|
_ ბატონო პეტრე. მართლა შეიძლება დაიჭირონ სააკაშვილი? მას ხომ იმუნიტეტი იცავს!
_ ჯერ იცავს, მაგრამ მალე აღარ დაიცავს _ მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ. იმ მომენტიდან სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი აღარ ექნება. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ ხმებს თავისი დაჭერის შესახებ სააკაშვილი თვითონ ავრცელებს
_ რატომ, რა მიზნით?
_ იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან ეშინია დაჭერის. ამიტომაც დარბის დასავლეთში და ყველას ეუბნება: “მიშველეთ, მიჭერენ ტიმოშენკოსავით, დამიცავით, გადამარჩინეთო”, და ასე შემდეგ. იცავენ კიდეც გარკვეული ძალები ევროპარლამენტსა და ამერიკის კონგრესში. ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა ლობიზმზე და ეს ფული დღემდე მუშაობს. დასავლურ პრესაში უკვე წერენ კიდეც, რომ, თუ სააკაშვილი დაიჭირეს, ამით “საქართველო რუსულ ორბიტას დაუბრუნდება” და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ადამიანმა უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის სამშობლოს ღალატი ჩაიდინა? მისთვის ხელის დაფარება როგორ შეიძლება? თუმცა, ამაზე ცოტა თუ წერს დასავლეთში.
_ სააკაშვილი თვითონ აღვივებს ამ ხმებსო, ამბობთ. მაგრამ პრემიერ-მინისტრსა და დღევანდელი მთავრობის ბევრ წევრსაც ხომ უთქვამს: “სააკაშვილი დამნაშავეა და უნდა დაიკითხოსო?”
_ მათ არც აქვთ უფლება, სხვაგვარად ილაპარაკონ: ათასობით საჩივარია პროკურატურაში. გარდა ამისა, ქართულ პრესაში გამოქვეყნებულია დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ, სააკაშვილის ბრძანებით, ბიუჯეტიდან იხარჯებოდა მნიშვნელოვანი თანხები, რომლითაც თავის ფავორიტ ქალებს სამკაულებს ჩუქნიდა, “ბოტექსის” ოპერაციას იკეთებდა, პრესტიჟულ და უძვირეს დასავლურ სასწავლო დაწესებულებებში შვილების სწავლის საფასურს იხდიდა და ა.შ.
13 წელი სახელმწიფო კანცელარიის უფროსი ვიყავი და შემიძლია, გითხრათ: ეს სახსრების მიზნობრივი ხარჯვა კი არ არის, არამედ სახელმწიფო ფულის თაღლითური მითვისებაა. ამაზე ბევრად ნაკლები თანხის მითვისებაც კი 10 წლამდე ციხით ისჯება. ჰოდა, როცა ეს ყოველივე გამოქვეყნებულია, როგორ შეიძლება, მინისტრმა თქვას: “არა, ჩვენ მას არ დავიჭერთო”. სხვა საქმეა, რომ უფრო დიპლომატიურნი უნდა იყვნენ. უმჯობესია, თქვან, რომ “ამასთან პირდაპირი კავშირი არა აქვთ და ყველაფერი მხოლოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს”. და რომ “პოლიტიკური დევნა არასდროს იქნება”, მაგრამ თუ პროკურატურა იპოვის სამხილებს, მაშინ გამოძიებას ვერავინ და ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის.
აი, ეს კულტურა არ გვყოფნის ჯერჯერობით.
_ რაც ჩამოთვალეთ, ეს საკმარისი იქნება სააკაშვილის დასაჭერად?
_ საქმის აღსაძრავად საკმარისი იქნება. კარგად ვიცნობ სააკაშვილის სადისტური სისტემის სამზარეულოს. ამიტომაც, აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ უმძიმეს დანაშაულთა დამტკიცება რთული იქნება. ის ხომ ყველა დანაშაულებრივ ბრძანებას ზეპირად იძლეოდა? ელაპარაკებოდა მერაბიშვილს, ძმებ ახალაიებს, ადეიშვილს და ა.შ. მერე ისინი აძლევდნენ ზეპირ ბრძანებებს ხელქვეითებს. მაგალითად, როინ შავაძის, დავით ცინდელიანის მკვლელობის, პოლკოვნიკ თეთრაძის წამებისა და მკვლელობის შესახებ. მაგრამ, აბა, ერთი იპოვეთ დოკუმენტი, რომ ეს ყოველივე “ზემოდან” მოდიოდა. არადა, ყველამ იცის, მაგრამ დამტკიცება ძალიან ძნელია. ალბათ, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უშუალო შემსრულებლებისთვის ბევრად იოლი გახდება, მოყვნენ სიმართლე. მიაქციეთ ყურადღება: არც მერაბიშვილი, არც ახალაია ჯერჯერობით არ ტყდებიან და არაფერს არ ამბობენ სააკაშვილზე. იმიტომ, რომ დღეს ამით მხოლოდ დაიმძიმებენ მდგომარეობას. აი, ასეთ ჭაობში ვართ ჯერჯერობით.
_ ხშირად ახსენებენ ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცულ სიკვდილს, როგორც ერთ-ერთ თემას, რის გამოც სააკაშვილი შეიძლება დაიკითხოს...
_ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ან მის უშუალო გარემოცვას რაიმე კავშირი ჰქონდეთ ჟვანიას სიკვდილთან. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მაქვს და უამრავ ადამიანს ველაპარაკე. ასე რომ, დარწმუნებული ვარ: ეს მართლა უბედური შემთხვევა იყო. სულ სხვა საქმეა, რომ მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევა მოხდა, ადგილი ჰქონდა უხეშ ჩარევას და ადგილზე არსებული რეალური სურათის შეცვლის მცდელობას.
კითხვები ჩნდება რაულ უსუპოვის ცალი ფეხსაცმლის გამო, აგრეთვე, ანაბეჭდები რომ არ არის ჭურჭელზე და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ეს ჩარევა, ზუსტად ვიცი, მოხდა უკვე უბედური შემთხვევის შემდეგ.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გასცა ბრძანება, რაკი გიორგი ბარამიძე, რომელიც პირველი მივიდა ადგილზე, დაცვის წევრების შემდეგ, დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას არაფრის დიდებით არ მიიღებდა. ეს ყოველივე უმაღლეს დონეზე გადაწყდა. მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს და გაარკვიოს: რა მიზნით მოხდა რეალური სურათის შეცვლა და ვინ გასცა ბრძანება. ეს ხომ თავისთავად დანაშაულია?
_ მაგრამ სააკაშვილმა ხომ თქვა კიდეც უკვე: ბევრი რამ დავფარეთ იმ მიზნით, რათა მიცვალებულის პირადი ღირსება დაგვეცვაო.
_ დიახ, ასე თქვა მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიას ძმამ განაცხადა, რომ მოხდა მკვლელობა, რომ ზურაბი მოკლეს და რომ, კიდევ უარესი, ბარამიძე, მერაბიშვილი და სხვები ხელს აფარებენ მკვლელებს. აი, ამის შემდეგ გამოვიდა სააკაშვილი ქუთაისში და თქვა: “ყველამ ყველაფერი იცის, ყველამ იცის, რა მოხდა, ეს იყო უბედური შემთხვევა”, და რომ არსებობს ამერიკის FBI-ს დასკვნა, რომელიც არ გამოქვეყნდა (ვციტირებ): “რადგან მასში ასახული იყო დეტალები ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ”. თუმცა “ოჯახი ამ დეტალებს იცნობს. ხოლო თუ ოჯახის რომელიმე წევრისთვის, სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიას ხსოვნა ძვირფასი არ არის, ეს მისი საქმეა. ჩემთვის მისი ხსოვნა ძვირფასია, რადგან ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყოო”.
ასე თქვა თავად. ჩემი მხრივ დავამატებ: კეთილი განზრახვითაც კი, დანაშაულის ადგილზე არსებული სურათის შეცვლა მაინც დასჯადი ქმედებაა. ეს დანაშაულია. არავის ჰქონდა უფლება, იქ პატარა დეტალიც კი შეეცვალა. მე მჯერა, რომ კეთილი მიზნები ჰქონდათ, როცა ამას აკეთებდნენ, მაგრამ ასე არ შეიძლება. ხოლო მკვლელობის ვერსია, მით უმეტეს სააკაშვილის მონაწილეობთ, მას ყველაზე მეტად აწყობს, რადგან იცის, რომ ეს ვერსია საპნის ბუშტივით გასკდება. მაშინვე იტყვიან: “სხვა საქმეებიც ასეთივე საპნის ბუშტებიაო”.
_ ანუ, მიგაჩნიათ, რომ სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლე ჩრდილს მიაყენებს ზურაბ ჟვანიას?
_ დიახ, აუცილებლად! ბოლომდე უნდა თქვას სიმართლე. როდესაც მისი ღვიძლი ძმა, რომელიც ახლა პარლამენტის წევრია, საჯაროდ აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მისი ძმა მოკლეს. უფრო მეტიც, როდესაც გოგლა ჟვანია ახსენებს რაღაც ახალ მტკიცებულებებს და ამბობს, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე, როგორც მინიმუმ, მკვლელებს ხელს აფარებდნენ, როცა დედამისი, ქალბატონი რემა ამბობს, რომ სააკაშვილი ხელფეხშეკრულია, რაკი ამ მკვლელობაში პრეზიდენტის ძალზე ახლობელი ადამიანი მონაწილეობდა (ამით პირდაპირ უთითებს თემურ ალასანიაზე), მაშინ უკვე სხვა გზა აღარ რჩება: ყველაფერი ღიად უნდა ითქვას!
საქართველოს მთელი მოსახლეობა სულმოუთქმელად ელის იმის დამტკიცებას, რომ ეს მკვლელობა იყო. და რომ სააკაშვილი პირდაპირ ან ირიბად ჩარეულია ამ საქმეში. აი, რაღაც ვერსიები რომ არის – საფერფლე ესროლა, საფეთქელში გაარტყა და ა.შ. უსუფაშვილმა შემთხვევით როდი თქვა: FBI-მ ვერანაირი დაზიანება თავის არეში მიცვალებულს ვერ აღმოუჩინაო.
ასე რომ, იმდენი მითი დაგროვდა, თანაც საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის ძალზე მავნებელი, რომ უკვე მართლა აღარ არის სხვა გზა: მოვიდა დრო, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებზე ყველაფერი ღიად ითქვას!
ლევან ჯიშკარიანი, გაზეთი „პრემიერი“ 6-12 ნოემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |