|
“ამჟამად ტყეში 7 ათასამდე ხე მოიჭრა”
“კიკეთის ნაძვნარს ვიღაც უცხოელი ჩეხს. ისეთი ამბავია, ტყის მჭრელები ხეს ხეზე აწვენენ და განმკითხავი არავინაა”, _ გვაცნობა წყარომ და პარტია “საქართველოს გზის” ერთ-ერთ ლიდერთან, მამუკა ბალიაშვილთან ერთად, “პრემიერიც” სასწრაფოდ შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. გზის მარჯვენა მხარეს, სადაც ტრაფარეტი დგას და “მანგლისი-კიკეთი, 200 კმ” აწერია, რამდენიმე ადგილზე, ხის მოჭრილი და წასაღებად გამზადებული მორების დიდი გროვები გამოჩნდა. სიღრმეში ვიღაცებს ცეცხლიც დაენთოთ, ზოგი თბებოდა, ზოგი კი გამალებით ჭრიდა ხეებს. ტყე უკვე თვალშისაცემად შეეთხელებინათ. რატომ? რისთვის? ამის გარკვევას ადგილზე შევეცადეთ.
ეს ტერიტორია თბილისის მერიას ეკუთვნის და მათ გარეშე ასეთი კამპანიის წამოწყება გამორიცხულია. თუმცა არც ის გაგვიკვირდება, მერიას ხეების გაჩეხის ნებართვა აქაც უპრაგონოდ რომ ჰქონდეს გაცემული. წლების მანძილზე მაგის მეტი რა გვინახავს და გაგვიგონია: ჩეხდნენ რეკრეაციულ ზონებს _ სკვერებს, ბაღებს, სადაც ბუნების დამცველების კივილ-წივილისა და მოსახლეობის აღშფოთების მიუხედავად, ცოტა ხანში მავანთა მიერ ხელდასხმული მრავალსართულიანი სახლები, კერძო სასახლეები ან ოფისები წამოიჭიმებოდა ხოლმე. მანგლისი-კიკეთის ტყეში დატრიალებულ ხეთაცვენას, ხის მჭრელი ბრიგადის ერთ-ერთმა თავკაცმა, რომელსაც ტენდერში გაუმარჯვია, ტყის გამოხშირვის ოპერაცია უწოდა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გაფუჭებული ხეები მოჭრეს, რადგან ის სადედე ხეებს უშლიდა. თანაც ტექნიკის შესატანად გზებიც გაუკეთებიათ. “მოჭრილი ხეების ნაწილს ხალხს აყიდვინებენ, სამასალე მორებს კი აუქციონზე გაყიდიან. ტყის მასივებში, რომლებიც თბილისს ეკუთვნის და მის შემოგარენშია, ყველგან დაიწყება ასეთი გამოხშირვები”, _ აგვიხსნა მან, თუმცა ბოლოს მაინც “გაიჭედა” და იმის პირობა ვერ მოგვცა, რომ ამ ე.წ. გამოხშირვის” დროს გამოთავისუფლებულ ტერიტორიებს ცოტა ხანში ვინმე საკუთარი ქვენა მიზნებისთვის არ გამოიყენებს. ანუ ამჯერად გამოთავისუფლებული, საკმაოდ პრესტიჟული სააგარაკე ტერიტორიები, დიდი ალბათობით, შეიძლება კერძო პირებზეც გადაიყიდოს. მისი მყიდველები კი ვინც იქნებიან, მკითხველს ამის გამოცნობა არ გაუჭირდება და მეც არ დავწვრილმანდები. როგორც გვითხრეს, ამ ე.წ. გამოხშირვის ოპერაციას გერმანელი ხელმძღვანელობს, რომელიც სპეციალურად არის მოწვეული ჩვენს ქვეყანაში მერიის გამწვანების სამსახურისგან. მას რუკაც შეუდგენია და ახლა ის იძლევა თურმე ბრძანებებს, საქართველოს ტყეში რომელი ხე უნდა მოიჭრას და რომელი კიდევ გადარჩეს. ჩვენი რესპონდენტისგან შემთხვევით იმასაც ვიგებ, რომ გერმანიიდან ამ დღეებში ჩამოფრინდა მეტყევეების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ქალაქში ხეების შელამაზებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეს საქმე ქართველებს უნდა ასწავლოს?! ჩვენებმა უკეთესად იციან ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც იმათ უნდა გვასწავლონო, _ დასძენს თავადვე ღიმილით. ამ ადამიანისგან უნებურად კიდევ ერთ ინფორმაციას ვიგებ: ნახაზებში გამოყოფილია ადგილები, სადაც გაკეთდება სამწვადეები, გადახურული ადგილები და ვისაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა მოუნდება, წამოვა და დაისვენებსო. “რას მეუბნებით, აბა, ბიზნესისთვის ყოფილა დაწყებული ჭრა და ეგ არის”, _ ვეუბნები აღშფოთებული. “არა, ევროპაში როგორც არის, აქაც ისე უნდათ გააკეთონო”, _ არც მწვადს წვავს და არც შამფურს მოსაუბრე, თუმცა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია: ჯერ ხეებს მოჭრიან, მერე ვიღაც ჩუმად იყიდის და დაიწყებს ხალხის ხარჯზე ფულის ხვეტას, ანუ როგორც აქამდე ხდებოდა, ახლაც ისე მოხდება.
თუმცა ხეების ჭრას დროებით თავს დავანებებ და ორიოდე სიტყვით იმაზეც ვიტყვი, რატომ ხარჯავს უგულავას უწყება თანხებს უცხოელებზე, როცა უამრავი ქართველი სპეციალისტი უმუშევრად არის დარჩენილი და წლებია, სამსახურს ეძებს?! რატომ გვასწავლიან სხვა ქვეყნებიდან მოწვეული ადამიანები იმას, რაც ჩვენ დიდი ხანია, კარგად ვიცით?! რატომ იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი სხვა ქვეყნის მოქალაქეების გამდიდრებაზე, როცა ულუკმაპუროდ დარჩენილი ქართველები, მრავალდიპლომიანებიც და განათლებულებიც, ოჯახებს ვერ ინახავენ და ურნებში ეძებენ საკვებს?! რატომ უთხრა გერმანელმა მეტყევემ “პრემიერს”, რომ საქართველოს მეტყევეები არ ჰყავს?! ვინ და რატომ გვიტეხს სახელს უცხოელებთან და ვინ აჯერებთ მათ, რომ საქართველოში გაუნათლებლობაა და ყველაფერი მათ უნდა გვასწავლონ?! დიახ, გერმანელმა სატყეო ინჟინერმა ვალტერ ბენეკენდორფმა პირადად განმიცხადა, თარჯიმნის მეშვეობით, რომ საქართველოში კვალიფიციური მეტყევეები არ გვყავს და მათი დახმარება მერიას ამიტომაც დასჭირდა.
ვალტერ ბენეკენდორფი:
_ აქ იყო ხეების სიხშირე, ეს ადგილი არ დაუმუშავებიათ 20-30 წელი. ხეზე გაყვითლებულ წიწვებს ხომ ხედავთ, ეს არის სოკოთი დაავადებული. როცა ხეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, სოკო გადადის და დროთა განმავლობაში ხეც კვდება. როცა ფიჭვს სოკო ემართება, ის სუსტდება, მასში შედის ხოჭო და კლავს. ამიტომ უნდა გამოხშირვა, მაგრამ მხოლოდ მკვდარ ხეებს არ ვჭრით, ხეებს შორის ჰაერი უნდა შევქმნათ. მე ვარ მერიის გამწვანების სამსახურის მრჩეველი და ცენტრალური საერთაშორისო სატყეო ორგანიზაციის წევრი. ეს ორგანიზაცია გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის სააგენტოს შვილობილია და დიდი ხანია საქართველოშია. ეს არის სატყეო დეპარტამენტის, მერიისა და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს ერთობლივი პროექტი და უკვე ერთი წელია, აქ ვარ. თბილისის გარშემო ტყეები ერთნაირად ცუდად გამოიყურება და სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველას გამოხშირვა. მანამდე ვახდენთ ინვენტარიზაციას, აღწერას, ვნიშნავთ ხეებს და კარგ ხეს კონკურენტს ვაცილებთ. საერთაშორისო სტანდარტებს მივყვებით და ასე ვმუშაობთ. დიახ, მე ვეუბნები, რომელი ხე უნდა მოიჭრას და რომელი _ არა. დავწერე საქართველოს ტყის მოვლის ინსტრუქციები, რომელიც გადავეცი სატყეო დეპარტამენტსა და გარემოს დაცვის სამინისტროს. აქ 19-20 ჰექტარამდე უკვე ჩატარებულია გამოხშირვა. ჩემი სამუშაო იმაშიც მდგომარეობს, რომ გავზარდოთ სპეციალისტები და მათ ჩემი მითითების მიხედვით შეასრულონ სამუშაოები. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ძალიან გვიჭირს კადრები. ვასო ჩალაძე, მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე, საკუთარ თავზე ყველაფერს ვერ აიღებს.
_ არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ საქართველოში არსებობდა სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა სატყეო ფაკულტეტი. მისი აღზრდილები ახლა აღარ არიან, თუ რა ხდება, ასე რომ ამბობთ?! ვინ გითხრათ, რომ მეტყევე სპეციალისტები საქართველოს არ ჰყავს?!
_ თქვენ რომელ სპეციალისტებზეც ლაპარაკობთ, ისინი გაიზარდნენ კომუნისტური წყობილების დროს და ტყის მოვლა იმდროინდელი მეთოდებით იციან (ეს რაღაც ახალს ამბობს, არა?! მეც კომუნისტების პერიოდში ვსწავლობდი სკოლაში და გამოდის, არანაირი ცოდნა არ მაქვს?! _ ა.ბ.). მათთვის არანაირი ტრენინგი არ ჩაუტარებიათ ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ დროში იმდენი სიახლე წამოვიდა, რომ ის გამოცდილება ბევრად მოძველებულია. ჰექტარზე 400-მდე ხე მოვჭერით, ანუ 19 ჰექტარზე 7 ათასამდე ხე მოიჭრა.
_ ამ ცარიელ ადგილებზე ისევ ხეებს დარგავთ, თუ რას უპირებთ?! რაკი ყველაფერს თქვენ წყვეტთ, ალბათ, ესეც გეცოდინებათ?
_ არაფერს არ დავრგავთ. ამონაყარი არის და ის გაიზრდება.
_ ბატონო ვალტერ, თქვენ თუ იცით, რომ საქართველოში ხეების მასიური ჭრა ძირითადად იმიტომ ხდებოდა, იმ ადგილებში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ან ფულიან “ბიძებს” სასახლეების ან კომერციული ობიექტების აშენება რომ მოუნდებოდათ ხოლმე?! რადგან თქვენ ხართ აქ ყველაფრის განმკარგავი, იმის ვალდებულებას თუ იღებთ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე არ მოხდება? თქვენ მიერ მოჭრილი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე სრასახლებსა და სასტუმრო-რესტორნებს ხომ არ ვიხილავთ მალე?!
_ ტყის დეპარტამენტმა გადასცა ეს ტერიტორიები მერიას. რასაც თქვენ მეუბნებით, მე მაგაზე პასუხისმგებლობას როგორ ავიღებ?! ეგ მერიის, ან მთავრობის გადაწყვეტილებით ხდება. მე ტყის მენეჯმენტისთვის ვარ აქ და პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
_ მაინც რა თანხაა ამ პროგრამისთვის გამოყოფილი? ან ეს მოჭრილი მორები სად უნდა წაიღოთ?!
_ მერია აფინანსებს (არ მიკონკრეტებს. _ ა.ბ.). ეს კომერციული მასალა გადაეცემა ქონების მართვას, მერე გამოცხადდება აუქციონი და ასე გაიყიდება მოჭრილი მასალა (თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მოგვიანებით, მერიის გამწვანების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეუბნება, რომ მას პირდაპირ გაყიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი ტყუის. _ ა.ბ.).
ქართველები დიდი ხანია, ასე ვართ, ვაკეთებთ, მაგრამ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, რაც მეტად უცნაური მიდგომაა. უცხოელებმაც, ეტყობა, უკვე მოგვბაძეს. კონკრეტულ საქმეს კი აკეთებენ, მაგრამ მწვავე კითხვების მოსმენისას, ისინიც სხვა მხარეს იშვერენ ხელს. ჩემი გერმანელი რესპონდენტიც, როგორც ჩანს, ასეა და მოჭრის მერე აქ ვინ რას მოიმოქმედებს, არ იცის, ან არ მეუბნება. ამასობაში მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ვასო ჩალაძეც მოვიდა, თან აგრარული უნივერსიტეტის ე.წ. ბენდუქიძის უნივერსიტეტის ლექტორები _ თემურ კანდელაკი და ალეკო აფციაური, სატყეო ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, მოიყვანა. როგორც გვითხრეს, გერმანელს მათთვის ხის სწორი ფორმით მოჭრა უნდა ესწავლებინა. როგორც ჩალაძემ აგვიხსნა, ეს ღონისძიება (ტყის გამოხშირვითი ჭრა) 2006 წელს ყოფილა დაგეგმილი, თუმცა რატომ დაიწყეს ასე გვიან, არ დაუკონკრეტებია. ჩალაძე ყველაზე მეტად მაინც იმიტომ წუხდა, რომ მოჭრილი ხეების გატანა დროულად ვერ მოასწრო და ჩვენ ის საკუთარი თვალით ვნახეთ. “მაგრად ყვირისო, _ დარდი ვერ დამალა, _ ეს რომ გასუფთავდება, ტყისთვის იდეალური იქნებაო”, _ ცდილობს, მდგომარეობიდან გამოვიდეს, თუმცა კონკრეტულად რომელი უფრო იდეალურია მერიისთვის, ტყის გასუფთავების პროცესი თუ მორების გაყიდვის მომგებიანი “რიტუალი”, ესეც საკითხავია. ჩალაძე ჯერ იფიცება, რომ ამ ტერიტორიებს არ გაყიდის, თუმცა მერე ამატებს, მთავარია, სარეკრეაციო ზონის ცვლილება ვიღაცამ ტელეფონის ზარით არ მოახდინოსო. ამ მაქინაციის ლაბირინთში კი მამუკა ბალიაშვილი მარკვევს: საკრებულოში მზადდება ორი კომისიის _ გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების დასკვნა და წინადადება. ამის საფუძველზე კი, საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია, რეკრეაციულ ზონას მოუხსნას სტატუსი და კერძო პიროვნებებზე გადაყიდოსო. წინათ ასეთ ტერიტორიებს თურმე ტყის კატეგორიებს ეძახდნენ და შეუძლებელი ყოფილა ტყის კატეგორია მინდვრის ან მშენებლობის კატეგორიად გადაეკეთებინათ. მერე სიტყვა კატეგორია “ზონით” შეუცვლიათ და ამ სიტყვას წინ, როცა გაუხარდებათ, რეკრეაციულს მიუწერენ და როცა მოუნდებათ, “სამშენებლოსო”. ეს კი მაშინ მომხდარა, როცა მეტყევეებს თურმე მექრთამეებსა და მამაძაღლებს ეძახდნენ. დაახლოებით 2006 წლის შემდეგ გაჩნდა სიტყვა “კატეგორიაო”. ისე, როცა თავად ჩალაძეს ეშინია, რომ ამ ტყის მასივის რეკრეაციულ ზონას წინ “სამშენებლო” არ ჩაუწერონ ვინმეს დარეკვით, გამოდის, გამორიცხული არ არის, ამ ადგილებში მალე ჩაგრეხილ-ჩაკვარახჭინებული აგარაკებიც ვიხილოთ. ანუ ის, რაზეც თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, ნაწილობრივ დადასტურდა.
ძალიან შემაწუხა იმანაც, რომ უცხოელმა მეტყევემ ქართველებს სპეციალისტები დაგვიწუნა, ამიტომ ალეკო აფციაურს ვეკითხები, მართლაც ისე გვაქვს საქმე, რომ მასწავლებლებიც უკვე გერმანიიდან გვყავს გამოსაწერი-მეთქი?! “ესენი გვთავაზობენ ახალ მეთოდოლოგიებს, თუმცა მიდგომას _ ძველს. მცდარი აზრი გაავრცელეს, რომ მეტყევეები არიან მექრთამეები, არადა ახლა რაც ხდება, იმის მეათედი არ ხდებოდა წინათ, რის გამოც ყველა გაყარეს. გერმანელმა რაღაც მაჩვენა და მე მოვუტანე გვაზავას წიგნი, სადაც ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწერაო”. ცოტა ვმშვიდდები. თურმე არც ისე ყოფილა საქმე, როგორც მერიასა და მის ვიზიტორ უცხოელს უნდათ, რომ წარმოგვიდგინონ ამ დარგთან მიმართებაში. სრული პროფესორი თემურ კანდელაკი კი “პრემიერთან” საუბარს ასე იწყებს: “ახლა მე ვასოსაც და გერმანელ სტუმარსაც შენიშვნა მივეცი, მოჭრილი მორები დროზე უნდა გაეტანათ აქედან (მაინც ყველა ამაზე შეწუხდა. ალბათ, რეალურადაც, რადგან, მათი აზრით, ეს ჟურნალისტს არ უნდა ენახა. _ ა.ბ.). რაც მე ხეების ჭრაზე სახლების აშენებისთვის, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ჯოხი მაქვს მოხვედრილი... ახლა ბიჭებმა ისეთი რამეები მითხრეს, გაოცებული ვარ, თუმცა არ მინდა ახლა კანონდარღვევებზე გელაპარაკოთ. აქ არ არის ჭრის კანონი დარღვეული, მაგრამ მერე ამ ტერიტორიას ვინმეს მიჰყიდიან თუ არ მიჰყიდიან, ამას მე როგორ გეტყვით?! ვასო ჩალაძე ჩემი ნასტუდენტარია და მისთვის არ მისწავლებია, რომ ჯერ მოედანი მოეწყო და მერე გაეყიდა. მე მას მეტყევეობა ვასწავლე და სხვა ვერაფერს გეტყვითო”, _ მეუბნება ბატონი თემური. ამ ადამიანებიდან რამდენიმე, თურმე წლების მანძილზე სატყეო მეურნეობებში ხელმძღვანელ თანამდებობებზეც მუშაობდა, თუმცა 20 წელი ტყე რომ არ გასუფთავებულა და გერმანელი ამის გამო პროფესიას გვიწუნებს, ამაში გარკვეული ბრალი, ალბათ, მათაც მიუძღვით, მაგრამ ეს მათ არც უხსენებიათ. მოკლედ, რაც იქ ვნახე და მოვისმინე, ასეთი უცნაურობები, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და სხვისი არ ვიცი.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |