან პრეტენზია და კარგი იქნება, ამას თუ გაიგებენ.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი", 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |