|
“პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფი გარკვეული პოლიტიკური ძალის ინტერესებს ასრულებდა”
არასამთავრობო ორგანიზაციები ციხეებში მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვენ. “უფლებადამცველთა გაერთიანება”, “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” და “ჩვენი უფლებებისთვის” აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას არასამთავრობო სექტორისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ციხეებს მონიტორინგს გაუწევს. საკითხის ირგვლივ “პრემიერი” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ “კონკრეტულ ძალებს სურთ, რომ პატიმრების საშუალებით სიტუაცია არიონ”.
_ გახსოვთ, ციხეებში არსებულ ვითარებას სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის სამსახური რომ აკონტროლებდა, რომელშიც ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ და რომელმაც მუშაობა ცოტა ხნის წინ შეწყვიტა. ხოლო იმ ადამიანებმა, ვინც ციხეში მონიტორინგს ახორციელებდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან, სამსახურები დატოვეს. ფაქტობრივად, ციხეები საზოგადოებრივი მონიტორინგის გარეშეა დარჩენილი. ამიტომ აუცილებელია, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი კონტროლის სისტემა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები შევლენ. ვფიქრობ, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. თუ ციხეებში მართლა ყველაფერი კარგადაა, მაშინ სასჯელაღსრულების უწყებას არ უნდა ეშინოდეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის.
_ ფიქრობთ, რომ, რაზეც სოზარ სუბარის უწყება საუბრობს, რეალობას არ შეესაბამება? სისტემაში კვლავ ბევრი პრობლემაა?
_ ამას არ ვამბობ. უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. ციხეში ბევრი რამ გამოსწორდა, მაგრამ, თუ გვსურს, ყველაფერი გამოირიცხოს, აუცილებელია, ჩამოყალიბდეს მონიტორინგის ჯგუფი. გამორიცხული არ არის, ციხეში გარკვეული დარღვევებიც იყოს, რადგან უცბად ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია.
_ საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის შესახებ თუ გაიარეთ კონსულტაცია იგივე სოზარ სუბარისა და უჩა ნანუაშვილის უწყებებთან?
_ ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ, მაგრამ მათი მხრიდან პასუხი არ მიგვიღია.
_ გაქვთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემაში კონკრეტული დარღვევების შესახებ?
_ ჩვენს ორგანიზაციაში შემოდის ზარები, რომ იგივე საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. პატიმრები ასევე უჩივიან სამედიცინო მომსახურებას, შენიშვნები აქვთ კვებასთან დაკავშირებითაც. თუმცა აღნიშნული არაფერია იმასთან შედარებით, რაც ციხეებში ადრე ხდებოდა.
_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ კონკრეტულ ძალებს სურთ, პატიმრების საშუალებით სიტუაცია არიონ?
_ პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფის მხრიდან, რომელიც ციხეებში არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევდა, არ გამიგია ინფორმაცია იგივე პატიმრების გაუპატიურებასთან დაკავშირებით და იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობდა. ის, რაც ციხეში ხდებოდა, ერთი და ორი შემთხვევა არ იყო, ის სისტემური დანაშაული გახლდათ, რომელზეც მონიტორინგის წევრების მხრიდან ერთხელაც არ ყოფილა პოზიცია დაფიქსირებული.
_ ფიქრობთ, რომ პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუქმდა, სუბიექტური იყო?
_ მიმაჩნია, რომ ამ კომისიის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს. შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდეს, რატომ არ ხდებოდა პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფის მხრიდან ადეკვატური რეაგირება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პროცესი ვიღაცის დადგმულ სპექტაკლს ჰგავს. პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფის წევრები ახლა რომ გამოდიან და ამბობენ, ბაჩანა ახალაიას უფლებები ირღვევაო და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერს აცხადებდნენ, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი გარკვეული პოლიტიკური ძალის ინტერესებს ასრულებდნენ. ძალიან ადვილია, შეკვეთის მიცემის შემთხვევაში პატიმრებმა არეულობა დაიწყონ და ამის შემდეგ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ნათია იმნაძეს სალაპარაკო მიეცეს.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი „პრემიერი“, 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |