|
“პრემიერს” ესაუბრა პოეტი თამაზ ჭილაძე:
_ ბ-ნო თამაზ, თქვენ ყოველთვის ღიად აფიქსირებდით თქვენს მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. როგორ ფიქრობთ, სამშობლოს ღირსებაზე მაღლა ხელოვანმა, სპორტსმენმა ან სხვა სფეროს წარმომადგენელმა შეიძლება დააყენოს კარიერა და ან თუნდაც პირადი ღირსება?
_ რადგან ამას მეკითხებით, იმედია, ჩემი პასუხიც წინასწარ იცით. მესმის, ჟურნალისტი ხართ და გინდათ, სხვების გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორო ბევრჯერ ნათქვამი: სამშობლო ჩემთვის უმაღლესი ჭეშმარიტებაა. “სამშობლო _ დედის ძუძუი”-ო, თქვა პოეტმა. ჩვენ ამ ძუძუს სიკვდილამდე ვწოვთ და ეს გვინარჩუნებს ადამიანობას.
_ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გამოდიოდა ჩვენი საზოგადოება საპროტესტო აქციებით ადამიანის ღირსების, სამართლიანობის, პირადი ქონების დასაცავად. ახლა კი, როცა სამშობლოს ღირსებას დაცვა სჭირდება, თუნდაც საპროტესტო აქციებით, რატომ აღარ აქტიურობს საზოგადოება? ნუთუ, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საქართველო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ღირსება?
_ არ მახსოვს, ჩვენი ხალხი პირადი ქონების დასაცავად გამოსულიყოს ქუჩაში, პირადი ღირსების დასაცავად _ კი. როცა ადამიანი საკუთარი ღირსების დასაცავად იბრძვის, ეს ნიშნავს, რომ იბრძვის ღირსეული საზოგადოებისთვის, ღირსეული ქვეყნისთვის, რომლის ცენტრი თუ მამოძრავებელი ძალაც სწორედ ღირსეული პიროვნებაა.
ახლა რაც შეეხება “მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ საქართველოს”, ეს ჩვენი ეროვნული, ანუ თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, ოღონდ ეს ტრაგედია ოცი წლის წინათ დაიწყო _ მთელ ხალხს უნდა გვეომა მაშინ, როცა აფხაზეთში რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს ჩვენი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები, “ჩვენს ბიჭებად” წოდებული ახალგაზრდები შეაკვდნენ, რომელთა უმრავლესობასაც მანამდე თოფი არც ჭერია ხელში. ჩვენ კი ამ ომს ტელევიზორით გვაყურებინეს. ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა _ საერთო სახალხო მობილიზაცია არ გამოცხადდა. არადა, ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო. “თავისუფლების მშოვნელი მხოლოდ და მხოლოდ თოფია”-ო, ამბობდა ილია, რომელსაც, კიდევ კარგი, ექსტრემისტობას ვერავინ დასწამებს. ოკუპანტი იმდენად ძლიერი იყო და დღესაც იმდენად ძლიერია, რომ მას მთელი მსოფლიო უწევს ანგარიშს, ეშინია კიდეც მისი, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს დამპყრობლური ტენდენციით აღგზნებული სამხედრო მანქანა. ამიტომაა, რომ დღეს ჩვენი დასავლელი მეგობრები (თუკი ისინი იმსახურებენ ამ წოდებას), ფაქტობრივად, ჩვენს დამხმარედ კი არა, ჭკუის დამრიგებლებად გვევლინებიან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც ერევიან.
სხვათა შორის, ქართველ კაცს პირადი და სამშობლოს ღირსება არასოდეს გაუცალკევებია და ეს იყო ჩვენი _ ღვთის ანაბარა მიტოვებული ხალხის სიძლიერე, რითაც ჯოჯოხეთიდან გამოვაღწიეთ და იმედი მაქვს, იქ აღარასოდეს შევბრუნდებით. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და ეროვნულ ენერგიად გარდაქმნილი დიადი კულტურა _ აი, ის ძალა, რომელიც გადარჩენის კი არა, წინსვლის იმედს გვინარჩუნებს ამ რთულ და გაურკვევლობის ბურუსით მოცულ სინამდვილეში.
ჩვენ დიდი წარსულიდან მოვდივართ, უფრო ზუსტად _ წარსული ჩვენთან ერთად ცხოვრობს და მოქმედებს დღევანდელობაში და საკმაოდ საგრძნობ სასიკეთო გავლენასაც ახდენს კიდეც ჩვენზე. უწარსულოდ სამშობლოს ცნება არ არსებობს, წარსულით სიამაყე ამძაფრებს სამშობლოს სიყვარულს, ასე აუცილებელს ჩვენთვის და ასე ზედმეტს ხელოვნურად გამოყვანილი “ახალი ადამიანისთვის”, რომელიც უნარ-ჩვევებს ცხოვრებიდან კი არა _ სახელმძღვანელოდან იძენს, საგანგებოდ ამისთვის, ანუ მისი რობოტად ქცევისთვის რომ არის შექმნილი.
ამავე დროს გუშინდელი დღიდან აწმყოში ბევრი ისეთი რამ გადმოგვყვა, რაც ძალზე კრიტიკული თვალით უნდა გადაისინჯოს. ყველაფერს, რასაკვირველია, აქ ვერ გავიხსენებ _ საკმაოდ ბევრია, მაგრამ შევეცდები, ერთი მაინც გავიხსენო. აი, თუნდაც ჩვენი “მხედრული ფიცი”, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა ჩვენი რეგულარული სამხედრო ძალა ჯერ კიდევ მხოლოდ ყალიბდებოდა. ამ “ფიცში” ვკითხულობთ: “ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი”!.. ამ “ფიცმა” გამოიარა შევარდნაძის ეპოქა, სააკაშვილის ეპოქა და ჩვენამდე მოვიდა ისე, რომ არავინ დაფიქრებულა, არავის უთქვამს, რომ “მხედრული დისციპლინა”, რომელიც ჯარში აუცილებელია, არ შეიძლება სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი იყოს და თუ არის _ მტრისას _ ეს უკვე სამხედრო დიქტატურაა!.
_ თქვენი აზრით, უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში? რატომღაც სოჭის ოლიმპიადის მიმართ პროტესტი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერასთან გააიგივეს. ფიქრობთ თუ არა, რომ ბევრი ერიდება პროტესტის ღიად დაფიქსირებას მხოლოდ ამ მოტივით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” იარლიყის მიკერება არ უნდა. თუმცა ეს მოტივიც გაუგებარია.
_ ჩემს სიტყვას, ჩემს პოზიციას ამ შემთხვევაში რაიმე მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, პირადად მე, ოლიმპიადაზე არ წავიდოდი, მაგრამ ეს აშკარად ემოციური და სუბიექტური საქციელი იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, იქნებ აჯობებს, დაველოდოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
მე პოლიტიკოსი არა ვარ, ჩვენს უკიდურესად პოლიტიზებულ გარემოში ღმერთმა დამიფარა ამისგან. თუმცა ერთი რამ კი მწამს _ დღევანდელ დღეს მწერლობა, საერთოდ კულტურა უნდა იქცეს ჩვენს დიდ პოლიტიკად, ერთ-ერთ არსებით, აქტუალურ სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. წინა ხელისუფლებამ ისე დაამთავრა მოღვაწეობა, თეატრში არ შესულა (“ქეთო და კოტესა” და თავიანთ ქვეყნებში ჩამოწერილი მომღერლების კონცერტებს არ ვგულისხმობ), წიგნი არ გადაუშლია, არავითარი კულტურული მოვლენით არ დაინტერესებულა. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ძეგლების გადაადგილ-გადმოადგილებით (გავიხსენოთ დავითის ძეგლის ადგილას _ ველოსიპედი!), თუ აფეთქებით, წარსულის დიდებული ნანგრევების დამღუპველი კოსმეტიკით იყო დასაქმებული, თითქოს დაავიწყდა, რომ ასეთი ნანგრევების ხელის ხლება არ შეიძლება, ასეთი რამ შესაძლებელი რომ იყოს, ვინ დაასწრებდა იტალიელებს, ბერძნებს, ან თუნდაც სომხებს თავიანთი ნანგრევების აღდგენას! ბევრი რამ, რაც ძველია, მარადიულიცაა! ბაგრატის ტაძარი თითქოს განგებ ნანგრევის სახით მოავლინა განგებამ იმის შესამოწმებლად, მარტო ქვების გროვას ხედავდი, თუ დიდებულ, იდუმალი, ზეციური შუქით გასხივოსნებულ ტაძარს, რომელიც ყოველ წამს გვახსენებდა, ვინ ვიყავით, ვისი გორისა. ბაგრატი დღეს ჩვეულებრივ ტაძრად გადააკეთეს, ის დიადი სიჩუმე კი, რომელსაც ასხივებდა, წარსულის ხმა იყო, ხმა ჩვენი ისტორიისა, ხალხის უკვდავი სულისა. ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცნაური ტენდენციაც არქიტექტურაში, რომელსაც ძირითადად უცხოელი ხუროთმოძღვრები წარმოადგენდნენ _ შენობა უნდა მგვანებოდა ყველაფერს, გარდა... შენობისა! გავიხსენოთ წყვილი ყანწივით ნებივრად მიწოლილი ნაგებობა რიყეზე, ანდა ბათუმის ახალი, ეპიგონური ხასიათის უბნები, რომლებმაც ნაწილობრივ, მაგრამ საგრძნობლად დაუკარგეს თავისთავადობა ამ ულამაზეს ქალაქს...
_ ხელოვანი ადამიანები ამბობენ, რომ ხელოვნება პოლიტიკაში არ უნდა აურიონ და მზად არიან, ოკუპანტ ქვეყანაში გამართონ კონცერტები და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები. როგორ აფასებთ ხელოვანთა ამ ერთი ნაწილის არგუმენტებს?
_ ამ კითხვაზე მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხოთ, რომ ისინი, ვინც ხელოვნებასა და პოლიტიკას ერთმანეთისგან მიჯნავენ, არ ცდებიან. აქვე ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენში არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი, ეს ერთგვარი დაუწერელი კონსტიტუცია, აუცილებელი ხალხის ნორმალური ცხოვრებისთვის. საზოგადოებრივი აზრი პოლიტიკისგან დამოუკიდებლად არსებობს და სწორედ დამოუკიდებლობაა, მას აუცილებელს რომ ხდის. საზოგადოებრივი აზრი შეხედულებათა და პოზიციათა მრავალფეროვნებას გულისხმობს, რაც ჩვენთან დღეს წარმოუდგენელია, რამდენადაც ცხოვრების ასპარეზზე ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკოსთა უცნაურად სტერილიზებულ მასას; საერთოდ ეფემერული გახდა თითქმის ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლის ცნება, თითქოს არიან და არც არიან, რადგან დღევანდელობაში არავითარ მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებენ. იმ ქვეყნებში კი, რომლებსაც ჩვენ, კოლოსალური განსხვავების მიუხედავად, აშკარად ვბაძავთ, მწერლებიც ჰყავთ, თეატრშიც დადიან, ბიბლიოთეკებიც მკითხველებითაა სავსე, მასწავლებელს პატივს სცემენ და ბევრმა მმართველი პოლიტიკოსის სახელიც კი არ იცის. ხალხი საინტერესოა პოლიტიკური ნიღბის გარეშე, მით უმეტეს, რომ ამ ნიღაბს საკმაოდ ხშირად იცვლის. ჩვენი ხალხი, ბოლოს და ბოლოს, თუ პოლიტიკისგან არ განიმუხტება, სხვა, საზოგადოებრივად აუცილებელი საქმიანობისთვის უმწეო აღმოჩნდება.
_ ჩვენი საზოგადოების წიგნიერებაზეც ვისაუბროთ, რა ვუყოთ ერს, რომელსაც წიგნის კითხვა დაავიწყდა?
_ მეკითხებით, რა ვუყოთ ერს, რომელსაც წიგნის კითხვა დაავიწყდაო? გპასუხობთ: დაავიწყდა თუ დაავიწყეს? ეს შეგნებული, შორს გამიზნული აქცია იყო, მიმართული ხალხის გარდასაქმნელად, რასაც, სხვათა შორის, არც მალავდნენ. პირდაპირ რომ ვთქვა, ნამდვილად წარმოუდგენელია, ჩვენს თხუთმეტსაუკუნოვანი მწერლობის ქვეყანაში, როგორ უნდა გაჩენილიყო შემაძრწუნებელი აზრი წიგნის ზედმეტობის შესახებ. უწიგნურობა, გაუნათლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის ამარა დარჩენა პიროვნების საშინელ დეგრადაციას იწვევს. ეს დღესდღეობით თითქოს შეუმჩნეველი პროცესია, რომელიც ხვალ შეიძლება საზოგადოების ტრაგედიად გადაიქცეს.
_ თუ ესწრებით ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების შემოქმედებით საღამოებს? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მათი რაოდენობის ზრდა?
_ ასეთ საღამოებს, სამწუხაროდ, ვერ ვესწრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მაინტერესებს და თვალყურს არ ვადევნებ, რა ხდება დღევანდელ ჩვენს მწერლობაში. აშკარაა, რომ მოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა, ეს არის მთავარი, ვერც ვერავითარ საგანგაშოს ვერ ვხედავ ზოგიერთი მათგანის მეტისმეტად თამამ ექსპერიმენტებში. ამავე დროს, სწორედ ისინი ცხადყოფენ კრიტიკის, ლიტერატურული პრესისა და საარსებო სივრცის უკმარისობას. რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლებამ დახურა ქართული, ტრადიციული ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები. მათ შორის ჟურნალი “მნათობი” _ ეს ერთგვარი ჟურნალი-მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი, რითაც ვამაყობდით, ვამაყობთ და იმედია, მომავალშიც ვიამაყებთ და რომელიც თავისი ავტორიტეტითა და პოზიციით, თუნდაც არსებობით, ერთგვარად აწონასწორებდა კიდეც ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას.
გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთნაირი დამოკიდებულება აქვს, ანუ მათთვის საერთოდ არ არსებობს ეროვნული მწერლობა. შეიძლება ისიც მეთქვა _ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს მწერლობაში სრული განუკითხაობა სუფევს, მაინც არასოდეს ყოფილა მწერლობის ამდენი მსურველი საქართველოში. მართალია, ასეთ ხალხმრავლობასა და სწრაფვას დილეტანტიზმის აჩრდილი ადგას, მაგრამ მაინც დადებით მოვლენად მიმაჩნია, რადგან, მიუხედავად არასრულყოფილებისა, ხალხის წიაღში არსებული შემოქმედებითი პოტენციის სიძლიერეზე მეტყველებს.
მაკა სვიმონიშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |