|
“რა იქნება ხვალ, თუ პოლიციური მოსმენა და თვალთვალი არ დამთავრდება, თუ ციხეებში ადამიანები ისევ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპებიან, თუ სასამართლო პროცესებზე მხოლოდ არცთუ ისე კარგად “დამუშავებული” მოწმეები გამოვლენ და რეალური სამხილები და მტკიცებულებები არ იარსებებს, თუ მედიაზე ისევ იქნება სახელისუფლებო კონტროლის მცდელობა, თუ ერთნაირი დანაშაულებისთვის ხელისუფლების მომხრეებს მხოლოდ 100-100 ლარით დააჯარიმებენ, ოპონენტებს კი _ რამდენიმე ათასით...”
ინტერვიუ “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარესთან ფიქრია ჩიხრაძესთან
_ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები, იმის მიუხედავად, რომ გარეგნული სიმშვიდით გამოირჩევა, შინაარსობრივად მრავლისმეტყველი და საკმაოდ დაძაბულია. თქვენთვის, როგორც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ცხოვრების აქტიური წევრისთვის, მაინც რით იყო მნიშვნელოვანი ეს ერთი წელი? წელი არჩევნებიდან არჩევნებამდე...
_ გეთანხმებით, რომ გარეგნულად მშვიდი, მაგრამ საკმაოდ დაძაბული და რთული წელი გავიარეთ, რომლის მახასიათებლად ერთი სიტყვით ბუნდოვანება, ან გაურკვევლობა შეგვიძლია დავასახელოთ. ძალიან ძნელია, ვინმემ დაბეჯითებით თქვას _ რა პოლიტიკა ტარდებოდა ეკონომიკაში, როგორი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რა ტიპის დემოკრატია ყალიბდებოდა ქვეყანაში _ თუკი ასეთზე საერთოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ _ როგორი იყო ურთიერთმიმართება სახელისუფლებო შტოებს შორის, მედია უფრო გათავისუფლდა თუ პირიქით _ უფრო შეიბოჭა, მოქმედი პრემიერ-მინისტრი მართავდა თუ საერთოდ არ მართავდა. თითქმის მესამე ათეული წელი შესრულდება სხვადასხვა ფორმით აქტიურ პოლიტიკაში ვარ და ასე არაპროგნოზირებადი სიტუაცია ძნელად მახსენდება. იგივე მდგომარეობაშია ბევრი ადამიანი, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს და აკვირდება. მათ შორის ის ხალხი, ვინც ერთი შეხედვით, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმის კურსში უნდა იყოს.
თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნო, უდავოდ ძალზე პოზიტიური მოვლენა, რასაც ორგზის ჩატარებული არჩევნები და მშვიდობიანად შეცვლილი ხელისუფლება ჰქვია. იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას და იმის იმედიც მაქვს, რომ ამიერიდან საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით განხორციელდება.
_ ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს, ჩამოვყალიბდეთ დემოკრატიულ საზოგადოებად, ვდეკლარირებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები და ამ დროს ადამიანი, რომელიც მთელი ორი წელია გვიმტკიცებს, რომ პოლიტიკოსი არაა, პირდაპირ გვეუბნება: შევარჩიე კარგი მენეჯერები _ პრეზიდენტი და პრემიერი. საზოგადოება და განსაკუთრებით პოლიტიკოსები ამ მოვლენას საკმაოდ მშვიდად უყურებენ. რატომ? ეს ყველაფერი ხომ შეუთავსებელია იმავე დასავლურ ფასეულობებთან?
_ ჩვენ მივიღეთ ასეთი რეალობა _ ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელსაც აქვს უზომოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები და ძალიან თავისებური შეხედულებები ადამიანებზე, პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე... ამ ადამიანმა შეარჩია საკუთარი გუნდი, სადაც ის იყო და რჩება უპირობო, აბსოლუტურ ლიდერად და შესაბამისად, ძალიან ცოტა, ან თითქმის არავინ მეგულება, ვინც მის აზრებს ან განზრახვებს, რაოდენ არარაციონალურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, შეეწინააღმდეგება. პირიქით _ არაფერი იციან, მაგრამ იწონებენ, ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ აქებენ, მიხვედრის დონეზეც კი ვერ ვარაუდობენ, მაგრამ ხოტბას ასხამენ... ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ თუნდაც უკანასკნელ პერიოდში. მით უფრო, რომ იციან _ მათს ლიდერს მაინცდამაინც არ მოსწონს განსხვავებული აზრების მოსმენა. ის ფაქტი, რომ თანამდებობიდან მიმავალი პრემიერი არჩევს პრეზიდენტს, პრემიერსა და სავარაუდოდ, ქალაქის მერსაც და თურმე ამას “დემოკრატიული ოვაციით” ხვდება მთელი უმრავლესობა და სახელისუფლებო გუნდი, რა თქმა უნდა, ძალიან შორსაა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისგან, მაგრამ რეალობა ასეთია. ვეცადოთ, ამ უცნაურ რეალობაშიც დავინახოთ რამე პოზიტივი: მაგალითად, პოზიტიურია, რომ ამხელა გავლენის მქონე ფიგურა მიდის თანამდებობიდან და იქნებ “მესიის გარეშე” არსებულმა სახელისუფლებო შტოებმა ბუნებრივი კონფლიქტიდან გამომდინარე უფრო დემოკრატიულად იმუშაონ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთმანეთს ყველაფერში არ დაეთანხმონ. ვნახოთ, ესეც ბუნდოვანებათა სფეროდანაა.
_ “ქართული ოცნება” თავისი სტრუქტურით ვერც საპარლამენტო არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ ვერ ჩამოყალიბდა კლასიკური სტილის პარტიად. გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თუმცა ადამიანების ჯგუფი, რომელიც სახელად ირქმევს პარტიას, მართავს ქვეყანას, იღებს კანონებს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველი რჩება “ოცნების” სტრატეგია ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. თქვენ რას იტყვით, საით მიჰყავს “ქართულ ოცნებას” ქვეყანა?
_ პარტიად ჩამოყალიბება საქართველოში ძალიან ძნელია. სახელისუფლებო პარტიას აქვს ის უპირატესობა, რომ მისდამი ინტერესი ყოველთვის ძლიერია და ის სისუსტე, რომ მას ყველა ჯურის მედროვე ეტმასნება. “ქართულ ოცნებას” არც მსოფლმხედველობრივად და არც სტრუქტურულად მკაფიო პარტიული ნიშნები ჯერ არ აქვს. შესაბამისად, ვერავინ იტყვის, საით მიჰყავს ამ ძალას ქვეყანა.
_ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” საკმაოდ ჭრელი შემადგენლობაა _ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების პარტიები თუ პერსონები, რომლებსაც იდეოლოგიურ დონეზე არაფერი აქვთ საერთო. თქვენ რატომ არ აღმოჩნდით ამ გუნდში? არ გქონდათ შემოთავაზება თუ თქვენი პოლიტიკური მრწამსი ვერ გუობს ასეთ პოლიტიკურ კონგლომერატს?
_ ჩვენ, კონგლომერატების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, არჩევნებში დამოუკიდებლად გამოსვლის გადაწყვეტილება გამოვაცხადეთ 2011 წლის 3 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური განაცხადი საგაზეთო პუბლიკაციის სახით. ჩვენ ამ გზავნილზე საკმაოდ ზომიერი, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოვხატეთ და მერეც ეს პოზიცია, ბევრისგან განსხვავებით, არ შეგვიცვლია. იყო “კეთილისმსურველი შუამავლების” შემოთავაზებები, მაგრამ ჩვენ აღარც განგვიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებდით ორპოლუსიანობის საფრთხესაც და ფინანსურ სიძნელეებსაც. მინდა გითხრათ, რომ არა ე.წ. “ციხის სკანდალი”, აგვისტო-სექტემბერში უკვე იგრძნობოდა პოლუსების შორის შუა სეგმენტისადმი მკაფიო ინტერესი, მაგრამ ამ სკანდალმა სრულიად შეცვალა პოლიტიკური სურათი.
_ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს მინიმალური ლეგიტიმაცია, მას მოსახლეობის მესამედმაც კი არ დაუჭირა მხარი. მალე ეყოლება მემკვიდრე პრემიერ-მინისტრი. ბატონი ივანიშვილის ქების მიუხედავად, საკმაოდ ამორფულია მინისტრთა კაბინეტიც. ასეთ პირობებში რამდენად სახარბიელოა ქვეყნის პერსპექტივა?
_ თავისთავად ის ფაქტი, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებზე გამოცხადება უკიდურესად დაბალი იყო, მაძლევს იმედს, რომ საზოგადოებაში ეიფორიამ გაიარა და სერიოზული ნიშა გამოთავისუფლდა. ახლა მთავარია ამ ამომრჩეველს ნიჰილიზმისაკენ და პასიურობისკენ კი არ ვუბიძგოთ, არამედ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა შევთავაზოთ სერიოზული სიახლე და ახალი არჩევანი. რაც შეეხება უკვე არჩეულ პრეზიდენტსა და მომავალ პრემიერს, ისინი რეალურად მოქმედი პრემიერის რჩეულები არიან და არა დემოკრატიული პროცედურებით შერჩეულები. ამ ახალ ეტაპზე მოგვიწევს ვიცხოვროთ მსგავს ახალ ექსპერიმენტში... მთავარია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები შესრულდეს და სახელმწიფომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს.
_ თქვენ გჯერათ, რომ ბატონი ივანიშვილი რეალურად მიდის სამოქალაქო სექტორში, საიდანაც მისი “მოვალეობა, როგორც თავად აცხადებს, იქნება, რომ საზოგადოებას სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმაროს და რეალურად არ ჩაერევა ქვეყნის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში? და რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს?
_ სამოქალაქო სექტორისადმი დიდი ლტოლვა გაჩნდა სახელისუფლებო წრეებიდან. რომ გითხრათ, სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში წასულებმა რამე პოზიტიური სიახლე შეიტანეს ქართულ რეალობაში-მეთქი, არ დამიჯერებთ. ვნახოთ, პოლიტიკიდან წასულები რას შემატებენ სამოქალაქო სექტორს. დამერწმუნეთ, არავინ იცის, რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ “კი არ მიდის, მოდის”. რაში მდგომარეობს ის ანალიზი, რითაც უნდა დაეხმაროს საზოგადოებრივ სექტორს. როგორც თავად თქვა, ფინანსურ დახმარებას არ გეგმავს, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ეჭვი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ძალიან თავისებურ შეხედულებებთან და წარმოდგენებთან გვექნება საქმე.
_ მოვლენები, რომელიც პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ ვითარდება, ჩემთვის პოლიტიკური თავნებობის გამოხატულებაა. ხვალ რომ ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდეს, მანაც “ოცნებასავით” უნდა იძახოს, რომ “იქ” არ შევძლებ, იმიტომ რომ წინამორბედები ისხდნენ? რამდენად ჯდება ეს ყველაფერი პოლიტიკური კულტურის ჩარჩოში და თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სწორია “ქართული ოცნების” პოზიცია რეზიდენციასთან დაკავშირებით?
_ რაც შეეხება რეზიდენციას... თავის დროზე რატომ დაიხარჯა ამდენი ფული, შეიძლება ეს საკამათო იყოს, მაგრამ უკვე აშენებული შენობა რომ იგივე ფუნქციით უნდა იყოს დატვირთული, მე მგონი, ეს საკამათო არ უნდა იყოს. თუ ახალი ფუნქციის მქონე პრეზიდენტისთვის ეს სასახლე მეტისმეტად მასშტაბურია, მაშინ ხომ შეიძლება პრემიერის ადმინისტრაცია და მთელი რიგი სამინისტროები განთავსდეს აქ. ახალი უნივერსიტეტის იდეა შესანიშნავია, მაგრამ ეს შენობა ამ ფუნქციისთვის სრულიად შეუფერებელია. მე ის დამოკიდებულებაც არ მომწონს, რომ მუდმივად იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ “პატარა და ღარიბი” ქვეყანა ვართ და უსახურ შენობებში უნდა ვიყოთ გამოკეტილები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ შენობის ბედი იმ ძველი მეტოქეობის ჭრილში განიხილება, რაც პრეზიდენტის სასახლესა და ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეს შორის იყო. ვფიქრობ, არავის არგებს ამ უცნაური კლიშეებით გადაწყვეტილების მიღება. ის ახსნა, რომ ეს ხალხის ფულით აშენდა, საერთოდ უადგილოა, რადგან ხალხის ფულით აშენებულ სასახლეში სწორედ ხალხისგან დაქირავებულმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს. ეს ფული უკვე დახარჯულია. ამიერიდან დახარჯონ ხალხის ფული სწორად, ყაირათიანად და ეფექტურად და ამ სასახლეში დამკვიდრების გამო მათ არავინ დაძრახავს.
_ პირადად თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩასაფრებული პოლიტიკოსი, შესაბამისად, საინტერესოა, რა მიგაჩნიათ მიმდინარე პერიოდში ქვეყნისთვის უმთავრეს პრობლემად, რომლის გადაწყვეტისთვისაც ახალმა პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტმა მნიშვნელოვან ძალისხმევას უნდა მიმართონ?
_ ჩასაფრებულები ჩვენ მართლაც არასდროს ვყოფილვართ და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვცდილობდით და ვცდილობთ, რაიმე პოზიტიური მარცვალი დავინახოთ და რაციონალურად გამოვიყენოთ. ახლა ყველაზე სერიოზული საგარეო გამოწვევა გვაქვს გადასალახავი ვილნიუსის სამიტის სახით და ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ პერიოდში არ მოხდება რაიმე ისეთი, რაც ხელს შეუშლის ამ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობის რეალიზებას. ხელისუფლებას ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონიერება მართებს, რომ ეს შანსი ქვეყანას არ დაუკარგოს. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ მზად ვართ ხელისუფლების სწორ ნაბიჯებსა და ძალისხმევას აქტიურად დავუჭიროთ მხარი.
ამას გარდა, სერიოზული გამოწვევაა ეკონომიკური პრობლემები. ის გაურკვევლობა, რაზეც ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ, ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ხელისუფლება ამ მხრივ არსებულ წარუმატებლობას ე.წ. კოაბიტაციას აბრალებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ახალმა ხელისუფლებამ აშკარად შეწყვიტა ბიზნესის ტერორი, მაგრამ ვერ შექმნა ის გარემო, სადაც ბიზნესს სერიოზული აქტივობის განხორციელება მოუნდებოდა. განსაკუთრებით რთულია მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა: სამუშაო ადგილები არათუ იქმნება, პირიქით _ უქმდება. ეს საგანგაშოა.
და კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა _ დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში.
შეიძლება დღეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ტოტალურად არ იდევნებიან, მაგრამ რა იქნება ხვალ თუ პოლიციური მოსმენა და თვალთვალი არ დამთავრდება, თუ ციხეებში ადამიანები ისევ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპებიან, თუ სასამართლო პროცესებზე მხოლოდ არცთუ ისე კარგად “დამუშავებული” მოწმეები გამოვლენ და რეალური სამხილები და მტკიცებულებები არ იარსებებს, თუ მედიაზე ისევ იქნება სახელისუფლებო კონტროლის მცდელობა, თუ ერთნაირი დანაშაულებისთვის ხელისუფლების მომხრეებს მხოლოდ 100-100 ლარით დააჯარიმებენ, ოპონენტებს კი _ რამდენიმე ათასით...
_ რამდენიმე დღეში ვილნიუსის სამიტი გაიმართება. როდესაც ცალკეული პოლემიკის დროს საუბარი მიდის, რა არის ქართული საზოგადოებისთვის სწორი არჩევანი, ერთმანეთს უპირისპირებენ ევროპასა და რუსეთს. გთხოვთ, კიდევ ერთხელ განმარტოთ, როგორია “ახალი მემარჯვენეების” არჩევანი და რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს არჩევანია სწორი ქვეყნისთვის?
_ ბევრს არ დაგღლით ამ თემაზე საუბრით _ “ახალი მემარჯვენეებისთვის” ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი ვექტორი იყო და არის დასავლეთი, თავისი დემოკრატიული ღირებულებებითა და ყოველგვარი “თუ-ს და “ვნახოთ, რა უფრო საინტერესო იქნება”-ს გარეშე.
_ როდის უნდა ველოდოთ “ახალი მემარჯვენეების” გააქტიურებას, მით უფრო, რომ მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს და პარტიამ ამ საკითხზე უკვე გამოთქვა პრეტენზია ხელისუფლების მიმართ.
_ პრეტენზიები ნამდვილად გვაქვს _ მომავალი წლის მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თვითმმართველობის შესახებ, არ გვაქვს წარმოდგენა, როგორი სისტემით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა. რაც შეეხება “ახალ მემარჯვენეებს”, ჩვენ უკვე ვგეგმავთ და ვიწყებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რამაც ჩვენი წარმატება უნდა განაპირობოს ამ არჩევნებში. ერთი უკვე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ _ ჩვენ ვაპირებთ ყველაზე მეტი დრო გავატაროთ იმ ადგილებში და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა, საიდანაც ყველაზე მეტად ჭირს თბილისამდე “ხმის მოწვდენა”, თბილისელებისთვის კი _ ხმის მიწვდენა იმ სტრუქტურებამდე, ვინც ვალდებულია, მათი ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული გახადოს.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი "პრემიერი", 13-19 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |