|
“პრემიერს” ესაუბრა მომღერალი მაცაცო თოხაძე:
_ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, როგორი იყო მაცაცო თოხაძის ბავშვობა?
_ ძალიან ლაღი და საინტერესო. საშინლად ცელქი ბავშვი ვიყავი _ ბევრი ხიფათითა და მუდმივად გადატყავებული მუხლებით. მყავდა ველოსიპედი და ვიყავი ბიჭებზე მეტად “ხულიგანი”.
_ ბავშვობაში თუ გიფიქრიათ, რომ წარმატებული ადამიანი, ცნობადი სახე გახდებოდით და, ზოგადად, მუსიკალური კარიერა თუ იდგა დღის წესრიგში?
_ სიმღერა 6 წლის ასაკში დავიწყე. მაშინდელ “პიონერთა სასახლეში” მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა. შურა ჯანელიძის საყვარელი მოსწავლე ვიყავი. ოპერისა და ფილარმონიის სცენაზე გვქონდა ხოლმე კონცერტები. მაგრამ მერე ქართული ხალხური ცეკვებით დავკავდი 10 წლის განმავლობაში და მხოლოდ ოჯახში ვმღეროდი ხოლმე დედასთან ან მეგობრებთან ერთად. პირველი სიმღერა 16 წლის ასაკში დავწერე, შემდეგ მეორე, მესამე და ასე შეიქმნა რამდენიმე სიმღერა იმ ჩაბნელებულ თბილისში. სანთლის შუქზე ვმღეროდით ხოლმე მე და ჩემი მეგობრები ამ ახალ სიმღერებს.
ამის შემდეგ, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში აღარ მემღერებოდა და არც არაფერი დამიწერია. 30 წლის ასაკში კვლავ დავიწყე სიმღერების შექმნა და აი, დღემდე ვწერ.
_ წერთ მუსიკას, ტექსტს. არაერთი გაჰიტებული სიმღერის ავტორი ხართ, თავადაც მღერით, მუშაობთ რადიოში, გყავთ ოჯახი... ამ ყველაფერს ერთად როგორ უმკლავდებით?
_ რთული არაა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. სიმღერის შექმნისას, მისი შესრულებისას, რადიოში ეთერის წაყვანისას, შვილებთან ურთიერთობითა და მეუღლის გვერდით ყოფნით იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ ძალიან იშვიათად ვამბობ სიტყვას ,,დავიღალე”. ზოგადად, ძალიან ოჯახის ადამიანი ვარ. არ ვცხოვრობ ბომონდური ცხოვრებით, თითქმის არასოდეს ვარ ღამის წვეულებებზე, აქტიურად ვარ ჩართული ჩემი შვილების სწავლა-განათლების საქმეში. არც ერთი მშობელთა კრება არ გამიცდენია. ასე რომ, მეტ-ნაკლებად ყველაფერს ვასწრებ.
_ ოჯახზე მინდა გკითხოთ, მახსოვს, სულ ამბობდით და ახლაც ამბობთ, რომ “მთელი ცხოვრება” შეყვარებული ხართ თქვენს მეუღლეზე, რა არის თქვენთვის სიყვარული?
_ 37 წლის ვარ და ჩემს განვლილ ცხოვრებას ორ ნაწილად ვყოფ _ 30 წლამდე და 30 წლის შემდეგ. 30 წლამდე მოვასწარი 2 ოჯახის შექმნაც და დანგრევაც. გულწრფელად გეტყვით, არასოდეს ვნანობ იმ წლებში გადადგმულ ნაბიჯებს. ჯერ ერთი, ორივე ოჯახი სიყვარულით შევქმენი და მყავს 2 არაჩვეულებრივი შვილი. უბრალოდ, რაოდენ სადავო თემაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ მუდმივი არაფერია. სიყვარული მთავრდება, თუ მას საოცრად არ მოუფრთხილდები. ჩვენი სიყვარულიც დამთავრდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დარჩნენ შვილები, დარჩნენ ადამიანები _ ოჯახის სხვა წევრები, საერთო მეგობრები და ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ლამაზი ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია ამ ცხოვრებაში. ჩემი შვილების მამებზე ცუდს არასდროს ვიტყვი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს შვილებს ვცემ პატივს. ისინი რომ ცუდი ადამიანები ყოფილიყვნენ, მათთან ოჯახს არ შევქმნიდი. უბრალოდ, ალბათ, არ ვიყავით ერთმანეთისთვის შექმნილნი. ორივეს კარგად ყოფნა გამიხარდება გულწრფელად.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ანუ 30 წლის შემდეგ _ აი, აქ ვფიქრობ, რომ ღმერთმა ჩემთვის მოიცალა. შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანს, გია თოხაძეს, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა _ გამანებივრა და აგერ უკვე თითქმის 8 წელია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რა გამიხარდება, რა მჭირდება და რა გვესიამოვნება მეც და ჩემს შვილებსაც. ჩვენ ერთი დიდი საინტერესო ოჯახი ვართ _ მე და ჩემი მეუღლე ჩემი შვილებით და მისი შვილებით. სიყვარულის განაწილება რთული სულაც არ არის. მთავარია, იყოს!!!
არასოდეს მომბეზრდება მისთვის მადლობის თქმა ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებს.
_ საინტერესოა, თქვენი მეუღლე თუ უსმენს თქვენს შემოქმედებას?
_ პირველი სიმღერა, რომელიც ფართო მსმენელამდე მივიდა, საკუთარი ბედნიერება” სწორედ მას დავუწერე საჩუქრად. ამ დროს არც მე და არც მას ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ეს ყველაფერი ამხელა მასშტაბებს მიიღებდა. ეს მხოლოდ მისთვის დავწერე და იუბილეზე ვუმღერე. შემდეგ ეს სიმღერა რადიოში მივიტანეთ მე და გიორგიმ (დუეტი ჩაწერილია გიორგი შალვაშვილთან ერთად) და მოხდა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი რამ _ მსმენელმა მაშინვე ძალიან შეიყვარა ეს სიმღერა და მას შემდეგ, თითქმის 4 წელია უკვე, მთელი საქართველო მღერის.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსმენელია. ძალიან ამაყობს ჩემით და ყოველთვის უხარია, როცა ჩვენი მეგობრებისთვის ლამაზ საღამოებს ვაწყობთ ხოლმე.
ჩვენს სახლში არც ერთი დისკი აღარ გავაჩერე ჩემი სიმღერებით. გიას მათი მოსმენა არ ბეზრდება ხოლმე და სტუმრების მრცხვენია.
_ კერძების კეთება თუ გეხერხებათ? ლეგენდები დადის თქვენს ერთ-ერთ კერძზე...
_ კერძების კეთება 17 წლის ასაკში დავიწყე და ამდენი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დავხვეწე. საცივითა და ღომით დაწყებული, მწვადებითა და ტყემალ-აჯიკებით დამთავრებული, ყველაფერს ვაკეთებ ოჯახში. რამდენჯერმე მითხრეს, _ ვერც წარმოგვიდგენია, რამის კეთება თუ იციო და ძალიან გამიკვირდა. ვიცი ყველაფერი, რაც დიასახლისს ევალება.
რაც შეეხება ლეგენდარულ კერძს, ეს არის ,,ზაფხულის ტოლმა” რომელიც ბულგარულსა და ბადრიჯანში კეთდება. ჩემს მეუღლეს ისე უყვარს, მის გარეშე არ შეუძლია და ნახევარი წლის განმავლობაში ამ კერძით ვუმასპინძლდები ჩვენს სტუმრებს. დიდი ქვაბით ვაკეთებ ხოლმე და როგორც კი თავდება, ხელახლა ვიწყებ მის კეთებას.
_ ასევე, წარმატებული და პოპულარულია თქვენი შვილი ლუკა მეტრეველი, თუმცა რადიკალურად განსხვავდება თქვენი შემოქმედება, ლუკაზე გავლენა თქვენ იქონიეთ პროფესიის არჩევაში?
_ ლუკა კარგი შვილია. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. თამამად ვიტყვი, რომ ის, ჩემგან განსხვავებით, მართლა მომღერალია, თუმცა უამრავი რამ აქვს სასწავლი ჯერ კიდევ. ძალიან ტკბილი და სპეციფიკური ხმა აქვს, შესრულების მანერაც. ვფიქრობ, თავს დაიმკვიდრებს იმ სფეროში, რომელიც ასე უყვარს. სიმღერა ძალიან გვიან დაიწყო. 14 წლის ასაკში მოკიდა გიტარას ხელი, მიუჯდა კომპიუტერს და თვითონ ისწავლა დაკვრაც და სიმღერაც. ჩემი ხელშეწყობა მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ, როცა გიტარის პედაგოგთან მივიდა, თანხას ვუხდიდი. ჩვენი რეპერტუარი მართლაც რადიკალურად განსხვავებულია. არც ერთი ჩემი სიმღერა არ იცის ისე, რომ იმღეროს.
_ მაცაცო თოხაძე, როგორც დედა, მომთხოვნია შვილების მიმართ? ხშირად საუბრობენ თქვენი და ლუკას მეგობრობაზე...
_ დედაჩემს თუ ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვით, რომ ძალიან სუსტი ვარ და ცოტა მეტი სიმკაცრე არ მაწყენდა შვილებთან ურთიერთობაში. მე კი ვფიქრობ, რომ ასე სჯობია. ტკბილი სიტყვით გაცილებით მეტი საქმე კეთდება და თანაც კარგად. ვცდილობ, ჩემი შვილები ჩარჩოებში არ მოვაქციო და მივცე საკუთარი თავის პოვნის საშუალება. ჩვენ, მშობლები, ვერ ვიმეტებთ შვილებს პრობლემებისთვის და გვირჩევნია, მათ მაგივრად ჩვენს თავზე გადავატაროთ ყველაფერი, მაგრამ რეალურად, სწორედ შეცდომებსა და სირთულეებზე სწავლობს ადამიანი ცხოვრებას და ხდება ძლიერი. ზოგჯერ თავის ნებაზე მივუშვებ ხოლმე და მხოლოდ ღმერთს ვეხვეწები, რომ აარიდოს დიდი განსაცდელი ჩემს შვილებს, სწორ გზაზე ატაროს. ზოგჯერ ზარმაცობისა და ცელქობის საშუალებასაც ვაძლევ. ყველაფერს გავუკეთებ ჩემს შვილებს, რაც შემეძლება, მაგრამ თავიანთი ცხოვრება თვითონ უნდა ააშენონ. ლუკა და ჯემიკო ჭკვიანი ბიჭები არიან და მე ვამაყობ ჩემი შვილებით.
_ რადიო “დარდიმანდში” თქვენი საავტორო გადაცემა მიგყავთ და ასევე, უძღვებით საღამოს მუსიკალურ ეთერებს, რას გვეტყვით ზოგადად რადიოზე?
_ უკვე ერთი წელია, რაც “დარდიმანდელი” გავხდი. კვირაში 3 ეთერი მაქვს, როდესაც 6 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვზივარ და ჩვენი მსმენელების დარდიმანდულ განწყობაზე ვზრუნავ. ამაზე ხშირად ვერც შევძლებდი. თითოეულ ეთერში იმხელა ემოციას გავცემ და იმხელა ემოციას ვიღებ მე თვითონაც, რომ ამაზე მეტს ვეღარ დავიტევდი, ალბათ. რადიო ძალიან ინტიმურია... ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენმა მსმენელებმა უსაზღვროდ დიდი სიყვარული და მოფერება იციან. რადიოს გარეშე ცხოვრება, ალბათ, ძალიან გამიჭირდება.
_ მაცაცო, ცოტა მტკივნეულ თემას მინდა შევეხო (მომღერლებისთვის მტკივნეულ თემას). ხშირად საუბრობენ, ქართული შოუბიზნესი დიდი ხნის წინ გარდაიცვალაო, თქვენ რას ფიქრობთ? რა აკლია ქართულ შოუბიზნესს?
_ ჩემი პასუხი, ალბათ, გაგაოცებთ, მაგრამ მე არ ვარ შოუბიზნესის წარმომადგენელი. მე არ ვდგამ შოუს და არც ბიზნესია ეს ჩემთვის. ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ მე არ ვარ მომღერალი. საქართველოში რომ შენს თავს მომღერალი უწოდო, ან მართლა ძალიან მაგარი მომღერალი უნდა იყო და ან მაგარი თავხედი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ემღერება ყველაფერზე, რაც აღელვებს, რაც უყვარს... და რადგან ტექსტიცა და მუსიკაც საკუთარი მაქვს, ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ შევასრულო ეს სიმღერები. მე არ მაქვს ფილარმონიის სცენაზე დგომის არაჯანსაღი ამბიცია. ვმღერი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიმღერას განწყობის შესაქმნელად უსმენს. შეიძლება ტექსტში ხედავდეს საკუთარ ისტორიას, შეიძლება მელოდია ეხმიანებოდეს მის შინაგან განწყობას და ამიტომ სიამოვნებას იღებდეს ჩემი ნამღერის მოსმენით. უბრალო და ჯიგრიანი ადამიანებისთვის ვმღერი და არა მათთვის, ვინც თითოეულ ნოტში შეცდომას ეძებს, რომ მერე გემრიელად გამოგლანძღოს.
რაც შეეხება შოუბიზნესის არსებობა-არარსებობას, ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა _ უკიდეგანოდ ნიჭიერი ერი ვართ და ძალიან საამაყო მომღერლები გვყავს ძველ თაობაშიც და ახალ თაობაშიც. უბრალოდ, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ალბათ, ძნელია დიდი ინვესტიციების ჩადება ამ სფეროში. უფულოდ კი არ კეთდება ხარისხიანი არაფერი.
_ როგორც გავიგე, საზღვარგარეთ იგეგმება ტურნე, იქნებ ამაზეც მოუყვეთ ჩვენს მკითხველებს ცოტა.
_ საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კონცერტებზე გავდივართ ხოლმე, მაგრამ საქართველოს გარეთ ჯერ არსად ვყოფილვარ. სასაცილო ტყუილი გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ჩემი სიმღერით მსოფლიოს გავაოცებ. ჩემს მსმენელებში ძალიან მრავლად არიან ქართველი ემიგრანტები. მათ ენატრებათ ყველაფერი ქართული და ამიტომაც, ძალიან ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რომ გავმართოთ კონცერტები სხვა ქვეყნებშიც. იტალიაში, საბერძნეთში, ისრაელში, ამერიკაში... არიან ქართველები, ვინც ჩემი სიმღერებით იწყებს თურმე დილას (მათი ფრაზის ციტირებაა ეს). ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დაიგეგმოს ასეთი კონცერტები. ჯერ კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი.
_ დაბოლოს, დაგვიტოვეთ ინფორმაცია, რომელიც ჯერ არსად გითქვამთ და “პრემიერის” მკითხველი ამას პირველი გაიგებს.
_ უი... ამაზე არ მიფიქრია... სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში არ ხდება რაღაც სასწაულები, რამაც შეიძლება მკითხველი გააოცოს ან მთელი თბილისი აალაპარაკოს. ვწერ ახალ სიმღერებს. ახლა 2 ახალი დუეტი მაქვს დაწყებული ორ ძალიან ნიჭიერ და ტკბილ ადამიანთან. ერთი გახლავთ გიორგი აბულაძე, მეორე _ ფანდურა (ზურა ბარბაქაძე). ეს ორივე სიმღერა, ალბათ, 1 თვეში უკვე რადიოსივრცეში იტრიალებს და იმედი მაქვს, მსმენელი შეიყვარებს.
_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.
_ თქვენც მადლობა. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.
ირაკლი ყურაშვილი, გაზეთი „პრემიერი“, 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |