|
“მთავრობა პოლიტიკაში არაფერს დებს, რომ ეკონომიკას გაუჩნდეს სერიოზული სტიმულები ზრდისთვის”
“პრემიერს” ესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე:
_ ბ-ნო დემურ, მთავრობამ აღიარა, რომ ეკონომიკური ზრდა არც 6 პროცენტი იქნება და არც 4. საუბარია 2,5-პროცენტიან ზრდაზე. როგორია თქვენი შეფასება?
_ ცხადი იყო, რომ ეს ასეც იქნებოდა. უბრალოდ, მთავრობა დროულად რეაგირებას არ ახდენდა. ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში მივუთითე, რომ მშპ-ს ზრდა 2,5-3%-ზე მეტი ვერაფრით იქნებოდა. იმიტომ რომ ძალიან დაბალი ეკონომიკური აქტივობაა და გარემოს თვალსაზრისით არაფერი იცვლება. მართალია, ბიზნესი არ ტერორდება, მაგრამ სხვა საშუალებები ბიზნესისთვის გადაკეტილია. ფინანსური შიმშილია. ინსტიტუციონალური ცვლილებები არ არის, საკანონმდებლო ცვლილებები არ არის და ბუნებრივია, როცა ბიუჯეტს გეგმავ მშპ-ს 6%იანი ზრდით და შესაბამისად, ხარჯები გაწერილია ამ შემოსავლების შედეგად, როდესაც ზრდა გინახევრდება და უფრო ნაკლები ზრდა გაქვს, ცხადია, შემოსავლებში გარღვევა ავტომატურად იქნება და შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი ვერ შესრულდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მთავრობამ ნოემბერში აღიარა. როდესაც სსფ-მ ივლისში თქვა, რომ 6% კი არ იქნება ზრდა, არამედ 4%, სსფ-ს შეფასება ძალიან სარკასტული და ხისტი შეფასებების ქვეშ გავატარე, იმიტომ რომ სსფ ამ შემთხვევაში თავს უქნევდა მთავრობას, მე კი ვცდილობდი, რომ მთავრობისთვის სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობა დროულად არ რეაგირებდა. გამორიცხული იყო ასეთი ეკონომიკური ზრდა ასეთი უმოქმედობის პირობებში.
_ ბიუჯეტის სეკვესტრის წინაშე აღმოვჩნდებით?
_ მოდით, ასე ვთქვათ, ეს ის სეკვესტრები არ არის, რომელიც ადრე გვახსოვდა. სიმართლე გითხრათ, 2013 წლის ბიუჯეტში ბევრი ისეთი ხარჯი იყო, რომელიც შეიძლება იმ მიმართულებით არ გაწეულიყო, დარჩება დაუფინანსებელი და ამდენად, კანონი 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ მოითხოვს ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება პენსიებს, ხელფასებსა და ასე შემდეგ და არავითარი დავალიანება 2013 წელს არ წარმოიქმნება. ანუ შეიკვეცება ის ხარჯები, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია და ასეთი ხარჯები ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია ბიუჯეტში.
_ ძირითადი მიზეზები რომ დაგვისახელოთ, რამაც ეკონომიკა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა?
_ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბიზნესისთვის ფინანსური რესურსები ხელმიუწვდომელია და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ხასიათის პრობლემა. ამდენი მოლოდინისგან, ამდენი უმუშევრობისგან და 9-წლიანი ტერორისგან საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ დაიღალნენ, გამოიფიტნენ და დღეს ეკონომიკური აქტივობის სურვილი ისე მძლავრად არ ჩნდება, რადგანაც ამისთვის ხელშემწყობი ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებები არ არის. სამთავრობო პოლიტიკაში არ იგრძნობა მთავარი, რომ აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, რომ აქ სტიმულებია გასაჩენი, რომ ასიათასობით ადამიანმა დაიწყოს მუშაობა. ამას ადამიანი ჯერ კიდევ ხედავს და ინერციით ფრთხილად მოქმედებს.
მთავრობა პოლიტიკაში არაფერს დებს იმისთვის, რომ ეკონომიკას გაუჩნდეს სერიოზული სტიმულები ზრდისთვის. რაღაცები კეთდება, მაგრამ კეთდება ცალკეული სამინისტროების ინიციატივების დონეზე. არადა, ქვეყანაში არის სისტემური კრიზისი. სისტემური კრიზისი კი მხოლოდ ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში შეიძლება გატარდეს, აქ ვერანაირი კარგი მინისტრის კარგი ინიციატივები რაიმე ეფექტურ შედეგს ვერ მოგცემს. აი, სამი მთავარი პრობლემა, რაც დღეს ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.
_ თქვენ თქვით, რომ სისტემური კრიზისია, უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ?
_ რა თქმა უნდა, სისტემური კრიზისია, რადგანაც ცალკეული ინსტიტუტების ინიციატივები კოორდინირებული არ არის. მთავრობა იმ პროგნოზებს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დადო, ან არ კითხულობს, ან არასწორად იგებს, რადგან იქ ნათქვამია, რომ მხოლოდ 6 კვარტალის შემდეგ შეიძლება მივიდეთ იმ მაჩვენებელთან, რომელიც დაგეგმილია. ბუნებრივია, ასეთ რეჟიმში, როდესაც ასეთი რთული სიტუაციაა, მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა ადაპტირებული უნდა იყოს ამ სიტუაციასთან და უნდა ითვალისწინებდეს ამ ვითარებას. გამოდის, ეროვნულმა ბანკმა რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაანულოს, ანუ ნულოვან პროცენტად მისცეს კომერციულ ბანკებს ფული, ისინი მაინც მაღალ პროცენტში გასცემენ. ე.ი. რეგულაციაა საჭირო. ე.ი. სხვა რაღაცაა გასაკეთებელი. ბანკების ალტერნატიული ფინანსური სისტემაა შესაქმნელი, ამ ბანკებში კონკურენციაა შესაქმნელი. ასე რომ, რთული სიტუაციაა და პოლიტიკა არ არის.
_ და თუ სისტემური კრიზისი ასე გაგრძელდება, სადამდე მივალთ?
_ საქმე რა არის, იცით? იმდენად რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ სანამ, შემოსავლების თვალსაზრისით, ადამიანებს არ გაუჩნდებათ შემოსავლები, სანამ არ დაიწყება აშკარა პროცესი, როდესაც შესამჩნევი იქნება, რომ იწყება სამუშაო ადგილების შექმნა, ხელოვნური მაჩვენებლების შეჩერება, ვთქვათ, ლარის კურსის ინფლაციისა და ასე შემდეგ, იქნება უშედეგო და ხალხს ამაზე ექნება რეაქცია. ეს გამოიხატება იმაში, რომ დაიწყება პოლიტიკური ხელისუფლების გადაფასება და ეს ყველაზე არასასურველია. ჯერ კიდევ მაღალია ნდობა, გამომჟღავნებული 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ეს 27 ოქტომბერსაც დადასტურდა, მაგრამ, თუ შედეგები არ იქნება, გადაფასების პროცესი გარდაუვალია.
_ ის, რაც ხდება ეკონომიკის მიმართულებით, დაბალი კვალიფიკაციის ბრალია თუ სხვა მიზეზიცაა?
_ არ ვიტყოდი, რომ კვალიფიკაციის თვალსაზრისით მთავრობის ცალკეულ წევრებში რაიმე პრობლემაა. ნამდვილად არ არის პრობლემა. მაგრამ მთავრობა ეფექტურად და ენერგიულად არ მუშაობს ძალიან ფართო სპექტრთან, არ ითვალისწინებს შენიშვნას და არ უკეთებს ანალიზს, რატომ გამოითქვა შენიშვნა. რა თქმა უნდა, ყველა შენიშვნა შეიძლება არ აღმოჩნდეს მართალი, მაგრამ, თუ არ არსებობს ანალიზი, თუ არ მუშაობს უკუკავშირის მექანიზმი, მაგალითად, ეკონომიკაში გამოთქმული პრობლემები არ ხდება მსჯელობის საგანი, ნებისმიერ სიტუაციაში ვიღებთ იმას, რომ, როგორადაც არ უნდა ვთქვათ, გააკეთო იგნორირება არსებული სიტუაციისა, ეკონომიკა იმდენად არ გემორჩილება შენ, რომ თავისთავად ცხადია, ადრე თუ გვიან, შედეგები დადგება. მაგალითს გეტყვით, 2013 წლის თებერვალში ძალიან ბევრმა გაზეთმა დაბეჭდა და ტელევიზიითაც გაშუქდა ჩემი შეფასება, რომ 2013 წელს, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, იმის გამო, რომ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს სწრაფი ინსტიტუციონალური ცვლილებებისა, სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ეკონომიკის ზრდა ვერაფრით ვერ იქნებოდა 2,5%-ზე მეტი. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, საერთო ეიფორიის ფონზე გამომეთქვა საკმაოდ პესიმისტური მოსაზრება. რა მერე? მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვერაფერი ვერ იქნებოდა კარგად, რადგანაც თებერვალში უკვე შესანიშნავად ჩანდა, რომ 2013 წელს ვერაფერიც ვერ იქნებოდა.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“, 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |